მოგზაურობა ფილიპინებზე...
ერთ მშვენიერ დღეს როდესაც ჩინეთში წასვლის ჟამი ახლოვდებოდა ( ჩინეთში საქმის გამო წელიწადში 3-4ჯერ ჩავდივარ ) სრულიად შემთხვევით გადავაწყდი ეარ აზიას ბილეთს შანხაი-მანილა, სულ რაღაც 50$ად, არც დავფიქრებულვარ ისე ვიყიდე და ფილიპინებში მოგზაურობის დაგეგმვაც ამის შემდეგ დავიწყე
უცხოურ ფორუმებზე ბევრი კითხვის და ძიების შემდგომ, უამრავი კუნძულიდან არჩევანი ფილიპინებში საუკეთესოზე, კუნძულ პალავანზე შევაჩერე, ვიყიდე ბილეთი მანილა-პუერტო პრინცესა-მანილა 60$ად (პუერტო პრინცესა ქველაზე დიდი დასახლებაა პალავანზე) დავჯავშნე სასტუმროებიც და ისღა დამრჩენოდა მოთმინებით დავლოდებოდი გაფრენის თარიღს
მოკლედ ჩავფრინდი ჩინეთში, 10 დღეში მოვამთავრე საქმეები და აი დადგა ნანატრი დღე, ვზივარ შანხაის პუდონგის საერთაშორისო აეროპორტში და მანილას რეისს ველოდები...
ზუსტად 4 საათში ჩავფრინდი მანილაში, სასაზღვრო კონტროლი უმარტივესად გავიარე, თბილისში აღებული ვიზის გარდა არაფერი მოუთხოვიათ. საშინლად ცხელოდა, 24 იანვარი იყო, საუკეთესო დრო ფილიპინებში სამოგზაუროდ. მანილაში 1 ღამეზე მეტი არ გავჩერდი, არც შევმცდარვარ, ერთი დღე საკმარისი აღმოჩნდა ამ ქალაქისთვის. დიდი, ქაოსური და მოუწესრიგებელი ქალაქია მანილა, საშინელი საცობებით და გამონაბოლქვით, ყველაფერი იაფია, ხალხი ძალიან კეთილი და მხიარული, გარეუბნებშიც ბევრი ვიარე და რაღაცით 90იანები გამახსენდა, ეზოები სავსე რომ იყო ხალხით და სახლში გასართობი არაფერი გვქონდა, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ძალიან ღარიბია, თუმცა მაინც ძალიან მხიარულები არიან. კრიმინალზეც მქონდა მოსმენილი ამბები, რომ გარეუბნები უაღრესად საშიშია, მაგრამ მსგავსი არაფერი შემიმჩნევია
ბევრს აღარ გავაგრძელებ, დავტოვე მანილა და ერთ საათში პუერტო პრინცესაში ჩავფრინდი, ვიქირავე მანქანა, რადგან პალავანზე საუკეთესო ადგილი ელ ნიდო კუნძულის მეორე ბოლოში პუერტო პრინცესადან 5 საათის სავალ გზაზე იყო, სიტყვებით ვერ აღვწერ ეს ხუთ საათიანი მგზავრობა როგორი სასიამოვნო იყო, მსგავსი აქამდე არასდროს არაფერი მქონდა ნანახი, ულამაზეს პეიზაჟებს ვაწყდებოდი, პალმები და უამრავი ტროპიკული მცენარეები ირგვლივ, ფაქტობრივად ტროპიკულ ჯუნგლებში გაჭრილ გზას მივუყვებოდი, გავიარე რამდენიმე სოფელიც, ვნახე როგორ ცხოვრობდა ხალხი ხის მიწურებში, ვაჩერებდი გზადაგზა და ვტკბებოდი სანახაობით. 5 საათში ელ ნიდოსაც მივადექი და საგულდაგულოდ არჩეულ სასტუმროშიც თბილად მიმიღეს, ცივი წვენი დამახვედრეს, სამახსოვროდ ნიჟარებისგან აწყობილი მძივი გადამკიდეს, გამომგლიჯეს ჩემოდანი და ოთახისკენ გამიძღვნენ
დავბინავდი, მშვენიერი სასტუმრო გამოდგა, დილის კვებით და კარგი სტაფით, ოთახში არ იყო ინტერნეტი, მხოლოდ ეზოში ერთ კონკრეტულ ადგილზე ვიჭერდი, მაგრამ სულს ღაფავდა ისე მუშაობდა, ზოგადად მთელს ელ ნიდოში იყო ინტერნეტის პრობლემა
ელ ნიდო, ეს ნამდვილად ზღაპარი ადგილია, არანაირი ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროები, არანაირი განვითარებული ინფრასტრუქტურა, არაფერი მსგავსი, უბრალოდ ბუნებისგან შექმნილი საოცარი სილამაზე, სულ რამდენიმე ქუჩისგან შემდგარი პატარა სოფელი, ძირითადად კაფეებით, ბარებით და მაღაზიებით დატვირთული, საუცხოო პლიაჟები, აი ფილმებში რომ არის ზუსტად ეგეთი. ტურისტიც ბევრი იყო, ძირითადად ახალგაზრდები. მანქანას აღარ ვიყენებდი საერთოდ, გამოვიდოდი სასტუმროდან, იქვე ბირჟა იყო ტუკტუკების, დამესეოდნენ მძღოლები და 1-2$ ად მივდიოდი ცენტრისკენ, ძირითადად საჭმელად. საკვების არჩევანი რესტორნებში არც თუ ისე ცუდი იყო, ერთი პორცია დაახლოებით 5დან 10 დოლარამდე მიჯდებოდა
არაფერია მხოლოდ ელ ნიდო თუკი ექსკურსიებზე არ წახვალთ, სულ 5 მარშუტია, მე ყველაზე პოპულარული ავირჩიე, გადავიხადე 20$ და მეორე დღის დილის 10 საათზე ოკეანეში შევცურეთ, სულ 15 კაცამდე ვიყავით ამ ტურზე, აი სწორედ ეს ერთი დღე, ზუსტად ამ ერთ დღეს ვნახე ყველაზე ზღაპრული ადგილები, რაც კი ოდესმე მინახავს, თვალებს არ ვუჯერებდი, ჯერ ლაგუნას მივადექით, აი ძალიან ძალიან ლურჯი წყალი რომ არის, ირგვლივ კლდეებით და პალმებით, კაიაკითაც ვიცურეთ, ორი ლაგუნა ვნახეთ დიდი და პატარა და სულ ბოლოს პატარა კუნძულისკენ წავედით. ისეთი ოქროსფერი ქვიშა არასდროს მენახა არცერთ პლიაჟზე, კუნძულზე რომ დამხვდა, აქ არ იყო მაღაზიები, არც შენობები, ვაბშე არაფერი, მხოლოდ ველური ბუნება და ჩვენ. დაახლოებით ხუთი საათი გავიდა და საშინლად მომშივდა, იქვე ნავზე შეწვა ჩვენმა გიდმა თევზი და ქათამი, საშინელ სიბინძურეში, ექსკურსიის დასაწყისშივე შევამჩნიე შესაწვავი ქათმები როგორ სიბინძურეში ეყარა, ვფიქრობდი მეთქი ამას რა შეჭამს, მაგრამ როცა მაგრად გშია, უკაცრიელ კუნძულზე ხარ და იცი რომ ერთი 4 საათი ვერ მიხვალ ქალაქამდე, სიბინძურე აღარ განაღვლებს, იქვე პალმების ძირში გაიშალა პატარა სუფრა და ეგრე გემრიელად ცხოვრებაში არ მიჭამია))
ძნელზე ძნელია სიტყვებით გადმოსცე რაც იქ ვნახე, მითუმეტეს ჩემთვის, წერა ჩემი უპირატესობა არასდროს ყოფილა, უბრალოდ მენდეთ და თუკი შანსი ჩაგივარდებათ სამოგზაუროდ ფილიპინები აირჩიეთ
შემდეგ იყო ზიპლაინი და ექსტრემალური შეგრძნებები და ასე შემდეგ, მოსაყოლი კიდევ იმდინია, მაგრამ აქ გავჩერდები
მიუხედავად იმისა რომ ვიყავი სინგაპურშიც, მალაიზიაში, ჩინეთში, ჰონკონგში, იაპონიაში და ევროპის ბევრ ქვეყანაში, ფილიპინები ჩემი უდავო ფავორიტია და ალბათ დარჩება კიდეც დიდი ხნით
* * *
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
...