თბილისის სპორტის სასახლემ უპრეცედენტო ,,ოლ სტარს” უმასპინძლათბილისის სპორტის სასახლეში გამართული “ყველა ვარსკვლავის მატჩი”, რომელშიც ადგილობრივი კალათბურთელებისა და ლეგიონერებისაგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ, ლეგიონერთა გამარჯვებით – 137:125 დასრულდა.
“ოლ სტარის” საუკეთესო კალათბურთელად ლეგიონერთა და “შსს აკადემიას” ამერიკელი კალათბურთელი – ლარი ბლერი დაასახელეს, რომელმაც 23,07 წუთში ყველაზე მეტი – 31 ქულა დააგროვა და სამმაგ დუბლამდე ერთი პასი და 2 მოხსნა დააკლდა.
ჩატენვების კონკურსი ბლერის თანაგუნდელმა და თანამემამულემ – ჯასტინ ტაბსიმ მოიგო, ხოლო სამქულიანების შეჯიბრში “ოლიმპის” ხორვატმა უკანახაზელმა – ნიკიჩა სლიუკამ გაიმარჯვა.
სუპერლიგის რჩეული კალათბურთელებისაგან დაკომპლექტებული გუნდების შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით დაიწყო. პირველი ტაიმი ქართველების გუნდმა 3 ქულის სხვაობით – 71:68 მოიგო.
მატჩის ბედი მე-3 მეოთხედში გადაწყდა. ლეგიონერებმა დროის ეს მონაკვეთი 22 ქულის სხვაობით – 39:17 მოიგეს და შეხვედრაში 19 ქულის სხვაობით – 107:88 დაწინაურდნენ. მართალია, დარჩენილ დროში ქართველთა გუნდი ეცადა თამაშის შემოტრიალებას, მაგრამ საწადელს ვერ მიაღწია და მხოლოდ ანგარიშში სხვაობის შემცირებით დაკმაყოფილდა.
ქართველების გუნდიდან, ყველაზე მეტი – 29 ქულა “ქუთაისი-2010”-ის ფორვარდმა – გიგი ბარბაქაძემ დააგროვა, რომელმაც 8 შესაძლებლობიდან 7 სამქულიანი ჩააგდო. პატარა “ველურამ” 13 ორქულიანიდან მხოლოდ 4 გამოიყენა და მინიმუმ, მატჩის ბომბარდირობა გაუშვა ხელიდან.
“ოლ სტარის” მონაწილე კალათბურთელებმა რამდენიმე ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს და ეფექტური ჩატენვით დაასრულეს. მათ შორის განსაკუთრებით ბლერი-ტაბსის წყვილი გამოირჩეოდა.
შეგახსენებთ, რომ “ყველა ვარსკვლავის” მონაწილე გუნდების შემადგენლობები იმ გამოკითხვის შედეგად შეირჩა, რომელიც სუპერლიგის ოფიციალურ საიტზე მიმდინარეობდა.
გამოკითხვაში 9648 გულშემატკივარმა მიიღო მონაწილეობა, რომელბმაც ლეგიონერთა და ადგილობრივ კალათბურთელთაგან შემდგარი გუნდის სასტარტო ხუთეული დაასახელეს.
ადგილობრივთა სასტარტო ხუთეულში, გიორგი ციცნაძე (3910 ხმა), გიორგი გამყრელიძე (3122 – ორივე “ოლიმპი”), დუდა სანაძე (2633 – “დინამო”), გიორგი ბარბაქაძე (2425) და რიჩარდ მათიაშვილი (3633 – ორივე “ქუთაისი-2010”) მოხვდნენ, ხოლო ლეგიონერთა სასატარტო ხუთეულში – ბენჯამინ ვუდსაიდი (3761), ჯერემი რიჩარდსონი (2576), უილიამ ტომასი (2576), იოაკიმ შელბომი (2333 – ყველა “არმია”) და ლარი ბლერი (3255 – “შსს აკადემია”).
რაც შეეხება დავით საყვარელიძეს (“არმია”), ლაშა ფარღალავას, ლევან ფაცაციას (ორივე “სოხუმი”), აკაკი დვალიშვილს (თსუ), ბექა ჩიკვილაძეს (თსუ), ბექა ბექაურს, მერაბ ბოქოლიშვილს (ორივე “შსს აკადემია”), ენტონი მუდის, ჯასტინ ტაბსის (ორივე “შსს აკადემია”), ივო ჰოგერს, ნიკიჩა სლიუკას (ორივე “ოლიმპი”), ქეირონ კარტერს, მილან ოლუიჩს (ორივე “დინამო”) და ნემანია ილიჩს (თსსუ), ეს კალათბურთელები კოტე ტუღუშმა (ადგილობრივ კალათბურთელთა მთავარი მწვრთნელი) და გიორგოს კეცედელისმა (ლეგიონერები) თავიანთი სურვილით შეიყვანეს.
აღნიშნული მატჩის პარალელურად, სამქულიანებისა და ჩატენვების კონკურსი ჩატარდა. ჩატენვების კონკურსის მონაწილეები, მათი სურვილის მიხედვით, ხოლო სამქულიანების კონკურსის მონაწილეები რეგულარულ ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგის მიხედვით აარჩიეს.
სამქულიანების კონკურსში, ვახტანგ ჩქარეული (თსუ), მიხეილ ბერიშვილი (“ოლიმპი”), ლარი ბლერი, ბენჯამინ ვუდსაიდი, ნიკიჩა სლიუკა და გიორგი ბარბაქაძე მონაწილეობდნენ. ფინალში ასპარეზობის უფლება ვუდსაიდმა (20 ქულა) და სლიუკამ (19) მოიპოვეს. ფინალში ვუდსაიდმა მხოლოდ 12 ქულა დააგროვა, ხოლო სლიუკამ წინა მიღწევა ერთი ქულით გააუმჯობესა და პირველ ადგილზე გავიდა.
ჩატენვების კონკურსში, გრიგოლ შვანგირაძემ (თსსუ), ილიცა მილუტინოვიჩმა (“ოლიმპი”), დავით ხიზანიშვილმა (თსუ) და ჯასტინ ტაბსიმ გამოთქვეს მონაწილების სურვილი. კონკურსის ჟიურიში ვეტერანი ქართველი კალათბურთელები – ნიკოლოზ დერიუგინი, გივი ბიჭიაშვილი და ნოდარ ქორქია ისხდნენ. ფინალში ასპარეზობის უფლება მილუტინოვიჩმა და ტაბსიმ მოიპოვეს. პირველი ადგილი ტაბსის ერგო, რომელმაც ჟიურის სამივე წევრისგან უმაღლესი – 10-ბალიანი შეფასება მიიღო.
სპორტის სასახლეში 2 დიდი ეკრანი იყო დამონტაჟებული, რომელზეც მატჩის საუკეთესო და ქართული კალათბურთის ისტორიის ამსახველ თვალსაჩინო მომენტებს აჩვენებდნენ.
წლეულს ნახევარი საუკუნე სრულდება იმ უმნიშვნელოვანესი წარმატების მიღწევის დღიდან, როდესაც თბილისის “დინამომ”, ჩემპიონთა თასის ფინალში, მადრიდის “რეალს” მოუგო და მთავარი პრიზის მფლობელი გახდა (ეს 1962 წელს მოხდა). სამწუხაროდ, ამ მატჩის მონაწილე კალათბურთელებიდან მხოლოდ 4 – გურამ მინაშვილი, ამირან სხიერელი, ილარიონ ხაზარაძე და ლევან მოსეშვილია ცოცხალი. ამ უკანასკნელმა, ავადმყოფობის გამო, ღონისძიებაზე მოსვლა ვერ შეძლო. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ხაზარაძეს, სხიერელსა და მოსეშვილს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა (მინაშვილს ეს წოდება უკვე ჰქონდა). ანალოგიური ჯილდო გადაეცა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს, მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელ ნიკოლოზ დერიუგინს, რომელსაც დაბადებიდან 53 წელი შეუსრულდა.
და ბოლოს – ლაშა ონიანის მიერ დადგმული და საკმაოდ კარგად ორგანიზებული შოუს ანალოგიური დადგმა ქართული “ოლ სტარების” ისტორიას არ ახსოვს…
მიმაგრებული სურათი