მოგესალმებათ თქვენი მონა მორჩილი
ინდაურზე რომ თემა ვერ ვნახე ცუდია, ამიტომ გადავწყვიტე გამეხსნა ეს თემა, სადაც ვისაუბრებთ ამ საყვარელ ფრინველებზე, თუმცა ვერ დაფრინავენ.
ზოგადად ინდაურზეინდაური განეკუთვნება ქათმისნაირთა რიგის ფრინველებს. მოიცავს ორი გვარის თითო სახეობას. ჩვეულებრივი ინდაური (Meleagris gallopavo) შინაური ინდაურის წინაპარია, მისი ტანის სიგრძეა 100-110 სმ, მამლის მასა დაახლოებით 8 კგ. გავრცელებულია აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთით და მექსიკაში. კოპლებიანი ინდაური (Agriocharis ocellatus) ბინადრობს ცენტრალურ ამერიკაში. ინდაური იკვებება მცენარეული და ცხოველური საკვებით. სანადირო ობიექტია.
მეინდაურეობა კარგად არის განვითარებული ინგლისში, აშშ-ში, კანადაში, სადაც ინდაურის ხორცის წარმოება ძირითადად სამრეწველო საფუძველზე ხდება.
საქართველოში რუსეთიდან შემოიყვანეს XVIII საუკუნეში და ფართოდ გავრცელდა ყველა მხარეში. ბევრია შინაური ინდაურის პოპულაცია - შავი, ბრინჯაოსფერი, ნაცარა, ჩალისფერი და სხვა.
შინაური ინდაური ამერიკული ველური ინდაურის შთამომავალია. ევროპაში ეს უცნაური ფრინველი 1530 წელს გამოჩნდა. ინდაური ყველაზე დიდი შინაური ფრინველია. მისი ცოცხალი მასა ზოგჯერ 35 კილოგრამსაც კი აღწევს. ზრდასრულ ინდაურს გრძელი, ძლიერი ფეხები და ფართო კუდი აქვს. ბუმბული, ფრინველის ჯიშის მიხედვით, შავი, ბრინჯაოსფერი, მონაცრისფრო ან თეთრია.
ამაყად გაფხორილი ლამაზი ინდაური ეზოში მძიმედ რომ დააბიჯებდეს, საკმაო შრომა უნდა დაიხარჯოს. მაინც რა არის საჭირო ამისთვის? უპირველეს ყოვლისა, სათანადო საცხოვრებელი პირობები, ნორმალური კვება და კარგი მოვლა.
მოსაშენებელი ადგილიინდაურები, განსაკუთრებით - ახალგაზრდა ინდივიდები, ძალიან მგრძნობიარენი არიან დაბალი ტემპერატურისა და ნესტის მიმართ, ამიტომ ინდაურის მოსაშენებლად სათანადოდ მოწყობილი საქათმეა საჭირო. დადგენილია, რომ ფრინველის დაცემა და წონის მატების შეფერხება უმთავრესად ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის ბრალია. ინდაური სივრცის მოყვარული ფრინველია, ამიტომ ეზო, სადაც ის ბინადრობს, ფართო უნდა იყოს და არც სეირნობის შეზღუდვაა სასურველი. ჩვეულებრივ, ეზოებში რამდენიმე ინდაურს თუ დაინახავთ, დიდი მეურნეობის მფლობელებს კი სპეციალისტები ურჩევენ, ერთად ბინა მიუჩინონ 30-35 დედალ და 3-4 მამალ ფრინველს ანუ ერთ მამალ ინდაურზე 8-12 დედალი უნდა მოდიოდეს.
გარეგნული მონაცემებიშინაური ინდაური თავისი გარეული ნათესავებისაგან დიდი ზომითა და წონით განსხვავდება. შინაურ ფრინველთა შორის ინდაური ყველაზე დიდია და მას ხორცისათვის ამრავლებენ. მოზრდილი ინდაური იწონის 12-16 კგ, ყველაზე დიდი - 20 კგ-მდე. კვერცხს დება მე-10, მე-11 თვიდან, ჩვეულებრივ იანვარ-მარტში (წელიწადში დაახლოებით 90 კვერცხი, ყველაზე მეტო 150-მდე). კვერცხის მასაა 80-88 გრამი. კვერცხის ინკუბაცია 28 დღე-ღამეს გრძელდება (რეჟიმი ქათმის კვერცხის მსგავსია). შემოდგომაზე თითო ინდაურისგან შეიძლება გამოვზარდოთ 40-60 და მეტი ფრთა მოზარდული, რაც 3-4 თვეში 160-200 კგ ხორცს მოგვცემს. ნასუქი ინდაურის ნაკლავის გამოსავალი 85-90%-ს აღწევს. სანაშენე ინდაურებს იყენებენ 3 წლამდე. ინდაურის ხორცი დიეტური პროდუქტია, გემრიელი, ორგანიზმიც კარგად ითვისებს. კუნთოვანი ქსოვილი ნაკლავის მასის დაახლოებით 50%-ს შეადგენს.
კვებასპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ინდაურების კვება ქათმების კვებისაგან არ განსხვავდება, მაგრამ რაციონი უფრო მეტ ცილასა და ვიტამინებს უნდა შეიცავდეს. ამ კუთხით საუკეთესოა კვერცხი და ბალახი.
კერძო მეურნეობებში ინდაურს ხშირად კვებავენ მარცვლეულით, ჭინჭრით, პურით, თუმცა, სპეციალისტების აზრით, სასარგებლოა მინდორში დამოუკიდებელი კვება ბალახითა და მწერებით. დღეს ინტენსიურად იყენებენ კომბინირებულ საკვებსაც. ბალახეული საკვები - სხვადასხვა სახის მწვანილი - დაქუცმაცებული სახით შესაძლებელია ინდაურს სიცოცხლის პირველივე დღეებიდან მივცეთ.
ინდაურის ჭუკი სწრაფად იზრდება, თუმცა მცირე ასაკში ის საკმაოდ მომთხოვნია ვიტამინებით მდიდარი საკვების მიმართ, ამიტომ, წიწილებისგან განსხვავებით, 9 კვირამდე მათი მოვლა განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს. ეს, უპირველეს ყოვლისა, განსაკუთრებულ კვებას გულისხმობს. კენკვის რეფლექსის გამომუშავება საკმაოდ რთულია. ამის გამო ინდაურის ჭუკებს თავდაპირველად ძალით აჭმევენ, მომდევნო ეტაპზე კი საკვებს საკენკ დაფაზე ყრიან და დაფას ყურადღების მისაპყრობად უკაკუნებენ. ყურადღების მიპყრობის საშუალებებია საკენკ დაფაზე ფერადი ქვიშის, წვრილად დაჭრილი ბალახის, მოხარშული კვერცხის დაყრაც. ასეთივე სპეციალური ღონისძიებებია საჭირო, რომ ჭუკებს წყლის სმა ვასწავლოთ. მათ ნისკარტი სათითაოდ უნდა ჩავაყოფინოთ წყლიან ჭურჭელში. აქვე გეტყვით, რომ ზაფხულში წყლის ტემპერატურა 16-18 0ჩ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს, ხოლო ზამთარში - 20-22 0ჩ-ზე ნაკლები.
ინდაურის თვისებებისპეციალისტები ხშირად აღნიშნავენ, რომ ინდაურს გასაოცარი დედობრივი ინსტინქტი აქვს. დადგენილია, რომ დედალი ინდაური არა მარტო საკუთარ, არამედ ზოგჯერ ქათმისა თუ ბატის კვერცხებზეც კი ზრუნავს. ესე იგი ჭუკების გამოჩეკვამდე შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ და მთელი ყურადღება მათთვის სათანადო პირობების შექმნასა და საკვების მომარაგებაზე გადავიტანოთ.
რა სარგებლობა მოაქვს ინდაურსთუ გავითვალისწინებთ თუნდაც ინდაურის კვებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, შესაძლოა გაჩნდეს შეკითხვა - მაინც რა საჭიროა ინდაურის ხორცი? ცნობილია, რომ ინდაურის ხორცი ცილის საუკეთესი წყაროა. მისი მეშვეობით საკმაოდ დიდ ენერგიას ვიღებთ. გარდა ამისა, ინდაურის ხორცში დიდი ოდენობით არის ფოსფორი. ამ მხრივ ის თევზს უტოლდება. ინდაურის ხორცის მეშვეობით ვიღებთ PP ვიტამინსაც. მისი ნაკლებობა იწვევს კანის დაზიანებას, ცენტრალური ნერვულის სისტემის ფუნქციობის დარღვევას, ინტელექტის დონის დაქვეითებას. ამავე დროს ინდაურის ხორცი მცირე ცხიმიანობით გამოირჩევა, თუმცა მისი ცხიმი ცოტაოდენიც კი უხვად შეიცავს ორგანიზმისათვის აუცილებელ ცხიმოვან მჟავებს. ინდაურის თეთრი ხორცი განსაკუთრებით მდიდარია რკინით. ყოველივე ამასთან ერთად ინდაურის ხორცის კალორიულობა დაბალია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის დაახლოებით 25%-ით მეტი შეიძლება მივირთვათ. სპეციალისტები ერთხმად აღნიშნავენ: ინდაურის ხორცი მაღალი კვებითი ღირებულებისა რომ იყოს, აუცილებელია ფრინველის სათანადო მოვლა-შენახვა.
წყარო: wikipedia.org
ambebi.ge