რა აზრის ხართ ასეთ წყობაზე ქვეყანაში?
გაეცანით მიმდინარე სტატიას:
დავით ბაგრატიონი: `მინდა ჩემი შვილი საქართველოში დაიბადოს და თავით-ფეხებამდე ქართველი იყოს”
"საქართველოში რომ ჩამოვედი მღელვარებისგან ერთი კვირა არ მეძინა."
იგი წმიდა მეფსალმუნე მეფის დავით წინასწარმეტყველის 105 შთამომავალია, სახელად დავით. მასში ფარნავაზის, ფარსმან ქველის, მირიანის, გორგასლის, დავით აღმაშენებლის, თამარის, გიორგი ბრწყინვალის, ერეკლეს სისხლი ჩქეფს. დედის მხრიდანაც დაუდგრომელი გენი აქვს, მისი წინაპარი კილუმბს ახლდა მეორე მოგზაურობაში.
1976 წელს დაიბადა ესპანეთში, მადრიდში, გიორგი ირაკლის ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონის, ქართლის ტახტის მემკვიდრის უფროსი ვაჟის, ოჯახში. სამწუხაროდ, იმ წლებში საზღვრები დაკეტილი იყო, ამიტომ ირაკლი ბაგრატიონის ოცნებას, მის შვილებს და შვილიშვილებს ქართველი აღმზრდელები და პედაგოგები ჰყოლოდათ, აღსრულება არ ეწერა.
სულ პატარა იყო, ბაბუა რომ გარდაეცვალა. მამამ საქართველოს ისტორია ასწავლა, სამშობლოს სიყვარული ჩაუნერგა, მართლმადიდებლად გაზარდა.
ჰყავს დაია, მარიამ ანტუანეტა (დაბ. 1969 წელს). მარიამი დაქორწინებულია კატალონიელ ჯეიმს გაიშასზე, ჰყავთ ერთი ვაჟი; უფროსი ძმა ირაკლი (დაბ. 1972 წ.); უმცროსი ძმა გურამი უგო (1985)
მამას, გიორგი ბაგრატიონს დედა იტალიელი ჰყავდა, გრაფ უგო პასკვინის ასული მარია ანტუანეტა. იგი მშობიარობას გადაჰყვა. გიორგი ბაგრატიონმა ქალიშვილს სათაყვანებელი დედის სახელი დაარქვა.
დავითს დიდი ხანი ეოცნებებოდა სამშობლოს ნახვა, დიდი ხანი უყიოდა სისხლი. როგორც კი მოახერხა დაბრუნდა და დასახლდა, დამკვიდრდა ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე. საქართველოს მოქალაქეც გახდა, ესპანეთის მეფემ ესპანეთის მოქალაქეობაც შეუნარჩუნა. პირადობის მოწმობას აწერია `დავით ბაგრატიონ მუხრან ბატონიშვილი”.
ქართულს სწავლობს, თავისით. კითხვა იცის, წერაც, ლაპარაკიც, მაგრამ უნდა ძალიან კარგად ისწავლოს მშობლიური.
რედაქციაშიც გვეწვია თავმდაბლად და ღირსეულად, როგორც აღმაშენებლის შთამომავალს ეკადრება.
_ რატომ ჩამოხვედით საქართველოში?
_ ბავშვობიდან სახლში სულ `საქართველო” მესმოდა. მადრიდში ხუთიოდე ქართული ოჯახი ცხოვრობდა, ხშირად ვიკრიბებოდით... სახლში გვქონდა ქართული ხმლები, მუზარადები... მართლმადიდებელი ვარ... უფლებაც არ მქონდა არ ჩამოვსულიყავი. როცა წამოვიზარდე, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და შესაძლებელი გახდა დაბრუნება. როცა მივხვდი აქ ცხოვრება შემეძლო, წამოვედი, ერთი დღეც არ დამიკარგავს...
_ ალბათ ძალიან ღელავდით?
_ ძალიან, მთელი კვირა არ მეძინა. ძალიან აღელვებული ვიყავი. პირველად წავედით მცხეთაში, მთასთან რომ მოუხვია მანქანამ და სვეტიცხოველი დავინახე, არ მჯეროდა, ასეთი ბედნიერი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. ესპანეთში გვაქვს ქართული ეკლესიების ბრინჯაოს მაკეტები, ალავერდის, სვეტიცხოვლის, მეტეხის.., გვაქვს სურათები, მაგრამ ცოცხლად ქართული ეკლესია არ მქონდა ნანახი. რაღაც განსაკუთრებული ყოფილა.
_ რა ხნის იყავით რომ მოინათლეთ?
_ ერთი-ორთი თვის. ჩემი მამის ბიძაშვილს, ელენე კირბი ბაგრატიონს ჰქონდა ეკლესია სახლში, მადრიდში და იქ მოვინათლეთ ბავშვები. ჩვენს ოჯახში ქორწილები მართლმადიდებლური ეკლესიის გარეშე არ ჩატარებულა, ჩემმა დედ-მამამ მართლმადიდებლურად დაიწერეს ჯვარი, რადგან მაშინ მადრიდში არ იყო მართლმადიდებლური ეკლესია, საფრანგეთში წავიდნენ ჯვრის დასაწერად.
_ მგონი პირველი მართლმადიდებლური ეკლესია ესპანეთში ირაკლი ბაგრატიონმა გახსნა?
_ ირაკლე ბაგრატიონმა, ბულგარეთის მეფე სიმეონმა და ვლადიმერ რომანოვმა, რუსეთის ტახტის მაშინდელმა მემკვიდრემ. იქ ქართველი მღვდელი მოღვაწეობდა, სამწუხაროდ გარდაიცვალა. მე მამა დიმიტრიმ მომნათლა, ბერძენმა.
_ გიორგი ბაგრატიონიც არის საქართველოს მოქალაქე?
_ მე და მამა ერთად გავხდით საქართველოს მოქალაქეები.
_ რას აკეთებდით ესპანეთში?
_ მამა ავტომრბოლელი იყო, ცამეტჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი სხვადასხვა კატეგორიებში, ერთხელ ევროპისა. მეც მის კვალს მინდოდა გავყოლოდი. 18 წლის და ორი კვირის ვიყავი, ყველაზე ახალგაზრდა, შეჯიბრში რომ მივიღე მონაწილეობა. ეს იყო ჩემი პირველი რალი. სხვადასხვა შეჯიბრებაში გამოვედი. მერე ავტოკატასტროფა მომიხდა. ირაკლი კომპიუტერების სპეციალისტია და სამთო-სათხილამურო სპორტს მისდევს. უგო უნივერსიტეტში სწავლობს და მუშაობს, აქაც ჩამოდის ხოლმე. ჩემი და გათხოვილია კატალონიელ ჯაიმ გაიშასზე, ჰყავთ ვაჟი ხაიმე.
_ ქართველი ხალხი როგორ გხვდებათ, როცა გაიგებენ რომ ბაგრატიონი ხართ?
_ ქართველებს უყვართ ისტორია, ყველა პატივისცემას გამოხატავს.
_ მიუხედავად იმისა, რომ აქ ცუდი პირობებია, მაინც დარჩებით?
_ მე ვფიქრობ, რომ ბაგრატიონი ვარ, ქართველი და აქ უნდა ვიცხოვრო. ესპანეთში კომფორტულია ცხოვრება, მაგრამ სამშობლო საქართველოა.
_ მე ვიცი, რომ გიორგი ბაგრატიონს სურვილი ჰქონდა ქართული გესწავლათ?
_ `პერესტროიკის” მერე მამამ მოიყვანა მასწავლებელი, მაგრამ მან ესპანური არ იცოდა, მხოლოდ ფრანგულად ლაპარაკობდა, ჩვენ კი ფრანგული არ ვიცოდით...
_ ირაკლი ბაგრატიონის დის, ლეონიდა ბაგრატიონის შვილისშვილი, გიორგი არის რუსეთის ტახტის მემკვიდრე, როგორი ურთიერთობა გაქვთ?
_ ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით, საქართველოშიც არის ნამყოფი პატარაობისას. ცოტა ჩემზე უმცროსია.
_ სტუმრები თუ ჩამოგდით ხოლმე ესპანეთიდან?
_ დიახ, ჩამოდიან მეგობრები, მეც ყოველ ორ თვეში ერთხელ მაინც მივდივარ ხოლმე ოჯახის სანახავად. მამაც ხშირად ჩამოდის საქართველოში. მალე მამა საცხოვრებლად საქართველოში ჩამოვა, ძალიან მალე.
_ თუ იციან ესპანეთში ბაგრატიონების შესახებ?
_ ახალ თაობაში იციან, მაგრამ ნაკლებად. უფროსმა თაობამ უკეთ იცის ჩვენი გვარის შესახებ. განსაკუთრებით მამაჩემის პოპულარობის გამო.
_ როგორც ვიცი, გიორგი ბაგრატიონს კარგი ურთიერთობა აქვს ესპანეთის მეფესთან, ხუან კარლოსთან?
_ ერთად გაიზარდნენ, ორივე დაიბადა რომში, ხუან კარლოსს ძალიან უყვარს ავტომობილი, იღებდა მონაწილეობას შეჯიბრებებში. უყვარს მოტოციკლი. მისი ოჯახის სიძე იყო ჩემი ბაბუა, ირაკლი ბაგრატიონი.
_ როგორც ვიცით, ესპანეთის მეფე ირაკლი ბაგრატიონთან ძალიან ახლოს იყო და ბიძიას ეძახდა?
_ დიახ, მართალია, ახლა ტახტის მემკვიდრე ფილიპე მამაჩემს ბიძიას ეძახის.
_ როგორც ვიცით, ესპანეთში ძალიან უყვართ ხუან კარლოსი?
_ რათქმაუნდა, ესპანეთის უახლეს ისტორიაში მან დიდი როლი შეასრულა, კერძოდ ქვეყნის დემოკრატიზაციაში. 30 წელია იგი მეფეა და ეკონომიკა ძალიან განვითარდა, თავიდან ბევრი ეჭვით შეხვდა მეფის ინსტიტუტის აღდგენას, მაგრამ მერე ხუან კარლოსმა ძალიან შეაყვარა თავი ხალხს.
ძალიან უყვართ უფლისწული ფილიპეც, მან უბრალო ჟურნალისტი მოიყვანა ცოლად, შეეძინათ პატარა გოგონა. ფილიპეს ბევრი მეგობარი ჰყავს, მისთვის სულ ერთია გლეხი იქნება, მუშა თუ სხვა. ფილიპეს დებიც უყვართ, ისინი და მთელი სამეფო ოჯახის წევრები უბრალოები არიან. ძალიან დემოკრატიული ოჯახია.
_ პატრიარქს თუ შეხვედრიხართ?
_ როცა ჩამოვედი და სვეტიცხოველში მივედი, ვნახე მამა ზენონი, ახლა მეუფე. მივეცი ტელეფონის ნომერი, დამირეკეს და შევხვდი პატრიარქს. თბილად მიმიღო, ხატი მაჩუქა, მამა მოიკითხა.
_ როგორც მახსოვს, როცა პირველად სატელიტური ანტენა დაიდგა პრეზიდენტმა გამსახურდიამ პირველი დარეკვით გიორგი ბაგრატიონს დაურეკა?
_ დილა იყო, ძალიან ადრე, დროში ხომ განსხვავებაა, გაგვეღვიძა... დიდი სურპრიზი იყო, ძალიან გაგვიხარდა.
_ ჯერ დაქორწინებული არა ხართ, ალბათ ქართველ ცოლს მიოყვანთ?
_ სამწუხაროდ, მე არ დავიბადე საქართველოში, მადრიდში დავიბადე, მამა რომში დაიბადა, მე მინდა, რომ ჩემი შვილი საქართველოში დაიბადოს. მსურს ქართველი ცოლი მოვიყვანო. ჩემმა შვილმა, მინდა, პირველ ენად ქართული ისწავლის, ქართული ტრადიციით გაიზარდის და იყოს თავიდან ფეხებამდე ქართველი.
http://www.times.ge/fullview1.php?id=3323&cat1=4