შენ კი, გამარჯვებულო ჯვარცმულო, გოლგოთის მაღლობებიდან, თაობათა ქარავნებს რომ გადმოჰყურებ, ერთა გნიასს რომ უსმენ და მარადისობის ოცნებები გესმის, შენ ხის ჯვარზე, სისხლში ამოსვრილიც უფრო დიდებული და ბრწყინვალე ხარ, ვიდრე ათასი მეფე, ათას ტახტზე, ათას სამეფოში. შენ სულთმობრძაობასა და სიკვდილს შორის უფრო შემაძრწუნებელი ხარ და ძლევამოსილი, ვიდრე ათასი მხედართმთავარი ათას ჯარსა და ათას ბრძოლაში.
შენ შენი ვნებებით უფრო სიხარულის მომნიჭებელი ხარ, ვიდრე გაზაფხული თავისი ყვავილებით. შენ შენი ტკივილებით უფრო გულმშვიდი ხარ, ვიდრე ანგელოზი, მთელი თავისი ზეცით. და შენ - ჯალათთა შუაში - მზის სინათლეზე უფრო თავისუფალი ხარ!
შენს თავზე ეგ ეკლის გვირგვინი უფრო ბრწყინვალე და მშვენიერია, ვიდრე გვირგვინი ბაჰრამისა, სამსჭვალი შენს ხელისგულზე უფრო ზვიადი და დიდებულია, ვიდრე სკიპტრა მუშთარისა, და სისხლის წვეთები შენს ფეხებზე უფრო კაშკაშაა, ვიდრე ყელსაბამნი აშთრუთისა. და მიუტევე იმ უძლურთ, რომელნიც დაგტირიან, რამეთუ არ უწყიან, თავისი თავი როგორ დაიტირონ. და შეუნდე მათ, რამეთუ არ იციან, რომ შენ სიკვდილი სიკვდილით დათრგუნე და საფლავების შინათა სიცოცხლე მიანიჭე.''♥️
/
ჯიბრან ხალილ ჯიბრანი/