მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სქესობრივი განათლება სასკოლო პროგრამის სავალდებულო ნაწილია. ამ მხრივ ყველაზე პროგრესულ ქვეყნად შვეიცარია მიიჩნევა, სადაც მოზარდებისთვის სქესობრივი განათლების სწავლება 1950-იანი წლების დასასრულს შემოიღეს.
1970-იან წლებში სქესობრივი განათლების საგნები გაჩნდა ფრანგულ და გერმანულ სკოლებშიც, მოგვიანებით კი სხვა ევროპულ სახელმწიფოებშიც.
მაგალითად, ნიდერლანდებში უკვე 4-7 წლის ასაკში იგებენ ბავშვები, თუ როგორ არის ადამიანის სხეული მოწყობილი, ამასთან, ამ ქვეყანაში ადრეული ორსულობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
აშშ-ში სქესობრივ განათლებაზე საგანი 1960-იან წლებში დანერგეს, ხოლო 2014 წლისთვის, ამერიკელ მშობელთა 90% მხარს უჭერდა ამ საგნის სწავლებას. მას შემდეგ, რაც 1986 წელს სქესობრივი აღზრდის პროგრამამ ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსება მიიღო, მოზარდებში აბორტების რაოდენობა ორჯერ შემცირდა.
სხვა ქვეყნებში სქესობრივი აღზრდის კუთხით მდგომარეობა რთულია. 1998 წელს გაერომ სამედიცინო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებად დაასახელა. მას შემდეგ გაერო აზიასა და აფრიკაში ამ მიმართულებით საინფორმაციო ღონისძიებებს ატარებს - მოსახლეობას კონტრაცეპტივების და შიდსის შესახებ აწვდის ინფორმაციას.
ჩინეთში ოჯახის დაგეგმვის ცენტრები არსებობს, თუმცა სასკოლო განათლებაში სქესობრივი აღზრდის პროგრამა არ შედის. 2017 წლის გაზაფხულზე, ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციის სკოლის მოსწავლეთა მშობლები იმის გამო აღშფოთდნენ, რომ მათ წიგნებში სასქესო ორგანოების ფოტოაღწერილობები და სექსუალური აქტი იყო განმარტებული.
სპეციალისტების თქმით, ბავშვებისთვის სექსთან დაკავშირებული ინფორმაციის დამალვას აზრი არ აქვს. მათი თქმით, ეს არაეფექტიანია, რადგან ბავშვები ამ ინფორმაციას მაინც ეძებენ, რადგან ისინი აკვირდებიან და შეწუხებულები არიან თავიანთი სასქესო ორგანოს, მკერდის ფორმით, სექსუალური ორიენტაციით და ა.შ. საბოლოოდ, ბავშვები ამ ინფორმაციას პოულობენ, თუმცა ინფორმაციის წყარო ხშირად არასანდოა, რაც მათ რეალურ წარმოდგენებს უმახინჯებს.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ ტრადიციული ფასეულობები ამ დროს ვერ მუშაობს, ამის მაგალითად კი ის გამოდგება, რომ კონსერვატიულ საზოგადოებებში, ადრეულ ასაკში აჩენენ ქალები ბავშვებს. სპეციალისტები ასევე ასახელებენ აშშ-ის სამხრეთით მდებარე კონსერვატიული შტატების მაგალითს - იქ ყოველწლიურად 176 მილიონი დოლარი იხარჯებოდა ე.წ. შეკავების პროგრამებზე, თუმცა საბოლოოდ აღიარეს, რომ ეს პროგრამა უშედეგო იყო.
საქართველოში სკოლებში სქესობრივი განათლების შემოღებასთან დაკავშირებით დიდი ხანია უკვე მსჯელობენ, თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
წყარო:
https://imedinews.ge/ge/msoflio/70250/romel...degebi-aqvs-mas