1 ლარი დეზინფექციისათვისბოლო პერიოდში თბილისის საცხოვრებელ კორპუსებში დეზინფექციის მომსახურების სამსახურის წარმომადგენლები გამოჩნდნენ. ისინი მოსახლეობას ეუბნებიან, რომ მათ კორპუსში სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად მივიდნენ და 1 ლარია გადასახდელი. მოსახლეობა ხშირ შემთხვევაში მათ რომელიმე ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენლებად მიიჩნევს, სადეზინფექციო სამუშაოებს კი - ამ სტრუქტურის მიერ დაგეგმილ აუცილებელ ღონისძიებას და ყოყმანის გარეშე იხდის ლარს.
თუმცა როგორც "რეზონანსმა" გაარკვია, ისინი კერძო კომპანია "დეზინფექციის სამსახურის" წარმომადგენლები არიან, რომელსაც არაფერი აკავშირების დედაქალაქის მერიასთან ან სხვა რომელიმე ოფიციალურ სტრუქტურასთან, ხოლო მათ მიერ შეთავაზებული მომსახურება ნებაყოფლობითია და არა - სავალდებულო.
იურისტების თქმით, კერძო კომპანიას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს დეზინფექციის სამუშაოების ჩატარების უფლება, თუ მათ მოსახლეობისგან ან რომელიმე დაწესებულებისაგან კონკრეტული დაკვეთა ექნებათ. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ისინი მოსახლეობას აკითხავენ არა საკუთარი მომსახურების შესათავაზებლად, არამედ მოსახლეობასთან შეუთანხმებლად დაგეგმილი სამუშაოების შესრულებისათვის ფულის ასაკრეფად.თავად "დეზინფექციის სამსახურში" აცხადებენ, რომ სიცივეების დადგომასთან ერთად თბილისში მღრღნელებისა და მწერების პრობლემა გამძაფრდა და სადეზინფექციო სამუშაოებსაც სწორედ ამ მიმართულებით ატარებენ."ვერ ვიტყვი, რომ ამ პერიოდში ინფექციის საშიშროება ვინმეს ემუქრება. ჩვენი ორგანიზაცია დეზინფექციას თვეში ერთხელ სარდაფებში და სადარბაზოებში ატარებს. ასევე, რესტორნებში, საცხობებში და მსგავს დაწესებულებებში გამოძახებაზე დადის. ჩვენ ვართ კერძო დაწესებულება და მერიის სამსახურისაგან დამოუკიდებლად ვმუშაობთ.
"ამ პერიოდში დეზინფექციას ვირთხების, თაგვების და ტარაკნების წინააღმდეგ ვატარებთ. რაც სიცივეები დაიწყო, მღრღნელების პრობლემებმა უფრო მეტად იმატა. ჩვენი ორგანიზაციის მომსახურება ფასიანია, ჩვენი წარმომადგენლები მოსახლეობასთან ადგილზე მიდიან და ერთ ლარს აგროვებინებენ, თანხის აგროვებიდან მაქსიმუმ ათ დღეში სადეზინფექციო წამალი იყრება. ასე გვაქვს გამოძახებები. იმ შემთხვევაში, თუ გამოძახებაზე გავდივართ დეზინფექციის ფასი 25 ლარია და შემდეგ ყოველი კვადრატული ერთი ლარი ღირს", - უთხრა "რეზონანსს" შპს "დეზინფექციის სამსახურის" გენერალურმა დირექტორმა ქეთევან ტიღაშვილმა.
"კერძო ორგანიზაციას "დეზინფექციის სამსახური" დეზინფექციის სამუშაოების ჩატარების უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მოსახლეობისაგან ან რომელიმე დაწესებულებისაგან კონკრეტული დაკვეთა ექნებათ. მათ უფლება არ აქვთ, რომ თავიანთი ნება-სურვილით მოსახლეობასთან იარონ და მათ მიერ დეზინფექციისთვის დაწესებული გადასახადი მოსთხოვონ", - ამბობს იურისტი ლალი პეტრიაშვილი.
"ასეთი ობიექტის არსებობა, რომელიც კერძო სამართლის იურიდიული გზითაა შექმნილი, რომელიც სადეზინფექციო სამუშაოებს ასრულებს და მას თვითმმართველობის ორგანოების მხრიდან სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებაზე კონკრეტული დაკვეთა არ მიუღია, იგი მხოლოდ და მხოლოდ უფლებამოსილია, მოსახლებას თავისი მომსახურების განხორციელება შესთავაზოს და ამ მომსახურებისათვის გარკვეული ანაზღაურება, რომელზეც კონკრეტული დამკვეთი და თავად ეს სამსახური შეთანხმდებიან, მიიღოს.
"იგი ასევე ვალდებულია, მოსახლეობას აუხსნას, რომ ის არის ჩვეულებრივი კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც დაკვეთის შემთხვევაში სამუშაოებს შეასრულებს. მოსახლეობა ვალდებული არ არის, რომ აუცილებლად გადასახადი გადაიხადოს და ამის მერე სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდეს.
"ასეთი ორგანიზაცია, რომელსაც მოსახლეობისათვის სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებაზე კონკრეტული დაკვეთა მიღებული არ აქვს, ვალდებულია, თუკი კონკრეტულ დაკვეთას მოსახლეობისგან იღებს, მომსახურება აუცილებლად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს. მან უნდა დაიცვას დეზინფექციისათვის დადგენილი სანიტარიული ნორმები, რომლებიც დადგენილია შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტებით, 2002 წლის 19 მარტის ბრძანება #64#, რომლითაც დამტკიცებულია მეთოდური რეკომენდაციები დეზინფექციის ჩატარებისათვის. ასეთ ორგანიზაციას ასევე უფლება აქვს, რომ ორგანიზაციას ერთგვარი რეკლამა გაუწიოს," - ამბობს პეტრიაშვილი.
თბილისის მერიაში კერძო ორგანიზაცია "დეზინფექციის სამსახურის" არსებობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ.
როგორც მერიის სამსახურში "რეზონანსს" უთხრეს, მერიის სამსახურს დეზინფექციის ჩატარებისათვის დაკვეთა არავისთვის არ მიუცია და არც შპს "დეზინფექციის სამსახურს" რაიმე სახის ნებართვა მათგან არ აუღია. მათივე განმარტებით, თბილისის მერიისგან ასეთი სახის კერძო კომპანიებზე არანაირი შეზღუდვა არ ვრცელდება. http://www.resonancedaily.com/index.php?id...2&id_artc=18427
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo