ცისფერყანწელები — ქართველ სიმბოლისტ პოეტთა და პროზაიკოსთა შემოქმედებითი გაერთიანება, რომელიც 1920-იან წლებში ქართულ ლიტერატურაში დომინირებდა. დააარსეს ახალგაზრდა მწერლებმა ქუთაისში 1915 წელს და არსებობდა 1930-იან წლებამდე, როცა მოძრაობა საბჭოთა წყობილებამ უგემოვნოდ და უსარგებლოდ შერაცხა და დევნა დაუწყო.
მოძრაობის ჩამოყალიბების პერიოდში ქუთაისი ქართული ავანგარდული აზროვნების ცენტრს წარმოადგენდა. მიმდინარეობის წევრები იყვნენ მისი დამფუძნებელი და მენტორი გრიგოლ რობაქიძე, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, შალვა აფხაიძე, ნიკოლო მიწიშვილი, ალექსანდრე არსენიშვილი, სანდრო ცირეკიძე, გიორგი ლეონიძე, სერგო კლდიაშვილი და შალვა კარმელი (გოგიაშვილი). მე-20 საუკუნის უდიდესი ქართველი პოეტი გალაკტიონ ტაბიძეც ამ ჯგუფთან ასოცირდებოდა თავიდან, თუმცა მოგვიანებით მან ეს გუნდი დატოვა. ამ გუნდთან დაახლოებული იყო ასევე მხატვარი ლადო გუდიაშვილი, რომელიც ხშირად ამ მწერლების პუბლიკაციებისთვის ილუსტრაციებს ქმნიდა.
* * *
აქვე მინდა გამოვარჩიო ჩემთვის უსაყვარლესი პაოლო იაშვილი...
ეს კი მისი მცირე ბიოგრაფია...
დაიბადა საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთში. პოეტის დაბადების ზუსტი თარიღი სადაოა, მაგრამ მიჩნეულია, რომ იგი დაიბადა 1894 წლის 29 ივნისს.
პაოლოს დედა, ბაბილინე ბარონის ასული მდივანი, კეთილშობილი, სათნო, ღრმად მორწმნე და სტუმართმოყვარე ქალი ყოფილა.
მამა, ჯიბრაელ (ჯიბო) დავითის ძე იაშვილი, წოდებით აზნაური, მთელ დასავლეთ საქართველოში ფართოდ ცნობილი პიროვნება, კიევში განსწავლული პროვიზორი იყო. საკმაოდ შეძლებულ შვილებმრავალ ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ პაოლოს მეგობრები. ჯიბოს, სახელგანთქმულ ფარმაცევტს, ორსართულიანი სახლი ჰქონდა აგრეთვე ქუთაისშიც. სწორედ აქ ედო ბინა შემდგომში პაოლოს რედაქტორობით გამოცემულ ჟურნალებს "ოქროს ვერძსა" და "ცისფერ ყანწებს".
პაოლოს გარდა, ჯიბრაელს ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყოლია. ერთი ვაჟი 1924 წელს დაუხვრეტიათ, პაოლო როგორც ცნობილია, 1937 წელს გარდაიცვალა, მესამე კი 1940 წელს გადაუსახლებიათ.
აქვე რამოდენიმე ლექსი
პირამიდებში ...
იქ, სადაც სდუმან პირამიდები
მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე,
იქ, სადაც სდუმან პირამიდები
შენ მომინდები,
შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე.
შენ მოგაფრენს ცხენი არაბული,
თვალებ დანაბული,
საყვარელ ხელებს მივეცემი როგორც ნაზ საწოლს
და შენ დამკოცნი ვით დედოფალს, ვით მონას და ცოლს.
ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში
მზიურებს მაშინ
არაფერი მოგვაგონდება...
პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში
ლურჯ სფინქსთან მივა, დიდხანს უცქერს და დაღონდება.
სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით
მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ვნებას ალურს;
გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,
დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.
1916
* * *
უვერტიურა
ისე მოვედი, რომ არავინ არ მომელოდა,
მივეცი კოცნა მებაღეს და... გაიღო კარი,
მარტო ვიყავი!.. ჩემს გარშემო ლურჯად ბნელოდა,
მაგრამ შემომხსნა ქმრის ხელებმა ტანზე ქამარი!...
გავყვეთ სიმღერებს! ჩემი ვნება ალდართულია
და ის მახარებს, მამაისებს ბაღში შემოსულს,
რომ ჩემი კოცნა, სიყვარული, ხმაც ქართულია,
ყოველთვის ციურს ჯერ უცნობი სიგიჟე რომ მსურს
ჩემი ცხოვრება ისეთია, როგორც ოცნება,
ჩემი წუხილი, სიხარულიც ტრფობის ბრალია,
ჩემს სხეულს მეფობს ხან სინაზე, ხან საოცრება,
დედოფლობს გული! ის ყოველთვის მომღერალია.
1916
* * *
ძახილი
მარგალიტები მოვიხვიე ყელზე სამ წყება...
მარგალიტები, იაგუნდები...
არ შემიძლია შენი სახის გადავიწყება!
არ დაბრუნდები?
თერთ შემოსილი ვწევარ მე შენს ნაცნობ საწოლზე,
სევდიანია ღამე მძინარე;
ნუ თუ არ ფიქრობ, სანატრელო, შენს სატუთ ცოლზე?
არავინ არი!..
ჩუმად ვკითხულობ შენს ძველ წერილს
ყვითელს, დახეულს...
სხვა რა მაქვს შენი მე ამის გარდა?
მე თვითონ ვკოცნი ჩემს თეთრ მკლავებს,
ჩემს დამწვარ სხეულს,
შენ რო გიყვარდა...
მაგიჟებს სითბო, ვერ ვიგუე ფარჩის საბანი,
ჩემს ოთახს ავსებს შენი ლანდები.
სანატრელია ყველასათვის დღეს ჩემი ტანი,
ნუ გვიანდები.
არ შემიძლია დავიწყება შენი სახისა...
დავფარე ტანი ბნელ ნაწნავებით;
ვიხუტებ ვნებით მსუბუქ ჰაერს ჩემ ოთახისას
თეთრი მკლავებით.
1915
* * *
აქვე მინდა ავღნიშნო, რომ პაოლო იაშვილი არაა იგივე ელენე დარიანი... ამაზე არსებობს მთელი ნარკვევები.. თუმცა ხშირად მაინც პაოლოს მიწერება ელენე დარიანი...
მცირე მიმოხლივა ამ თემაზეც
ელენე დარიანი
1912 წელი...
ზაფხულში...
საჩხერის მახლობლად, ლესევში...
მჟავე წ###ბზე სახელგანთქმული ფარმაცევტის, ჯიბრაელ იაშვილის, ოჯახი ისვენებდა...
14 წლის ელენე ბაქრაძე, ჭალელი აბაშიძეების ნათესავი, ლესევში იყო სტუმრად.
ერთ კუნაპეტ ღამეს ტყის სიღრმიდან განწირული ადამიანის ხმა შემოესმათ: “გულშემზარავი იყო ადამიანის, ეს ველური შიშით ამოხეთქილი, პირუტყვული ძახილი ბუნების ასეთ ატეხილ ქაოსში. ვინ გაბედავდა ადგილიდან დაძვრას ან სად უნდა ეძებნათ იგი?.. იქვე იდგა პაოლოც. დროგამოშვებით გავარდებოდა წინ და უმალვე უკან იხევდა. ბოლოს მამას შეხედა და ჩირაღდნებივით ანთებული თვალებით თითქოს შეავედრა: - არ შეიძლება კაცის ასე მიტოვება, მამა! – და როცა ჯიბომ არაფერი უპასუხა, სწრაფად წამოავლო ხელი ნაბადს, მოიგდო მხრებზე, თავზე ყაბალახი მოიხვია, ხელში ფანარი აიღო, მიუხედავად დიდი შეძახილისა, გააღო კარი და გარეთ გავარდა. სიბნელემ და ხმაურმა შთანთქა იგი... მახსოვს, როცა ყაბალახს იხვევდა, გაფითრებულმა გამიღიმა და... როგორ მინდოდა, მეც თან გავყოლოდი...”
პაოლომ იმ ღამეს სიკვდილისგან იხსნა გზააბნეული, მხეცის აბრიალებული თვალებით გონდაკარგული ადამიანი.
და აი, დაიბადა კიდეც 14 წლის გოგონას საოცნებო გმირიც. “ჩემთვის ამ ჩვეულებრივ ეპიზოდს მიეცა უზარმაზარი შინაარსი და, ალბათ, აქ დაეცა პირველად ის მარცვალი, რომელიც იმ ზაფხულში ცისფერ ყვავილად გადაიშალა” – წერს ელენე.
ბავშვობაში ელენეს ქართული ზღაპრის გმირის, ელიჯათხანის სახელით მიმართავდნენ და ახლა, მოულოდნელად, ელიჯათხანი – ელლით შეიცვალა. ასე მიმართა მას პირველად პავლე იაშვილმა, რომელიც თავადაც ქართული საზოგადოებისთვის შემდეგ პაოლოს სახელით გახდა ცნობილი.
1914 წელი...
დაიწყო პირველი მსოფლიო ომი... ელენეს ფიქრები გაუორკეცდა. ვაი, თუ ომში გაიწვიონ პაოლოც... ზეზეულად ჩამოხმა ელლი... მშობლები მის მელანქოლიას გაცრუებულ სიყვარულში ეძებდნენ... მალე სასიძოც გამოჩნდა... უსიყვარულოდ გაათხოვეს ელენე გოგი ბერიშვილზე...
1915 წელს ელენე კვლავ შეხვდა თავის დენდს- პაოლოს, ქმრიანი ქალის მორიდებით მიესალმა... მაგრამ ბედი რას უმზადებდათ, ჯერ არ იცოდნენ...
,,ქუთაისი.
აგვისტოს ღამის დამდეგი.
ელლი! ჩემზე ჯვარდაწერილო, სასურველო ჩემო!
ჩემი გული უშენობის გამო სევდიანად მოსთქვამს, ვიწვი შენთან კვლავ შეხვედრის უსაზღვრო სურვილით. ირგვლივ მყოფ ათას ადამიანს შორის ჩემს თვალსაწიერში, მხოლოდ შენი ნათებაა მარად მშვენიერი სიყვარულით გასათუთებული.
არა მაქვს უფრო მშვენიერი ფიქრები, ვიდრე ფიქრები შენზე და რაც უფრო შორს ხარ, მით მეტად ვგრძნობ, რომ სიცოცხლე უშენოდ არის გამოუთქმელ სევდათა სასაფლაო.
ჩემს ოთახში ყოველდღე ჩნდება ახალ-ახალი ყვავილები, მაგრამ მათში ვერ ვხედავ ჭეშმარიტ მშვენიერებას, რადგან ისინი შენი ხელით არ არის მოკრეფილი.
ვიხსენებ შენს ალერსს და მგონია, რომ მის გარეშე ვცოცხლობ უსულო ბუნების ატმოსფეროში. გულანთებულს მსურს შენს ძოწისფერ ბაგეებთან შეხება. ვიხსენებ ჩვენი ტრფობის დილას. მითხარი, როგორ ვიცოცხლო უშენოდ მხოლოდ ამ მოგონებით?
მე ვლოცავ მთვარიან ღამეს – ჩვენი სულიერი აღსარების მოწმეს. ასეთი ღამის განმეორება სიშმაგემდე მიმიყვანს. მე მსურს ასეთი სიგიჟე,
ახალ შეხვედრამდე ჩემი სული დაიტანჯება, გამომეცხადე, სასურველო!
ბნელი ღამე ჩამჩურჩულებს განახლებული ბედნიერების წუთებზე. მე ყურს ვუგდებ ღამის ზღაპრებს. შენც მოუსმინე ღამეულ ხმებს და მათში მოისმენ ჩემს ძახილს...
გულმხურვალედ გეხვევი, ჩემო ღვთიურო!
შენი პავლე.”
მსგავსი შინაარსის წერილებს ისინი მთელი ცხოვრების მანძილზე სწერდნენ ერთმანეთს. მათი წერილები, ლირიკული ახსარებები, იქცა იმ არაჩვეულებრივ, ქალური ვნებით დამუხტულ ეროტიკულ ლექსებად, რომლებიც მაშინდელმა საზოგადოებამ ძალიან ცუდად მიიღო.
დაიწყო ცისფერყანწელთა სიგიჟმაჟე, უძილო ღამეები, მთვარეული ზმანებები... დაიბადა ლექსები, სონეტები, მინიატურული პროზის საუკეთესო ნიმუშები, ლექს-ტრიოლეტები. ერთი სიტყვით – ლიტერატურაში სიცოცხლის დიდი ეპოპეა... ეს ის დრო იყო, როცა ქუთაისი სუნთქავდა ცისფერი ლექსებით... დაიბეჭდა გალაკტიონის “მთაწმინდის მთვარე” და “ლურჯა ცხენები”, “მესაფლავე” და “ მერი”. მკაცრი სქოლასტიკური რეჟიმის მიუხედავად, ქუთაისის ქუჩებში რამდენიმე ცისფერპერანგიანი ყმაწვილი და ცისფერკაბიანი ქალიშვილი დაშრიალებდა. ხშირად იმართებოდა ლიტერატურული საღამოები. ერთ-ერთ ასეთ საღამოზე ცისფერყანწელთა ლიდერი იმხანად პრესაში გამოქვეყნებულ ელენეს ლექსებს საზოგადოებას აცნობდა, როცა მას ლაყე კვერცხები დაუშინეს.
ცისფერყანწელები ბრწყინავდნენ, ზენიტს მიაღწიეს. განსაკუთრებული, სკანდალური პოპულარობა ელენე დარიანს ეწვია. საზოგადოების დიდი ნაწილი მის ლექსებს პორნოგრაფიულად განიხილავდა და აძაგებდა, თუმცა, ბევრი ქუთაისელი მანდილოსანი თავადვე, ჩუმად, ჭორების სახით იბრალებდა დარიანობას... ჭეშმარიტი ავტორის ვინაობა კი ყანწელებმა გაასაიდუმლოეს. ელენეს ლექსები პაოლომ “იშვილა” და ამით ცისფერ დედოფალს ტვირთი შეუმსუბუქა. პაოლოს არასდროს უღიარებია მათი ავტორობა. ელენე ბაქრაძეც უარობდა. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში დაცულია ელენეს წერილი, რომლის ადრესატიც ცისფერყანწელებისადმი მტრულად განწყობილ მანდილოსანთა წრის მეთაური, კატო მიქელაძეა, რომელიც თვლიდა, რომ დარიანის ლექსები “მაღალი ზნეობის” ქართველი ქალის უდიდესი შეურაცხყოფა იყო.
”...გეფიცები სინდისს, კატო, რომ მე ელენე დარიანზე შორს ვარ და არც ერთი ლექსი ქუთათურებზე ადრე მე არ მცოდნია. პაოლო იაშვილი იგი არ არის, ამაზე ლაპარაკი მეტიც არის; ვერც კი წარმომიდგენია, როგორ შეიძლება მათი დადარება! ეს, რომ მე იმას კარგათ ვიცნობ და პაოლოზედაც უკეთ, ჩემო ძვირფასო, არ შეიძლება ცოდვაში ჩამეთვალოს; ისე, კი, კატო, დამშვიდდი, დარწმუნდი, რომ ელენე ბ-შვილი და ელენე დარიანი... ოუჰუ! საიდან სადაო, წმინდაო საბაო!..” ეს მისტიკური საბურველი ლექსებს მეტ ინტიმურობას სძენდა და ცხოველურ ინტერესს აღვივებდა.
ზაფხული ილეოდა. ვარდფენობა იყო ქუთაისში. ნიავწანწალა ქუჩა-ქუჩა დააქროლებდა ყვავილების ნაფერთალებს...
იმ დილას ვარდის სურნელით გაიღვიძა პაოლომ, გამოეწყო კიდეც, რომ მეეტლემ მისი სახლის წინ ეჟვნები აახმაურა. პაოლო ეტლში ჩაჯდა და ბაგრატის ტაძრის გორიდან, დაბლა, ხიდისკენ დაეშვნენ. რიონის ხიდის ყურთან საყვავილესთან გაჩერდნენ, შეთქმულებმა მინდვრის ცისფერი ყვავილების თაიგული დაახვედრეს. ეტლი გაჩერდა... კოფოზე და აღვირ-ავშარის გაყოლებაზე ცისფერი აბრეშუმის ზონარი შემოევლოთ.
დღეს ცისფერყანწელთა ცისფერი დედოფალი თბილისში მიემგზავრება...
პაოლომ ცხენი ეტლიდან გამოუშვა და ყველასგან მოულოდნელად თვითონ შეება. ეტლში ჩაჯდა ცისფერმანდილშემოხვეული და თმებში სავანის მდელოზე მოკრეფილი ულეწელაბალახის ცისფერყვავილებდაბნეული ელლი. ეტლი სანამ რიონ-ქუთაისის რკინიგზის სადგურის გზას დაადგებოდა, ქალაქიდან გასასვლელი ქუჩა პაოლოს შებმულმა ეტლმა შემოატარა, შემდეგ ისევ ცხენი შეაბა და თან გაიყოლეს ქუთაისური ნიავწანწალას ატაცებული ყვავილები. ცისფერი გზით და ცისფერი ალერსით დააბინავა პაოლომ ელლი. იმ დღის რეჟისორი თავად იყო, მთავარი გმირი – ელლი ბაქრაძე, მაყურებელი კი - ქუთათურები. ყველანი ერთად ზეიმობდნენ ცისფერთეატრალიზირებულ დღესასწაულს.
ელენეს არქივშია დაცული ცნობა, თუ როგორ შეიქმნა “ცისფერი ყანწები”: “-ერთ დღეს გადავწყვიტეთ საჩხერეში წასვლა... პაოლომ მომიყვანა ვალიკო მაჭავარიანის საუცხოო ცხენი. იმ ზაფხულს საშინელი წყალდიდობა იყო და ხიდი წაღებული დაგვხვდა. სავანეში, მწვანე მინდორზე გაიშალა სუფრა. სუფრას და ჭურჭელსაც მთვარის შუქზე მოედო ისეთი საზღაპროდ ნაზი, ლურჯი ფერი, ისეთი სიწყნარე სუფევდა ბუნებაში, რომ მშვენიერებას ზიარებული თუ უზიარებელი, ყველა წუთით გაჩუმდა... თითქოს უსმენდა სამყაროს სიდიადეს. ჩვენმა დიასახლისმა პატარა, თეთრი ყანწები მოიტანა. პაოლომ აავსო ყანწი და ასწია მაღლა. ცისფრად გამოეყო ჰაერში თეთრი ღვინით ავსებული ყანწი... ვუმზერდი პაოლოს, თვალში მომხვდა იგი და წყნარად წარმოვთქვი: “ცისფერი ყანწი!..” პაოლოც დააკვირდა და უეცრად წამოიძახა: “ევრიკა, ელლი, ცისფერი ყანწი!” მერე ზეზე წამოდგა, მთვარის შუქს შეუშვირა და იმეორებდა: “ცისფერი ყანწი, ცისფერი ყანწი”...” ასე დაიბადა ქართული პოეზიის ღმერთკაცის, აკაკი წერეთლის მშობლიურ სავანეში ქართველი სიმბოლისტების ჟურნალის “ცისფერი ყანწების” სათაური. პირველსავე ნომერში, 1916 წელს, ელენეს “პირამიდებში” გამოქვეყნდა:
იქ, სადაც სდუმან პირამიდები
მზის ქორწილის დროს, მე დავწვები მზისფერ სილაზე,
იქ სადაც სდუმან პირამიდები
შენ მომინდები,
შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე.
შენ მოგაფრენს ცხენი არაბული
თვალებ დანაბული.
საყვარელ ხელებს მივეცემი, როგორც ნაზ საწოლს
და შენ დამკოცნი ვით დედოფალს, ვით მონას და ცოლს
ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში,
მზიურებს – მაშინ
არაფერი მოგვაგონდება...
პირამიდებში ატირდება ლოდინით – რაში,
ლურჯ სფინქსთან მივა, უცქერს დიდხანს და დაღონდება.
სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით,
მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენ ღელვას, ალურს.
გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,
დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.
ელენეს არქივებშია ცნობაც, თუ როგორ შეიქმნა ელენე დარიანის ფსევდონიმი. მემუარისტის დახასიათებით, პაოლოს “ჰქონდა გასაოცარი ცოცხალი აზროვნება და ნამდვილის წვდომის დიდი ალღო. გარდა ამისა, ის იყო დაჯილდოებული ნამდვილი ორატორული ნიჭით. გარეგნულ სილამაზესთან ერთად მისი ეს მნიშვნელოვანი თვისებები და ამასთანავე არაჩვეულებრივი გულკეთილობა და ხელგაშლილობა ქმნიდნენ მეტად მიმზიდველ და მომხიბლავ ადამიანს. მე იმ ზაფხულს დორიან გრეი ვუწოდე... ჯერ შეიმშვნია, მერე კი აღარ მოეწონა, იქვე შემომიბრუნა... დორიანი მიწოდა, დროთა განმავლობაში შემიცვალა დარიანად, რადგან უფრო მოსწონდა კეთილხმოვნების გამო...”
ასე დაიბადა ელენე დარიანის ფსევდონიმი... ის აღებულია ოსკარ უაილდის “დორიან გრეის პორტრეტის” მთავარი გმირის სახელიდან და შიგ ჩადუღდა ქართული სიტყვის, დარის შინაარსი.
ელენე დარიანის პერსონის გარშემო აჯიოტაჟი არ წყდება. იწერება ერთმანეთზე კრიტიკული რეცენზიები.
ელლი პოპულარიბის პიკზეა. ელლი მეგობრობს გალაკტიონ ტაბიძესთან, გრიგოლ რობაქიძესთან, კონსტანტინე გამსახურდიასთან, იოსებ გრიშაშვილთან, კონსტანტინე ჭიჭინაძესთან, გოგლა ლეონიძესთან, მარიჯანთან, ლადო გუდიაშვილთან, სიმონ ჯანაშიასთან და სხვებთან... მათ პირად არქივებში მრავალი ცნობაა დაცული, რაც ელენე ბაქრაძის დარიანობას ადასტურებს. გრიგოლ რობაქიძე აღნიშნავს, რომ ელენე დარიანი არის ქალური პოეტური სხივი და გამოირჩევა ქართული მოდერნიზმის დამწყებთა შორის. “ქართველი ქალი – როგორც ქალი, უთუოდ პრობლემაა, მე ვფიქრობ, რომ მის სტიქიაში ძალზე ბევრია უძველეს ამორძალთა ნამსხვრევები – სიყვარულში მამაკაცებზე გამმეტებლად თავდამსხმელნი და მათი მკვლელები”. აქვე ნათქვამია ისიც, რომ ქართულ ლიტერატურაში არ არსებობს ქალი ეროტიკული ფსიქიკით, თუ არ ჩავთვლით ალექსანდრე ყაზბეგის პროზის გმირებს. ამის შემდეგ კი სწორედ ელენეს ლექსებშია “შეყვარებულობის ჭეშმარიტი განცდა და ამასთან განცდა წმინდა ქალური სტიქიისა”.
ელენე დარიანს
“შენი ლექსები მე მაბარია,
როგორც ბავშვობის წმინდა კრებული,
მაგრამ მოწყენით ხშირად არიან
შენი ალერსის დანატრებული”..
მიძღვნილი ლექსების აპოთეოზი იყო პაოლოს საოცარი “სონეტი ელლის”:
სონეტით მინდა ჩემი გრძნობა შენდამი, ელლი,
შენს სულს გადავცე... მაგონდება სოფელი შორი;
ერთმანეთს შევხვდით; ყვავილებით ხარობდა ველი;
იყავი ნაზი ისე, როგორც ტყის ნიამორი.
მე შემიყვარდი... და მიყვარხარ... და მარად გელი,
მე მინდა შენი სიახლოვე, შენი ამბორი;
შენთვის ვოცნებობ მე სონეტით მადიდებელი,
და შენით, ელლი, ანთებული მზის თანასწორი...
ყვავილებია ჩემ გარშემო!.. მაისი მინდა...
ჩემო ბაღებო, აყვავილდით, იმხიარულეთ!..
როგორც ელენეს და პაოლოს შემდგომი ცხოვრებიდან ირკვევა, მათი გზები გაიყარა... პაოლომ ცოლი შეირთო, დაქვრივებული ელენე მეორედ გათხოვდა, პაოლომ თავი მოიკლა... აკრძალულია მისი ხსენებაც კი. აღარავის აინტერესებს აღარც ელენე და აღაც დარიანული ლექსების ჭეშმარიტი ავტორის ვინაობა... აღარ დადგა საიდუმლოს გამჟღავნების დრო. პაოლოს რეაბილიტაციის შემდეგ გამოდის მისი ლექსების პირველი კრებული, სადაც დარიანული ციკლიცაა შესული - ელენეს ავტორობის გარეშე. ელლი ქართული ენციკლოპედიის რედაქციაში აკითხავს ირაკლი აბაშიძეს, ცდილობს აღიდგინოს “დარიანობა”, მაგრამ... უშედეგოდ. 1957 წელს ელენე დარიანის ხელმოწერით ლექსს უძღვნის მარიჯანს:
ამ თაობის მოლოდინში, 1979 წელს დასრულდა 82 წლის იდუმალებით მოცული ქალბატონის სიცოცხლე. ისე, რომ მას არავინ შეუწუხებია. ხანდახან შინაურების წრეში რაიმეს თუ იტყოდა თავის დარიანობაზე, მაშინვე შეაშტერდებოდა თანამოსაუბრეთა გაკვირვებული თვალები...
ელლის გარდაცვალების გამო არ დაწერილა არც ნეკროლოგი და არც მის დაკრძალვაზე უთქვამს ვინმეს გამოსამშვიდობებელი სიტყვა... მხოლოდ გასვენების დღეს მივიდა ცისფერი ოცნების მხატვარი ლადო გუდიაშვილი, მიიტანა ცისფერი ყვავილების კონა და თავის დადნაფიცს გულზე მიმოაბნია...
დარიანული ლექსები პაოლოს მიეწერა... მაგრამ გასული საუკუნის მიწურულს, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა პროფესორ გიორგი ჯავახიშვილის ცნობა – “ელენე დარიანი რეალური პიროვნებაა, ის არაა პაოლო იაშვილი.” მან ელენე ბაქრაძის პირად არქივს მიაგნო. საკითხმა დიდი ფორიაქი და არაერთგვაროვანი ემოცია გამოიწვია. აღმოჩნდა, რომ ბევრს არ უნდოდა ქართველი პოეტი ქალი – ეროტიკული ბუნებით. თუმცა, ვაჟკაცობით ცნობილი პაოლო იაშვილის ქალური განცდებით შექმნილი პოეზია – მისაღები აღმოჩნდა. პოლემიკა შეწყდა... დაკარგული პოეტი ახლა სხვა თაობას ელოდება...
პ.ს. იქნებ თქვენც დაწეროთ რა იცის ამ ყველაფრის შესახებ, რამდენად მართალია ეს ამონარიდი... მოკლედ შევავსოთ და განვავრცოთ ეს თემა
This post has been edited by FRANCHESKAA on 20 Oct 2009, 13:35