#ლექსები
ნინო დარბაისელი
რუტინა - ჩემი. საცრისოდენათვალებიანი
ეს - არის კლასი ყოფილი ალკოჰოლიკების.
სამი წელია, ამერიკაში ამ კლასს ვკურირებ.
იკრიბებიან კვირაში ერთხელ
და ყვებიან, მორიგეობით,
თუ ალკოჰოლმა
მათი ცხოვრება,
ოჯახი და
სამეგობრო,
კარიერა და მომავალი
ზედ თავზე როგორ ჩამოანგრია და ჩამოამხო.
ჰო, მათ სჭირდებათ ერთმანეთი და მხარში დგომა.
მათ მე ვჭირდები.
მე - ვჭირდები - მომსახურედ.
სამშაბათობით მე აქ მოვდივარ ნახევარი საათით ადრე,
ამ სკამებს ვაწყობ რიგებად და
სკამებზე - წიგნებს,
ვადუღებ ყავას და ვალაგებ მაგიდაზე
ერთჯერად ჭიქებს,
მოსარევ წკირებს,
შაქრის შემცველ თუ დამატკბობლიან ,,კრიმერებსაც”…
კიდევ ნამცხვრეულს და ტკბილეულს, კეთილ ხალხს მათთვის რომ ემეტება.
ზოგი კეთილი - ასაკშია.
შინ ნამცხვრის ცხობა - შეუძლია,
მანქანის მართვა და აქ მოტანა კი უკვე აღარ
და აქ მოსვლამდე
ყველას მე უნდა გავუარო და ორი საქმე ერთად გამომდის,
მემატება შინჩაკეტილთა მონახულებაც.
მერე, კლასი რომ მიმდინარეობს,
მე გარეთ ვზივარ ერთი საათი,
ზედმეტი თვალი ხელს შეუშლით გულწრფელობაში,
მაგრამ რომ წავლენ,
იქაურობა ხომ ისევ უნდა მოვაწესრიგო!
ღმერთო, როგორ ჰგავს ყველას ამბავი, დახურულ კარს რომ ვაყურადებ!
გულწრფელობისას,
აღსარებისას - ყურს კიდევ იტანს ადამიანი,
ხომ გაგახსენდა კათოლიკური სააღსარებო?!
თვალია საქმე,
ადამიანი - თვალს ერიდება!
ზოგს რატომ ჰქვია ალკოჰოლიკი,
რად უმკურნალეს, რომ მოგითხრო,
არც დაიჯერებ!
თურმე ყოველ დღე,
სამუშაოდან შინ მისული,
მეუღლისა და
ბავშვების თვალწინ -
ვახშმად
ან მატჩის ყურებისას ტელევიზორით, რეგულარულად ალკოჰოლს სვამდა,
- ანუ მთელ ერთ ბოთლს,
ჩაციებულს,
ლუდს მაღალგრადუსიანს ეძალებოდა!
ეს სტანდარტები საქართველოზე რომ გავავრცელოთ,
ისე გამოვა,
მთელი ქვეყანა,
სკოლის უფროსკლასელებიან-ქალებიანად,
დედ- მამიან-ბებიიანად,
ალკოჰოლიზმში იხრჩობა და რახანია, ჩამხრჩვალა კიდეც.
(ჩამხრჩვალა კიდეც - მთელი ჩემი წარსულიანად).
ეს - რუტინაა ჩემთვის,
მაგრამ შენს ხსოვნას ვუძღვნი,
მე რომ ვერაფრით გიშველიდი,
ჩემი არავის ესმოდა და ისე წახვედი,
შენც შეუერთდი იმ ზეციურ ალკოჰოლიკებს,
რომელნიც ალბათ საიქიოში
ნარკომანების გვერდით არიან,
იმ ნარკომანთა, წინ რომ წამლის ტბა ულივლივებთ,
მაგრამ რად გინდა, პატარა ნემსიც კი არსადაა;
ანდა მწევლების,
საუკეთესო სიგარეტების მთები რომ უდგათ, ასანთი კი არ ეძევებათ,
არც სახახუნო არაფერია,
პირველყოფილის გულმოდგინებით ნაპერწკალი რომ გააჩინონ.
ანდა კაცების,
ულამაზესი ქალები რომ გარს ახვევიათ, მაგრამ რად გინდა,
ვაგინალური ჭრილი არცერთს არ ეპოვება.
ხოლო ციდან - ცრის და ცრის ასე, შეუსვენებლად,
სულ ალკოჰოლის ტბები დამდგარა.
ზიხარ მათ შორის, თავყბააკრული,
ზიხარ სხვებივით,
სად ცრის ოდენ და წვალდებიანო,
და შენ გეძღვნება ჩემი რუტინა,
საცრისოდენათვალებიანო!
ალკოჰოლიზმზე ფიქრმაც კი როგორ გამაუტვინა,
ესეც რუტინა!
მოვილიე დღევანდელი ჩემი რუტინა!
ეს არის ნარატიული თავისუფალი ლექსი - სპორადული, ოკაზიონალური, ჰიპერდაქტილური რითმით ფინალისკენ.
საცრისოდენათვალებიანი - ამირანის მითიდანაა. ამირანი ხომ საქართველოს სიმბოლოა ქართულ პოეზიაში.
ავიღე პრინციპულად არაპოეტური, რუტინული ამბავი და ფინალისკენ ჯოჯოხეთის შესახებ სამი ანეკდოტი გავაერთიანე.
This post has been edited by nino darbaiseli on 21 Apr 2024, 23:58