რუსულ გამოცემებში, არის ასეთი სერია- ,,ინტელექტუალლური ბესთსელერი" ჰქვია,
,,ბიბლუსის" დახლებზე ლამაზად ჩამწკრივებული მხვდება,
რამდენჯერაც შევხედავ წიგნებს, სულ ამ სერიის სათაურზე მეფიქრება,
ბესთსელერზე- ,,ბინდი", ,,გოგონა დრაკონის ტატუთი" და გრეის ელფერები მახსენდება,
,,ინტელექტუალური ბესთსელერი" კი თითქოს მორიგ მარკეტინგულ ხრიკს ჰგავს ან ლიტერატურის გაკიჩების მცდელობას.
ვფიქრობ, რამდენად შეიძლება ბესთსელერი იყოს ინტელექტუალური და ინტელექტუალური საკითხავი ბესთსელერი,
ან ეს ინტელექტუალური საკითხავი რა ჯანდაბაა. ჰოდა, სანამ ამ ფიქრებში ვარ, ამ სერიის თითქმის ყველა წიგნს ვათვალიერებ.
სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ, სერიაში ჩემთვის საინტერესო წიგნების რაოდენობა ჯერ ათს ვერ ასცდა.
თუმცა სწორედ ამ სერიით აღმოვაჩინე ჯულიენ ბარნსი, რომლის პროზასაც,
ალბათ, ყველაზე მეტად თუ ექნება პრეტენზია ბესთსელერის ინტელექტუალობაზე ან ინტელექტუალურის ბესთსელერობაზე.
თუმცა არ ვიცი, არ ვარ დარწმუნებული იმაში რასაც ვწერ და ჯერ ვერც იმაში გავერკვიე, რაც ცოტა ხნის წინ წავიკითხე.
მართალია, ჩემი და ბარნსის ურთერთობა ,,ფლობერის თუთიყუშით" დაიწყო, მაგრამ დღეს ,,დასასრულის განცდაზე" მეწერება.
თავიდან სათაურმა მიმიზიდა, ტრივიალური სათაური არ აქვს, არც ,,დღის ლამაზმანს" ჰგავს, არც ,,გოგონებს" და არც ,,კაენს",
რომ დახედო წიგნს და მიხვდე დაახლოებით რასთან გექნება საქმე. ჩემთვის, ისეთი სათაურია, ,,დაკარგული დროის ძიების" რომელიმე ნაწილსაც რომ დაამშვენებდა. მომწონს ასეთი სათაურები,
რადგან სანამ კითხვას დაიწყებ, ფიქრობ, რისი დასასრულია: ცხოვრების, ურთიერთობის თუ რაღაც ამბის.
სათაურის შემდეგ, ტექსტის მოცულობას ვაქცევ ყურადღებას,
არადა, ტექსტი ისეთი პატარაა, ერთ ან ნახევარ დღეში წაიკითხავ. ვითომ რა უნდა იყოს აქ ისეთი, რაც რამდენიმე დღით ჩამაფიქრებს...
სანამ წიგნის წაკითხვას დავიწყებდი ლაივლიბზე კომენტარებს გადავხედე, ერთი იუზერი წერდა, მოხუცებულებს რომ მოეწონებათ ისეთი წიგნია, ახალგაზრდებას არ დააინტერესებთ, რეტროსპექტივას იმდენ დროს უთმობსო.
ერთობ უცნაური ფრაზა კი იყო, მაგრამ ვინაიდან რაც თავი მახსოვს, თავს უფრო მხცოვნად აღვიქვამ, მშვიდი გულით შევუდექი კითხვას.
დაღლილი დღის შემდეგ, მეტროში, მობილურში, ვკითხულობდი და მალევე მივხვდი, რომ ხმაურში წასაკითხი წიგნი არ იყო,
ედრიენი ისთი ტიპი ჩანდა, რომ ყოველი დეტალისთვის უნდა მიგექცია ყურადღება. მართალია, სახლში, წიგნის ბეჭდური ვერსია მქონდა, მაგრამ ელ. ვერსიის კითხვა გავაგრძელე.
ელ. წიგნების კითხვას ერთი დიდი პლუსი ჰქონია, ტექსტმა შეიძლება ისე ჩაგითრიოს, ვერ დააფიქსირო ბოლო გვერდზე რომ ხარ მისული და უკვე ღამის ოთხი საათია.
ჰოდა, ღამის ოთხი საათია, ვფიქრობ: როგორი საინტერესო ფრაზები იყო, ისტორიაზე, დროზე, საშუალოსტასტიკურ ადამიანად ცხოვრებაზე, მერე მივუბრუნდები ამ ფრაზებს და გავხაზავ, ნეტა, რითი დამთავრდება, რატომ დაატარებდა ვერონიკა ასე, გიჟურად, მანქანას ან რატომ იყო გაცხარებული. მერე პარასკევი საღამოა, პაბში ვარ, კარტოფილ ფრის სქლად დაჭრის ტექნიკაზე ვეკამათები სტაფს, ადრიანის შვილიც მოდის, იშმუშნება, სოც. მუშაკიც გვიახლოვდება და ბაც და ვიგებთ რომ მერი, იგივე ვერონიკა, ადრიანის დედა კი არა, დაა.
დამთავრდა გვერდი, გვერდის გადართვას ვცდილობ.არ გადადის, რა ჯანდაბე ხდება ვფიქრობ და ვამჩნევ, რომ ბოლო გვერდზე ვარ. სადაა დასასრული? სადაა ის გვერდები, სადაც მოვლენები თანმიმდევრულად იქნება ახსნილი?
რა თქმაუნდა, პირველი რეაქცია არის- WTF? მერე კი ვიწყებ, ახალი პრიზმის ქვეშ, მოვლენების ინტერპრეტაციას.
წარმოდგენა არ მაქვს, პირველ რიგში, რატომ მახსენდება ,,ოედიპოსის მითი". მერე კი ბულვარული რომანები, სადაც დამა ქალები პატარა ბიჭებს ,,თავის კლანჭებში იტყუებენ"
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
პირველი საკითხი რაზეც ვფიქრობ, არის ვინ გვიყვება ამ ისტორიას, გამარჯვებული თუ დამარცხებული?
ვერონიკა, რომ დამარცხებულია ნათელია. მაგრამ ენტონი - გამარჯვებულია? ფაქტები რომ შევაჯაეროთ, მისი წინასწარმეტყველება ახდა, ,,დამნაშავეები განგებამ დასაჯა": ვერონიკა თავის ნახევარძმას პატრონობდა, რომლის მამაც მისი ყოფილი იყო
ბრაზილიური სერიალის სცენარია. ედრიანი კი, ასეთი განათლებული, წარმატებული, მოაზროვნე, პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით თავს იკლავს, როგორც დიდიხნის წინ, მისმა კლასელმა,16 წლის რობსონმა.
ერთი შეხედვით, ენტონი გამარჯვებულია, ყოფილი შეყვარებულისა და მეგობრისგან განსხვავებით, სკანდალაების გარეშე, მშვიდად იცხოვრა. თუმცა ეს გამარჯვება დიდი ვერაფერია. მისმა ცხოვრებამ დიდი მიღწევებისა და აღმოჩენების გარეშე ჩაიარა, საამაყოც ბევრი ვერაფერი დარჩა.
მეორე კითხვა დროის აღქმას უკავშირდება- ამ მხრივ, ჩემთვის, ღირებული ტექსტია.
რეალობა, წარსული, აწმყო- იმდენად გასაგებია ხოლმე ჩვენთვის, რომ არ ვუღრმავდებით. არადა, რამდენად ვახერხებთ რეალობის, სიტუაციის შეცნობას, ეს საკითხი, ისევე როგორც ადამიანის შემეცნების უნარები, ძირითადად- ბუნდოვანია. ყველაფერი ინტერპრეტაციას ეფუძნება. ჩვენი წარმოდგენები გვაქვს სამყაროს, ადამიანების, სიტუაციების შესახებ. თუმცა ეს წარმოდგენები ხშირად აცდენილია რეალობას, სასურველი რეალობად გვეჩვენება, საძულველი კი იმ სურათს ანაცვლებს, რაც რეალურად იყო. საინტერესო ტექსტია მეხსიერების მახასიათებლების საჩვენებლად.
მესამე კითხვა ეხება ვერონიკას პერსონაჟს- თითქოს განვითარება აკლია. საბოლოოდ, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ვერონიკას ენტონი უყვარდა, ენტონი კი მასში დროებითი ნაშას გარდა ვერაფერს ხედავდა. თუმცა ორი რამ ვერ გავიგე:1- რომ დაშორდა, მერე რატომ ჰქონდა მასთან სექსი? და 2- როდის გაყიდა ენტონის საჩუქარი, სანამ დაშორდებოდა თუ ენტონისთან ბოლო საუბრის შემდეგ?
მეოთხე გაურკვევლობა არის- სარა - რაღაცით ჩვეულებრივ მილფს მაგონებს, ცხოვრებაში ექშენი აკლია, საშუალო ასაკის კრიზისი აქვს და თავის მომხიბვლელობას მისი შვილის შეყვარებულებზე ტესტავს. თან თითქოს არც ენტონია პირველი და არც ედრიანი. ცოტა არ იყოს ბანალური პერსონაჟი გამოდის ,,ინტელექტუალური ბესტსელერისთვის".
მეხუთე არის- შვილი, ედრიანი- რატომ გამოიყვანა ავტორმა ედრიანის შვილი - მშშპ პირად? სარას და ედრიანის ურთიერთობა ,,ბუნებისთვისაც მიუღებლად" რომ მიეჩნია? ცოტა არ იყოს ძველმოდური ხედვაა.
მეექვსე- არის თავად ედრიანი- კარგა ხანია, პერსონაჟი ასე ძალიან არ მომწონებია. ჰოდა, რა ქნა ავტორმა? ეგზისტენციონალიზმზე, ლოგიკაზე, გონების უზენაესობაზე და პირად პასუხისმგებლობაზე საუბრების შემდეგ, აიღო და 16 წლის, პასუხისმგებლობისგან გამქცევ რობსონს გაუტოლა ეს წარჩინებული სტუდენტი. ედრიანის პერსონაჟის მოტივები არ ჩანს, თუმცა მისი ხასიათიდან გამომდინარე არ ჩანს ისეთ ტიპად, მშშპ პირის ან დედისტოლ ქალთან ურთიერთობის გამო თავი რომ მოეკლა. რა ვქნა, ვეცადე, მაგრამ ვერ დავიჯერე.
დასაწყისში ფრაზები რომ აქვს მითითებული, რა დამამახსოვრდაო, კრავს რომანს- ძირითადი მომენტების შეჯერებაა,
თითქოს, დასაწყისშივე, ავტორი ,,შპარგალკებს" გაძლევს და გიხაზავს იმ თემებს, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციო.
მთლიანობაში, პოსტმოდერნისტული ლიტერატურა, მთელი თავისი დაუსრულებლობის, უთქმელობის და ეკლექტურობის მიუხედავად, ძალიან მომწონს. თითქოს უფრო ახლოსაა რეალობასთან.
ჩვენ ვერასდროს ჩავწვდებით სრულად რომელიმე ადამიანის მოტივებს, ხასიათს
ან თუნდაც რეალობას ვერ აღვიქვამთ სრულფასოვნად, მხოლოდ წარმოდგენები გვაქვს მოვლენების და ადამიანების შესაფასებლად.
ჰოდა, წავიკითხე ,,დასასრულის განცდა" და ჯერ ვერ გავიგე მომეწონა, ძალიან მომეწონა თუ საერთოდ არ მომეწონა ეს წიგნი.