მოგესალმებით ყველას.
ამ განყოფილებაში არ არის თემა ქართული ენის შესახებ და ვფიქრობ, ეს სიმპტომურია. ჩვენი მშობლიური ენა მეტ პატივისცემას იმსახურებს ყველა სფეროში.
საზოგადოებრივ მეცნიერებებისა და მასმედიის განყოფილებებში არის თემები ქართული ენის შესახებ. მართალია, ჩვენი სწავლულები/პროფესურა ხშირად გვმოძღვრავს ენაბრგვნილად და პრესა-ტელევიზიაც უვიცობის იშვიათი ნიმუშებით გვიმასპინძლდება, მაგრამ თემები იმიტომ არსებობს, რომ რამის გამოსწორებას შევეცადოთ.
ქართულ ბიზნესში, საქმიან წრეებში ენას არანაკლებ უდიერად ექცევიან, ვიდრე სხვა სფეროებში, თუ მეტადაც არა. სარეკლამო ტექსტებში ხშირად არის შეცდომები, ხოლო მაგალითად, მარკეტოლოგების ენა საერთოდ ქართულიც არ არის ალბათ.
აქ ზოგიერთი იტყვის, რომ ეს ტერმინების ქართული შესატყვისების უქონლობის ბრალია, განსხვავებით საპოლიციო ენისგან, სადაც წესით არაფერი არ უნდა აიძულებდეს ადამიანს, „დადევნების“ ნაცვლად „განხორციელდა დევნა“ თქვას და „დაკავების“ ნაცვლად - „განხორციელდა დაკავება“.
ასეა თუ ისე, დიახაც საქმიანი დამოკიდებულების ნაწილია, ყოველთვის ვეცადოთ ვითარების გაუმჯობესებას.
გთავაზობთ, ვისაც სურვილი ექნება, აქ განიხილოს უკვე მიღებული ან სულაც უმჯობესია, ჯერ დაუმტკიცებელი - წარდგინება, რეკლამა, დევიზი - ნებისმიერი ტექსტი. და უკეთესი ვარიანტის პოვნა ერთად ვცადოთ.
ხომ ვითომ არაფერი, მაგრამ მაგალითად პატარა ბავშვს, ჯერ წერა-კითხვაც რომ არ იცის და რომლის ყურადღებას ტელერეკლამები იტაცებს, არასწორი ფორმები და შეცდომები რომ ეჭედება თავში, ძალიანაც სერიოზული ამბავი მგონია. ასე არ უნდა ხდებოდეს.
ამ თემაში მართლწერა-გრამატიკა ძირითად საკითხებად არ მიმაჩნია. ქართული ენის შესახებ სხვა თემებში ამის შესახებ ბევრია დაწერილი და საჭიროების შემთხვევაში აქაც წამოიწევა. ამ თემაში ბიზნესტექსტებზე, ბიზნესენაზე ვიმსჯელოთ.
მაგალითად, უცებ რაც გამახსენდა და გავრცელებული შეცდომაა, არის ტრანსკრიპცია-ტრანსლიტერაციის წესების დარღვევა. მართალია, ინგლისურიდან თანხმოვნების გადმოტანის სამწუხაროდ თითქმის დამკვიდრებულ მანკიერ წესს არაერთი გამომცემლობა, მედიის უმეტესობა და ალბათ მთელი ბიზნესი მისდევს, მაგრამ ამის გამო ის ნაკლებად მცდარი არ არის.
შედეგად გვაქვს:
- „თაიმსი“ - უნდა იყოს „ტაიმსი“ (Times).
- „დიუთი ფრი - უნდა იყოს „დიუტი ფრი“ (Duty Free);
- „თბილმეფი“ - უნდა იყოს „თბილმეპი“/„თბილმაპი“ (TbilMap);
- „ისთ ფოინთი“ - უნდა იყოს „ისტ პოინტი“ (East Point);
- „სილქნეტი“ - უნდა იყოს „სილკნეტი“ (SilkNet)
და მრავალი სხვა.
ინგლისურიდან ”t” ქართულად უნდა გადმოვიდეს, როგორც ”ტ” და არა ”თ”. ”th” კონსტრუქცია კი გადმოვა, როგორც ”თ”.
იმავეს თქმა შეიძლება "p"-სა და "ph/f"-ზე - მათ შეესაბამება ”პ” და ”ფ”.
”k”-სა და ”q”-ს შესაბამისი იქნება ”კ” და ”ქ”.
ტრანსკრიპცია-ტრანსლიტერაციის წესები დიდი ხნის წინ არის განსაზღვრული და დადგენილი, ისინი ნორმად არის მიღებული ქართული ენის სალიტერატურო ნორმების დამდგენი კომიისის მიერაც. ალბათ მეტი თვალსაჩინოებისთვის, ბოლო დროს ეს წესები ”საქპატენტის” გვერდზეა განთავსებული:
http://www.sakpatenti.gov.ge/media/page_fi...nsliteracia.pdfქვეთავი ”ინგლისური”:
ck – კ (და არა ქ):
k - კ: Katherine – კათრინ-ი (და არა: ქეთრინ-ი)
p – პ (და არა: ფ)
ph - ფ
t – ტ (და არა: თ):
th - თ:
th – (რამდენიმე სახელში) - ტ: Anthony – ანტონ-ი, Thomas – ტომას-ი, Thames – ტემზა, Theresa - ტერეზა.
და ა.შ.
თავად განსაჯეთ - ხომ კარგია, რომ დღეს რომ არ გვაქვს ამგვარი ფორმები: ნიუ-იორქი, ტანქერი, ბანქი ან ქრედითი.