,,მავნე ილუზიები და სეპარატისტებთან ცალმხრივი დათმობები“ - ვაშაკიძე კონსტიტუციაში ოკუპირებული რეგიონებისთვის სტატუსის მინიჭებაზე
საქართველოს კონსტიტუციაში ოკუპირებული რეგიონებითვის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ ჩანაწერის გაკეთების ინიციატივას ეხმაურება ,,ახალი ერთობა საქართველოსთვის“ წევრი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე.
დიპლომატი მიიჩნევს, რომ ცალმხირვი დათმობებით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არ გადაწყდება.
,,ვწუხვარ, რომ საქართველოში დღემდე ცოცხალია მავნე ილუზიები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა დამნაშავე სეპარატისტების მიმართ ცალმხრივი დათმობებისა და ჟესტების მეშვეობით შეიძლება გადაწყდეს. ძალიან მაინტერესებს მერამდენედ უნდა მოგვარტყან უკან ცხვირში რუსებმა და სეპარატისტებმა ეს, ჩვენს მიერ ცალმხრივად გაკეთებული ინიციატივები, რომ ქართველ პოლიტიკოსებში ღირსებისა და გონიერების ნაპერწკალი მაინც გაჩნდეს?
კარგად უნდა გავიგოთ, რომ ეს ტერიტორიები ოკუპირებულია აგრესორის მიერ და ე.წ. „ხელისუფლების“ სახით იქ გვევლინება აგრესორთან დანაშაულებრივ თანამშრომლობაში შესული და ეთნიკურ წმენდასა და მუდმივ ეთნიკურ დისკრიმინაციაში მხილებული კრიმინალური, სეპარატისტული რეჟიმები.
ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი არასდროს არ დაჯდებიან საქართველოს სახელმწიფოსთან მოსალაპარაკებლად, ჩვენი მხრიდან საკუთარი ინტერესების დამაკნინებელი პოლიტიკური და სამართლებრივი ინიციატივების საპასუხოდ. სამაგიეროდ, ჩვენს მიერ გადადგმული და პასუხგაუცემელი, ჩვენთვისვე საზიანო ნაბიჯები ძალაში დარჩება“ - აცხადებს ვაშაკიძე.
დიპლომატი მიიჩნევს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში დაბრუნების პროცესი დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ, როცა საერთაშორისო არენაზე ამისათვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნება - ,,რასაც ჯერჯერობით ვერ ვხედავთ“ - ამბობს ვაშაკიძე და იქვე დასძენს, რომ ,,როცა ეს პირობები შეიქმნება, პრობლემა მხოლოდ სეპარატისტებზე საქართველოს სახელმწიფოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ გადაწყდება, რადგან ნებაყოფლობით ისინი არაფერს დათმობენ“.
ვაშაკიძე იდეის ავტორებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ კონსტიტუციაში ასეთი საკითხის შეტანა პოლიტიკური ვაჭრობისა და სეპარატისტების ხვეწნის შედეგი უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის ეს არაფრის მომცემია.
,,ისმის მარტივი კითხვა:
რატომ უნდა დავახვედროთ ჩვენ, ამ სანატრელ მომენტს, საკუთარი სახელმწიფო იურიდიულად დასუსტებული პოზიციებით? ის ყველაფერი, რის შეტანასაც ეს წინდაუხედავი ადამიანები ახლა კონსტიტუციაში აპირებენ, სეპარატისტების ხვეწნა-მუდარის და პოლიტიკური ვაჭრობის საგანი უნდა იყოს, რადგან პრობლემა თუ გადაწყდა, ის მხოლოდ სეპარატისტებისა და მათ მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის საერთაშაორისო დაგმობის პირობებში გადაწყდება. და რატომ უნდა მოისპოს ეს უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი და რესურსი ქართულმა მხარამ ახლა, თვითონ და ამ ეტაპზე, როცა ეს გარანტირებულად არაფერს მოგვცემს და თანაც ამას, სეპარატისტების ჩათვლით, ჩვენგან არავინ მოითხოვს?“ - აცხადებს ნიკოლოზ ვაშაკიძე.ცნობისათვის, საქართველოს კონსტიტუციაში აფხაზეთისა და ცხინვალი რეგიონისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების შესახებ ჩანაწერის გაკეთება საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე კონსტიტუციონალისტმა ავთანდილ დემეტრაშვილმა დააყენა, რამაც დებატები გამოიწვია. დემეტრაშვილი მიიჩნევს, რომ ,,განსაკუთრებულ სტატუსს“ დამატებითი განმარტება არ ჭირდება, თუ რას მოიცავს აღნიშნული ტერმინი თავისი შინაარსით. ინიციატივას დაეთანხმა უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ ასეთი ჩანაწერი ხელს შეუწყობს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიან პროცესს.
http://www.newposts.ge/?l=G&id=130372-%E1%...%83%AB%E1%83%94tags: ალბათრუსეთისზეწოლაა