- თქვენს ხელთ არსებულ მევახშეების სიებში კიდევ ვინ არის ისეთი, ვისაც საზოგადოება კარგად იცნობს?- მევახშეები არიან საგანელიძის სიდედრი მარიკა სანოძე; პარლამენტარი ისკო დასენი, რომელიც ამ მომენტისთვის 20 ერთეული ქონებით არის დაინტერესებული და ამაზე ამდენივე განაცხადი აქვს შეტანილი; კაკო ბობიხიძის ოჯახი; მიხეილ მაჭავარიანის ოჯახი; დავით საყვარელიძის ოჯახი; თინა ხიდაშელის დედა და დეიდა; დეპუტატი ილია წულაია, რომელმაც ალბათ თავისი წილები ფიქტიურად დათმო, რადგან პარლამენტში საქმიანობასთან ეს შეუთავსებელია... ოჯახში მოიაზრებიან როგორც მათი მეუღლეები, მშობლები და და-ძმები, ასევე ძალიან ახლო ნათესავები. ისანში, ყოფილი ჰოსპიტალის ტერიტორიაზე, «არქი ჯგუფი» აშენებს და იმ ჰოსპიტალის შემსყიდველი ეს წულაიაა. ამ მომენტისთვის იგი 48 ერთეული ქონებით არის დაინტერესებული.
საერთოდ, პარლამენტის ეს ახლანდელი შემადგენლობა თვისობრივად და ხარისხობრივად წინაზე ბევრად უარესია. ეს არის ბიზნესმენებისა და ბანკირების თავშეყრა, დამიჯერეთ, რომელიც დიდად არ არის ორიენტირებული ადამიანის უფლებების დაცვაზე და ამ კუთხით პრობლემების მოგვარებაზე. პარლამენტის წინა შემადგენლობა ბევრად უფრო იზიარებდა რაღაცებს, გვეხმარებოდა. ახლა კი ძალიან არმოსაწონი ვითარებაა.
http://alia.ge/news/2103 24 ივნ 2017 22:31 191
„ალია“: სკანდალური დოკუმენტები - «მევახშეები არიან საგანელიძის სიდედრი - მარიკა სანოძე, პარლამენტარი ისკო დასენი, კაკო ბობიხიძის ოჯახი, მიხეილ მაჭავარიანის ოჯახი, დავით საყვარელიძის ოჯახი, თინა ხიდაშელის დედა და დეიდა, დეპუტატი ილია წულაია...»
რამდენიმე დღის წინ, მსახიობსა და იუმორისტ დათო როსტომაშვილს უცნობმა პირებმა შუა ქუჩაში სასტიკად სცემეს. თუმცა იმ ინფორმაციამ, რაც მომხდარიდან რამდენიმე საათში უფლებადამცველმა ნიკა მემანიშვილმა თავის «ფეისბუკის» გვერდზე დაწერა, ადამიანები გააოგნა. მემანიშვილი წერდა, რომ როსტომაშვილი გაქანებული მევახშეა და ლამის, ასობით ადამიანი ჰყავს გამწარებული. დეტალების გასარკვევად, მაშინ «ალია» მომენტალურად დაუკავშირდა უფლებადამცველს, რომელმაც არათუ უარყო მის მიერ გახმაურებული ინფორმაცია, არამედ უფრო სკანდალური ფაქტები მოგვაწოდა და განგვიცხადა, რომ მთლიანად როსტომაშვილების ოჯახი არიან მევახშეები და ამის დამადასტურებელი დოკუმენტების მოწოდებასაც შეგვპირდა. ნიკას თქმით, ის ეყრდნობოდა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელთ არსებულ მასალებს, რომელი არასამთავრობოც სწორედ რომ იპოთეკით დაზარალებულების პრობლემებზე მუშაობს და რომელსაც აქვს იმ მევახშეების სიები, ვისაც ათეულობით მოქალაქე ჰყავს გამოგდებული სახლიდან შუა ქუჩაში. მემანიშვილის განცხადებას დავით როსტომაშვილის ქალიშვილი, ხატია როსტომაშვილი საკუთარ «ფეისბუკზე» მალევე გამოეხმაურა და უფლებადამცველისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა იმ მოტივით, რომ ის «ცრუ ინფორმაციას» ავრცელებდა და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავდა. ამ თემაზე აღნიშნული საკითხის ირგვლივ არსებული დიდი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ბუნებრივია, «ალია» ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს და მემანიშვილთან ერთად, ჩვენ აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს ვესაუბრეთ, რომელმაც იმ ქონებების ნუსხა მოგვაწოდა, რომელი ქონებებიც როსტომაშვილების სახელზე ამ მომენტისთვის ფიქსირდება. ამასთან, ჩვენთვის ასევე ექსკლუზიურად გახდა ცნობილი იმ ყოფილი თუ მოქმედი დეპუტატების ვინაობა, ვინც მევახშეთა სიაში როგორც თავად, რიგ შემთხვევებში, მათი ოჯახების წევრების სახით ფიქსირდება!
ნანა ქადაგიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციის «თანადგომა და სამართლიანობა» ხელმძღვანელი:- ჩვენ, როგორც ორგანიზაცია, უკვე სამი წელია, დავრეგისტრირდით, მაგრამ როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა სადღაც 6 წელია, ვარსებობთ. ჩვენი ინტერესის სფერო სოციალური თემები, ადამიანის უფლებების დაცვაა და ჩვენთან ყველაზე უფრო მეტად, წინ წამოწეულია იპოთეკით დაზარალებულების საკითხი. სამართლებრივ მომსახურებას სხვა ნიშნით დაზარალებულებსაც ვუწევთ, მაგრამ ძირითადად, იპოთეკით დაზარალებულების თემაა. ამ კუთხით ქვეყანაში ძალიან მძიმე სიტუაციაა, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მძიმე, კაბალური პირობებიდან გამომდინარე, საქართველოში სასესხო პროდუქტი ძალიან ძვირია, რამაც მოვალეთა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნა და უსახლკარობა გამოიწვია.
- უფლებადამცველ ნიკა მემანიშილის «ფეისბუკ»-პოსტი, მსახიობ დავით როსტომაშვილის მევახშეობასთან დაკავშირებით, «ალიამ» გააშუქა და საიტზე ატვირთა, რასაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრმა ადამიანმა დაწერა, რომ ისინი სწორედ როსტომაშვილის გამო დარჩნენ ღია ცის ქვეშ... თქვენ ჩემთან კონკრეტული მასალებით ხართ მოსული და იქნებ მითხრათ, რას ვიგებთ ამ დოკუმენტებიდან?
- შეიძლება ითქვას, რომ მევახშეობის კუთხით, როსტომაშვილებს აქვთ ოჯახური ბიზნესი – თავად დათო ხომ არის მევახშე, დოკუმენტებში მის მეუღლესაც ნახავთ, ქალბატონ ქეთევანს; ასევე, მანდ ნახავთ მის ქალიშვილს, ხატიას (ხატია როსტომაშვილი უფლებადამცველ ნიკა მემანიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდა «ცრუ ინფორმაციის» გავრცელების გამო – ნ.ლ.). დავით როსტომაშვილი არის ჩვეულებრივი მოქალაქე, მას რაიმე განსაკუთრებული სტატუსი არ გააჩნია, არც ბერიკაშვილის ან კავსაძის დონის მსახიობია და წესით, ამ გაჭირვებულ ქვეყანაში მას არ უნდა ჰქონდეს ისეთი ეკონომიური მდგომარეობა, რომ უამრავი ქონების მესაკუთრე და მფლობელი იყოს.
- როგორ იფორმებდა ან იფორმებს როსტომაშვილი ქონებებს?- ძალიან არასასიამოვნო გზით. ის არის ტიპიური მევახშე, ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ერთ ამბავს მოგიყვებით: არის ასეთი მოქალაქე, მოვალე – ალეკო მელქაძე, რომელიც სხვათა შორის, ომის ვეტერანი და ოთხი შვილის მამაა და რომელიც იგივე ქუჩაზე ცხოვრობდა, სადაც დავით როსტომაშვილი - კაჭარავას ქუჩაზე. ალეკო იმ ქუჩის ძირძველი მოსახლე იყო, დათო კი იქ რამდენიმე წლის წინ მივიდა. ალეკო და დათო დამეგობრდნენ და მთელი 10 წელი მეგობრულ-მეზობლური ურთიერთობა ჰქონდათ. ალეკოს «პროკრედიტ» ბანკთან ჰქონდა სასესხო ურთიერთობა, გაუჭირდა სესხის გადახდა, ბანკთან მოლაპარაკებას აწარმოებდა და ბანკი თანახმა იყო, მას რაღაცნაირად გვერდში დადგომოდა, რომ მისი გამოსახლების საფრთხე არ დამდგარიყო. სამაგიეროდ, ეს საფრთხე დადგა მეგობრის, დათოს მხრიდან, რომელსაც ალეკომ გაუზიარა თავისი მძიმე ვითარება. ამ ვითარების გაგების შემდეგ, დათო ალეკოს ზურგს უკან, მის გარეშე, წავიდა ბანკში, აწარმოა რაღაც მოლაპარაკებები, არ ვიცი რა შესთავაზა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, ალეკოს ქონების მყიდველი ბანკიდან გახდა დათო როსტომაშვილი. ფაქტობრივად, თავის მეგობარს ამით ზურგში დანა ჩასცა! ალეკო ამ ყველაფერს მხოლოდ მაშინ იგებს, როდესაც ერთ დღესაც მასთან პოლიცია მიდის და გასახლებას უპირებს... ალეკო ჩვენთან მოვიდა, ჩვენი ორგანიზაციის წევრია (სულ 10 ათასამდე წევრი გვყავს ორგანიზაციაში) და ჩვენ იმ დროს რაც შეგვეძლო, კანონი რის საშუალებასაც გვაძლევდა, ყველაფერი ვქენით – ადმინისტრაციული საჩივრებით შინაგან საქმეთა სამინისტროსაც და სასამართლოსაც მივმართეთ, რითაც რაღაცნაირად შევძელით ცოტა დროის მოგება, თუმცა სამწუხაროდ, გამოსახლება მაინც მოხდა. სანამ მიქელაძეების ოჯახს გამოასახლებდნენ, როსტომაშვილმა მას ელექტროენერგიის და წყალის მიწოდებაც კი შეუწყვიტა, რომ რაც შეიძლება შეევიწროებინა ოჯახი! მეზობლებს კი ალეკოსთვის წყლის და დენის გადაყვანას უკრძალავდა! ალეკო დათოს ეხვეწებოდა-მომეცი საშუალება, რაღაცნაირად ბინა გამოვისყიდოო და დათომ მას ამის საშუალებაც კი არ მისცა! არც იმის საშუალება მისცა, ცოტა ხნით მაინც გაჩერებულიყო ოჯახი ბინაში, სანამ ქირით სადმე რამეს ნახავდნენ! გასახლების დროს მეზობლები იყვნენ გამოსულები და თქვეს-ხმას ვერ ვიღებთ, გვეშინია, დათო გვემუქრება – ქუჩის გადაღმაც მოგვწვდებით! აქაურობა სულ მე მინდაო... არ ვიცი რა დასახლებას აკეთებს იქ, მაგრამ ასე თქვა. გამოსახლების დროს, რა თქმა უნდა, პოლიციის შემადგენლობა იყო მოსული და უბნის ინსპექტორს რომ დაველაპარაკე, მითხრა – როსტომაშვილი თავის სტატუსით და მდგომარეობით (მაშინ დათო პოლიციის დეპარტამენტში, დაცვის პოლიციაში იყო) ზეგავლენის მოხდენას ცდილობს, რომ ეს პროცესი დააჩქაროსო! იმ დროს ალეკოს თავის სახლში მოგირავნე ჰყავდა (კერძო დასახლებაა ისანში) და ალეკო დათოს ეხვეწეობოდა – ამ ვალსაც ნუ გადამაყოლებ, რაღაც კაპიკებში ხომ ჩაიგდე ჩემი ბინა და იმდენი ფული მაინც მომეცი, რომ მოგირავნე მაინც გამაყვანინოო, რაზეც ასევე უარი უთხრა!
- როსტომაშვილების ოჯახის სხვა წევრებს რაც შეეხებათ?- უფრო ადრე ხათუნა როსტომაშვილმა, დათოს დამ, ბაღდათის რაიონში, სოფელ დიმში, ნათელა მაისურაძის ოჯახს იპოთეკით წაართვა ქონება. იქაც დიდ თანხებზეა საუბარი. ამავე ხათუნა როსტომაშვილს ყვარელში, წერთლის ქუჩაზე, აქვს ოჯახისთვის ბინა წართმეული. ყველაფერს კიდევ ვერ გეტყვით, თავად შეგიძლიათ ნახოთ ამ დოკუმენტებში, რაც მოგიტანეთ. დათოს ცემის ფაქტი სამწუხაროდ მიმაჩნია და ამით გახარებული ვერ ვიქნები, თუმცა ვთვლი, რომ ეს არის იმ ცუდი საქციელების გამოძახილი, რაც მას აქვს ჩადენილი.
- თუ გაქვთ ინფორმაცია, როსტომაშვილებმა როდიდან დაიწყეს ამ ტიპის «საქმიანობა»?- აგერ, ამონაწერში შეგვიძლია მაგის ნახვა: ხათუნა როსტომაშვილმა 2007 წლიდან; დავით როსტომაშვილმაც 2007-დან; ხატია (შვილი) ამერიკაშია და იქიდან «საქმიანობს», მისი წარმომადგენელი დედამისია, ქეთევანი და ის აკეთებს ყველაფერს, თუმცა ქეთევანს ცალკეც აქვს დარეგისტრირებული თავის სახელზე საკუთრებები. მაგალითად, მევახშეობის კუთხით ბოლო ოპერაციები გაკეთებული აქვთ სულ ახლახანს, 12 ივნისს! ორი დღის შემდეგ კი სცემეს… როსტომაშვილების ოჯახს მთლიანობაში 100-მდე სასესხო ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, ხოლო ამ მომენტისთვის მათ მფლობელობაშია, დაახლოებით, 25 ქონება. სხვათა შორის,
ჩვენს ხელთ არსებულ მევახშეების სიაში ერთ ქალბატონს, მზია ნათენაძეს, თავის სახელზე 400 ბინა აქვს გადაფორმებული! დარწმუნებული ვარ, ამ ქალის უკან აუცილებლად დგას ვიღაც!- აუცილებლად მინდა ეს დავაფიქსირო: ყველა მევახშე არ არის საშინელი ადამიანი, მათ შორის ნამდვილად არიან ისეთები, ვინც მოვალის მდგომარეობაში შედიან და მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რომ არც ერთი მხარე არ დაზარალდეს. თუმცა თქვენ რასაც ახლა მიყვებით, უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის... კარგი, ერთხელ წაართვი ვიღაცას ბინა, რადგან ვალი არაფრით დაგიბრუნა. მეორედაც წაართვი კიდევ ვიღაცს, მაგრამ ორმოცჯერ და ასჯერ, კაცო? ეს ხომ უკვე მიზანმიმართული ქმედებაა მევახშის მხრიდან, რომლის ინტერესშიც არა ვალის ამოღება, არამედ რაც შეიძლება მეტი ქონების «დათრევაა?»
- რა თქმა უნდა! ეს არის მიზანმიმართული მოქმედებები, უძრავი ქონებების ხელში ჩასაგდებად! სხვათა შორის, ასეთი მევახშეების უმრავლესობა ქონების გადასახადს არ იხდის და ხადურის დროს, ამის გამო ძალიან ბევრი მევახშე დააჯარიმეს, ზოგი დააპატიმრეს კიდეც. თუკი წელიწადში ერთზე მეტი ამ ტიპის ოპერაციები გაქვს გაკეთებული, ეს უკვე საქმიანობაა და ის იბეგრება, მაგრამ ესენი გადასახადებს თავს არიდებენ და შემოსავლების სამსახურს არ უხდიან. თუ გადასახადი 50 ათას ლარზე მეტია დაგროვილი, ეს უკვე სისხლის სამართლის საქმეა.
- დავუშვათ, მევახშე ყველა იმ გადასახადს იხდის, რის გადახდასაც მას კანონი ავალდებულებს. არ უნდა იყოს ის მომენტი ეჭვის საფუძველი, როდესაც ერთი პიროვნება ამდენ ქონებას იფორმებს? არ უნდა იყოს ეს კანონით დარეგულირებული?- რა თქმა უნდა, ეს უკვე ეჭვის საფუძველია, მაგრამ შენ თუ ქონების გადასახადს უხდი სახელმწიფოს, სხვა რაღაცებით არავინ არ ინტერესდება. იხდის თუ არა იგივე დავით როსტომაშვილი ქონების გადასახადს, ამის შემოწმებაც შეიძლება შემოსავლების სამსახურში. საერთოდ, დღეს მოვალე ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ერთადერთი ამ საპოლიციო გამოსახლების გაუქმებამ რაღაცნაირად ცოტა დააბალანსა ყველაფერი, თორემ მოქმედი კანონმდებლობით, რაც სასესხო ურთიერთობებს არეგულირებს, გამსესხებელი-კრედიტორი ძალიან ბევრი უფლებებით არის აღჭურვილი, მოვალეს უფლებები კი ნაკლებად არის დაცული.
- როსტომაშვილების «საოჯახო საქმიანობით», როგორც ჩანს, ბევრი ადამიანი დაზარალდა, რადგან არაერთგან წავიკითხე თავად დაზარალებულების კომენტარები. თქვენ თუ გეხმიანებიან და რამეს ხომ არ გეგმავენ ერთობლივად?
- დიახ, ბევრი დაზარალებული ყოფილა, კიდევ შემოგვეხმიანებიან და თუ გინდათ, მათ ამბებსაც მოგაწვდით. როგორც ვიცი, ეს ადამიანები ერთმანეთს უკავშირდებიან და ალბათ ცოტა ხანში გამაგებინებენ, რას გეგმავენ. სხვათა შორის, სანამ თქვენთან მოვიდოდი, ჩემთან როსტომაშვილებისგან კიდევ ერთი დაზარალებული მოვიდა, გვარად მაისურაძე. ძალიან ვწუხვარ, ქართველები ისედაც ცოტანი ვართ და ძალიან არ გვინდა, ვინმე უღირსი გვყავდეს, თუნდაც დათო როსტომაშვილი, რომელიც ასე თუ ისე, საზოგადოებისთვის საყვარელ ადამიანად ითვლებოდა. მე მას პირობა მივეცი, რომელიც მაინც არ შევუსრულე – სადაც თქვენ გამოსვლა გექნებათ, ეს ხალხი მოვა და ძალიან ცუდ რეკლამას გაგიკეთებთ, რადგან თქვენ ამ საზოგადოების სიყვარულის ღირსი არ ხარ-მეთქი.
- თქვენს ხელთ არსებულ მევახშეების სიებში კიდევ ვინ არის ისეთი, ვისაც საზოგადოება კარგად იცნობს?- მევახშეები არიან საგანელიძის სიდედრი მარიკა სანოძე; პარლამენტარი ისკო დასენი, რომელიც ამ მომენტისთვის 20 ერთეული ქონებით არის დაინტერესებული და ამაზე ამდენივე განაცხადი აქვს შეტანილი; კაკო ბობიხიძის ოჯახი; მიხეილ მაჭავარიანის ოჯახი; დავით საყვარელიძის ოჯახი; თინა ხიდაშელის დედა და დეიდა; დეპუტატი ილია წულაია, რომელმაც ალბათ თავისი წილები ფიქტიურად დათმო, რადგან პარლამენტში საქმიანობასთან ეს შეუთავსებელია... ოჯახში მოიაზრებიან როგორც მათი მეუღლეები, მშობლები და და-ძმები, ასევე ძალიან ახლო ნათესავები. ისანში, ყოფილი ჰოსპიტალის ტერიტორიაზე, «არქი ჯგუფი» აშენებს და იმ ჰოსპიტალის შემსყიდველი ეს წულაიაა. ამ მომენტისთვის იგი 48 ერთეული ქონებით არის დაინტერესებული. საერთოდ, პარლამენტის ეს ახლანდელი შემადგენლობა თვისობრივად და ხარისხობრივად წინაზე ბევრად უარესია. ეს არის ბიზნესმენებისა და ბანკირების თავშეყრა, დამიჯერეთ, რომელიც დიდად არ არის ორიენტირებული ადამიანის უფლებების დაცვაზე და ამ კუთხით პრობლემების მოგვარებაზე. პარლამენტის წინა შემადგენლობა ბევრად უფრო იზიარებდა რაღაცებს, გვეხმარებოდა. ახლა კი ძალიან არმოსაწონი ვითარებაა.
- თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა სამართლებრივად როგორმე დარეგულირებული თუნდაც ეს მომენტი, როდესაც რამდენიმე წლის განმავლობაში, ერთი და იგივე პირი, სხვადასხვა გზებით, საკუთარ თავზე იფორმებს რამდენიმე ქონებას?- აუცილებლად უნდა იყოს! მინდა გითხრათ, რომ საპოლიციო გამოსახლების გაუქმების ავტორი მე და ჩემი არასამთავრობო გახლავართ. წელიწადი და ერთი თვე დაგვჭირდა პარლამენტში, მთავრობა უარს ამბობდა ამაზე – წულუკიანიდან დაწყებული, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებით დამთავრებული. რომ იტყვიან, რკინის ქალამნები ჩავიცვით და არ ვიცი, როგორ მოვახერხეთ ამ ინიციატივის პარლამენტში გატანა. იმ დროს პრეზიდენტი დაინტერედა – ერთი, ეგ ქალი მაჩვენეთ, ვინ არისო, რომ ამდენი წინაღობის მიუხედავად, მაინც მიახერხა პროექტის გატანაო.
- მკვდარზე დადებული «ვენოკი» რომ გვყავს, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, ის თუ ჩააყენეთ საქმის კურსში და რა პოზიცია ჰქონდა თქვენს ინიციატივასთან დაკავშირებით?- ნანუაშვილი საპოლიციო გამოსახლების აბსოლუტური წინააღმდეგი იყო და მართლა მიკვირს, როგორ მოვახერხეთ ამ ინიციატივის გატანა. ახლა გვაქვს კიდევ ერთი პროექტი – ნულოვანი აუქციონის გაუქმება, რასაც აუცილებლად მივაღწევთ. ვითომ ევროპის ქვეყნებს რომ ვბაძავთ, იქ ამ ტიპის აუქციონი არ არსებობს. აგიხსნით, რას ნიშნავს ეს ნულოვანი აუქციონი: პირველ იძულებით აუქციონზე კრედიტორის მიერ გატანილი ქონება საბაზრო ღირებულების 75 პროცენში იდება. თუ ვერ გაიყიდა, ათი დღის შემდეგ მეორე აუქციონზე 50 პროცენტში იდება და თუ იქაც ვერ გაიყიდა, მესამე აუქციონზე ვაჭრობა 0 პროცენტიანია, მხოლოდ მცირე საგარანტიო თანხა შეგაქვს და იმ საგარანტიო თანხის გადახდით, ფაქტობრივად, კაპიკებში არის შესაძლებელი ქონების წამოღება. მე კიდევ სხვა უფლების მოპოვებაზე მინდა ვთქვა, რაც აქ ანულირებულია, მაგრამ საზღვარგარეთ ასეა: დავუშვათ, მე მაქვს 200 ათასიანი ქონება, ავიღე თქვენგან 10 ათასიანი ვალი. გამიჭირდა, ვერ გადავიხადე დროულად, თქვენ კი წაბრძანდით და აუქციონზე გაიტანეთ ჩემი ქონება. კი, ბატონო, ეს თქვენი უფლებაა, მაგრამ 10 ათასის გულისთვის 200 ათასიანი ქონება რატომ უნდა დავკარგო? მოდი, კანონით ისე დავარეგულიროთ, რომ მე თქვენი ვალიც გადამახდევინოთ და რაღაც თანხა მეც დამრჩეს, რომ უსახლკაროდ არ დავრჩე.
- ან მე თავად რომ გავყიდო ის ბინა, საიდანაც იპოთეკარს გადავუხდი ვალს, დანარჩენით კი მე ვისარგებლო, რომ თუნდაც ერთოთახიანი ბინა ვიყიდო და ღია ცის ქვეშ არ დავრჩე – ასეთი რამ რამდენად რეალურია კანონში გასაწერად?- კი, ბატონო, ესეც შეიძლება ჩაიდოს, თუნდაც უკანასკნელ პირობად, რომ ოჯახით უსახლკაროდ არ დავრჩე და მომეცეს პატარა საცხოვრებლის ყიდვის საშუალება. ამაზე ერთი მომენტი მინდა გითხრათ: საერთოდ, მე ცხოველები ძალიან მიყვარს, მაგრამ ალეკო მელქაძეს, ორი ძაღლი ჰყავდა და ოჯახით რომ გამოასახლეს, ძაღლები თავშესაფარში წავიდნენ და ადამიანები დარჩნენ ქუჩაში! ჩვენს სახელმწიფოს თავშესაფარიც კი არ აქვს, რომ უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს თუნდაც ერთი თვით მაინც მისცენ ღამისთევის საშუალება, რომ მათ იმ პერიოდში რაღაც მოიფიქრონ.
«ალია» ასევე ესაუბრა უფლებადამცველ ნიკა მემანიშვილს:
- უპირველეს ყოვლისა, ვწუხვარ იმის გამო, რომ იმ ადამიანებს, ვისაც უყვარდათ და უყვართ დავით როსტომაშვილი, იმედები გაუცრუვდათ და საზოგადოებამ გაიგო მისი რეალური სახე. ჩვენ, ბუნებრივია, არავის ცემას არ მივესალმებით და ეს ცალსახად დასაგმობია, თუმცა რაც თავად დავით როსტომაშვილს შეეხება, ვრჩებით იგივე პოზიციაზე და დღეს (ინტერვიუ ჩაწერილია 16 ივნისს – ნ.ლ.) წარმოგიდგინეთ კიდეც დოკუმენტები, რომ არამარტო ის, არამედ მისი შვილი, და, მეუღლე არიან მევახშეები და ბრალი მიუძღვით მრავალი ადამიანის გამწარებაში. ჩვენ დღესაც გვიკავშირდებიან ადამიანები, რომლებსაც სურთ, თავის პოზიცია დააფიქსირონ კონკრეტულად ამ ოჯახის მიმართ. სამწუხარო რეალობაა, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო, ადამიანები არ დარჩენილიყვნენ ქუჩაში. მესმის, რომ როდესაც ფინანსურ ვალდებულებას იღებ, სესხის ხელშეკრულებას აფორმებ, ის ვალი უნდა გაისტუმრო და ამაში ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ აქ არის კიდევ მეორე მხარეც: არიან ოჯახები, ვისაც გამოყენებულ თანხაზე ორჯერ მეტიც კი აქვთ გადახდილი იპოთეკარებისთვის და მიუხედავად ამისა, რჩებიან ქუჩაში.
როდესაც ადამიანებს ასახლებენ, არავინ აღარ კითხულობს მერე იმას, ცოცხლები არიან თუ მკვდრები, აქვთ საცხოვრებელი თუ არა. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ევროპული ტიპის ქვეყანაზე და დემოკრატიაზე, ასეთი საკითხები სასწრაფოდ დასარეგულირებელია სახელმწიფოს მხრიდან. სამწუხაროდ, არაერთი ადამიანი გარდაცვლილა გამოსახლების პროცესში ნერვიულობით, ჯავრით, ზოგმა საერთოდ სუიციდით დაასრულა სიცოცხლე... დათო როსტომაშვილის შვილი ხატია გამოეხმაურა ჩემს მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციას და ბოდიშის მოხდა მომთხოვა, ცრუ ინფორმაციები გაავრცელეო... ჩემს სიტყვებს, ბუნებრივია, მე უკან არ წავიღებ და მაქვს დოკუმენტები, რითაც ჩემს ნათქვამს ვამყარებ. შეუძლიათ, სასამართლოს მიმართონ და იქ დავუმტკიცებთ, რომ ცილს კი არ ვწამებთ ვინმეს, არამედ აბსოლუტურად მართლები ვართ. ესენი ნამდვილად მევახშეები და უგულო ქართველები არიან, რადგან უამრავი ოჯახი ჰყავთ ქუჩაში გაყრილი. მინდა, როსტომაშვილების ოჯახს ვუთხრა: პირიქით, ისინი გამოვიდნენ, ხალხს ბოდიში მოუხადონ და აღარ გააგრძელონ მათი საქმიანობა, რადგან უფლის სამსჯავროსთან ერთად, მთავარი სამსჯავრო არის საზოგადოება, რომელიც ყველაფერს ხედავს და ყველაფერი იცის. ასევე, ყველა მევახშეს მინდა მივმართო, ნუ დატოვებენ ადამიანებს ქუჩაში და ნუ წაართმევენ მათ ერთადერთ საცხოვრებელს, რადგან ასეთ დროს ისინი მათ ტანჯვა-წამებისთვის და სიკვდილისთვის იმეტებენ!
„ალია“, ნინო ლაბარტყავა