მელვილს და გოგენს ნუ აურევ
ეგარი "ტაიპი"
ჰერმან მელვილი, "ტაიპი" (1846)ეს რომანი შარშან წავიკითხე სოფელში (2001). დედულეთში, რაჭაში ვისვენებდი და წაღებული წიგნებიდან პირველად "ტაიპის" ჩავუჯექი. არც შევმცდარვარ, რადგან არაფერი ისე არ ახალისებს უსაქმობასა და ე.წ. საკურორტო სიზანტეს, როგორც სათავგადასავლო რომანების ნთქმა, თანაც ისეთი არატიპიური Travelogue-სტისა (მაშინ ასე უწოდებდნენ ამ ჟანრს), როგორიც მელვილია. მართლაც, ნუთუ შეიძლება ჟიულ ვერნის, მაინ რიდისა და ფენიმორ კუპერის გვერდით მოვიხსენიოთ "მობი დიკისა" და "იზრაილ პოტერის" ავტორი...
ჰოდა ამ შარშანდელმა განცხრომამ "ტაიპი"-ში ამოკითხული პატარ-პატარა განცხრომები გამახსენა წლევანდელ, თბილისურ ხვატში ჩარჩენილ მკითხველს. წარმოიდგინეთ, რომანის მოქმედება სადღაც მარკიზის კუნძულებთან ხდება და თავგადასავლებთან ერთად წიგნში დეტალურადაა აღწერილი იქ მცხოვრები კაციჭამიების უცნაური სიზანტე და სიამოვნებათა მთელი ის კრიალოსანი, რომლითაც ისინი თავს ირთობენ. შესაძლოა ბევრს გაუკვირდეს კიდეც, "რა შუაშია სიზანტე-სიამოვნებებიო!", მაგრამ ამაზე ოდნავ მოგვიანებით მოგახსენებთ.
ახლა კი, მოდით ვნახოთ "რას გვიამბობს ტაიპი":
პირველივე აბზაცს შეუდგება თუ არა, გამოცდილი მკითხველი იფიქრებს, "მობი დიკის" გაგრძელებას ხო არ ვკითხულობო, თუმცა კი ნაწარმოებს რეალური ამბავი უდევს საფუძვლად. გმირი (მთხრობელი) ნახევარი წელია გემიდან არ ჩამოსულა, რომლის შემადგენლობაც უკვე ექვს თვეზე მეტია ვეშაპებს დასდევს წყნარ ოკეანეში. გემზე შიმშილობენ, აღარც პროვიზია დარჩათ, არც ტკბილი კარტოფილი და ბანანის ასხმა და არც წვნიანი ფორთოხლები, არამედ მხოლოდ ორცხობილა - მზითა და ოკეანის ქარით გამომშრალი. დასაკლავიც უკვე კარგა ხნის წინ დაიკლა. გემბანზე ერთად-ერთი მამალიღა დააბიჯებს, თავის დროზე მხიარული და მამაცი ყვინჩილა სახელად "პედრო" და მასაც კუნძზე დაადებინებენ სულ მალე თავს. ვერ აეწყო გემის ხელმძღვანელობასა და მეზღვაურებს შორის ურთიერთობაც და სწორედ ეს გახდება ორი მათგანის გაქცევის მიზეზი.
ხომალდი მარკიზის კუნძულებთან იდგა, როცა მთხრობელი (თავად მელვილი) და მისი მეგობარი ტობი (რეალური პირი, რ. ტობაიეს გრინი) კუნძულ ნუკუხივაზე გადავიდნენ. მათ გაგონილი ჰქონდათ, რომ იქ ორი ტომი ცხოვრობდა: კაციჭამია ტაიპი-ს ტომი და მშვიდობიანი ხაპარები. მეგობრები ცდილობდნენ ხაპარებთან გადასულიყვნენ, მაგრამ, როგორც მიხვდით, ტაიპის (მარკიზის კილოკავზე ეს სიტყვა თურმე კაცის ხორცის მოყვარულს ნიშნავს) ჩაუვარდნენ ხელში. მათ ერთად-ერთი იმედი დარჩათ, გაგონილი ჰქონდათ, მეზღვაურის ხორცი თურმე ძალიან მარილიანი ყოფილა და იმედოვნებდნენ, ეგებ არ შეგვჭამონო. არადა კაი "გულიანი" ხალხი აღმოჩნდა ეს ტაიპი, დაახლოებით ისეთი, სომხები რომ არიან აკა მორჩილაძის "მოგზაურობა ყარაბაღში" (საერთოდაც, ეს ნაწარმოები ძალიან გავს "ტაიპის"), ანუ "პატივისცემაში" ჰყავდათ "ტყვეები", მაგრამ, სამაგიეროდ ისინი ნაბიჯს ვერ გადადგამდნენ მათ გარეშე. მალე კი ისიც გაირკვა, რომ საერთოდ, ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო მათი "პატივისცემიდან" თავის დაღწევაზე.
ამის მიუხედავად, მეგობრები კაის ჭამენ, კაის სვამენ და კაის ეწევიან რაღაც ბალახს, ჩვენებურ პლანს რომ წააგავს (თუმცა რაღა ჩვენებური, ლათინურად cannabis indica ჰქვია). მოწევას რაც შეეხება, იქ ბევრი კარგი პასაჟია ამ მავნე და ძვირფასი სიამოვნების შესახებ. მაგალითად, ერთგან ავტორი წერს, "არაფერი ისე არ შვენის ახალგაზრდა ქალს, როგორც მოწევა. რა სჯობია პერუელი ლამაზმანის ცქერას, როცა იგი ფორთოხლის ხეებზე გაჭიმულ ჭრელი ჭილის ჰამაკში ირწევა და კარგ სიგარას აბოლებს?"-ო. თუმცა ავტორს იქვე ფაიავეი ახსენდება (იქაური, კუნძულელი ლამაზმანი, მთხრობელის სიმპატია, ერთგვარი მის ტაიპი 1842), ხელში ლერწმის გრძელი ჩიბუხი რომ ეპყრა ხისგან გამოთლილი საღვივარით და ნება-ნება რომ აბოლებდა ხოლმე, და დასძენს, "ამ სანახაობას მაინც ვერაფერი შეედრებოდა"-ო.
ახლა სასმელისაც ვთქვათ. ესეც მაგარი ჰალუცინოგენი ჰქონიათ, არვა-ს ეძახიან და ამავე სახელწოდების მცენარის ფესვისგან ამზადებდნენ თურმე. შემოუჯდებოდნენ იქაური ჯეელები დიდ ხის გობს და იწყებდნენ ამ ფესვის ღეჭვას, მერე კი გამონაღეჭს გობში აფურთხებდნენ, ასხამდნენ წყალს და ურევდნენ, თანაც აუცილებლად მარჯვენა ხელის თითით. მალე სასმელი მზად იყო და როგორც იტყვიან, სუფრაზე ჩადგმაღა აკლდა.
გასართობი სხვაც ბევრი ჰქონდათ კუნძულელებს. ისინი ფაქტობრივად ყველაფრით ერთობოდნენ, ღორის დაკვლით დაწყებული - თევზაობით დამთავრებული და ამის მიუხედავად - ერთი რამ მაინც ძალზე საგულისხმოა ამ რომანში, კერძოდ კი ის, რომ ავტორი აღწერილ გარემოს, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, იმდროინდელ მოდურ ლიტერატურას უპირისპირებს. ერთგან იმასაც კი ამბობს, "მოდურ რომანებში კბილებს სპილოს ძვალს ადარებენ, ჩემი აზრით კი ტაიპის ხალხს უფრო ლამაზი კბილები აქვს"-ო და მოზრდილი ციტატით ყველა ამგვარ ლიტერატურულ კლიშეს აძევებს ტაიპის სამოთხიდან: "ბედნიერების ამ ნაკრძალში არ იყვნენ ბრაზიანი ბებრუცუნები, სასტიკი დედინაცვლები და ჩამომხმარი შინაბერები, განშორებით გატანჯული მიჯნურები და ნამდვილი ბერბიჭები, გულგრილი და უნიათო ქმრები, მელანქოლიური ყმაწვილები, წვინტლიანი ბიჭუნები და მჩხავანა ჩვილები. იქ სულ მხიარულება, ხალისი და ლაღობა იყო. სპლინი, იპოხონდრია და მსოფლიო სევდა გადახვეწილიყო და სადღაც კლდის ნაპრალებში იმალებოდა".
მხოლოდ უცნაურ ტყვეობაში ჩავარდნილ მთხრობელს შემოაწვებოდა ხოლმე სევდა, რომელიც, როგორც ჩანს, სწორედ იმ ზემოხსენებული ნაპრალებიდან აღწევდა და ისიც ადგა და გამოიქცა, რადგან ნაცნობ გარემოში ერჩია სევდიანობა. თანაც ვიღაცას ხომ უნდა მოეყოლა ეს ამბავი, ანდა "მობი დიკს" ვინ "გაქაჩავდა" მელვილის გარდა.
რა თქმა უნდა ვერავინ.
This post has been edited by gabarzgaleba on 16 Jul 2009, 15:49