ქართული ჭიდაობის ზეიმი სამთავისში
ქართული ჭიდაობის ფედერაციის (პრეზიდენტი გელა ბერუაშვილი) და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ერთობლივი პროექტით კიდევ ერთი კეთილმოწყობილი ღია საჭიდაო არენა 13 ივლისს სამთავისში (კასპის რაიონი) გაიხსნა. მას ტიტულოვანი ადგილობრივი სამბისტის ვანო გამხიტაშვილის სახელი მიენიჭა და ნახერხმოყრილ არენაზე აქვე გამართული პირველი ტურნირიც მისი სახელობისა იყო. 14 წლის წინ ავტოკატასტროფაში ტრაგიკულად გარდაცვლილი ვანო გამხიტაშვილი ქართულ ჭიდაობაში საქართველოს 1994 წლის აბსოლიტური ფალავანი, ხოლო სამბოში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ყველა სინჯის მედლების მრავალგზის მფლობელი გახლდათ. 13 ივლისს სოფლის ცენტრში მას ძეგლიც დაუდგეს. შეჯიბრებაში კი საქართველოს სხვადასხვა კუთხის (შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, იმერეთი, კახეთი) ფალავნები მრავლად იღებდნენ მონაწილეობას. მოჭიდავეები პირველობისათვის მხოლოდ ორ წონით კატეგორიაში 80 კგ-სა და აბსოლიტურში იბრძოდნენ. საუკეთესოთათვის ქართული ჭიდაობის ფედერაციას სოლიდური საპრიზო ფონდი ჰქონდა დაწესებული. გამარჯვებულებმა 1000, მეორე და მესამე პრიზიორებმა კი შესაბამისად 600 და 400 ლარს მიიღეს. გამარჯვებისათვის ბრძოლაში საკმაოდ სანახაობრივი პაექრობები ვიხილეთ. იყო ეფექტურად შესრულებული ილეთები, რომლებმაც მაყურებლით სავსე ტრიბუნების (500-ზე მეტი მაყურებელი) ოვაცია დაიმსახურა. 80 კგ-ის ფინალში მეტეხელები შმაგი შარიფაშვილი და კახა მამულაშვილი გავიდნენ. ორივე მათგანს სამბოში ტიტულები არ აკლია და ქართულ ჭიდაობის არაერთი პირველობის გამარჯვებულიცაა. მათ პაექრობაში კახა მამულაშვილმა იმარჯვა. ამავე წონაში მესამე ადგილზე გორელი გიორგი პაპუნაშვილი გავიდა. აბსოლიტურ წონაში მესამე ადგილი საჩხერელ ონისე ბუღაძეს ერგო. შეჯიბრების კულმინაცია კი ცხადია ამავე წონის ფინალური შეხვედრა იყო, რომელშიც რუისელმა პაატა ღვინიაშვილმა, თიანეთელ იოსებ იარაჯულს მეტად დაძაბულ შეხვედრაში ქულათა მცირე უპირატესობით აჯობა. შეგახსენებთ, რომ პაატა ღვინიაშვილი საქართველოს რამდენიმე გზის ჩემპიონია ქართულ ჭიდაობასა და სამბოში. ფულად ჯილდოსთან ერთად პაატამ ნახერხმოყრილი არენის ტრადიციული მთავარი პრიზი ჭედილაც თავისი სპორტული კარიერის მანძილზე ვინ მოთვლის უკვე მერამდენედ მიიღო! შეჯიბრებაზე მყოფმა რუსეთის ქალაქ ტიხორეცკის მკვიდრმა ქართველმა ძიუდოისტმა გოგონამ თამრიკო პატარქალიშვილმა ყველაზე ეფექტური ილეთისთვის პირადად დაწესებული სპეციალური პრიზი 80 კგ-ის ფინალისტს შმაგი შარიფაშვილს გადასცა. ეს პრიზი, როგორც მან აღნიშნა წლეულს რუსეთში უნივერსიადაზე გამარჯვებისათვის ჰქონდა მოპოვებული. აქვე იყო სამბოში მსოფლიოს რამდენიმე გზის ჩემპიონი რუსი სერგეი ლაპავოკი, რომელმაც თავისი სპეციალური პრიზი აგრეთვე შარიფაშვილს გადასცა. ლაპავოკი აქტიური სპორტული კარიერისას ვანო გამხიტაშვილის პრინციპული მეტოქე გახლდათ. ტიტულოვან სამთავისელთან მას დამსახურებული გამარჯვებაც ჰქონდა მოპოვებული, თუმცა ბოლო დაპირისპირებაში, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში შედგა, ქართველმა მხოლოდ მსაჯების ტენდენციურობით წააგო. მაგრამ იმ ავტოკატასტროფის შემდეგ, რომელმაც გამხიტაშვილის სიცოცხლე შეიწირა. ლაპავოკი საქართველოში ჩამოვიდა და მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედალი გარდაცვლილ გამხიტაშვილს მკერდზე დაადო.
შეჯიბრებას არაერთი ტიტულოვანი ქართველი ფალავანი და ჩვენი ქვეყნის სპორტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ ოლიმპიური კომიტეტიდან და სპორტის სამინისტროდან.
„მიხარია, რომ დღეს კიდევ ერთი, ძალიან კარგი სპორტული შეჯიბრება გამოვიდა. ცდას არ ვაკლებთ, რათა ჩვენი ეროვნული საჭიდაო სახეობაში შეჯიბრებები სულ უფრო ხშირად და საინტერესოდ იმართებოდეს, რომ იმატოს მონაწილეთა რაოდენობამ და არ მოიკლოს მაყურებელის ინტერესმა. ახალი საჭიდაო არენები ამაში მნიშვნელოვნად გვიწყობს ხელს. მისი აშენება ბატონი ბიძინა ივანიშვილის უშუალო თანდგომით ხდება, რისთვისაც ცხადია დიდად მადლობლები ვართ. მინდა აღვნიშნო აგრეთვე კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის ოლეგ იაძის სერიოზული თანადგომა ჩვენდამი. შემთხვევით არაა, რომ ამჟამად აგებული სამი ახალი ღია საჭიდაო არინიდან ორი კასპის რაიონშია. მოვუწოდებ ყველა გამგებელს რომ მიბაძონ ოლეგ იაძეს ჩვენი ეროვნული სახეობის განვითარებისთვის ხელის შეწყობაში“ – გვითხრა ასპარეზობის დასასრულს ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გელა ბერუაშვილმა.
ვასილ ბალახაძე
ფოტოები:
http://www.myalbum.com/index.php?m=albumed...P7G3&showmess=1ვიდეო. 1 ფინალური შეხვედრა აბსოლიტურში: ღვინიაშვილი – იარაჯული
2. ფინალური შეხვედრა 80 კგ-ში: მამულაშვილი – შარიფაშვილი
შიდა ქართლი საუკეთესოა!
http://qartlisport.ge/?p=1471ნახერხმოყრილ სარბიელზე ქართული ჭიდაობის მორიგი მასშტაბური შეჯიბრება განუყრელი მუსიკით თანხლებით დღეს, 21 ივლისს გორის რაიონის სოფელ კარალეთში გაისმა. ეს მორიგი ახალი არენაა, რომელიც ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის (პრეზიდენტი გელა ბერუაშვილი) და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ერთობლივი პროექტით აშენდა. მასზე გამართული პირველი შეჯიბრება გუშინ ჩატარებული საქართველოს გუნდური პირველობა იყო. საასპარეზოდ შეიკრიბნენ შიდა ქართლის, მცხეთა – მთიანეთის, კახეთის, აჭარის, იმერეთის, თბილისის გუნდები, შიდა ქართლისგან ცალკე გუნდად გამოვიდა ქარელის რაიონი. მოგეხსენებათ ეს რეგიონი უამრავი სახელოვანი ფალავანით წარსულშიც და ახლაცაა ცნობილი, რის გამოც შეჯიბრების ორგანიზატორებმა მათ ორ გუნდად გამოსვლის საშუალება მისცეს. აქაურთა შესაძლებლობებზე გაკეთებული ეს ვარაუდი გამართლდა კიდეც, თუმცა ამაზე ოდნავ ქვემოთ მოგიყვებით. თავდაპირველად მცხეთა-მთიანეთმა 3 : 2 სძლია იმერეთს. ქარელის რაიონმა და კახეთმა კი შესაბამისად თბილისი და აჭარა ერთნაირი ანგარიშით 5 : 0 დაამარცხეს. განსაკუთრებით კახელი ფალავნების გამარჯვებები იყო აღსანიშნავი, რადგან ხუთივე (60, 70, 80, 90, მძიმე) წონით კატეგორიაში მათ თითო წუთიც არ დასჭირვებიათ აჭარელი მოწინააღმდეგეების ბეჭებზე გასაკრავად. თუმცა მომდევნო ეტაპზე კახეთი ასევე დიდი უპირატესობით, ოღონდ 1 : 4 განადგურდა შიდა ქართლთან. უნდა აღინიშნოს დავით კარბელაშვილის (90 კგ) და ზვიად ბაზანდარაშვილის (70 კგ) ეფექტურად მოგებული შეხვედრები კახელ მოწინააღმდგეებთან. იქვე ქარელმაც 4 : 1 მოუგო მცხეთა – მთიანეთის საკმაოდ ძლიერ კოლექტივს. მესამე ადგილისთვის კახელთა და მცხეთა-მთიანელთა ზედმიწევნით დაძაბულ დაპირისპირებაში გამარჯვებულის ბედი მძიმე წონაში ბექა ბერძნიშვილის მიერ ბექა წყალობაშვილის დამარცხებამ გადაწყვიტა – 3 : 2. შიდა ქართლის და ქარელის ფინალურ შეხვედრაში კი თავადაპირველად ეს უკანასკნელნი დაწინაურდნენ – 60 კგ-ში ლაშა გიუნაშვილმა ოთარ არჩუაძეს აჯობა. მაგრამ მომდევნო სამი შეხვედრა შიდა ქართლმა მოიგო და მძიმე წონაში ორთაბრძოლას მნიშვნელობა დაუკარგა, თუმცა აქ ქარელელმა ბოლოთაშვილმა გიორგი ნოზაძე მაინც დაამარცხა. საბოლოოდ შიდა ქართლელებმა 3 : 2 აჯობეს მოწინააღმდეგეს და ქვეყნის გუნდური პირველობის გამარჯვებულები გახდნენ! გაგაცნობთ მათ შემადგენლობას: პაატა მერებაშვილი, ანდრო ბერუაშვილი, ზვიად ბაზანდარაშვილი, ოთარ არჩუაძე, გიორგი პაპუნაშვილი, დავით კარბელაშვილი, გიორგი ნოზაძე. ფინალისტმა ქარელელებმა კი შეჯიბრება ამ შემადგენლობით ჩაატარეს: ლაშა გიუნაშვილი, ზვიად კაპანაძე, ზვიად ნოზაძე, კახა მამულაშვილი, პაატა ღვინიაშვილი, გიორგი ბოლოთაშვილი. პირველ ადგილზე გასულმა გუნდმა ქართული ჭიდაობის ფედერაციის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო 2000 ლარი მიიღო, შესაბამისად 1500 და 1000 ლარი ერგოთ მეორე და მესამე ადგილზე გასულ კოლექტივებს. შეჯიბრების მთავარი მსაჯი იყო სპარტაკ ჯინორიძე გახლდათ, მთავარი მსაჯი არენაზე კი ეროვნული კატეგორიის არბიტრი გია ბერუაშვილი.
თუმცა ამ დღეს კარალეთში ჭიდაობა ამით არ დასრულებულა. მოგეხსენებათ კარალეთი ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა შავდათუაშვილის მშობლიური სოფელია. ლაშა შეჯიბრებას თავადაც ესწრებოდა და ქვეყნის პირველობის შემდეგ სპეციალურად გამართული აბსოლიტური პირველობაში გამარჯვებულისათვის 500 ლარი პირადად დააწესა. აბსოლიტურში 12 მოჭიდავე ჩაერთო და პირველი ადგილი გიორგი ნოზაძემ მოიპოვა, რომელმაც ფინალში ონისე ბუღაძე დაამარცხა.
მომდევნო კვირიდან ახალ აშენებული დახურული საჭიდაო არენების გახნის ესტაფეტა ქარელის რაიონში გადადის. შაბათს შეჯიბრებას ფალავნებით ცნობილი სოფელი ფცა უმასპინძლებს.
ასპარეზობის ორგანიზება ქართული ჭიდაობის ფედერაციასთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სპორტულ ცენტრის მიერ მოხდა. შეჯიბრებას ესწრებოდნენ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილი, მუნიპალიტეტის გამგებელი პაპუნა კობერიძე, ტიტულოვანი გორელი ფალავანი, ამჟამად პარლამეტის დეპუტატი თემურ ხუბულური.
ვასილ ბალახაძე
* * *
ამჯერად ფცაში ბერუაშვილებთან
http://qartlisport.ge/wp-content/uploads/2...07/IMG_7922.jpgტიტულოვანი ფალავნებით სახელგანთქმულმა სოფელმა ფცამ (ქარელის რაიონი) 27 ივლისს მეთექვსმეტედ უმასპინძლა დურმიშხან და ზვიად ბერუაშვილების ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალურ ტურნირს ქართულ ჭიდაობაში. ფციელი დურმიშხან ბერუაშვილი გასული საუკუნის შუა ხანებში, ჩვენი ეროვნული საჭიდაო სახეობის ყველასათვის საყვარელ მოჭიდავედ ითვლებოდა მთელ საქართველოში. ამ გვარის კიდევ ერთი სახელოვანი წარმომადგენელი მალხაზ ბერუაშვილი საქართველოს ხუთგზის აბსოლიტური ფალავანია, რომელიც აღნიშნულ ტურნირზე მთავარი მსაჯი იყო. შეჯიბრების ორგანიზატორი კი ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, წარსულში აგრეთვე საქართველოს აბსოლიტური ფალავანი გელა ბერუაშვილი გახლათ. ასპარეზობის ორგანიზებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქარელის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ. წინასწარვე ვიტყვით რომ ფცაში ჩატარებული ეს შეჯიბრება მიმდინარე წლის ზაფხულში, ქართული ჭიდაობის ფედერაციის მიერ ორგანიზებული, შიდა ქართლში გამართული მართლაც მასშტაბური ღონისძიებებიდან ყველაზე საინტერესო და სანახაობრივად საუკეთესო გამოდგა. ნახერხმოყრილ არენაზე საასპარეზოდ ძიუდოში, სამბოსა და ქართული ჭიდაობაში გულშემატკივრებისათვის კარგად ნაცნობმა მოჭიდავებმა მოიყარეს თავი. წარსულის ცნობილი ტიტულოვანი ფალავანები მაყურებელთა შორისაც მრავლად იყვნენ. შეჯიბრებას საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ესწრებოდა, რომელიც ამ რაიონის მაჟორიტარი დეპუტატია საქართველოს პარლამენტში. ტურნირი ოთხ 65, 75, 85 და მძიმე წონით კატეგორიაში ჩატარდა. 65 კგ-ში საუკეთესო ქარელელი ზაზა სიმონიშვილი აღმოჩნდა, რომელიც წლეულს საქართველოს ჩემპიონიცაა ქართულ ჭიდაობაში. მან ოთხ მოწინააღმდეგეს _ თორნიკე მურცხვალაძეს (ცაგერი), ოთარ არჩუაძეს, პაატა მერებაშვილს (ორივე გორი) და ფინალში გიორგი გუგულაშვილს (კასპი) დამაჯერებლად მოუგო. მხოლოდ მესამე ადგილით დაკმაყოფილება მოუწია ძიუდოში ევროპის ორგზის ჩემპიონს ახალგაზრდებს შორის პაატა მერებაშვილს. 75 კგ-ში პირველობა არვის დაუთმო ასევე ქარელელმა ზვიად კაპანაძემ, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრამდე აგრეთვე სამ მოწინააღმდეგეს, ხოლო ფინალში ეფექტური ქართული ჭიდაობით ცნობილ გორელ ზვიად ბაზანდარაშვილს აჯობა. ბაზანდარაშვილმა ამჯერადაც ეფექტური გამარჯვებებით უწია ფინალს, თუმცა კაპანაძესთან ვეღარაფერი გააწყო. მესამე ადგილზე ამ წონაში კიდევ ერთი გორელი შალვა მურაჩაშვილი გავიდა. მარცხით გაფუჭებული ხასიათი გორელებს 85 კგ-ში ნაწილობრივ იოსებ ჩილინდრიშვილმა გამოუკეთა. ფინალში მან ნახერხმოყრილი სარბიელზე ბოლო წლებში ერთ-ერთ ფავორიტს რუისელ პაატა ღვინიაშვილს სძლია სუფთად. მესამე პრიზიორი ამ წონაში გიორგი პაპუნაშვილი შეიქნა. შეჯიბრების კულმინაცია ცხადია აბსოლიტური წონითი კატეგორიის პაექრობები გამოდგა. ქართული ჭიდაობის ფედერაცია შეჯიბრების ყველა გამარჯვებულს 250, მეორე და მესამე პრიზიორს შესაბამისად 200 და 100 ლარს აკუთვნებდა ჯილდოდ, მაგრამ აბსოლიტურში დაწყებულ შერკინებებამდე ამ პრესტიჟული წონის ფულადი ჯილდოს კიდევ უფრო გასაზრდელად აქაურებმა ძველი ტრადიცია გაიხსენეს და ტრიბუნებზე შემოწირულობის ასაკრეფად `ქუდი ჩამოატარეს~. მაყურებლის გაღებულ თანხა დურმიშხან ბერუაშვილის ოჯახმაც გაზარდა და ბოლოს ამ პრესტიჟული წონის საპრიზო ფონდმა 2000 ლარს უწია. უშუალოდ პაექრობებმა აქ სენსაციების გარეშეჶმაგრამ მეტად დაძაბულად ჩაიარა. ნახევარფინალური წყვილები ასეთი სახით დაკომპლექტდა: გიორგი ნოზაძე (ხაშური) _ გიორგი ბოლოთაშვილი (ქარელი), ონისე ბუღაძე (საჩხერე) _ პაატა ღვინიაშვილი (ქარელი). ერთმანეთის პირისპირ ფინალურ შეხვედრაში, სუფთა გამარჯვებების ხარჯზე ნოზაძე და ღვინიაშვილი დადგნენ. სიმბოლურია, რომ ქართული ჭიდაობის უკანასკნელ ორ დიდ შეჯიბრებაზე სწორედ ისინი იყვნენ აბსოლიტური წონის გამარჯვებულები. ორი კვირის წინ ღვინიაშვილმა სამთავისში არავის დაუთმო პირველობა, ერთი კვირის წინათ კი ნოზაძემ კარალეთში გააკეთა იგივე. ფცაში კი მათი დეული სუფთა გდებით ხაშურელმა ფალავანმა მოიგო. შეგახსენებთ, რომ ნოზაძე სამბოში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონია. იგი ფიზიკური ძალის ხარჯზე ჭიდაობს, თუმცა ტექნიკური არსენალიც მდიდარი აქვს. არენაზე მოსულმა რამდენიმე ასეულმა მაყურებელმა კი ბოლოს შესანიშნავი სანახაობით აშკარად კმაყოფილმა დატოვა სოფელი ფცა. ქართული ჭიდაობაში ყოველ კვირას მართლაც ერთმანეთზე უკეთესი ღონისძიებებით დატვირთული მიმდინარე ზაფხული კი გრძელდება.
ვასილ ბალახაძე
ფოტოები:
http://www.myalbum.com/Album=FUJMJICBშავლეგოს გამარჯვება თიანეთობაზე
http://qartlisport.ge/?p=154010 აგვისტოს ულამაზესმა დაბა თიანეთმა სახალხო დღესასწაულ „თიანეთობას“ უმასპინძლა. ღონისძიებას რა თქმა უნდა სპორტული შეჯიბრებების გარეშე არ ჩაუვლია. ასპარეზობები გაიმართა დოღში, მკლავჭიდში, ფეხბურთში და ქართულ ჭიდაობაში. განსაკუთრებით საინტერესო კი ჩვენს ეროვნულ საჭიდაო სახეობაში ჩატარებული მორიგი დიდი შეჯიბრება გამოდგა. ასპარეზობა ქართული ჭიდაობის კიდევ ერთი ახალი საჭიდაო არენის გახსნას დაემთხვა და მასში კახეთის, მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის ფალავნებმა მიიღეს მონაწილეობა. ახალი სარბიელი საქართველოს პარლამენტში თიანეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა და ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გელა ბერუაშვილმა გახსნეს. „მოხარული ვართ, რომ წლევანდელ „თიანეთობას“ ჩვენი ქვეყნის პრემიერ მინისტრისგან შესანიშნავი საჩუქარი – ეს საჭიდაო არენა მივიღეთ. ამ მხარეს ბევრი ცნობილი ფალავანი ჰყოლია და ნახერხმოყრილ სარბიელზე ბევრი შეჯიბრებებიც ჩატარებულა. თიანეთელები სტუმართმოყვარე, ღირსეული, ვაჟკაცი ხალხია, ისინი ამჯერადაც სიამოვნებით უმასპინძლებენ და უქომაგებენ ფალავანთა მორიგ პაექრობას“ – თქვა ბატონმა ქუცნაშვილმა. შეჯიბრებას თვალს ადევნებდნენ საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების 20-მდე წარმომადგენელი, რამდენიმე მინისტრი და საზოგადოების სხვა ცნობილი სახეები. ასპარეზობა ოთხ წონით კატეგორიაში 60, 70, 80 და + 80 კგ-ში გაიმართა. შეჯიბრებაში თავდაპირველად 60 კგ-ის მოჭიდავეები ჩაერთვნენ. ფავორიტებად აქ დასაწყისიდანვე გამოიკვეთნენ ხაშურელი გიორგი მეტრეველი და ახმეტელი გიორგი მესაბლიშვილი. მათ ფინალამდეც დააჯერებელი გამარჯვებებით მიაღწიეს და გადამწყვეტ შეხვედრაშიც დაძაბული ორთაბრძოლა აჩვეენს პუბლიკას. პირველობა სუფთა გამარჯვებით მეტრეველმა ირგუნა. ამ წონაში მესამე ადგილზეც ხაშურელი, ლაშა ჩადუნელი გავიდა. ყველაზე მრავალრიცხოვანი მონაწილენი 70 კგ-ში გამოდიოდნენ. ხაშურელმა და ქარელელმა სპორტსმენებმა აღნიშნულ წონაშიც გამოიჩინეს თავი კარგი ჭიდაობით. პირველი ადგილისთვის შეხვედრაში ერთმანეთს ხაშურელი ზურაბ ნოზაძე და ქარელელი ზაზა სიმონიშვილი დაუპირისპირდნენ. ქულებით თითქმის მთელი შეხვედრის მანძილზე სიმონიშვილი იგებდა, თუმცა დამთავრებამდე ხუთიოდ წამით ადრე ნოზაძემ სუფთა გდება გაუკეთა მეტოქეს და გამარჯვება თავად იზეიმა. გადამწყვეტ შეხვედრამდე მათ ოთხ-ოთხი მოწინააღმდეგე დაამარცხეს. ფინალში გადასასველი ორივემ კასპელებს გიგა ბერიაშვილს და გიორგი კანკავას მოუგო. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კანკავამ სძლია თანაქალაქელ ბერიაშვილს. ადგილობრივმა მოჭიდავეები თუ იქამდე კვარცხლბეკს მიღმა რჩებოდნენ, უფრო უკეთ ასპარეზობა 80 და მძიმე წონაში შეძლეს, თუმცა პირველი ადგილზე იქაც მაინც ვერ გავიდნენ. 80 კგ-ში მაყურებლის ქომაგობით გამხნევებულმა გიორგი ბიჩელაშვილმა (თიანეთი), მძიმე ბრძოლებში ზვიად ბაზანდარაშვილი (გორი) და კახა მამულაშვილი (კასპი) ჩამოიცილა გზიდან, თუმცა ფინალში მცხეთელ გიორგი მახარაშვილთან ვერაფერი გააწყო. სამბოში ევროპისა და მსოფლიოს პირველობების პრიზიორ კახა მამულაშვილს მესამე ადგილით დაკმაყოფილებამ მოუწია. თიანეთელებს მძიმე წონაშიც ჰყავდათ თავისი ჯილა – სოსო იარაჯული, რომელმაც ადრინდელი შეჯიბრებიდანაც დაგვამახსოვრა თავი კარგი ჭიდაობით. მან ამჯერადაც რიგიანად იასპარეზა, მაგრამ ქართულ ჭიდაობაში თავისზე გამოცდილ და ტიტულოვან პაატა ღვინიაშვილთან ნახევარფინალში წმინდად დამარცხდა. ეს უკანასკნელი კი სამწუხაროდ, მომდევნო შეხვედრაში (ფინალში) ქარელელ შავლეგო ბერუაშვილთან საჭიდაოდ ვეღარ გამოცხადდა, არადა ბერუაშვილმა იქამდე ერთი პაექრობა ძალიან ლამაზი „მოგვერდით“ მოიგო. ვფიქრობთ, რომ მისი და ღვინიაშვილის შეხვედრა კარგი საყურებელი გამოდგებოდა. საბოლოოდ შავლეგო ბერუაშვილი მძიმე წონის გამარჯვებული შეიქნა, ღვინიაშვილმა მეორე იკმარა, თიანეთელი იარაჯული კი მესამე ადგილზე გავიდა. ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელებმა (გელა ბერუაშვილი, სპარტაკ ჯინორიძე, იური იმერლიშვილი, ოთარ ყურაშვილი) გამარჯვებულები 250, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები კი შესაბამისად 150 და 100 ლარით დააჯილდოვეს.
ერთი კვირის შემდეგ 17 აგვისტოს დიდ შეჯიბრებას ქართულ ჭიდაობაში სოფელი ხოვლე (კასპის რაიონი) უმასპინძლებს.
ვასილ ბალახაძე
თიანეთი
ფოტოები:
http://www.myalbum.com/Album=TNICQIW7უძლეველი ღვინიაშვილი ძლევისჯვარში
http://qartlisport.ge/?p=1559ახალი ღია საჭიდაო არენების სპორტული შეჯიბრებებით გახსნის ღონისძიებებმა ქარელის რაიონიში გადაინაცვლა. ამ მუნიციპალიტეტში პირველად, 18 აგვისტოს, ოლიმპიურ ჩემპიონ შოთა ხაბარელის მშობლიურ სოფელ ძლევისჯვარში იზეიმეს გადახურული ლამაზი საჭიდაო არენის აგება. როგორც ბოლო ხანს აღნიშნულ შეჯიბრებებზე ხდება, ძლევიჯვარშიც ასპარეზობას ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი ესწრებოდა. სარბიელი თავად ბატონმა შოთა ხაბარელმა და ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გელა ბერუაშვილმა გახსნეს. „ჩვენი ეროვნული საჭიდაო სახეობა ქართული ეროვნული სულის, ვაჟკაცობის მატარებელია. ის ასაზდროებს სხვა საჭიდაო სახეობებში ჩვენს ფალავანთა წარმატებებს. მიხარია, რომ ახალი არენა ჩემს მშობლიურ სოფელშიც გაკეთდა. რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო პირველ ყოვლისა ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ამ არენების გაკეთების იდეა სწორედ ბატონ ბიძინასგან მოდის. იგი შარშან, წინასაარჩევნო კამპანიისას სოფელ ფცაში დიდ შეჯიბრებას დაესწრო და ძალიან კმაყოფილი დარჩა. მაშინ რომ ვუთხარით ასეთი დახურული ტიპის და კარგად ნაგები საჭიდაო სულ ორიოდ ადგილზე თუ არისო საქართველოშიო – შეგვპირდა, რომ მომავალი წლიდან აუცილებელად დაიწყებოდა მათი მშენებლობა და 50 მაინც გვექნებოდა. წლეულს მართლაც რამდენიმე უკვე აშენდა. კიდევ არაერთი შენდება და წლეულსვე გაიხსნება“ – თქვა შოთა ხაბარელმა.
საასპარეზოდ ძლევისჯვარში შიდა ქართლის, მცხეთა მთიანეთის და კახეთის ფალავნები ჩამოვიდნენ. ოთხ წონით კატეგორიაში არკვევდნენ ისინი საუკეთესოთა ვინაობას. მეტი ინტერესი როგორც მოსალოდნელი იყო მძიმე წონაში გამართულმა პაექრობებმა გამიწვია. ნახერხმოყრილ სარბიელზე ბოლო რამდენიმე შეჯიბრების გამარჯვებული ხაშურელი გიორგი ნოზაძე მოულოდნელად ახალგაზრდა გორელმა მოჭიდავემ გიგა გელაშვილმა გამოთიშა პირველობისათვის ბრძოლას. თავიდანვე მოუწიათ ერთმანეთთან შეხვედრა დასკვნითი ეტაპების ხშირ მეტოქეებს ქარელელ პაატა ღვინიაშვილს და თიანეთელ სოსო იარაჯულს. პაატამ ამჯერადაც აჯობა იარაჯულს, შემდეგ გელაშვილს სძლია და ფინალში ერთობ ძლიერი მოჭიდავე გიორგი ბიჩელაშვილი (თიანეთი) რამდენიმე წამში გააკრა ბეჭებზე. საგულისხმოა, რომ ამ შეჯიბრების წინა დღეს იგი ხოვლეში (კასპის რაიონი) ჩატარებულ საკმაოდ წარმომადგენლობით შეჯიბრებაზეც საუკეთესო იყო. იქ ფინალი ზვიად გოგოჭურს მოუგო. ფულადი საპრიზო ფონდი ყველა წონაში თანაბარი იყო. იგი ქართული ჭიდაობის ფედერაციის და ქარელის მუნიციპალიტეტის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მიერ ერთობლივად განისაზღვრა გამარჯვებულთათვის 300, მეორე – მესამე ადგილებზე გასულთათვის შესაბამისად 250 და 150 ლარი. ღვინიაშვილს მძიმე წონაში დაწესებული ყოჩიც ერგო. მასვე სპეციალური პრიზები გადასცეს ქარელის რაიონის პოლიციის სამმართველოს უფროსმა ამასწიანთ პოლიციისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარვებულმა ზაზა გულიაშვილმა და ყველაზე ეფექტური ილეთისთვის (ფინალში ბიჩელაშვილთან) ქართული ჭიდაობის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა უშანგი ყურაშვილმა.
კვარცხლბეკი:
60 კგ. 1. პაატა მერებაშვილი (გორი), 2. ლაშა ჩადუნელი (ხაშური), 3. ოთარ კაიდარაშვილი (გორი);
70 კგ. 1. ზურაბ ნოზაძე (ხაშური), 2. ზაზა სიმონიშვილი (ქარელი), 3. ალიკა ნანიევი (ლაგოდეხი);
80 კგ. 1. ზვიად ბაზანდარაშვილი (კარალეთი), 2. ზვიად კაპანაძე (ქარელი), 3. გიორგი გიორგაძე (ხაშური);
მძიმე. 1. პაატა ღვინიაშვილი (ქარელი), 2. გიორგი ბიჩელაშვილი (თიანეთი), 3. გიგა გელაშვილი (გორი);
ვასილ ბალახაძე
ფოტოები:
http://www.myalbum.com/Album=6TOIPZVMკოკაურის კვირეული
http://qartlisport.ge/?p=1590ხვედურელი ბოლოთაშვილის ხვედრი
http://qartlisport.ge/?p=1618