ნიკა ძალამიძე – “ვიძევის” 19 წლის ვარსკვლავი, რომელსაც “არსენალში” თამაში ესიზმრებასაქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველს ნიკა ძალამიძეს პოლონეთის ექსტრაკლასაში მართლაც შთამბეჭდავი დებიუტი ჰქონდა. 19 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ლოძის “ვიძევის” ძირითად შემადგენლობაში ადგილი მალევე დაიმკვიდრა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. პოლონურმა გამოცემა lodz.gazeta.pl-მ ძალამიძეს ვრცელი სტატია მიუძღვნა, რომელსაც “მსოფლიო სპორტის” მკითხველს ვთავაზობთ.
ლოძში ჩატარებული პირველივე მატჩის შემდეგ, გულშემატკივრების საყვარელი ფეხბურთელი გახდა. ის მხოლოდ 19 წლისაა და “ვიძევი” მისი საზღვარგარეთული კარიერის პირველი გუნდია, სადაც ძირითად შემადგენლობაში თამაში უწევს. ეს ნიკა ძალამიძეა. ახალგაზრდა, მაგრამ უკვე “ვიძევის” ვარსკვლავი. დიდ ვარსკვლავებსაც კი თვეები სჭირდებათ, რომ თუნდაც პოლონეთის დონის საფეხბურთო ლიგაში, რომელიც ევროპულ გრანდებს არ მიეკუთვნება სახელი მოიხვეჭონ. ძალამიძეს ორი თამაში დასჭირდა, რათა ლიგაში ცნობილი გამხდარიყო – “კორონასთან” მატჩში ფანტასტიკური გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა. ორი კვირის წინ კი, გოლი ვროცლაველთა კარშიც შეაგდო. შემთხვევითი არაა, რომ თავის დროზე მან მოსკოვის ცსკა-ს სელექციონერები დააინტერესა, კლუბის, რომელმაც 2005 წელს უეფას თასი მოიპოვა და ფეხბურთელებში ათეულობით მილიონ ევროს იხდის.
“მათ ჭაბუკთა ნაკრებში შემამჩნიეს და შემდეგ, საქართველოში ჩამოვიდნენ ჩემი თამაშის სანახავად. დაასკვნეს, რომ გამოვადგებოდი და მეც დავთანხმდი. მოსკოვში ჩასვლის შემდეგ ცსკა-ს პირველ გუნდთან ერთად შეკრებაზე წავედი” – თქვა ძალამიძემ lodz.gazeta.pl-სთან საუბარში.
ეს 2010 წელს მოხდა, საქართველო-რუსეთის ომიდან ორი წლის შემდეგ. ნიკას არ შეშინებია მოსკოვში გადასვლა, მიუხედავად იმისა, რომ იქაურ ნაციონალისტებს კავკასიელები არ მოსწონთ.
“მოსკოვში ყველა შოვინისტი არაა. პირადად, რუსეთში ასეთები არ შემხვედრიან. თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. ომი? ეს პოლიტიკაა, რომელიც არ მაინტერესებს”- თქვა ნიკამ. თუმცა, კარგად ახსოვს, რომ შეიარაღებული კონფლიქტის დროს პოლონეთმა მის სამშობლოს მხარი დაუჭირა.
ამბიციური ფეხბურთელი უნდა შეგუებოდა, რომ ცსკა-ს პირველ გუნდში თამაში არ მოუწევდა.
“ჩემ პოზიციაზე ბევრი ფეხბურთელი იყო, რომლებიც ძალიან მაღალ დონეზე თამაშობდნენ” – გაიხსენა მან.
ის სათადარიგო შემადგენლობაში თამაშობდა, სადაც ერთი წელი გაატარა. ბედნიერი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ იმაზე მეტი თანხა გამოიმუშავა, ვიდრე საქართველოში იღებდა.
“გადავწყვიტე, რომ 19 წლის ასაკში უკვე ძირითად შემადგენლობაში უნდა მეთამაშა” –განაცხადა ძალამიძემ.
მისმა მენეჯერმა ალექსანდრე რეხვიაშვილმა (საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი-რედ.) ახალი კლუბის ძებნა დაიწყო. რეხვიაშვილს კარგი კონტაქტები აქვს პოლონეთში და კოლეგამ, ლუკაშ ბუძიანსკიმ “ვიძევი” ურჩია. იანვარში ძალამიძემ ტესტ-მატჩი ჩაატარა და გუნდის მთავარ მწვრთნელს შჩესლავ მიხნევიჩს თავი მოაწონა. ამის შემდეგ, ძალამიძის (სატრანსფერო უფლებები ზუგდიდის “ბაიას” ეკუთვნის, რედ.) იჯარით აყვანის გადაწყვეტილება სწრაფად მიიღეს. ხელშეკრულების თანახმად, “ვიძევს” სხვა გუნდებთან შედარებით ნიკას კონტრაქტის 300000 ევროდ გამოსყიდვის უპირატესი უფლება აქვს. დღესდღეობით, “ვიძევის” ხელმძღვანელობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს თანხა მოიძიოს, რადგან მალე 19 წლის ქართველი, შესაძლოა, უფრო ძვირი ღირდეს.
ნიკა არჩევანზე არ ნანობს: “რუსულსა და პოლონურ ლიგებს შორის ძალიან დიდი განსხვავება არაა. გარდა ამისა, გუნდს ერთგული გულშემატკივრები ჰყავს, რომელთა გულისთვის თამაში ნამდვილად ღირს”.
პოლონურ ლიგაზე მან არაფერი იცოდა. ძალამიძე: “პოლონელი ფეხბურთელებიდან მხოლოდ მეკარეები ვიცოდი – დუდეკი და ის “არსენალში”, რომაა. ფა...”, lodz.gazeta.pl: “ფაბიანსკი?”, “დიახ, ფაბიანსკი” – უპასუხა ნიკამ.
მისი დიდი კოზირია ტექნიკა, რომელიც ქართველებს ბუნებისგან თანდაყოლილი აქვთ. ფეხბურთი მისი ბედი იყო, რადგან მამაც ფეხბურთელი ჰყავდა.
“მოგვიანებით ის მწვრთნელი გახდა და მეც მავარჯიშებდა. ბავშვობაში ჩემი სათამაშო ბურთი იყო. მან ყველაზე მეტი მასწავლა” – ხაზი გაუსვა სიამაყით “ვიძევის” ნახევარმცველმა.
პოლონეთი მას ძალიან მოსწონს –კარგი ხალხი, კარგად ორგანიზებული კლუბი, გუნდში არსებული კარგი ატმოსფერო. ის ყოფილი საბჭოთა კავშირიდან გამოსულებს – ლიტველ დარვიდას შერნასს და ლატვიელ მინდაუგას პანკას დაუმეგობრდა. მათთან რუსულად ურთიერთობს, რაც უფრო უადვილდება. “თუმცა, ყველა თანაგუნდელმა კარგად მიმიღო” – აღნიშნა მან.
ლოძში მას ქალაქის ცენტრი და მანუფაქტურა მოსწონს. “მოსკოვიც ძალიან ლამაზია, მაგრამ ყველგან საცობებია. ამიტომ, უმეტესობა ტაქსით სიარულს ამჯობინებს” – თქვა ნიკამ, რომელსაც ლოძში უკვე ცნობენ და ხალხი ცდილობს ქუჩაში ინგლისურად ან რუსულად გამოელაპარაკოს.
ორივე ენა სკოლაში ისწავლა. განათლება საშუალო სკოლაში მიიღო, მაგრამ მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს. “სწავლისთვის დრო არ მაქვს” – აღიარა ნიკამ, მაგრამ უფროსი ძმის მსგავსად უნივერსიტეტში ჩაბარება სურს.
ნიკა მოუთმენლად ელის ოჯახის წევრების ჩამოსვლას, რომლებთანაც კონტაქტი Skype-თ აქვს. “დედაჩემი ჩემ თამაშებს ინტერნეტში უყურებს. ხშირად ტირის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მეტოქეები ფეხებში მირტყამენ. “კორონასთან” თამაშის მერე მაშინვე დამირეკა – ტიროდა, მაგრამ სიხარულისგან” – გაიხსენა ფეხბურთელმა.
“ვიძევის” 19 წლის მოთამაშე აღიარებს, რომ დისკოთეკები და ღამის კლუბები არ იზიდავს. მას ურჩევნია თავისუფალი დრო ფეხბურთელებისა და მეგობრების წრეში გაატაროს. არ მალავს, რომ დასავლეთ ევროპის რომელიმე ცნობილ კლუბში თამაშზე ოცნებობს. “პოლონური უფრო ახლოსაა” – იხუმრა ძალამიძემ, რომელსაც ლონდონის “არსენალში” თამაში ესიზმრება.