რაკი ქუთაისზეა, აქ დაგიდებთ ამ პოსტს
დედაჩემი ქუთაისში დაიბადა და სკოლა იქ დაამთავრა. ბაბუაჩემის ოჯახი 1956 წელს გადმოვიდა თბილისში საცხოვრებლად. ქუთაისში ცხოვრობდა და ცხოვრობს დედაჩემის სანათესაოს დიდი ნაწილი, ამიტომ ძალიან მიყვარს ეს ქალაქი და გული მწყდება, რომ ხშირად ისეთი პატივისცემით არ მოიხსენიებენ, როგორც ეკადრება. დედაჩემიც ვერ ეგუებოდა ამას და ხშირად მეუბნებოდა - ვერც კი წარმოიდგენ, როგორი კულტურული ქალაქი იყო ჩემს ბავშვობაში, ან ეს ე.წ. "ქუთაისური კილო" საიდან მოიტანეს, ჩემს დროს მსგავსი არაფერი გამიგიაო.
ჰოდა მინდა, ცოტა ქუთაისზე რაღაცეები გიამბოთ, თან ისეთი ხალხის დაწერილი, ვისაც დაეჯერება.
"1918 წლის ზამთარში, სულ რამდენიმე დღეში, ქუთაისი დაიცალა. ყველამ, ვინც ქუთაისის სახეს ქმნიდა, რატომღაც გადაწყვიტა, რომ თბილისში წამოსულიყო. პოეტებმა, მხატვრებმა, მსახიობებმა, მასწავლებლებმა, ინჟინრებმა ასე გადაწყვიტეს. მგონი იმიტომ, რომ საქართველო დამოუკიდებელი იყო და ერთგვარ ცენტრად თბილისი აღიქმებოდა. ეს შეუმჩნეველი ამბავია ჩვენს ისტორიაში. თან უცნაური ამბავი. არადა მომხდარი ამბავია. დიდი შეცდომაც, რომელიც ალბათ ვეღარასდროს გამოსწორდება.
ქუთაისის ლეგენდარული ქართული გიმნაზიის მასწავლებლები შეიქნენ თბილისის უნივერსიტეტის პროფესორები. განთქმული ქუთაისელი ექიმები მოეწყვნენ თბილისის საავადმყოფოებში. ქუთაისელი პოეტები ჩამოსხდნენ თბილისის კაფე "ქიმერიონში", რომელიც ეგებ სხვა არც არაფერი იყო, უქიმერიონის გარდა. უქიმერიონის აღმართი... გეხსომებათ.
ამის შედეგი ის იყო, რომ ერთი ქალაქი დაიმცრო, მეორე კი კიდევ უფრო იზარდა.
არა მხოლოდ ესენი: ლეგენდარული ახალციხური გვარებიც კი, რომლებიც ქუთაისში აგე, როდის მოვიდნენ, თბილისისკენ გამოეშურენ.
რა არის ეს თბილისი ამისთანა. რატომ იყო საჭირო. რისთვის იყო საჭირო ეს დაძვრა. ასეთი უცაბედი. არც მახსოვს, სად ამოვიკითხე ეს ამბავი. ერთადერთი წინადადება ეწერა, - ასე მოხდაო. მგონი, არც იყო ქართული ტექსტი. ინგლისური იყო. ნამდვილად ინგლისური.
ჩვენს წიგნებში არ წერია ხოლმე ასეთი რამეები.
ეს ალბათ ძლიერ ინფარქტს ნიშნავდა.
სულაც არ მინდოდა ამ დრამატული ამბის გახსენება.
ბოლოს და ბოლოს ქუთაისს თავადაც ერგებოდა საუნივერსიტეტო ქალაქად ყოფნა. (კიდევ კარგი ახლა მაინც ეღირსა ეს ამბავი. გ.ყ.)
მოხუცებული დიმიტრი ყიფიანი, რომელიც ყველა თანამდებობას ჩამოშორებული იყო, ბოლოს იმერეთის თავადაზნაურობის მარშლად აირჩიეს. გადარეული ყოფილა, - რა მიქნეს ამ ქუთაისელებმა, როგორ დამხვდნენო. ეტლში ჩამსვეს და მთელი ქალაქი ზარზეიმით მომატარესო.
დიმიტრი, ქართლელი ყიფიანი იყო, სუმბათაანთ აზნაური. ცხოვრება ისე გალია, რომ ზედმეტად არავის გაუღიმია მისთვის.
ქუთაისური გიტარა. სად წავიდა ქუთაისური გიტარა? მგონი, დღევანდელ თბილისურ ტრიოებში გადმოინაცვლა.
ოღონდ, სიმართლე რომ ვთქვა, არც ამის გახსენება მინდოდა.
სულ სხვა რამის დაწერა მინდა.
სამსონ ფირცხალავას უწერია, - ქუთაისიდან თბილისში რომ გადმოვედი, წავხდი კაცი, ვერ შევეგუე ასეთ სიჭრელეს, ასეთ განსხვავებულობასო.
პურსაც კი ვერ ვჭამდი, იმდენად განსხვავდებოდა ქუთაისურისგან, ჩემი დამემართა, სანამ მივეჩვიეო."
(აკა მორჩილაძე)