Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რელიგია > მართლმადიდებლური კალენდარი


Posted by: nk44 1 Feb 2012, 17:34
ამ თემაში მინდა მოვიხსენიოთ ყოველი დღე მართლმადიდებლური კალენდრით და დავწეროთ შესაბამისი დღის წმინდანთა ცხოვრება და მოღვაწეობა.




1 თებერვალი (ძვ. სტ. 19 იანვარი) ოთხშაბათი

ოცდამეთოთხმეტე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ღირსისა ანტონი მარტყოფელისა (VI); ღირსისა მაკარი დიდისა, ეგვიპტელისა (390-391); წმ. მარკოზისა, ეფესოს მთავარეპისკოპოსისა (1444); ღირსისა მაკარი ალექსანდრიელისა (394-395); ქალწულმოწამისა ევფრასია ქალწულისა (303); არსენისა, კერკირელი მთავარეპისკოპოსისა (VIII).






ღირსი მამაჲ ჩვენი ანტონ მესვეტე, მარტომყოფელი,
ათცამეტ სირიელ მამათაგანი (VI)
19 (01.02) იანვარი


როდესაც წმიდა იოანე ზედაზნელმა თავისი მოწაფეები გაგზავნა საქადაგებლად, მამა ანტონი კახეთში წავიდა. აქ მან მოვლო მრავალი ადგილი და უქადაგებდა ხალხს. მამა ანტონს თან ჰქონდა გულზე დაკიდებული ერთი აგური, რომელზედაც გამოხატული იყო ხელთუქმნელი სახე იესო ქრისტესი. ამ ხატის ძალით ის მრავალ სასწაულს ახდენდა.

შემდეგ წმიდა ანტონი დაბინავდა ლონოატის ხეობაში და იქ იწყო მოღვაწეობა. საზოგადოდ მამა ანტონს ძლიერ უყვარდა მარტოდ ყოფნა და ღვთის ვედრება. ამიტომაც მას „მარტომყოფელი“, ანუ, მოკლედ, „მარტყოფელი“ უწოდეს. მაგრამ იგი ისე ბევრ ხალხს იხილავდა თავისი წმიდა ცხოვრებითა და სასწაულებით, რომ ხალხი არსად მოსვენებას არ აძლევდა. ზოგი მათგანი სრულებით არ შორდებოდა და მის მახლობლად დგებოდნენ. როცა ასეთ მსურველთა რიცხვმა ძალიან იმატა, მამა ანტონმა აღაშენა მათთვის მონასტერი ალაზნის გაღმით, თვითონ კი მოშორდა მათ, აირჩია ერთი მივარდნილი ადგილი იქ, სადაც ახლა ახმეტა არის და იწყო მოღვაწეობა.

მაგრამ აქაც მალე მიაგნეს მას და იწყეს მასთან სიარული. ამიტომ მან ამ ადგილსაც დაანება თავი და აკრიანის მთა აირჩია საცხოვრებლად, რომელიც დაბურული იყო ტყით. აქ მან მთის მწვერვალზე თვითონ გამოქვაბა კლდე და დაგა მასში. დღე და ღამე მხურვალედ ლოცულობდა თავისი სასწაულმოქმედი ხატის წინ. პირველად იგი საზრდოობდა მცენარეული საჭმელით, მაგრამ შემდეგ ღვთის განგებამ სხვა საზრდო განუჩინა: მასთან მოდიოდნენ, როგორც მამა დავითთან ირმები და თვისი რძით კვებავდნენ მას.

ერთხელ ამ სოფლის მამასახლისი, რომელსაც ნორიო ერქვა, თავისი მხლებლებით ნადირობდა. ანტონის ირმებმა ამ დღეს ძლიერ დააგვიანეს და ბოლოს მოირბინეს. ძალიერ შეშინებულნი იყვნენ და ერთიც დაჭრილი იყო. მამა ანტონი გაკვირდა, არ იცოდა თუ მახლობლად სოფელი იყო. ადგა, დაიკიდა გულზე თავისი ხატი და უკან გაჰყვა ირმებს, უნდოდა შეეტყო, რამ შეაშინა ისინი. წმიდა ანტონი ერთბაშად შეხვდა მამასახლისს. ეს უკანასკნელი ძლიერ გაკვირდა, როცა დაინახა მოხუცებული ბერი, რომელსაც გულზე ხატი ეკიდა და ისე იდგა გარეულ ირემთა შორის, როგორც შინაურ პირუტყვებთან. დაიწყეს ლაპარაკი, მაგრამ, რადგანაც მამა ანტონმა არ იცოდა ქართული ენა, მამასახლისი ვერას მიუხვდა. მას ანტონი საშიში კაცი ეგონა და ამიტომ ანიშნა, მარჯვენა ხელს მოგჭრიო, რომლითაც მამა ანტონი ანიშნებდა იმ მთას, სადაც ის ცხოვრობდა.


და მართლაც, მამასახლისმა უბრძანა მხლებლებს, წაეყვანათ ანტონი სამჭედლოში და იქ მოეჭრათ მისთვის ხელი. მჭედელმა გაახურა რკინა და უნდოდა შანთით მოეცილებია ხელი, მაგრამ ერთბაშად რკინაც გაუვარდა ხელიდან და თან ხელიც გაუშეშდა. მჭედელი შეშინდა და ენა ჩაუვარდა, აღარ იცოდა რა ექნა, მაგრამ წმიდა ანტონმა გადასახა ჯვარი და განკურნა. ამ სასწაულმა ყველა გააკვირვა. ყველაფერი იმ წამსვე მამასახილსს აცნობეს. მან მოიხმო წმიდა ანტონი და უთხრა: „მითხარი, რაც გსურს და აგისრულებო“. მამა ანტონმა ანიშნა, მიეცათ მისთვის ქვის მარილის ნატეხი. მათ მაშინვე მოუტანეს. ანტონი დაბრუნდა თავის გამოქვაბულში. მალე მისი ირმებიც დაბრუნდნენ, რომელთაც მისცა მარილი.

წმიდა ანტონის სახელი მოეფინა მახლობელ სოფლებს და მასთან იწყო სიარული აუარებელმა ხალხმა. აქ კიდევ უფრო ბევრი რამ ნახეს საკვირველი. ბევრი გაიტაცა მისი ცხოვრების წესმა, ზოგიერთებმა მისი მიბაძვა მოინდომეს და იწყეს მის მახლობლად ცხოვრება მისი კურთხევით. როცა მათმა რიცხვმა ძლიერ იმატა, მამა ანტონმა საჭიროდ ჩათვალა მათთვის მონასტრის აშენება. მონასტერი ააშენეს ტყიანი მთის მოედანზე, სადაც ახლა მამა ანტონის მონასტერია. თვითონ ანტონმა ააშენა თავისთვის მთის მწვერვალზე ექვსი საჟენი სვეტი ანუ კოშკი, იქ დაეყუდა და მოღვაწეობდა თხუთმეტი წლის განმავლობაში. მხოლოდ ხანდახან ჩამოდიოდა მონასტერში ძმათა დასარიგებლად და ღვთის მსახურების აღსასრულებლად.


ბოლოს, როცა იგრძნო სიკვდილის მოახლოება, მოუწოდა თავის მოწაფეებს, დარიგება მისცა მათ და აკურთხა. გარდაცვალების დროს მამა ანტონი დაჩოქილი იყო მაცხოვრის ხატის წინაშე და ლოცულობდა.


გარდაცვალების შემდეგ მამა ანტონის პატიოსანი გვამი ჩამოასვენეს სვეტიდან მონასტერში და დიდის მოწიწებით დაკრძალეს ღვთისმშობლის ხატის წინაშე ტაძარში.



ღირსი მაკარი დიდი, მეგვიპტელი (+390-391)
19 (01.02) იანვარი


მაკარი დიდი მეგვიპტელი – დაიბადა ქვემო ეგვიპტის სოფელ პტინაფორში. მშობლების თხოვნით იგი დაქორწინდა, მაგრამ მალე დაქვრივდა. მეუღლის დასაფლავების შემდეგ წმიდანმა გაიფიქრა: „მომხდარი ყურად იღე, მაკარი, და მხოლოდ საკუთარ სულზე იზრუნე, რადგან შენც მოგელის მიწიერი ცხოვრებიდან გასვლა!“ ღმერთმა თავის რჩეულს ხანგრძლივი სიცოცხლე მიმადლა, მაგრამ ამ დღიდან მოყოლებული სიკვდილის ხსოვნა განუყრელად თან ახლდა მას და ლოცვისა და სინანულის ღვაწლისთვის აღაფრთოვანებდა. მან მოუხშირა ტაძარში სიარულს, უფრო და უფრო უღრმავდებოდა წმიდა წერილს, მაგრამ ხანშიშესულ დედ-მამას არ შორდებოდა და მშობლების პატივისცემის მცნებას აღასრულებდა. დედ-მამის სიკვდილის შემდეგ ღირსმა მაკარიმ („მაკარი“ – ბერძნულად ნეტარს ნიშნავს) მთელი ქონება მოწყალებად გასცა მათი სულის საოხად, შემდეგ კი მხურვალე ლოცვებით შესთხოვა უფალს, ღირსეული წინამძღვარი გამოეჩინა მისთვის ცხოვრების გზაზე. ღმერთმა, მართლაც, მიანიშნა ჭაბუკს ასეთ ადამიანზე – ეს იყო სოფლის მახლობლად, უდაბნოში მცხოვრები გამოცდილი ბერი, რომელმაც სიყვარულით მიიღო იგი, მღვიძარებაში, მარხვასა და ლოცვაში განსწავლა და ხელობაც მისცა - კალათების წვნა ასწავლა. შემდეგ მეუდაბნოემ იქვე კელია ააგო და შიგ დაამკვიდრა საყვარელი მოწაფე.

ერთხელ პტინაფორში ადგილობრივი ეპისკოპოსი ჩავიდა და ღირსი მამის კეთილკრძალული ცხოვრების შესახებ რომ შეიტყო, საკუთარი ნების წინააღმდეგ, სოფლის ეკლესიის ღვთისმსახურთა დასში ჩარიცხა იგი. მარტოობისა და მდუმარებისკენ მიდრეკილ მაკარის ძლიერ გაუჭირდა ერში მსახურება და ფარულად განერიდა იქაურობას. ადამიანთა მოდგმის მტერმა დაუცხრომელი ბრძოლა დაუწყო მოსაგრეს, ცდილობდა შეეშინებინა იგი, კელიას ურყევდა, ცოდვილ ფიქრებს ახვევდა თავს. ნეტარი მამა ლოცვისა და ჯვრის ძალით იგერიებდა მზაკვარის თავდასხმებს. ბოროტმა ადამიანებმა წმიდანს ერთი ქალწულის ცდუნება დასწამეს, ღირსი მამა საოცარი მორჩილებით იტანდა განსაცდელს და კალათების გაყიდვით მიღებული ფულით უდრტვინველად არჩენდა ქალს. ღირსი მამის უცოდველობა მაშინ გამჟღავნდა, როცა მიდგომილის მშობიარობის ჟამმა მოაწია. მშობიარე იტანჯებოდა, ბავშვი კი არ იბადებოდა. მაშინ მან აღიარა, რომ ცილი დასწამა წმიდანს და თავისი ნამდვილი მაცდუნებელიც დაასახელა. მის მშობლებს თავზარი დაეცათ, ისინი ნეტარ მამასთან შენდობის სათხოვნელად აპირებდნენ წასვლას, მაგრამ ღირსი მაკარი ღამით განერიდა ამ ადგილებს და ნიტრიის მთაზე, ფარანის უდაბნოში გადასახლდა. აქ მან სამი წელი იცხოვრა, შემდეგ კი ეგვიპტური ბერ-მონაზვნობის მამას, ანტონი დიდს მიაშურა. წმიდანმა სიყვარულით მიიღო მოშურნე ბერი. იგი მალე მოძღვრის საყვარელი მოსწავლე და მიმდევარი შეიქნა. დიდი ხანი იცხოვრა მაკარიმ მისი ხელმძღვანელობით, შემდეგ კი, მისივე რჩევით, სკიტის უდაბნოში დაემკვიდრა (ეგვიპტის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში). ოცდაათი წლის ასაკს მიახლოებული მოღვაწე უკვე ისეთი გამოცდილი და ახოვანი მოსაგრე იყო და ისე ბრწყინავდა თავისი ღვაწლით, რომ „მხცოვანი ჭაბუკი“ შეარქვეს.

დემონების მრავალი თავდასხმა გამოსცადა ღირსმა მაკარიმ საკუთარ თავზე: ერთხელ, როცა უდაბნოდან პალმის რტოები მოჰქონდა კალათების საწნავად, ეშმაკი აღუდგა წინ. ბოროტს უნდოდა ნამგალი ჩაერტყა მისთვის, მაგრამ ვერ შესძლო და ესღა უთხრა: „მაკარი, საშინლად ვიტანჯები იმის გამო, რომ ვერ გერევი. იარაღი, რომლითაც მიგერიებ, შენი თავმდაბლობაა“. როცა წმიდანს 40 წელი შეუსრულდა, მღვდლად აკურთხეს და სკიტის უდაბნოში მცხოვრები ბერების წინამძღვრად დაადგინეს. ამ ხანებში ღირსი მაკარი ხშირად ხვდებოდა ანტონი დიდს და სულიერ დამოძღვრას ღებულობდა მისგან.

ღირსმა მაკარიმ მრავალი კურნება აღასრულა. ყოველი მხრიდან მოისწრაფოდნენ მისკენ რჩევა-დარიგების თუ ლოცვა-კურთხევის მთხოვნელნი. ეს ყველაფერი არღვევდა წმიდანის მყუდროებას, ამიტომ მან თავისი კელიის ქვეშ ღრმა გამოქვაბული ამოთხარა და იქ განმარტოვდა ლოცვისა და ღვთის განგებულებაზე ფიქრისთვის. ღირსმა მაკარიმ ისეთი კადნიერება მოიპოვა უფლის წინაშე, რომ მისი ლოცვებით უამრავი სასწაულები აღესრულებოდა. ერთხელ წმიდა მამას კელიაში ქურდი დაუხვდა. წმიდანი მშვიდად მიეხმარა მას სახედარზე ტვირთის დაკვრაში და არც დაიმჩნია, რომ ამ ნივთების პატრონი თვითონ იყო. მძარცველის წასვლის შემდეგ კი გაიფიქრა: „ამქვეყნად ჩვენ არაფერი მოგვიტანია, ბუნებრივია, რომ ვერც ვერაფერს გავიტანთ აქედან. კურთხეულ არს უფალი უკუნისამდე!“

ერთხელ ღირსმა მაკარიმ უდაბნოში დაგდებული თავის ქალა იპოვა და ჰკითხა: „ვინა ხარ შენ?“ ქალამ უპასუხა: „მე ყოფილი მთავარი ქურუმი ვარ. როცა შენ ჯოჯოხეთში მყოფთათვის ლოცულობ, ტანჯვა ოდნავ გვიმსუბუქდება“. ღირსმა ჰკითხა: „როგორია იქაური სატანჯველები?“ „ჩვენ საშინელ ცეცხლში ვიწვით, - უპასუხა ქალამ, - და ერთმანეთს ვერ ვხედავთ. როცა შენ ლოცულობ, ბუნდოვნად ვამჩნევთ ერთმანეთს და ეს ოდნავ გვამშვიდებს.“ აცრემლებულმა მაკარიმ იკითხა: „არსებობს უარესი სატანჯველებიც?“ ქალამ მიუგო: „ქვევით, ჩვენზე უფრო ღრმად, ისინი იმყოფებიან, ვინც შეიცნო ღმერთი, მაგრამ განუდგა მას და არ დაიცვა მისი მცნებები. ისინი უფრო საშინლად ეწამებიან“.

ერთხელ, ლოცვის დროს, ნეტარ მამას ჩაესმა: „მაკარი, შენ ჯერ კიდევ არ მიგიღწევია ისეთი სრულყოფილებისათვის, რომელსაც ქალაქში მცხოვრებმა ორმა ქალმა მიაღწია“. თავმდაბალმა მოსაგრემ აიღო კვერთხი, წავიდა ქალაქში, იპოვა სახლი, სადაც ქალები ცხოვრობდნენ და კარებზე დააკაკუნა. კეთილმსახურმა დიასახლისებმა სიხარულით მიიღეს იგი. ღირსმა მამამ უთხრა: „შორეული უდაბნოდან თქვენს გამო მოვედი. მინდა შევიტყო თქვენი კეთილი საქმეების შესახებ, მომითხრეთ ყველაფერი, ნურაფერს დამიმალავთ“. გაოცებულმა ქალებმა უპასუხეს: „ჩვენ ქმრებთან ერთად ვცხოვრობთ და არანაირი სათნოებები არ გაგვაჩნია“, მაგრამ წმიდანმა დაიჟინა და მასპინძლებმაც დაიწყეს: „ჩვენ ღვიძლი ძმების მეუღლეები ვართ. ერთად ცხოვრების მანძილზე არც ერთი ავი და საწყენი სიტყვა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის, არც არასდროს გვიჩხუბია. ქმრებს ვთხოვეთ, მონასტერში გავეშვით, მაგრამ არ დაგვთანხმდნენ. მას აქეთ აღთქმა დავდეთ, სიკვდილამდე ერთი ამაო სიტყვაც არ წარმოგვეთქვა“. წმიდა მოსაგრემ ადიდა ღმერთი და თქვა: „ჭეშმარიტად, უფალი არ დაეძებს ქალწულებს თუ გათხოვილ ქალს, ბერს თუ ერისკაცს, ის ადამიანის თავისუფალ ნებას აფასებს და საცხოვნებელ გზაზე დამდგართ სულიწმიდის მადლით წინამძღვრობს “.

არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) ზეობისას მწვალებელი ეპისკოპოსი ლუკა დევნიდა მაკარი დიდსა და ღირს მაკარი ალექსანდრიელს. ორივე ბერი შეიპყრეს, ხომალდზე დასვეს და წარმართებით დასახლებულ ერთ უდაბურ კუნძულზე გადაასახლეს. აქ წმიდანების ლოცვით ქურუმის ასული განიკურნა, რის შემდეგ თავად ქურუმი და კუნძულის მცხოვრებლებიც მოინათლნენ. როცა მომხდარის შესახებ შეიტყო, არიანელი ეპისკოპოსი სირცხვილმა შეიპყრო და ბერები თავიანთ უდაბნოებში დააბრუნა.

ღირსი მამის სიმშვიდე და თავმდაბლობა გარდაქმნიდა ადამიანთა სულებს. „ავი სიტყვა, - ამბობდა ამბა მაკარი, - კეთილებსაც აბოროტებს, კეთილი სიტყვა კი ბოროტებსაც სიკეთისაკენ მოაქცევს“. ბერების შეკითხვაზე, როგორ უნდა ვილოცოთო, ღირსი მამა პასუხობდა: „ლოცვაში მრავალსიტყვაობა არ არის საჭირო, საკმარისია ვითხოვოთ: „იყავნ ნება შენი, უფალო!“ თუ მტერი გვესხმის თავს, უნდა წარმოვთქვათ: „უფალო, შეგვიწყალენ!“ ღმერთმა უწყის, თუ რა არის ჩვენთვის უმჯობესი და მოგვხედავს წყალობის თვალით!“ როცა ძმებმა ჰკითხეს: „როგორ უნდა გავხდეთ ბერები?“ ღირსმა მამამ უპასუხა: „მომიტევეთ, მე ცუდი მონაზონი ვარ, მაგრამ მინახავს უდაბნოს სიღრმეში მოღვაწე მარტომყოფები და როცა მათთვის ამგვარივე შეკითხვა დამისვამს, უპასუხნიათ: „თუ ადამიანმა უარი არ განაცხადა ყველაფერ ამქვეყნიურზე, ის ვერასოდეს გახდება ბერი“. მე ვუთხარი: „უძლური ვარ და არ შემიძლია ვიყო ისეთი, როგორიც თქვენ ხართ“. „მაშინ კელიაში დაჯექი და მწუხარებას მიეციო შენი ცოდვების გამო!“

ერთ ბერს ღირსმა მაკარიმ ურჩია: „გაიქეცი ადამიანებისგან და ცხონდები!“ მან ჰკითხა: „რას ნიშნავს ადამიანებისგან გაქცევა?“ ღირსმა მამამ უპასუხა: „იჯექი კელიაში და იფიქრე საკუთარ ცოდვებზე“. წმიდა მაკარი ამბობდა: „თუ ცხონება გსურს, მიემსგავსე მიცვალებულს, რომელიც არ მრისხანებს, როცა შეურაცხყოფენ და არც ამაყდება, როცა აქებენ“. მასვე უთქვამს: „თუ ლანძღვას ქებად მიიჩნევ, სიღარიბეს - სიმდიდრედ, უკმარისობას - სიუხვედ, არ წარწყმდები, რადგან შეუძლებელია, რომ მართლმორწმუნე და კეთილმსახურებით მოღვაწე ბილწ ვნებებსა და დემონურ ხიბლებში ჩავარდეს“.

ღირსი მაკარის ლოცვას ბევრი განუმტკიცებია განსაცდელში, ბევრისთვის აურიდებია უბედურება და საცდური.

ღირსმა მამამ 97 წელი იცხოვრა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან გამოცხადებით იხილა ღირსი მამები – ანტონი და პახუმი, რომელთაც ახარეს, რომ მალე ცათა სასუფევლის ნეტარებას დაიმკვიდრებდა. მაკარიმ უკანასკნელად დამოძღვრა თავისი მოწაფეები, ყველას გამოეთხოვა და სიტყვებით, „ხელთა შენთა, უფალო, შეგვედრებ სულსა ჩემსა“, მიიძინა საუკუნო ძილით.

ამბა მაკარიმ თავისი უხვი სულიერი გამოცდილება საღვთისმეტყველო შრომებში გაგვიზიარა. ღირს მაკარის ლოცვები საყოველთაოდ გამოყენებულ დილა-საღამოს ლოცვით კანონებშიცაა ჩართული.


წმიდა მარკოზ ეფესოს მთავარეპისკოპოსი (+1457)
19 (01.02) იანვარი


წმიდა მარკოზ ეფესელი (ერობაში-მანუელი) კონსტანტინეპოლში დაიბადა 1391 წელს, ღვთისმოშიშ ქრისტიანთა ოჯახში. წმიდანმა დაწყებითი განათლება მამის ხელმძღვანელობით მიიღო, მისი გარდაცვალების შემდეგ კი კონსტანტინეპოლის საუკეთესო პროფესორებს დაემოწაფა და მოკლე ხანში მათგან უზარმაზარი ცოდნა შეიძინა სიბეჯითის, გულმოდგინებისა და შესანიშნავი გონების წყალობით.

მანუელმა 24 წლისამ დაასრულა კონსტანტინეპოლის უმაღლესი სკოლა ვოტარიუსის, ანუ რიტორთა მოძღვრის წოდებით. მას დაეკისრა წმიდა წერილის განმარტება საპატრიარქო ტაძარში. მუდამ სერიოზული, ამასთან, სათნო და ყველას მიმართ კეთილად განწყობილი ახალგაზრდა მეცნიერი საყოველთაო სიყვარულს იმსახურებდა. კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ეფრემ II-მ (1410-1416) შეიტკბო და დაიახლოვა იგი, წმიდანი იმპერატორ მანუელის მეგობარი და სანდო მრჩეველიც გახდა, მის წინაშე ბრწყინვალე საერო კარიერა იშლებოდა, მაგრამ 26 წლის ასაკში ჭაბუკმა გაწყვიტა კავშირი ამაო და წარმავალ წუთისოფელთან, ბერად აღიკვეცა მარკოზის სახელით და კუნძულ ანტიგონზე მდებარე უკაცრიელ მონასტერში დამკვიდრდა. მისი მოძღვარი გახდა ამ სავანის წინამძღვარი, „საკვირელი სვიმეონი”.

ჟამი, რომელშიც წმიდა მარკოზს მოუხდა მოღვაწეობა, მძიმე განსაცდელებით იყო სავსე: თურქებმა მთელი მცირე აზია და ბალკანეთის ნახევარკუნძული დაიპყრეს და კონსტანტინეპოლს მიუახლოვდნენ. მარკოზი და მისი მოძღვარი იძულებულნი შეიქმნენ კონსტანტინეპოლში, მანგანის მონასტერში გადასულიყვნენ. აქ წმიდა მამა მთლიანად მდუმარებას მიეცა, მნახველებს არ ღებულობდა და მხოლოდ საღმრთო წერილს უღრმავდებოდა.

მანგანის სავანეში მარკოზი მღვდლად აკურთხეს. უსისხლო მსხვერპლშეწირვის დროს ღვთაებრივი მადლი ნათლის სახედ გადმოდიოდა მასზე.

1437 წელს ღირსი მამა ეფესოს მიტროპოლიტად აირჩიეს. იგი აღნიშნავდა: „ქრისტეს ეკლესიის ბრძანებით და მისივე საჭიროებისათვის ვიტვირთე საეპისკოპოსო მსახურება, რომელიც ჩემს ღირსებასა და ძალებს აღემატება”.


1437 წლის ბოლოს მარკოზ ეფესელი სხვა ბერძენ ეპისკოპოსებთან ერთად ფერარო-ფლორენციის კრებაზე გაემგზავრა. მართლმადიდებელი მღვდელმთავრები ვარაუდობდნენ, რომ ქრისტიანული აღმსარებლობის საერთო ბეჭდის გამყალბებელი კათოლიკები ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცეოდნენ და ღვთის სადიდებლად მართლმადიდებელ ძმებს შეუერთდებოდნენ, მაგრამ მათი იმედი ამაო გამოდგა. კრებაზე, რომელიც ჯერ ფერარაში, შემდეგ კი ფლორენციაში მიმდინარეობდა, სადაო საკითხებზე გულწრფელი მსჯელობა არ გამართულა. ლათინები თანდათან მუქარასა და დაშინებაზე გადავიდნენ და მოწინააღმდეგე მხარეს სიტყვის თქმის უფლებაც კი წაართვეს. ისინი ცდილობდნენ, ესარგებლათ ბერძენთა ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობით და სრული საეკლესიო კაპიტულაცია მიეღოთ მათგან. მიაღწიეს კიდეც მიზანს: მოუძლურებულმა ბიზანტიელმა მღვდელმთავრებმა სინდისის ქენჯნითა და ტანჯვით, ლათინებისგან სამხედრო და ფინანსური დახმარების მიღების ფუჭი იმედით გაყიდეს მართლმადიდებლობა, კათოლიკური მრწამსი მიიღეს და ლათინებთან სამარცხვინო უნია შეკრეს. ერთადერთი, ვინც ვერ მოტეხა ფარულმა და აშკარა მტერმა, მარკოზ ეფესელი იყო. იგი აცხადებდა: „არ შეიძლება არსებობდეს საშუალო ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის”, „ეკლესიის საქმე ვერასოდეს გადაწყდება კომპრომისების გზით”.

როცა კარდინალებმა პაპ ევგენი IV-ს საზეიმოდ აახლეს ბერძენ წარმომადგენელთა მიერ ხელმოწერილი უნიის აქტი, მან მაშინვე იკითხა, მოაწერა თუ არა ხელი მარკოზ ეფესელმაო, და, როცა მისი ხელმოწერა ვერსად ნახა, თქვა: „ამრიგად, ჩვენ ვერაფერს მივაღწიეთ!”

უნიის ხელის მოწერიდან რამდენიმე დღის შემდეგ პაპმა ბერძენ ეპისკოპოსებსა და მღვდელმთავრებს მიმართა თხოვნით, დაესაჯათ მარკოზ ეფესელი, როგორც უნიის მოწინააღმდეგე. დათმობებით დაღლილმა ბერძენთა მხარემ ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადა, პაპთან მიწვეულმა წმიდა მამამ კი თქვა: „საეკლესიო კრებები განდგომილებად მიიჩნევდნენ და განიკითხავდნენ მათ, ვინც რომელიმე დოგმატს არღვევდა და ისე ქადაგებდა. ეკლესია ჯერ თვით მწვალებლობას განიკითხავდა, შემდეგ კი წვალებათა მთავრებს და მათ მიმდევრებს. მაგრამ მე არც რაიმე საკუთარი სწავლება მიქადაგია და არც სიახლე შემომიტანია ეკლესიაში. მხოლოდ იმ სწავლებას ვიცავდი, რომელიც ეკლესიამ ურღვევი სახით მიიღო ჩვენი მაცხოვრისაგან და რომელიც უცვლელად უპყრია დღემდე. ამ სწავლებას განხეთქილებამდე, რომის წმიდა ეკლესიაც ჩვენზე, აღმოსავლეთზე ნაკლებად როდი იცავდა და ყოველთვის წმიდა მოძღვრებად მიიჩნევდა. და თუკი მე მას ვიმარხავ და ჩემს თავს მისგან გადახვევის ნებას არ ვაძლევ, მაშ, რომელი კრება განმიკითხავდა, რამეთუ მანამდე იმ სწავლებას უნდა დასდოს მსჯავრი, რომელსაც მე მივდევ. ხოლო თუ სწავლება სწორი და მართლმადიდებლურია, მაშინ მე რატომღა ვარ სასჯელის ღირსი?”


იმპერატორი და იერარქები 1439 წლის 26 აგვისტოს გამოემგზავრნენ ფლორენციიდან. რამდენიმე თვეში კონსტანტინეპოლის საპატრიარქო ტახტზე უნიის მომხრე პატრიარქი მიტროფანე აირჩიეს. წმიდა მარკოზს დევნა დაუწყეს. მან ეფესოს მიაშურა და გულმოდგინედ ზრუნავდა თავის სამწყსოზე, თუმცა ძლიერ უჭირდა ხორციელად დაუძლურებულს. იგი დადიოდა თურქებისგან ხელყოფილი ეკლესიების მოსანახულებლად, ატარებდა მღვდლების ხელდასმას, ეხმარებოდა შევიწროებულებს, მფარველობდა ქვრივ-ობლებს.

ორი წლის შედეგ იმპერატორის ბრძანებით წმიდა მამა შეიპყრეს და საპყრობილეში ჩააგდეს. განთავისუფლების შემდეგ ღირსი მარკოზი კონსტანტინეპოლში დაბრუნდა. ის ხედავდა ხალხისა და სამღვდელოების განწყობილებას და წერდა: „ფსევდოუნია სადაცაა დაიშლება”. მალე ეს წინასწარმეტყველება ახდა.

მარკოზ ეფესელი გარდაიცვალა 1443 წელს. მისი ტანჯვით აღსავსე ცხოვრების დასასრული ნათელი და სიხარულიანი იყო. წმიდანი პატივით დაკრძალეს მანგანის სავანეში.


ქალწულმოწამე ევფრასია (+303)
19 (01.02) იანვარი


წმიდა ქალწულმოწამე ევფრასია სილამაზით გამორჩეული ქრისტიანი ქალწული, ნიკომიდიელ დიდგვაროვანთა შვილი იყო. იმპერატორ მაქსიმიანეს დროინდელ დევნილობისას ქალაქის თავმა მას კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა. როცა პასუხად უარი მიიღო, ჯერ სასტიკად აწამა ქრისტეს აღმსარებელი, შემდეგ კი ერთ მეომარს მისცა შესაგინებლად. წმიდანმა მხურვალედ შესთხოვა უფალს, დაეცვა მისი ქალწულობა. ღმერთმაც წყალობის თვალით მოხედა თავის რჩეულს: ევფრასიამ მხედარს ისეთი ბალახის მოძებნა შესთავაზა, რომელსაც შეეძლო მისი დაცვა მოწინააღმდეგის იარაღისა და სიკვდილისაგან. „მაგრამ, - თქვა მან, - ამ მდელოს მხოლოდ მაშინ აქვს ძალა, როცა ის მოწოდებულია ქალწულის და არა ქალის მიერ. მეომარმა დაიჯერა და ევფრასიასთან ერთად ბაღში შევიდა. წმიდანმა დაგლიჯა მცენარეები, რომლებიც პირველად მოხვდა ხელთ, შემდეგ ურჯულოს შესთავაზა, გამოეცადა ბალახის ძალა – ფოთლები კისერზე დაიფინა და სთხოვა ძლიერად დაეკრა მისთვის მახვილი. მხედარი ასეც მოიქცა და ბრძენმა ქალწულმა შვებით შეჰვედრა სული უფალს.



წმიდა არსენი კერკირელი მთავარეპისკოპოსი (VIII)
19 (01.02) იანვარი


წმიდა არსენი, კერკირელი მთავარეპისკოპოსი პალესტინაში მოღვაწეობდა VIII საუკუნეში. ასკეტური ცხოვრებით გამორჩეული მღვდელმთავარი ფრიად განათლებული ადამიანი და ცნობილი სასულიერო მწერალი იყო. მან სახელი გაითქვა სიბრძნით და სამწყსოზე გამუდმებული ზრუნვით. წმიდა მამას ეკუთვნის კანონი, ანდრია მოციქულის შესხმა და წმიდა დიდმოწამე ბარბარას ცხოვრება.



ღირსი მაკარი ალექსანდრიელი (+394-395)
19 (01.02) იანვარი


ღირსი მაკარი ალექსანდრიელი ღირსი მაკარი მეგვიპტელის (ხს. 19 იანვარს) თანამედროვე და მისი მეგობარი იყო. წმიდანი 295 წელს დაიბადა, 40 წლამდე ვაჭრობას მისდევდა, შემდეგ კი მოინათლა და უდაბნოში განმარტოვდა. რამდენიმე წლის შემდეგ იგი მღვდლად აკურთხეს და ეგვიპტის უდაბნოში „კელიების მონასტრის“ წინამძღვრად დაადგინეს.

მაკარი ალექსანდრიელი საოცარი მოშურნეობით გამოირჩეოდა. როცა გაიგებდა ამა თუ იმ ბერის რაიმე გამორჩეული ღვაწლის შესახებ, ცდილობდა, მიებაძა მისთვის.

ერთხელ ღირს მაკარის ყურძნის მტევანი მიართვეს. მას ძალიან მოუნდა შეეჭამა იგი, მაგრამ თავი შეიკავა და ხილი ერთ უძლურ მონაზონს გაუგზავნა. ეს მონაზონიც, თავის მხრივ, მოერია გემოთმოყვარეობას და ყურძენი მეორეს გადასცა, მეორემ - მესამეს. ბოლოს მტევანმა ისევ მაკარიმდე მიაღწია. წმიდა მამა გააკვირვა ბერების თავშეკავებამ და მადლობა შესწირა უფალს. ერთხელ წმიდანს დაეუფლა ამპარტავნული აზრი, რომ რომში წასულიყო სნეულთა განსაკურნებლად. ახოვანმა მოსაგრემ ტომარა ქვიშით დატენა, ზურგზე მოიგდო და მანამ დადიოდა ამ ტვირთით უდაბნოში, სანამ სხეული სრულიად არ გათანგა და მაცდური სულიც არ გაუქრა.

ხანგრძლივი და დაუცხრომელი ღვაწლისთვის ღმერთმა მაკარის სასწაულთქმედების და ადამიანთა ფარული აზრების განჭვრეტის ნიჭი მიმადლა და მრავალი საოცარი ჩვენების ხილვის ღირსიც გახადა.

წმიდა მამა გარდაიცვალა 100 წლის ასაკში.

Posted by: nk44 2 Feb 2012, 21:08
2 თებერვალი (ძვ. სტ. 20 იანვარი) ხუთშაბათი

ოცდამეთოთხმეტე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ღირსისა ექვთიმე აღმსარებელისა (კერესელიძე, 1944); ღირსისა ექვთვიმე დიდისა (473); მოწამეთა: ინნასი, რიმმასი და პინნასი (I-II); მოწამეთა: ბასესი, ევსევისა, ევტიქისა და ბასილიდესი (303);




წმიდა ექვთიმე აღმსარებელი (კერესელიძე) (+1944)
20 (02.02) იანვარი


„დიდება შენდა, უფალო იესო ქრისტე, ძალო ცხოვრებისა ჩემისაო,
რამეთუ რომელი არა ვიცოდი, მადლითა შენითა ვისწავლე,
და რომელი არა შემეძლო, შემძლებელ მყავ დაწერად წიგნისა
ამისა მხიარულებით... და აწ მშრომელი წარვალს, ხოლო ნაშრომსა
ამას შეგვედრებ შენ, რათა ჰგიებდეს ერთა შორის ყოვლადვე
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ
იღუმენ ექვთიმე კერესელიძის მინაწერი სანოტო ხელნაწერზე


იღუმენი ექვთიმე (ესტატე კერესელიძე) დაიბადა 1865 წელს რაჭაში, სოფელ სადმელში, სოლომონ და მართა კერესელიძეების კეთილმორწმუნე ოჯახში. სადმელის სამრევლო სასწავლებლის დასრულების შემდგომ რაჭაში არსებული მძიმე ეკონომიური პირობების გამო თხუთმეტი წლის ყმაწვილი ესტატე გაემგზავრა ჯერ ქუთაისში, შემდგომ - თბილისში, სადაც ერთ-ერთი სასტუმროს მზარეულის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა. აქ მან გაიცნო წმიდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხაზინადარი და მოურავი, მაქსიმე როსტომის ძე შარაძე. მათ სხვა მორწმუნე ახალგაზრდებთან ერთად თბილისში დააარსეს უფასო „საღმრთო წიგნთ-საკითხავი“, რომლის მიზანი მოსახლეობაში მართლმადიდებელი სარწმუნოების განმტკიცება და ძველი ქართული საეკლესიო გალობის შესწავლდა და გავრცელება იყო. „საღმრთო წიგნ-საკითხავს“ სულიერ ხელმძღვანელობას უწევდა წმიდა მღვდელმთავარი ალექსანდრე ოქროპირიძე (+1907).

ძველ ქართულ საეკლესიო გალობას საძმოს წევრები სწავლობდნენ ცნობილი მგალობლის, თავად მელქისედეკ ნაკაშიძისაგან, რომელიც ათონის წმიდა მთის ქართველთა სავანეში იყო განსწავლული.

1890-იანი წლებიდან მაქსიმე შარაძემ და ესტატე კერესელიძემ წმიდა ილია მართლის შუამდგომლობით შეიძინეს სტამბა, რომლის საშუალებითაც ინტენსიურად შეუდგნენ საღმრთო წიგნების ბეჭდვასა და გავრცელებას.

მაქსიმეს და ესტატეს მიმოწერა ჰქონდათ ათონის წმიდა მთაზე ქართველთა სავანის ბერებთან და მათგან ივერთა მონასტრის წიგნთსაცავიდან გადმოწერილ წმიდანთა ცხოვრებასა და ქადაგებებს ღებულობდნენ, ბეჭდავდნენ და უფასოდ ავრცელებდნენ. მათ თავიანთი სტამბის საშუალებით ოცდახუთი წლის განმავლობაში დასტამბეს ოთხი ათასამდე სასულიერო შინაარსის სხვადასხვა გამოცემა. ხალხი სამართლიანად უწოდებდა მათ სტამბას „ბერების სტამბას“, რადგან იქ მომუშავე ადამიანები გამოირჩეოდნენ კეთილმსახურებითა და წმიდა ცხოვრებით.

1891 წელს მაქსიმესა და ესტატეს ცნობილმა მომღერალმა და მოსიკოსმა ფილიმონ ქორიძემ, ევროპული სანოტო დამწერლობა შეასწავლა. ესტატე კერესელიძეს განსაკუთრებული ნიჭი და ლამაზი კალიგრაფია აღმოაჩნდა და ამიტომ ფილიმონ ქორიძე მას ანდობდა საგალობლოთა სანოტო ხელნაწერების გადათეთრებას.

XIX საუკუნის დასაწყისში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ძალადობით გაუქმებას სავალალო შედეგები მოჰყვა: იძარცვებოდა და ნადგურდებოდა უძველესი ეკლესიის ფასდაუდებელი საუნჯე. ქართული საეკლესიო გალობაც გარდაუვალი საფრთხის წინაშე დადგა. საჩქაროდ უნდა გამონახულიყო გზა და საშუალება ქართული საეკლესიო კილოების დაფიქსირებისა, რადგან ძველი საგალობო დამწერლობის მცოდნენი დღითიდღე მცირდებოდნენ და ეს მრავალსაუკუნოვანი მუსიკალური საგანძური სამუდამოდ იკარგებოდა.

წმიდა მღვდელმთავარ გაბრიელის თაოსნობით 1884 წელს ქუთაისში დაარსებულმა ქართული გალობის აღმადგინებელმა კომიტეტმა შეკრიბა ძველი ქართული გალობის მცოდნე სასულიერო პირები და ერისკაცნი. ფილიმონ ქორიძემ ათასობით საგალობელი გადაიტანა ნოტებზე, რომლის დაბეჭდვა საკუთარი ხარჯებით თავს იდეს ესტატე კერესელიძემ და მაქსიმე შარაძემ.

1907 წელს, წმიდა ილია მართლის მოწამეობრივი აღსასრულიდან ექვსი თვის თავზე გარდაიცვალა მაქსიმე შარაძე. ეს უდიდესი დანაკარგი ესტატე კერესელიძისთვის აუნაზღაურებელი დარჩა. დაღონებულ ესტატეს განსაცდელი უერთგულესი მეგობრის დაკარგვისთანავე ეწვია - მარტოდ დარჩენილ მოღვაწეს სტამბისა და მისი ქონების გაყოფას სთხოვდნენ; მისდა სავალალოდ ქონების ჩამონათვალში უძვირფასესი ხელნაწერებიც შედიოდა. რომელთა ნაწილი ჩამოართვეს და უცნობი მიმართულებით წაიღეს. საბედნიეროდ, სანოტო კრებულები საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წიგნთსაცავში აღმოჩნდა, რომლის ხელმძღვანელი იმხანად წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი) იყო.

მალე ესტატე კერესელიძემ ჟურნალ „შინაური საქმეების“ რედაქტორის, მღვდელმოწამე სვიმონ მჭედლიძის დახმარებით სტამბა და ხელნაწერები ქუთაისში გადაიტანა. სამწუხაროდ, არსებული მძიმე ვითარების გამო მათი თანამშრომლობა არ შედგა. ქუთაისში ესტატემ კვლავ სცადა სანოტო კრებულების დაბეჭდვა, მაგრამ უბინაობის გამო გაიძარცვა ყუთები, სადაც დაბეჭდილი ყუთები ინახებოდა და დამწუხრებულმა მხოლოდ რამდენიმე მათგანს მიაგნო ქუთაისის ბაზარში ხორცის გამყიდველთან.

მალევე, ბახმაროში ყოფნისას გარდაიცვალა დიდი მოღვაწე ფილიმონ ქორიძე. მთელი ოცდაათი წლის ნაშრომი - ათეულობით ხელნაწერი ექვთიმეს პასუხისმგელობაში დარჩა. მხოლოდ მან იცოდა ამ საგანძურის რეალური ფასი.

ესტატე კერესელიძემ საბოლოოდ აირჩია მონაზვნობის გზა, რომლისათვისაც სიყრმიდანვე განიმზადებდა თავს. მას სულიერ ხელმძღვანელობას უწევდა იმ დროის უდიდესი მოსაგრე, ღირსი მამა ალექსი შუშანია.


1912 წლიდან იმერეთის ეპისკოპოსის გიორგი ალადაშვილის კურთხევით, ესტატე კერესელიძე მორჩილად განწესდა გელათის მონასტერში, ხოლო ამავე წლის 23 დეკემბერს ღირსი ექვთიმე მთაწმინდელის სახელზე ბერად აღკვეცა იღუმენმა ანთიმოზმა. 1913 წლის მაისიდან იგი იეროდიაკონია. ამ დროიდან იწყება ყველაზე დაძაბული მოღვაწეობა მამა ექვთიმესი. გელათი იყო ის ადგილი, სადაც ჯერ კიდევ ტიპიკონის სრული წესების დაცვით სრულდებოდა ღვთისმსახურება. მამა ექვითმემ გადაწყვიტა, ზედმიწევნით მოეწესრიგებინა ფილიმონ ქორიძის ნოტებზე გადატანილი საგალობლები და ტიპიკონის მიხედვით გაეწყო. ამისათვის მრავლად შეიძინა სანოტო ფურცლები და შეუდგა უმძიმეს და უდიდეს საქმეს - ხელნაწერი ნოტების მოწესრიგებასა და გადათეთრებას.

1917 წელს მამა ექვთიმე იმერეთის ეპისკოპოსის გიორგის მიერ ხელდასხმული იქნა მღვდელ-მონაზვნად. 1918 წელს დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, მისი ავტორის - კოტე ფოცხვერაშვილის თხოვნით, მამა ექვთიმეს მიერ იქნა დასტამბული.

დადგა ავადსახსენებელი 1921 წელი. ქუთაისში კომუნისტური ხელისუფლების მოსვლისთანავე მამა ექვთიმე დაპატიმრებულ იქნა, როგორც ახალი წყობისათვის არასაიმედო პიროვნება. საბედნიეროდ, ბრალდების არქონის გამო რამდენიმე თვეში იგი გაათავისუფლეს. ეს იყო უმძიმესი პერიოდი დევნისა და შევიწროებისა; გელათის ბერები ყოველდღე ელოდნენ შეურაცხყოფასა და დარბევას. მღვდელ-მონაზონი ექვთიმე ამ წლებშიც კი აგრძელებდა საგალობლების კრებულებზე მუშაობას. „მე ამაში ვპოულობ დიდ სიმდიდრეს, ეს ოქრო-ვერცხლზე და თვალ-მარგალიტზე უძვირფასესი საუკუნო საუნჯეა!.. მე წარმოდგენილი მაქვს ჩემი თავი, როგორც ოქროსმჭედელი და თვალ-მარგალიტის დამლაგებელი! მე ხანდახან გაკვირვებაში მოვდივარ: ვინ მოუშვა ჩემამდე ეს ძვირფასი სიმდიდრე, რომ მე უღირსი ამაში ხელს ურევ!“ ამბობდა წმიდა მამა.

1923 წელს უღმერთო მთავრობის მიერ გელათის მონასტერი გაუქმებულად გამოცხადდა. გელათის მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ნესტორ ყუბანეიშვილს მისცეს რამდენიმე დღის ვადა, რათა სამუდამოდ დაეტოვებინა მონასტერი. შეძრწუნებულმა მამა ექვთიმემ იმის შიშით, რომ საგალობელთა ხელნაწერები არ განადგურებულიყო, ორმოცამდე უზარმაზარი კრებული ქუთაისში საიმედო ოჯახში გადამალა.

1924 წელს კომკავშირლებმა საძირკვლამდე დაანგრიეს წმიდა მეფის, დავით აღმაშენებლის სახელობის უზარმაზარი ტაძარი. იმავე წელს უღმრთოთა ხელით დახვრეტილ იქნა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაზარი ერთგულ სასულიერო პირებთან ერთად. სასულიერო პირთა დევნა-განადგურების ისტერიამ პიკს მიაღწია.


მამა ექვთიმე იძულებული გახდა დაეტოვებინა გელათი და ხელნაწერები შედარებით უსაფრთხო ადგილას გადაეტანა. განსაცვიფრებელია, ასეთ დროს, როდესაც თბილისი-ქუთაისის გზაზე სრულიად უმიზეზოდ მოიკლა ათასობით ადამიანი, როგორ მოახერხა მამა ექვთიმემ ერთი ურემი ხელნაწერების ქუთაისიდან მცხეთაში მარტოდ-მარტომ გადატანა.

ამ პერიოდში მღვდელ-მონაზონი ექვთიმე განწესებულ იქნა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სადაც საგულდაგულოდ გადამალა სასწაულებრივად გადარჩენილი ხელნაწერები. 1925 წელს, როდესაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი მეტეხის ციხეშია დატყვევებული, ხოლო საქართველოს ეკლესიის უკლებლივ ყველა მსახური საშინელ დევნას განიცდის, საღმრთო განგებულებით მამა ექვთიმე კვლავაც აგრძელებს საეკლესიო გალობის იშვიათი ნიმუშების გადარჩენას. სვეტიცხოვლის ტაძრის წიგნთსაცავში მან მიაკვლია ძლისპირთა უძველეს ნივმირებულ კრებულს. ძველი ქართული სამუსიკო დამწერლობის საუკეთესო მცოდნე მოღვაწემ ეს საგალობლებიც ხუთხაზიან სანოტო სისტემაზე გადაიტანა.

1929 წლიდან მამა ექვთიმე ზედაზნის მონასტერში განაწესეს. მან ახლა აქ აიტანა ქართული გალობის ხელნაწერები და დიდ რკინის ყუთებში საიმედოდ დაცული მიწაში დაფლა.

თბილისის „მეტეხის“ მუზეუმის ერთ-ერთმა თანამშრომელმა - დავით დავითაშვილმა, რომელიც ფარული ქრისტიანი იყო, ბეთანიის ბერებთან - წმიდა აღმსარებლებთან არქიმანდრიტ იოანე მაისურაძესა და გიორგი მხეიძესთან საუბრისას მწუხარება გამოთქვა ფილიმონ ქორიძის მიერ ჩაწერილი ძველი ქართული საგალობლების დაკარგვის გამო და როდესაც მათგან შეიტყო, ხსენებული ხელნაწერები ზედაზნის მონასტერში იღუმენ ექვთიმესთან ინახებაო, იმავე დღეს ზედაზნის მონასტისკენ გაეშურა.

შეიქმნა კომისია ისტორიკოსებისა და მუსიკოსების შემადგენლობით, რომელმაც ამ ხელნაწერების განსაკუთრებული ფასეულობა და დიდი ისტორიული მნიშვნელობა დაადასტურა. მამა ექვთიმემ 1935 წლის ნოემბერში სახელმწიფო მუზეუმს გადასცა 34 სანოტო კრებული, რომელიც 6000-მდე საგალობლისგან შედგებოდა. ყველა ეს საგალობელი ამჟამად დაცულია კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში.

1944 წლის ზამთარში ზედაზნის მონასტერში მარტო მცხოვრები მამა ექვითმეს სანახავად ასულ სამთავროს მონასტრის დედებს წმიდანი უკვე ავადმყოფობისგან დასუსტებული დაუხვდათ, მამა ექვთიმემ დალოცა დედები და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. იგი დაკრძალეს ზედაზნის მონასტრის ეზოში, საკურთხეველთან.




ღირსი და ღმერთშემოსილი მამაჲ ჩვენი ექვთიმე დიდი (+473)
20 (02.02) იანვარი



ღირსი ექვთიმეს მშობლებს – მდიდარ და კეთილმსახურ ქრისტიანებს, პავლესა და დიონისიას, შვილი დიდხანს არ ეძლეოდათ და მხურვალედ შესთხოვდნენ უფალს, მოწყალება მიეღო მათზე. ერთხელ, ლოცვად დამდგარ მეუღლეებს ზეგარდმო ხილვით ეხარათ: „იხარებდით, იხარებდით, რამეთუ ღმერთსა მოუცემიეს თქუენდა ძჱ და სახელი მისი – სიხარული, რამეთუ ღმერთმან შობითა მისითა მოსცეს სიხარული ეკლესიათა თჳსთა”. მართლაც, მალე მათ შეეძინათ ვაჟი, რომელსაც ექვთიმე-სიხარული დაარქვეს. მადლიერმა მშობლებმა აღთქმა დადეს, რომ ნანატრ პირმშოს ღმერთს შესწირავდნენ.

სამი წლის შემდეგ ექვთიმეს მამა გარდაეცვალა. დედამ იგი ძმას – ხუცეს ევდოქსიოსს მიჰგვარა. ბიძამ ბავშვი ეპისკოპოს ოტრიოსს წარუდგინა, რომელმაც სიხარულით იტვირთა ღვთის რჩეულზე ზრუნვა და მალე მკითხველად დაადგინა იგი. ექვთიმე საოცარ გულისხმიერებას იჩენდა სწავლაში: „წარემატა ყოველთა ჰასაკითა სწორთა მისთა სწავლითა და სიყუარულითა ღმრთისაჲთა”. იგი კეთილმსახურებითაც გამოირჩეოდა: „სიმდაბლითა და იწროებითა და სიწმიდითა ჴორცითაჲთა ცხონდებოდა და ჟამისწირვაჲ ფრიად უყუარდა, დაიცვიდა სანთელსა ქალწულებისასა და ზეთად ნათლისა მისისა იყო წყალობაჲ და მოწყალებაჲ“. საღვთო შურით ანთებული მოღვაწე ბერად აღიკვეცა, შემდეგ მას მღვდლადაც დაასხეს ხელი, თან ქალაქის მონასტრების გამგებლობაც დააკისრეს. დაყუდებისმოყვარე ბერი დიდ მარხვებში უდაბნოში გადიოდა. ბოლოს, 30 წელს მიღწეულმა ექვთიმემ ფარულად დატოვა ქალაქი, მოილოცა იერუსალიმის წმიდა ადგილები, შემდეგ კი ფარანის ლავრაში მივიდა და მონასტრის გარეთ მდებარე პატარა ქოხში დაეყუდა. წმიდანს „ერთი ხოლო ზრუნვაჲ აქუნდა, რაჲთამცა ღმერთსა სათნო-ეყო ლოცვითა და მარხვითა”. იგი თავს კალათების წვნით ირჩენდა და მოწყალებასაც გასცემდა. იქვე, მახლობლად ღირსი თეოქტისტე მოსაგრეობდა. ძმებს ქრისტესმიერი სიყვარულით უყვარდათ ერთმანეთი „და იყვნეს ორივე ერთზრახვა და ერთსაქმე და ერთსულ”. ჩვეულებრივ, ღვთის განცხადების დღესასწაულის შემდეგ, ისინი უდაბნოში დადიოდნენ, მკვდარი ზღვის სანაპიროზე, და ბზობამდე იქ რჩებოდნენ ღვთის სათნო ღვაწლში. ერთხელ, მათ აქ პოვეს „ჴევი საშინელი, ფრიად ღრმაჲ, ყოვლადვე მიუვალი ვისგანვე და. ჩრდილოით კერძო ჴევისა მის ქუაბი დიდი”, ძლიერ მოეწონათ ეს ადგილი, აქ დარჩნენ სამოღვაწეოდ და გამოქვაბული ეკლესიად აქციეს. მალე, ღვთის ნებით ძმების სამყოფელს მწყემსები გადააწყდნენ და სოფელს აუწყეს მათ შესახებ. სულიერი სარგებლის მაძიებლებმა ნეტარ მამებს მიაშურეს, ბევრმა იქ დარჩენის სურვილიც გამოთქვა. ასე დაარსდა მონასტერი, რომლის წინამძღვრად თეოკტისტე იქნა დადგენილი. ექვთიმემ კი საძმოს მოძღვრობა იტვირთა. წმიდანი ძმებს ასწავლიდა: „ესე უწყოდეთ, რამეთუ უღირს, რომელსა დაუტევებიეს სოფელი, რაჲთა არა ჰყოფდეს ნებასა თჳსსა, არამედ შეიკრძალოს სიმდაბლÅ და მორჩილებაჲ და მოელოდის სიკუდილსა ყოველსა ჟამსა და დღესა მას საშინელსა სარჩელისასა და ეშინოდის მას ცეცხლისა მისგან უშრეტისა დაუყუარდეს მას დიდებაჲ იგი სასუფეველისა ცათაჲსაჲ”. იგი ამბობდა, მონაზვნებმა, და განსაკუთრებით, ახალგაზრდა ბერებმა ხორცი უნდა აშრომონ და მარად ახსოვდეთო მოციქულის სიტყვები: „ღამე და დღე ვშურებოდე ჴელითა ჩემითა, რაჲთა არავის დაუმძიმო”. ექვთიმე ძმებს ტაძარში, ღვთისმსახურების დროს და ტრაპეზზე მდუმარედ ყოფნას სთხოვდა. ზოგჯერ ბერები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, მარხვის სხვებზე მეტად გამკაცრების სურვილს გამოთქვამდნენ, რასაც მოძღვარი უშლიდა მათ და ურჩევდა, საერთო ტრაპეზზე ზომიერად მიეღოთ საზრდელი.

ამ წლებში ღირსმა ექვთიმემ მრავალი არაბი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. მათ შორის იყვნენ მხედართმთავარი ასპევეტი და მისი შვილი ტერებონი, რომელიც წმიდანმა სასწაულებრივად განკურნა. ასპევეტს ნათლისღებისას პეტრე დაერქვა და შემდგომში ეპისკოპოსი შეიქნა არაბთა შორის.

საკვირველთმოქმედ მამას სახელი გაუვარდა „და მრავალნი მოვიდოდეს მისა სნეულნი და ცოფნიცა და განიკურნებოდეს”. ამაო დიდებასა და შფოთს ვერ შეეთვისა ექვთიმე, დატოვა აქაურობა და მოწაფესთან, დომენტიანესთან ერთად რუბის უდაბნოში, მარდას მთაზე დამკვიდრდა. განმარტოების მაძიებელი მამა უდაბნოს სიღრმეში შევიდა, ჰპოვა გამოქვაბული, რომელშიც იმალებოდა საულის დევნას განრიდებული დავითი და აქ მონასტერი დაარსა. ამ ხანებში მრავალი მეუდაბნოე ბერი იხსნა წმიდანმა მანიქეველთა მწვალებლობისგან, მრავალი სასწაული აღასრულა, მრავალი სნეული და ეშმაკეული განკურნა.

მნახველები აქაც არღვევდნენ ექვთიმეს მყუდროებას, ამიტომ მან გადაწყვიტა, კვლავ თეოკტისტეს მონასტერს დაბრუნებოდა, მაგრამ გზად ერთი ადგილი მოეწონა განკრძალული, უდაბური, მიუვალი, „ჰაერითა კეთილ ფრიად” და აქ გაჩერდა ერთ მცირე გამოქვაბულში, მოწაფესთან ერთად.

როცა წმიდა თეოკტისტემ ექვთიმეს მოსვლა შეიტყო, „მსწრაფლ აღმოვიდა მისა”, კურთხევა ითხოვა და ევედრა წმიდანს, მათთან დაბრუნებულიყო სავანეში. მეუდაბნოემ „არა ინება მის თანა წარსვლად”, მაგრამ აღუთქვა, რომ კვირაობით ჩამოვიდოდა ხოლმე, ჟამისწირვაზე.

ექვთიმეს არ სურდა, მის ირგვლივ მოსაგრეები მომრავლებულიყვნენ, მაგრამ ღმერთმა ამცნო: „ნუვის უკუნაქცევ, რომელსა უნდეს ცხორებაჲ”. კვლავ შემოიკრიბნენ მოძღვრის ირგვლივ სულიერი შვილები და დაარსდა ახალი ლავრა.

თავდაპირველად სავანე ძალიან ღარიბი იყო, მაგრამ ღირსი მამა მტკიცედ სასოებდა უფალს, რომელიც წყალობას არ აკლებდა თავის რჩეულებს. ერთხელ ლავრას 400 მგზავრი მოადგა. ექვთიმემ ბრძანა, დაეპურებინათ სტუმრები. იკონომოსმა უპასუხა, ათი კაცის სამყოფი პურიც არა გვაქვსო, მაგრამ, ღვთის ნებით, პური, ღვინო და ზეთი ისე გამრავლდა, რომ მგზავრებიც დანაყრდნენ და ბერებსაც თვეების საკმარისი მარაგი დარჩათ.

ერთხელ, ერთ ბერს მახლობელი დაბიდან ძმებისთვის სახმარის ჩამოტანა დაავალეს. მას არ სურდა ერში გასვლა და მტკიცე უარზე იდგა. ექვთიმე ეუბნებოდა: „მე შევთხოვო ღმერთს, რომ დაგიცვას ყოველგვარი საცდურისაგან“, მაგრამ ბერი კვლავ უარობდა. მაშინ წმიდანმა თქვა: „შენ იცი, რა არს ურჩებისა მისაგებელი”. ამ სიტყვებზე უკეთური და ურჩი მონაზონი შეიპყრა ეშმაკმან და დორბლი გადმოყარა. საძმოს თხოვნით, ექვთიმემ შეცოდებულს ჯვარი გადასახა და განკურნა, რის შემდეგაც მან პატიება ითხოვა და სიხარულით დამორჩილდა მოძღვარს. „ღმერთსა სთნავს მორჩილებაჲ უფროჲს მსხუერპლთა, ხოლო ურჩებაჲ სიკუდიდ მოიყვანებს”, - თქვა წმიდა ექვთიმემ.

ერთხელ, ორმა ძმამ მონასტრული ცხოვრების მკაცრ წესს ვერ გაუძლო და გაქცევა განიზრახა. წმიდა მამამ ხილვაში ნახა, თუ როგორ აესხა ეშმაკს მათთვის აღვირი და მოსაკლავად მიათრევდა, თავისთან უხმო ბერებს და დამოძღვრა: განაგდეთო ბოროტი გულის სიტყვები, „ხემან, რომელი ადგილითი-ადგილად იცვლებინ, არა გამოიღის ნაყოფი. და ეგრევე, მონაზონი ოდეს ადგილითი-ადგილად იცვალოს, ვერ ნაყოფიერ იქმნეს. ოდეს ურდეს კაცსა კეთილისა საქმედ ადგილისა თჳსსა და ვერ შეუძლოს, ნუ ჰგონებნ, თუმცა სხუასა ადგილსა ქმნა კეთილი”.

431 წელს ეფესოში გაიმართა III მსოფლიო კრება, მიმართული ნესტორის ერესის წინააღმდეგ. ექვთიმე შეჰხაროდა მართლმადიდებლური სარწმუნოების განმტკიცებას და სწუხდა ანტიოქიელ მთავარეპისკოპოს იოანეზე, რომელიც ნესტორს მიემხრო.

451 წელს ქალკედონში გამართულმა IV მსოფლიო კრებამ შეაჩვენა დიოსკორეს ერესი, რომელიც ნესტორის საწინააღმდეგოდ ამტკიცებდა, რომ ქრისტეში მხოლოდ ღვთაებრივი ბუნებაა.

ღირსმა ექვთიმემ მიიღო ქალკედონის კრების დადგენილება და იგი მართლმადიდებლურად სცნო. ცნობა ამის შესახებ გავრცელდა ბერ-მონაზონთა და მეუდაბნოეთა შორის და ერესით ცდუნებული მრავალი მოსაგრე დაუბრუნა ჭეშმარიტ აღმსარებლობას.

საოცრად მკაცრი, ასკეტური ცხოვრებისა და მართლმადიდებლობის მტკიცე აღსარებისათვის ექვთიმეს „დიდი“ უწოდეს. საოცარი მადლით იყო შემოსილი წმიდა მამა - ძმები ცხადად ხედავდნენ, -თუ როგორ იმოსებოდა მათი მოძღვარი მსხვერპლშეწირვის საიდუმლოს აღსრულებისას; ანგელოზებიც ხილულად ემსახურებოდნენ მას.

ექვთიმეს ჰქონდა ნიჭი ადამიანის პირისახეზე შეხედვით მისი სულის იდუმალი მოძრაობების და ფარული გულისთქმების ამოცნობისა. ზიარების დროს ზოგი ძმა გაბრწყინდება ხოლმე, ზოგი კი მკვდარს მიემსგავსებაო,-ამბობდა იგი.

როცა ექვთიმე 82 წლის იყო, მასთან მოვიდა ყმაწვილი საბა (შემდგომში საბა განწმედილი, ხს. 5 დეკემბერს), რომელიც სიყვარულით შეიწყნარა და დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა; 90 წელს მიღწეულმა წმიდანმა პატივით მიაბარა მიწას ერთგული თანამოღვაწე - თეოკტისტე, შემდეგ კი ღმერთმა განუცხადა, რომ მისი აღსასრულის ჟამიც მოახლოებული იყო. ანტონი დიდის ხსენების წინა საღამოს ექვთიმემ ბრძანა, მწუხრის ლოცვა აღესრულებინათ და ღამე ეთიათ, თვითონ კი ორ ხუცესს უთხრა: „ესე ღამისთევაჲ დასასრული არს ღამისთევისა ჩემისაჲ თქუენ თანა ჴორცითა“ და სთხოვა, გამთენიისას ყველა ძმა შეეკრიბათ. წმიდანმა უკანასკნელად ასე დამოძღვრა სულიერი შვილები: „უკეთუ მე გიყუარ, დაიმარხეთ მცნებაჲ ჩემი, დაწყებაჲ და დასასრული საქმეთა კეთილთაჲ, მოიგეთ სიყუარული, რომელსა შინა არა იყოს ზაკუვაჲ. თჳნიერ სიყუარულისა ვერ შეძლებელ ხართ საქმედ კეთილისა რაჲსამე. ყოველი საქმჱ კეთილი სიყუარულითა და სიმდაბლითა სრულ იქმნების. სიმდაბლჱ აღამაღლებს, ხოლო სიყუარული არავის უტევებს დაცემად დიდებისაგან”; მან ითხოვა, არავისთვის დაეხშოთ მონასტრის კარები, უარით არ გაესტუმრებინათ მოწყალების არც ერთი მთხოვნელი და, შეძლებისდაგვარად, ყოველთვის დახმარებოდნენ განსაცდელში მყოფთ, შემდეგ ძმებს ახალი წინამძღვარი დაუდგინა და სამი დღის შემდეგ, 473 წლის 20 იანვარს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

წმიდანის მოწაფე დომენტიანე არ განეშორებოდა ძვირფას საფლავს. მეშვიდე დღეს, გამთენიისას, მას ექვთიმე გამოეცხადა „ბრწყინვალებითა თვისითა” და უთხრა: „მოვედ, შვილო, ადგილსა დიდებულსა, რომელი განმზადებულ არს შენთჳს, რამეთუ მე ვევედრე ქრისტესა შენთჳს, რაჲთა იყო ჩემ თანა”. გახარებული ბერი მივიდა ტაძარში, ძმებს ამცნო ხილვის შესახებ და მიიცვალა.



წმიდა მოწამენი: ინა, პინა და რიმა (I-II)
20 (02.02) იანვარი



წმიდა მოწამენი: ინა, პინა და რიმა ანდრია მოციქულის მოწაფეები იყვნენ, წარმოშობით სლავები, სამხრეთ სკვითიიდან. ისინი სახარებას ქადაგებდნენ ბარბაროსთა შორის, მრავალი მოაქციეს და მონათლეს. ამისთვის ადგილობრივმა მთავარმა წმიდანები შეიპყრო და მათ კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა. მხნე აღმსარებლებმა არ უარყვეს ქრისტე. იმ ხანებში სასტიკი ზამთარი იდგა. მდინარეები ისე იყო მოყინული, რომ მასზე მხოლოდ ადამიანებს კი არა, საზიდრებიან ცხენებსაც შეეძლოთ გადასვლა. მთავარმა ბრძანა, ყინულჭრილში გრძელი ძელები ჩაედოთ, წმიდანები მათზე მიებათ და ნელ-ნელა ჩაეშვათ გათოშილ წყალში. როცა ყინულმა მოწამეთა კისრებს უწია, საშინელი ყინვით გატანჯულმა მარტვილებმა სული უფალს შეჰვედრეს.


წმიდა მოწამენი: ვასი, ევსევი, ევტიქი და ვასილიდა (+303)
20 (02.02) იანვარი


წმიდა მოწამენი: ვასი, ევსევი, ევტიქი და ვასილიდი იმპერატორ დიოკლეტიანეს კარისკაცები იყვნენ: ისინი შეესწრნენ თეოპემპტი ნიკომიდიელი ეპისკოპოსის (ხს. 5 იანვარს) წამებას ქრისტესთვის, ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი და მოინათლნენ. ამისთვის წმიდანები სასტიკად აწამეს და დახოცეს: ვასი წელამდე მიწაში ჩამარხული გადახერხეს, წმიდა ევსევი თავდაღმა დაკიდეს და შუაზე გააპეს, წმიდა ევტიქი ხელებითა და ფეხებით ბოძებზე მიაბეს და ნაწილებად დაფლითეს, წმიდა ვასილიდს მუცელი დანით გამოუფატრეს. ეს მოხდა 303 წელს.


წმიდა მოწამე ზაქარია (+1782)
20 (02.02) იანვარი


წმიდა მოწამე ზაქარია ქრისტეს აღსარებისთვის თურქებმა აწამეს ძველ პატრებში (პელოპონესში) 1782 წელს. მან ჯერ უარყო ქრისტე და გამაჰმადიანდა, მაგრამ შემდეგ შეინანა და დაუბრუნდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას. წმიდანი ხეზე დაკიდული აღესრულა.



Posted by: nk44 3 Feb 2012, 12:31
3 თებერვალი (ძვ. სტ. 21 იანვარი) პარასკევი

ოცდამეთოთხმეტე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ღირსისა მაქსიმე აღმსარებელისა (662); მოწამისა ნეოფიტესი (303-305); მოწამეთა: ევგენისა, კანდიდესი, ვალერიანესი და აკვილასი (III); ქალწულმოწამისა აგნია ქალწულისა (დაახ. 304); მოწამისა ანასტასისა (662); ღირსისა მაქსიმე ბერძენისა (1556).



ღირსი მაქსიმე აღმსარებელი (+662)
21 (03.02) იანვარი




ღირსი მაქსიმე აღმსარებელი 580 წელს დაიბადა კონსტანტინეპოლში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. სიყმაწვილეში მან მრავალმხრივი განათლება მიიღო: სწავლობდა ფილოსოფიას, გრამატიკას, რიტორიკას, გაეცნო ძველ ავტორებს, სრულყოფილად დაეუფლა საღვთისმეტყველო დიალექტიკას. სახელმწიფო სამსახურში ჩამდგარი მაქსიმე თავისი განსწავლულობისა და კეთილსინდისიერების წყალობით, იმპერატორ ჰერაკლეს (611-641) პირველი მდივანი გახდა, მაგრამ სამეფო კარის ცხოვრება ამძიმებდა მას, ამიტომ ქრისოპოლის სავანეს (ბოსფორის მოპირდაპირე ნაპირზე) მიაშურა და ბერად აღიკვეცა. კეთილკრძალული მოღვაწეობით წმიდანმა საძმოს გულწრფელი სიყვარული დაიმსახურა და მალე მონასტრის წინამძღვარი გახდა, თუმცა ამ ხარისხშიც იგი, თავისივე სიტყვებით, „უბრალო ბერად” რჩებოდა საოცარი თავმდაბლობის გამო. 633 წელს ერთი ღვთისმეტყველის, შემდეგში იერუსალიმელი პატრიარქის სოფრონის (ხს. 11 მარტს) თხოვნით მაქსიმემ დატოვა სავანე და ალექსანდრიაში გაემგზავრა.

ამ ხანებში წმიდა სოფრონმა სახელი გაითქვა მონოთელიტთა ერესის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლით. მას შემდეგ, რაც IV მსოფლიო კრებამ (451 წ.) დაგმო მონოფიზიტობა, რომელიც იესო ქრისტეში მხოლოდ ერთ (ღვთაებრივ) ბუნებას აღიარებდა, მონოთელიტებმა შემოიტანეს სწავლება ერთი ღვთაებრივი ნებისა და ერთი (ღვთაებრივი) ქმედების შესახებ, რასაც უარყოფილი მონოფიზიტური ცრუსწავლების აღიარებამდე მივყავდით. მონოთელიტობას ბევრი მიმდევარი გაუჩნდა სომხეთში, სირიაში, ეგვიპტეში. მართლმადიდებლობის ბრძოლას მწვალებლურ სწავლებებთან აძნელებდა ის გარემოება, რომ აღმოსავლეთის სამი საპატრიარქო ტახტი მონოფიზიტთა ხელში აღმოჩნდა: კონსტანტინეპოლის ეკლესიას სერგი განაგებდა, ანტიოქიისას - ათანასე, ალექსანდრიისას კი – კვიროსი. კონსტანტინეპოლიდან ალექსანდრიაში მიმავალ ღირს მაქსიმეს გზად კრეტაზე უნდა გაევლო. სწორედ აქ დაიწყო მისი მქადაგებლური მოღვაწეობა. ალექსანდრიაში და მის მახლობლად ღირსმა მამამ 6 წელი დაჰყო. მაქსიმე აღმსარებელი მხურვალედ იცავდა მართლმადიდებლობას და მის ქადაგებებს დიდი წარმატება ჰქონდა სხვადასხვა წოდებისა და ფენის ადამიანებს შორის.

638 წელს გარდაიცვალა პატრიარქი სერგი, 641 წელს კი – იმპერატორი ჰერაკლე. ქვეყანაში გამეფდა მრისხანე და სასტიკი კონსტანს II (642-648), მონოთელიტთა თავგამოდებული მომხრე. ღირსმა მაქსიმემ კართაგენს მიაშურა და ქალაქსა და მის შემოგარენში კიდევ 5 წელი იქადაგა. როცა აქ სამეფო კარის ინტრიგების გამო კონსტანტინეპოლიდან გადმოხვეწილი პიროსი, პატრიარქ სერგის მემკვიდრე ჩავიდა, მასა და მაქსიმეს შორის გაიმართა საჯარო პაექრობა, რომელზეც ერეტიკოსმა აღიარა თავისი ცოდვა და სურვილი გამოთქვა, პაპი თეოდორესთვის გადაეცა თავისი შეხედულებების წერილობითი უარყოფა. ღირსი მაქსიმე პიროსთან ერთად გაემგზავრა რომში, სადაც პაპმა მიიღო ყოფილი პატრიარქის აღსარება და ძველ ხარისხში აღადგინა იგი. 647 წელს მაქსიმე აფრიკაში დაბრუნდა. 649 წლის ოქტომბერში შედგა კრება, რომელსაც 150 დასავლელი ეპისკოპოსი და მართლმადიდებლური აღმოსავლთის 37 წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის – მაქსიმე აღმსარებელიც. კრებამ დაგმო მონოთელიტობა, მისი დამცველები კი – კონსტანტინეპოლელი პატრიარქები – სერგი, პავლე და პიროსი ანათემას გადასცა.

როცა კონსტანს II კრების დადგენილებას გაეცნო, ბრძანა, შეეპყროთ პაპი მარტინე და ღირსი მაქსიმე. ღირს მაქსიმეს სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი და საპყრობილეში ჩააგდეს. 656 წელს ის თრაკიაში გადაასახლეს, შემდეგ კი ისევ კონსტანტინეპოლში გადმოიყვანეს. ღირსი მამა საშინლად აწამეს თავის ორ მოწაფესთან ერთად: სამივეს ენა ამოაჭრეს, მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს და დასავლეთ საქართველოში გადაასახლეს. აქ სასწაული აღესრულა: მოწამეებს ლაპარაკისა და წერის უნარი დაუბრუნდათ. წმიდა მაქსიმემ იწინასწარმეტყველა თავისი აღსასრული და მშვიდობით მიიცვალა 662 წლის 13 აგვისტოს. მის საფლავზე ღამღამობით სამი ლამპარი ინთებოდა და მრავალი კურნება აღესრულებოდა. წმიდა მაქსიმე დასაფლავებულია ქ. ცაგერში.






არავისა აქვს უფლება, არც მეფეს და არც მღვდელთმოძღვარს, სარწმუნოებაში რაიმე ახალი კანონი შემოიტანოს. არამედ, რაც თავიდანვე წმ. მოციქულებმა დააწესეს და წმ. კრებებმა დაამტკიცეს, ერთი იოტა ან ერთი ბეწვიც არ შეიცვალოს. ხოლო თუ ვინმე გაბედავს შეცვლას, მიატებას, ან დაკლებას, ასეთს კათოლიკე ეკლესია შეაჩვენებს.

წმ. მაქსიმე აღმსარებელი



Posted by: აბულაბას 3 Feb 2012, 14:45
კარგი იქნება თუ თემა აიპინება
...................

Posted by: nk44 5 Feb 2012, 19:13
04.02 წმიდა მოციქული ტიმოთე (+80)
ღირსმოწამე ანასტასი სპარსი (+628)
წმიდა მოწამენი: ეპისკოპოსნი: მანუელი, გიორგი, პეტრე და ლეონტი; ხუცესნი: სიონია, გაბრიელი, იოანე, ლეონტი, პაროდი და სხვა 377-ნი (+817)





წმიდა მოციქული ტიმოთე (+80)
22 (04.02) იანვარი


წმიდა მოციქული ტიმოთე მცირე აზიის ქალაქ ლუსტრაში დაიბადა. ის ქრისტიანობაზე წმიდა მოციქულმა პავლემ (+67; ხს. 29 ივნისს) მოაქცია 52 წელს. ლიკაონიის ქალაქებში პავლეს და ბარნაბას პირველი მოგზაურობის დროს პავლემ დედის მუცლითგან მკელობელი განკურნა. ამ სასწაულმა მრავალი მოაქცია ქრისტეს სჯულზე, მათ შორის იყვნენ ჭაბუკი ტიმოთე, მისი დედა ევნიკა და ბებია ლოიდა (საქმე, 14,6-12 2ტიმ. 1,5). პავლეს მიერ ტიმოთეს სულში ჩათესილმა რწმენის მარცვლებმა უხვი ნაყოფი გამოიღო. ის მოციქულთა თავის ერთგული მოწაფე და შემდგომში განუყრელი თანამგზავრი გახდა. პავლე თავის ეპისტოლეებში საყვარელ შვილს უწოდებს მას და მადლიერებით იხსენიებს მის ერთგულებასა და თავდადებას: „ხოლო შენ შემოდგომილ ხარ ჩემსა მოძღურებასა, გულს-მოდგინებასა, სარწმუნოებასა, სულგრძელებასა, სიყვარულსა, მოთმინებასა, დევნულებათა, ვნებათა, რაოდენი შემემთხვა მე ანტიოქიასა შინა, იკონიას, ლუსტრას“ (2 ტიმ. 3,10-11). 65 წელს პავლე მოციქულმა ტიმოთეს ეფესოს ეპისკოპოსად დაასხა ხელი და იგი 15 წლის განმავლობაში კეთილად განაგებდა თავის სამწყსოს. რომის საპყრობილეში გამომწყვდეულმა პავლემ, რომელმაც იცოდა, რომ მალე უნდა წარმსდგარიყო უფლის წინაშე, ერთგული მოწაფე და მეგობარი თავისთან იხმო: „ისწრაფე ჩემდა მოსვლად ადრე“ (2 ტიმ. 4,9).

ერთხელ ეფესოში წარმართებმა დიდი ზეიმი გამართეს ცრუღმერთების პატივსაცემად. ისინი კერპებს ქუჩებში დაატარებდნენ უსჯულო რიტუალებისა და სიმღერების თანხლებით, რაც ამაზრზენ სანახაობას ქმნიდა. საღვთო შურით ანთებული ტიმოთე შეეცადა, შეეჩერებინა და დაემოძღვრა გონებადაბინდული, უღმერთო ბრბო. გაავებული კერპმსახურები კი მიაწყდნენ წმიდა მღვდელმთავარს, გვემეს, მიწაზე ათრიეს და ბოლოს, ქვებით ჩაქოლეს (+80). ტიმოთე მოციქულის უხრწნელი ნაწილები IV საუკუნეში პატივით გადაასვენეს კონსტანტინეპოლში და წმიდა მოციქულთა სახელობის ტაძარში დააბრძანეს.


ღირსმოწამე ანასტასი სპარსი (+628)
22 (04.02) იანვარი



ღირსმოწამე ანასტასი სპარსი ქურუმის ვაჟი იყო. წარმართობაში მას მაგუნდატი ერქვა და სპარსეთის მეფის, ხოსროვ II-ის ლაშქარში მსახურობდა, ხოსროვმა 614 წელს დაამარცხა ბერძნები, წმიდა ქალაქი იერუსალიმი გაძარცვა და ურიცხვ დავლასთან ერთად უდიდესი სიწმიდე - უფლის ცხოველმყოფელი ჯვარიც წაიღო სპარსეთში. ჯვრის ძალით აღსრულებული უდიდესი სასწაულები თავზარს სცემდა სპარსელებს. ჭაბუკი მაგუნდატი აენთო სურვილით, დაწვრილებით შეეტყო ყველაფერი ამ უდიდესი სიწმინდის შესახებ და მალე გაიგო, რომ მასზე ადამიანთა ხსნისთვის განკაცებული მაცხოვარი ჯვარცმულა. ქალაქ ქალდეკონში, სადაც დროებით დაბანაკდა ხოსროვის ლაშქარი, ცნობისწადილით აღძრული მეომარი გაეცნო ქრისტიანულ სარწმუნოებას, ნათელ-იღო ანასტასის სახელით, შემდეგ კი მონაზვნობა შეიმოსა და შვიდი წელი გაატარა ღვთივსათნო მოღვაწეობით იერუსალიმის ერთ-ერთ მონასტერში.

წმიდა ანასტასი მოწამეთა ცხოვრებებს ეცნობოდა და გულში მათი მიბაძვის სურვილი უმწიფდებოდა. ერთხელ, დიდ შაბათს, ღამით მან იდუმალი სიზმარი იხილა: ნათელმოსილმა ჭაბუკმა ღვინით სავსე ფიალა გამოუწოდა სიტყვებით: „მიიღე და სვი!“ და როცა ფიალა გამოსცალა, ენით აუწერელი სიტკბოება იგრძნო. ეს ჩვენება ანასტასიმ თავისი მოწამეობრივი აღსასრულის წინასწარგანცხადებად მიიღო, ფარულად დატოვა მონასტერი და პალესტინის კესარიაში წავიდა. იქ იგი შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს. მმართველი ხან ტანჯვისა და მოკვდინების მუქარით, ხან კიდევ პატიებისა და მიწიერი სიკეთეების აღთქმით ცდილობდა ანასტასის გადადრეკას ქრისტიანული სარწმუნოებიდან, მაგრამ მისი ნება ვერაფერმა მოტეხა. მაშინ ნეტარი აღმსარებელი სასტიკად აწამეს: არგნებით გვემეს, წვივები გადაუმსხვრიეს, ხელებით დაკიდეს და ფეხებზე მძიმე ქვები გამოაბეს. ბოლოს, მმართველმა კვლავ თავისთან იხმო წმიდა ანასტასი და განთავისუფლების საზღაურად ამ სიტყვების თქმაღა მოსთხოვა: „მე ქრისტიანი არა ვარ“. წმიდა მოწამემ კი უპასუხა: „ღმერთმა მაშოროს! არც შენი და არც სხვების წინაშე მე არ უარვყოფ ქრისტეს, არც ცხადად და არც ფარულად, თვით ძილშიც კი; ვერავინ ვერასოდეს ვერ მაიძულებს ამას“. მაშინ მეფე ხოსროვის ბრძანებით, წმიდა ანასტასი დაახრჩვეს (+628). უსჯულო მეფის სიკვდილის შემდეგ ღირსმოწამის უხრწნელი ნაწილები პალესტინაში, წმიდა ანასტასის სავანეში გადაასვენეს.



5 თებერვალი მეზვერის და ფარისევლის კვირა ხმა 1
მღვდელმოწამე კლიმი ანკვირელი ეპისკოპოსი და მოწამე აღათანგელოსი (+312)
ღირსი მაქსიმე ასურელი (IV)
ღირსი სალამან მდუმარე (+დაახლ. 400)
წმიდა პავლიანე მოწყალე, ნოლანის ეპისკოპოსი (+431)



მღვდელმოწამე კლიმი ანკვირელი ეპისკოპოსი და მოწამე აღათანგელოსი (+312)
23 (05.02) იანვარი



მღვდელმოწამე კლიმი გალატიის ქალაქ ანკვირში დაიბადა 258 წელს. მამამისი წარმართი იყო, დედა კი - ქრისტიანი. ადრე დაობლებული ბავშვის აღზრდა კეთილმსახურმა ქალმა სოფიამ იტვირთა. გალატეაში შიმშილობის მძვინვარების ჟამს, წარმართები დამშეულ შვილებს უპატრონოდ ყრიდნენ ქუჩებში. სოფია აგროვებდა უმწეოებს, აპურებდა და მოსავდა მათ. ღვთისმოყვარე გამზრდელს გვერდში ედგა კლიმენტიც - იგი ბავშვებს განსწავლიდა და ნათლისღების მისაღებად ამზადებდა. ბევრი შემდეგში ქრისტესთვის მოწამეობრივად აღესრულა.

კეთილმსახური ცხოვრებისათვის კლიმენტი ჯერ მედავითნედ აკურთხეს, შემდეგ დიაკვნად; თვრამეტი წლისას ხუცესად დაასხეს ხელი, ოცი წლის ასაკში კი ანკვირელ ეპისკოპოსად აირჩიეს. მალე დიოკლეტიანემ (258-305) ქრისტიანთა დევნა დაიწყო. სხვებთან ერთად შეიპყრეს და დაატუსაღეს წმიდა მღვდელმთავარიც. გალატიის მმართველი დომენტიანე ცდილობდა, წარმართული ღვთაებების თაყვანისცემისკენ გადაედრიკა მოციქულთა ტახტის მემკვიდრე, მაგრამ მან ახოვნად დაითმინა სასტიკი სატანჯველები და მტკიცედ დაიცვა თავისი აღმსარებლობა. კლიმენტის ხეზე ჰკიდებდნენ, ბასრი დანებით სხეულს უსერავდნენ ისე, რომ ძვლებიც კი უჩანდა, არგნებითა და ქვებით გვემდნენ, ბორბალზე აკრავდნენ, ატრიალებდნენ და ნელ ცეცხლზე წვავდნენ. უფალი თავის რჩეულს იცავდა და წყლულებს უამებდა. ბოლოს დომენტიანემ წმიდა მოწამე რომში გაგზავნა, დიოკლეტიანესთან. უსჯულო იმპერატორმა, როცა კლიმენტის უვნებელი სხეული იხილა, არ დაიჯერა, რომ ის ნაწამები იყო და კიდევ უფრო საშინელი სატანჯველი დაატეხა თავს, შემდეგ კი საპყრობილეში გამოაწყვდია.

მოწამის სიწმიდისა და მისი სასწაულებრივი კურნების მოწმე მრავალმა წარმართმა ირწმუნა ქრისტე. მის საკანში თავს იყრიდნენ სულიერი დამოძღვრის თუ ნათლისღების მსურველები, ხორციელ სნეულებათაგან შეჭირვებულები საპყრობილე ტაძრად იქცა. ავ ენათაგან დასმენილი კლიმენტის მრავალი მნახველი სიკვდილით იქნა დასჯილი. წმიდა მამის მოთმინებით გაოცებულმა დიოკლეტიანემ იგი ნიკომიდიაში თავის თანამმართველ მაქსიმიანესთან გაგზავნა. გზად ხომალდზე, მღვდელმთავრის მოწაფე აღათანგელოსი ამოვიდა - მასაც კლიმენტისთან ერთად სურდა სიკვდილი.

იმპერატორმა მაქსიმიანემ კლიმენტი და აღათანგელოსი მმართველ აგრიპინს გადასცა, რომელმაც ისეთ მხეცურ სატანჯველებს მისცა ისინი, რომ თვით წარმართებში იფეთქა თანაგრძნობამ მოწამეთა მიმართ და ქვებით ჩაქოლეს მათი მტარვალები.

განთავისუფლებული წმიდანები თავზე ხელის დადებით კურნავდნენ სნეულებს, ნათლავდნენ და მოძღვრავდნენ წარმართებს. ბოლოს მაქსიმიანეს ბრძანებით, კვლავ შეიპყრეს ისინი და სამშობლოში, ქალაქ ანკვირში გაგზავნეს, სადაც ანკვირელმა მთავარმა კურინიუსმა აწამა აღმსარებლები, შემდეგ კი სისასტიკით განთქმულ ნაცვალ დომენტისთან გააგზავნა.

ამასიაში წმიდა მოწამეები კირის ხსნარში ჩაყარეს, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ იქიდან უვნებელი ამოვიდნენ. მოწამეები შემდგომი წამებისათვის ტარსუსის გზას გაუყენეს. ღმერთმა კლიმენტის განუცხადა, რომ კიდევ 28 წელი მოუწევდა ქრისტესთვის ტანჯვა, მხნე აღმსარებლები კვლავ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი საპყრობილეში ჩაყარეს.

მაქსიმიანეს სიკვდილის შემდეგ აღათანგელოსს თავი მოჰკვეთეს. წმიდა კლიმენტი კი ანკვირელმა ქრისტიანებმა გაანთავისუფლეს და ტაძარში მიიყვანეს. აქ ლიტურღიის აღსრულების შემდეგ, წმიდანმა წინასწარმეტყველურად განაცხადა, რომ ქრისტიანთა დევნის დასასრული მოახლოებული იყო და თვითონაც მალე მიიღებდა მოწამის გვირგვინს.

მართლაც, მცირე ხნის შემდეგ, ტაძარში შეჭრილმა მეომრებმა წმიდა მღვდელმთავარს უსისხლო მსხვერპლშეწირვის დროს თავი მოკვეთეს (+დაახლ. 312).



ღირსი მაქსიმე ასურელი (IV)
23 (05.02) იანვარი


ღირსი მაქსიმე ასური (IV) სირიაში ცხოვრობდა. მან ნებსით იტვირთა უპოვარება და მოყვასის მსახურებისათვის გადადო თავი. წმიდა მამის ქოხის კარები მუდამ ღია იყო მნახველთათვის. გაჭირვებულებს აქ ყოველთვის შეეძლოთ მიეღოთ საზრდელი პურითა და ზეთით სავსე ორი ჭურჭლიდან, რომლებიც, ღვთის ნებით, არასოდეს ცარიელდებოდა.



ღირსი სალამან მდუმარე (+დაახლ. 400)
23 (05.02) იანვარი



ღირსი სალამან მდუმარე არის პირველი წმიდანი, რომელმაც მდუმარების აღთქმა დაიმარხა. ის მდინარე ევფრატის სანაპიროზე მდებარე ერთ გამოქვაბულში დაეყუდა და მხოლოდ უფალს ესაუბრებოდა თავის წმიდა ლოცვებში, როცა კაპერსანის ეპისკოპოსმა წმიდანის მღვდლად კურთხევა გადაწყვიტა, მან პასუხად ერთი სიტყვაც კი არ მიუგო. ასეთ ღვაწლში იმყოფებოდა ღირსი სალამანი აღსასრულამდე (+დაახ. 400).


წმიდა პავლიანე მოწყალე, ნოლანის ეპისკოპოსი (+431)
23 (05.02) იანვარი


წმიდა პავლიანე მოწყალე, ნოლანის ეპისკოპოსი ქალაქ ბორდოში (საფრანგეთი) მცხოვრები მდიდარი და კეთილშობილი ოჯახის შვილი იყო. თავისი საოცარი განსწავლულობის წყალობით, 20 წლის ჭაბუკი რომის სენატორად იქნა არჩეული, შემდეგ - კონსულად, ბოლოს კი კამპანიის ოლქის (იტალია) გუბერნატორიც გახდა. 25 წლის იყო პავლიანე, როცა მეუღლესთან ერთად ქრისტიანობაზე მოექცა. ამის შემდეგ მან სრულიად შეიცვალა ცხოვრების წესი: სამკვიდრებელი გაყიდა და მიღებული საზღაური გლახაკებს დაურიგა, რითაც მეგობრებისა და მსახურების კიცხვა და სიძულვილი დაიმსახურა. უშვილო ცოლ-ქმარი უპოვარ ობლებს ივრდომებდა და ღვთისმოშიშებით ზრდიდა. შემდეგ კი, განმარტოებული ცხოვრების მაძიებელმა პავლიანემ ესპანეთის ქალაქ ბარსელონას მიაშურა. ასკეტური ცხოვრებით სახელგანთქმულ მოღვაწეს 393 წელს მღვდლად დაასხეს ხელი. მალე მან დატოვა ესპანეთი და იტალიის ქალაქ ნოლანისკენ გაემართა, სადაც ეპისკოპოსად იქნა არჩეული.

ერთხელ ვანდალები თავს დაესხნენ იტალიას და მისი მრავალი მცხოვრები აფრიკაში ტყვედ წაასხეს. პავლიანე მთელ საეკლესიო ქონებას მათ გამოსყიდვას ახმარდა. როცა წმიდანმა ერთი ქვრივი დედაკაცის შვილის გამოსასყიდად სახსრები ვერ მოიძია, მის მაგივრად თვითონ წავიდა ტყვეობაში და ვანდალი მთავრის მსახურება იტვირთა. მალე საიდუმლო გამჟღავნდა და წმიდა მღვდელმთავარი გაანთავისუფლეს. მისი შუამდგომლობით თავისუფლება მოიპოვეს სხვა პყრობილებმაც.

მოყვასის სიყვარულით აღსავსე ღირსი პავლიანე უშურველად ეხმარებოდა გაჭირვებულებს, აშენებდა ტაძრებს, წერდა ჰიმნოგრაფიულ ნაწარმოებებს. წმიდანი გარდაიცვალა 431 წლის 22 ივნისს, 78 წლის ასაკში. მისი წმიდა ნაწილები რომში, წმიდა მოციქულ ბართლომეს ტაძარში განისვენებს.



Abulabas
QUOTE
კარგი იქნება თუ თემა აიპინება


yes.gif +1

Posted by: აბულაბას 5 Feb 2012, 20:21
ხსენება ექვსი მსოფლიო კრების წმიდა მამათა


ხსენება ექვსი მსოფლიო კრების წმიდა მამათა. მართლმადიდებლური ეკლესია აღიარებს შვიდ წმიდა მსოფლიო კრებას. ეს კრებები გამოხატავენ სრულიად კათოლიკე სამოციქულო ეკლესიის სარწმუნოებას, ნებასა და აზრს.

მსოფლიო კრებებს, ჩვეულებრივ, ეკლესიაში მართლმადიდებლური სწავლებისა დასამტკიცებლად და ერესის სამხილებლად იწვევდნენ. ამ კრებებზე სულიწმიდის კარნახით გაცხადებული და ფორმულირებული სარწმუნოების ჭეშმარიტებანი - დოგმატები მტკიცე ზღუდედ არტყია მართლმადიდებლობის სიწმიდეს.

გარდა დოგმატური საქმიანობისა, წმიდა კრებების მამები დაუცხრომლად იღვწოდნენ საეკლესიო დისციპლინის განმტკიცებისთვისაც. როგორც ცნობილია, ადგილობრივი კრებები ადგენდნენ თავიანთ წესებს პრაქტიკულ საკითხებზე ეკლესიის სახელმძღვანელოდ.

მართლმადიდებლური ეკლესიის ერთობა მოითხოვდა ერთობას კანონიკურ პრაქტიკაშიც, ესე იგი უმთავრესი კანონიკური ნორმების დადგენას და დამტკიცებას მსოფლიო კრებების მამათა მიერ. ამგვარი ნორმები დგინდებოდა ყოველ მსოფლიო კრებაზე, გარდა V და VI კრებებისა, რომლებზეც მხოლოდ დოგმატური საკითხებით იყვნენ დაკავებულნი.

ექვსი მსოფლიო კრების მიერ ნაკურთხი საეკლესიო კანონები დაედო საფუძვლად სჯულისკანონს (787 წლის VII მსოფლიო კრების, აგრეთვე კონსტანტინოპოლის 861 და 879 წლების ადგილობრივი კრებების კანონები მათ მოგვიანებით, ფოტიოსის დროს დაემატა), რომელიც წარმოადგენს მადლმოსილ კანონიკურ ნორმას, გამოსაყენებელს ყველა ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიათა პრაქტიკაში.


Posted by: lasha kakauridze 6 Feb 2012, 10:11
nk44
QUOTE
ამ თემაში მინდა მოვიხსენიოთ ყოველი დღე მართლმადიდებლური კალენდრით და დავწეროთ შესაბამისი დღის წმინდანთა ცხოვრება და მოღვაწეობა.

up.gif

Posted by: nk44 8 Feb 2012, 17:15
8 თებერვალი (ძვ. სტ. 26 იანვარი) ოთხშაბათი


მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული. წმ. კეთილმსახურისა მეფისა დავით აღმაშენებელისა (1125); ღირსთა: ქსენოფონტისა, მეუღლისა მისისა მარიამისა და ძეთა მათთა არკადისა და იოანესი (V-VI); მოწამეთა: ანანია ხუცისა, პეტრე საკნისმცველისა და მათთანა შვიდთა მხედართა (295); ღირსისა სვიმეონ ძველისა (დაახ. 390); აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა ღირსისა თეოდორესი, სტუდიელი იღუმენისა (845); წმ. იოსებისა, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსისა (830).

წმ. კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებელი

XI საუკუნის საქართველო ფიზიკური და სულიერი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. სულთანმა მელიქ-შაჰმა დაიპყრო სამშვილდე, შეიპყრო მისი მმართველი იოანე ლიპარიტის ძე, ააოხრა სომხეთი, და მეფე გიორგი II-ის ცალკეული გამარჯვების მიუხედავად, აიღო და დაარბია ქუთაისი, არტანუჯი, კლარჯეთის უდაბნო. შეშინებულმა ქართველებმა მიატოვეს სამკვიდრებელი და მთებსა და ტყეებს შეაფარეს თავი. დაცარიელებული ქვეყანა უსჯულოებმა დაიპყრეს, ააოხრეს ეკლესია-მონასტრები, ამოხოცეს მოსახლეობა.

ერთ დროს ქრისტესმოყვარე ერი უსჯულოებამ და ცოდვამ მოიცვა. „ყოველმან ასაკმან და ყოველმან პატივმან ყოვლითურთ შესცოდეს ღმერთსა და მიიქციეს გზათაგან წრფელთა ყოვლისა მიმართ უკეთურებისა“. აღდგომის დღეს „მოხედნა უფალმან რისხვითა და შეძრა ქვეყანა საფუძვლითურთ“. საშინელმა მიწისძვრამ ყველაფერი დაანგრია.

ასეთი გაჭირვებისა და უბედურების ჟამს „იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათამან, დიდმან სახელთა და უდიდესმან საქმითა, სახელმოდგამმან დავით, ღმრთისა მამისაგან და თჳთ სამეოცდამეცხრამეტემან შვილმან ამის დავითისმან, დავით“. საქართველოს იმედად და პატრონად მოევლინა განსწავლული, ბრძენადმეტყველი, ღვთისმოშიში, დავრდომილთა ხელისამპყრობელი, ქვრივ-ობოლთა განმკითხავი, სამართლიანი მსაჯული, დაუმარცხებელი მეომარი, მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, მახვილი მესიისა - წმიდა დავით აღმაშენებელი.

1089 წელს გიორგი II უარი თქვა მეფობის პატივისა და სიმძიმეზე და თავის 16 წლის „მარტოშობილ ძეს. დაადგა გჳრგჳნი მეფობისა“. „თჳთ მამამან პოვა დავით, მონა თჳსი და საცხებელი მისი წმიდა სცხო მას“. უფალმა წყალობითა და ჭეშმარიტებით შემოსა მოწყალე და გლახაკთა მფარველი მეფე, „უზესთაეს ყო იგი უფროს ყოველთა მეფეთა ქვეყანისათა“. წინ იყო ბრძოლის, შრომის, აღმშენებლობის, მოღვაწეობის 36 წლიანი გზა.

უპირველეს ყოვლისა, დავით მეფემ დიდი თურქობის დროს გაქცეული და მიუვალ ადგილებს შეხიზნული ქართველების დაბრუნება დაიწყო ძველ ნამოსახლარზე, აზნაურებს მოუყარა თავი და მათთან ერთად შეუდგა ერის შეკრებას.

გავიდა ოთხი წელი. მოკვდა სულთანი მელიქ-შაჰი. ლიპარიტ ბაღვაშმა, რომელიც პირველ ხანებში ერთგულად ედგა მეფეს გვერდით, „იწყო მამურ-პაპურთა კუალად სვლა. დაღათუ ქრისტეანე იყო სახითა, გარნა ორგულება და სიძულვილი პატრონთა გუარისაგან მოაქუნდა გონებითა. დადგა ყოველსა გზასა არაკეთილსა“.

მეფემ მისი მობრუნება განიზრახა და რამდენიმე ხნით შეიპყრო. კლდეკარის ერისთავმა მტკიცე ფიცი და ერთგულების პირობა დადო. მეფემ შეუნდო, მაგრამ როცა დარწმუნდა, რომ „კუდი ძაღლისა არ განიმართლების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს“, კვლავ შეიპყრო, ორი წელიწადი საპყრობილეში ამყოფა, შემდეგ კი პატივაყრილი საბერძნეთს გაგზავნა. ასევე წარმატებით დათრგუნა დავითმა სხვა ურჩი დიდებულებიც, რადგან იცოდა, რომ ძლიერი სახელმწიფოს აუცილებელი ქვაკუთხედი შინაგანი მშვიდობა და ერთობა იყო.

ამასობაში იერუსალიმი და ანტიოქია ჯვაროსნებმა აიღეს. ამით ისარგებლა დავით მეფემ და თურქებს ხარკის მიცემა შეუწყვიტა.


ღვთივგანბრძობილმა მეფემ თავისი გონიერი მზერა ეკლესიას მიაპყრო. მან მოიწვია საეკლესიო კრება „ღვთისმოყუარეთა მონაზონთა, დაყუდებულთა და მეუდაბნოეთა სანახებთა ქართლისათა, მახლობლად ორთა საეპისკოპოსოთა - რუისა და ურბნისისა“. კრებამ აღადგინა და გააძლიერა ქართული ქრისტიანული ეკლესიის ავტორიტეტი, აღკვეთა თავგადასულ ფეოდალთა და უღირს სასულიერო პირთა თავნებობა. ეკლესია გახდა ძირითადი დასაყრდენი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და ეროვნული ინტერესების განხორციელების საქმეში. კრებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა მართლმადიდებლური სარწმუნოების სასიცოცხლო მნიშვნელობა ერისა და პიროვნების გადარჩენის საქმეში. „არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩუენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა განცემულ ქმნილ ვართ, ვინაჲდგან შემეცნებასა შენსა ღირს ქმნილ ვართ, მოწამე არს ჭეშმარიტება“, - ვკითხულობთ ამ კრების ძეგლისწერაში.

დავით მეფე აქტიურად შეუდგა საქართველოს სრულ გაერთიანებას და უპირველესად კახეთ-ჰერეთს მიჰმართა. თურქები და მოღალატე ფეოდალები ფარ-ხმლის დაყრას არ აპირებდნენ. ღვთის წყალობას მინდობილი ლაშქარი ერწუხთან უშიშრად შეება თურქთა უზარმაზარ მხედრობას. რიგითი ჯარისკაცივით იბრძოდა მეფეც, მეომრებს ლომივით შეუძახებდა, გრიგალივით დაჰქროდა. სამი ცხენი მოუკლეს ამ ბრძოლაში, მეოთხეზე ამხედრებულმა დაასრულა ბრძოლა საკვირველი გამარჯვებით.

რამოდენიმე წელი ქვეყნის შიდა პოლიტიკის რეფორმას და აღმშენებლობას მოახმარა კეთილმსახურმა დავითმა, შემდგომ კი შეუდგა თურქთაგან საქართველოს სრულ გაწმენდას.

თურქთა სულთანმა მუჰამედმა 100 ათასიანი ლაშქარი დაძრა საქართველოსკენ. როცა მტრის შემოსვლა შეიტყო, თავად მეფე ათას ხუთასი კაცით თრიალეთისაკენ წავიდა. განთიადისას შეება ერთმანეთს უთანასწორო მხედრობა. „შეწევნითა ღმრთისათა იძლია ბანაკი თურქთა“. თავზარდაცემული მომხვდურები ისე გაიქცნენ, რომ კარვების მოხსნა და საქონლის გარეკვაც ვერ მოასწრეს. ამასობაში გიორგი ჭყონდიდელმა რუსთავიც წაართვა დამპყრობლებს. 1115 წელს მტკვრის ხეობა მთლიანად შეუერთდა საქართველოს. ერთი წლის შემდეგ კი კარნიფორსა და ბასიანს შორის დაბანაკებული თურქებიც განიდევნა.

სიმდიდრით და დიდებით აივსო სამეფო. იმავე წელს დავითმა თავისი ასული კატაჲ ბერძენთა იმპერატორს ალექსი კომნენს მისცა სძლად, მეორე ასული კი შირვანს გაგზავნა დედოფლად, „რათა ვითარცა ორნი მნათობნი ერთი აღმოსავლეთს, მეორე დასავლეთს - ცისკროვან ჰყოფდნენ სფეროსა, მამისაგან მიმღებელნი შარავანდედთანი“.

„ძლევანი საკვირველნი“ გრძელდებოდა, წმიდა მეფე ახალ-ახალი დიდებით იმოსებოდა. სწორუპოვარ მამას გვერდით ედგა ღირსეული შვილი, „სიბრძნითა, სიწმიდითა, ახოვნებითა და სიმხნევითა უმჯობეს მამისა“ - დემეტრე (შემდგომ ღირსი დამიანე, დემეტრეყოფილი (ხს. 23 მაისს). უფლისწულმა შირვანი დალაშქრა, ქალაძორი აიღო და დიდძალი ალაფითა და ტყვეებით დაბრუნდა მამასთან.

შემდგომ წელიწადს ლორე და აგარანი შემოიერთა საქართველომ.

მიუხედავად წარმატებისა, დავით აღმაშენებელი კარგად ხედავდა, რომ ძლევამოსილ, მაგრამ მცირერიცხოვან ქართულ მხედრობას საქართველოს ქალაქებისა და ციხეების უსაფრთხოების დაცვა და იმავდროულად მუდმივმოქმედ არმიაში ყოფნა გაუჭირდა. საჭირო იყო მუდმივი ლაშქრის შექმნა. ბრძენმა მეფემ განიზრახა ყივჩაღთაგან შეექმნა ასეთი არმია. ის კარგად იცნობდა ამ ხალხს, იცოდა მათი ომის ხელოვნების და მხნეობის ამბავი. მისი მეუღლე, გურანდუხტ დედოფალიც ხომ ყივჩაღთა მთავრის, ათრაქა შარაღანის ძის ასული იყო. ათრაქამ სიხარულით მიიღო სახელოვანი სიძის წინადადება. ყივჩაღთა მშვიდობიანი გზის უზრუნველსაყოფად მეფე და მისი აღმზრდელი გიორგი ჭყონდიდელი ოსეთს წავიდნენ. ოსეთში გარდაიცვალა გიორგი ჭყონდიდელი, „აღმზრდელი პატრონისა და თანაგამკაფელი ყოველთა გზათა, საქმეთა და ღუაწლთა მისთა“. დამწუხრებულმა მეფემ 40 დღიანი გლოვა გამოაცხადა მთელ სამეფოში.

დავითმა ყივჩაღთაგან შექმნა 40000-იანი არმია. ამას 5000 ქართველიც მიემატა და იმ დღიდან საქართველოს განმგებლობაში მუდმივად იყო 45000 კაცისაგან შემდგარი სპა.

დავითმა საქართველოში და მის მახლობლად მცხოვრები თურქების ნავარდობას ბოლო მოუღო. წმიდა მეფე დღითი-დღე ამტკიცებდა, ჰკრავდა და აძლიერებდა ქვეყანას. მტრები ვერ ბედავდნენ ღვთივკურთხეულ მეფესთან შებმას. „ესევითარცა ჭირთაგან შეიწრებულნი თურქმანნი“ სულთან მაჰმუდს ეახლნენ ბაღდადში. გლოვისა და გაჭირვების ნიშნად შავად შეიღებნენ და ასე აუწყეს ამიერკავკასიაში მიმდინარე ამბები. სულთანმა არაბთა მეფე დურბეიზს უხმო, მისცა თავის ძე მალიქი, 600000-იანი არმია შეკრიბა და საქართველოსაკენ დაძრა.

1121 წლის აგვისტო იდგა. ქვიშასავით მოადგა ურიცხვი მტერი თრიალეთს, მანგლისს, დიდგორს, „თჳთ ფერჴთა ვერ ეტეოდეს ამათ ადგილთა“. უშიშარმა მეფემ წყნარად, უშფოთველად და ბრძნულად განაწყო სპა ისე, რომ არა მარტო გამარჯვებაზე იზრუნა, არამედ თავის მცირერიცხოვან მხედრობასაც გაუფრთხილდა.

ბრძოლის დაწყების წინ მეფემ სიტყვით მიმართა ლაშქარს: „ეჰა, მეომარნო ქრისტესნო“ თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ, და ერთ რამეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება: ესაა, რომ ჩვენ ყველამ ხელთა ცისადმი აპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივეცით, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე უმალ მოვკვდებით, ვიდრე გავიქცევით და რომ არ შეგვეძლოს გაქცევა, რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლით შევსულვართ, ხეთა ხშირ ხერგებით შევკრათ და მტკიცე გულით, მტრებს, როცა მოგვიახლოვდებიან ჩვენზე იერიშის მოსატანად, სასტიკად შეუტიოთ“.

უკან დახევაზე არც უფიქრია ვინმეს. მეფის გასაოცარმა საბრძოლო ტაქტიკამ მტერი შიშით გათანგა. „ჴელი მაღლისა შეეწეოდა და ძალი ზეგარდმო ფარვიდა მას და წმიდა მოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა მას და მკლავითა თჳსითა მოსვრიდა ზედამოწევნულთა უსჯულოთა მათ წარმართთა“.

პირველსავე ბრძოლაში მტერმა დიდი ზარალი ნახა. ბაღდადის მმართველი ილ-ღაზი მძიმედ დაიჭრა, სახელგანთქმულ სარდალს დურბეიზ სადაყას ძეს ისე ახლოს მიეჭრნენ ქართველები, რომ გულიდან ოქროს ძვირფასი მანიაკი ჩამოგლიჯეს და შემდგომ დიდგორთან მოპოვებული გამარჯვების პატივსაცემად ხახულის ღვთისმშობლის ხატს შესწირეს.

დიდგორის ომმა დიდი ხნით და საფუძვლიანად გადაუტეხა ხერხემალი ქართველთა მტრებს.

მომდევნო 1122 წელს თბილისი აიღო დავით აღმაშენებელმა და 400 წლიანი ტყვეობის შემდეგ დედაქალაქი სამშობლოს დაუბრუნა. 1123 წელს დავითმა დმანისიც შემოიერთა და ამით საქართველოს გაერთიანება საბოლოოდ განასრულა.

გამარჯვება გამარჯვებას მოსდევდა. უფალი შეეწეოდა ღვთის მადიდებელ მეფეს. ჯერ კიდევ 1106 წელს დაიწყო დავით მეფემ თავისი აღმშენებლობითი მოღვაწეობის გვირგვინის - გელათის მონასტრის მშენებლობა. „მოიგონა აღშენება მონასტრისა და დაამტკიცა ადგილსა ყოვლისა შუენიერსა და ყოვლითურთ უნაკლოსა, რომელსა შინა ვითარცა მეორე ცაჲ გარდაათხა ტაძარი ყოვლადწმიდისა და უფროსად კურთხეულისა დედისა ღმრთისა“. ეს ტაძარი ყველა დანარჩენებზე მშვენიერი იყო. დავითმა მას დიდძალი განძი და ომებში მოპოვებული ნადავლი შესწირა, ამასთანავე „შემოკრიბნა კაცნი პატიოსანნი ცხოვრებითა და შემკული ყოვლითა სათნოებითა, არა თჳსთა ოდენ სამეფოთა შინა პოვნილნი, არამედ ქვეყანისა კიდეთათ, სადაცა ესმა ვიეთმე სიწმიდე, სიკეთე, სისრულე, სულიერთა და ხორციელთა სათნოებითა აღსავსეობა, იძინა და კეთილად გამოიძია, მოიყვანნა და დამკჳდრნა მას შინა“. ასე დაუდო საფუძველი უმაღლეს სასწავლებელს - გელათის აკადემიას. აქ მოღვაწეობდნენ: იოანე პეტრიწი, თეოფილე ხუცეს-მონაზონი, იოანე ტარიჭის ძე, არსენ იყალთოელი. მართლსარწმუნოებისა და სიბრძნის კერა იქცა „ყოვლისა აღმოსავლეთისა მეორე იერუსალიმად, სასწავლოდ ყოვლისა კეთილისად, მოძღვრად სწავლულებისად, სხვად ათინად“.

დავითის მზრუნველი ხელი დაეტყო საქართველოს საზღვრებს გარეთ წმიდა ადგილებში მრავლად არსებულ ქართულ სავანეებს.

კაცთმოყვარე მეფემ სნეულთათვის ქსენონი ააშენა, ყველა აუცილებელი ნივთი მოუმზადა. სიუხვით და წყალობით სავსე თვითონაც ხშირად ნახულობდა ავადმყოფებს, ამხნევებდა მათ, მამასავით ეპყრობოდა. დავითს ყოველთვის თან დაჰქონდა ქისა მოწყალების გასაცემად. როცა დააცარიელებდა, სიხარულით აღივსებოდა, თუ დღის ბოლომდე ყველაფერს ვერ გასცემდა, მწუხარედ იტყოდა: „დღესა ვერ მივეც ქრისტესა მარცხებითა ჩემთა ცოდვათათა“.


განსწავლული და მწიგნობარი მეფე თავისუფალ დროს საღმრთო წერილისა და სხვა მეცნიერებათა წვდომას ანდომებდა. დავითს წიგნები ომშიც თან დაჰქონდა, ჯორებით და აქლემებით დაატარებდა ბიბლიოთეკას, როცა კითხვით გადაიღლებოდა, სხვას აკითხებდა, თვითონ კი ყურადღებით უსმენდა. ყველაზე უფრო წმიდა წერილის კითხვა უყვარდა, დავით მეფის ცხოვრების აღმწერი ამბობს: „წინადიდვა ოდესმე წიგნი სამოციქულო წარკითხვად და რაჟამს დაასრულის, ნიშანი დასუის ბოლოს წიგნისასა. ხოლო მოქცევასა წელიწადისასა მით ნიშნითა აღვთუალეთ; ოცდაოთხჯერ წარეკითხა“.

საოცარი მწიგნობარი მეფე სწორუპოვარი ჰიმნოგრაფიც იყო. მისი „გალობანი სინანულისანი“ თავისი ღრმა სულიერებით უტოლდებოდა ეკლესიის უდიდესი ჰიმნოგრაფების ნაწარმოებებს. ქართველ მეფეთა შორის ყველაზე უშიშარმა, ყველაზე ძლევამოსილმა და ყველაზე მართალმა შთამომავლობას დაუტოვა თავისი სულის საოცარი აღსარება, სადაც მწარე გოდებით მოიხსენია ყველა ცოდვა, ნებით და უნებლიედ ქმნილი და შეწყალება გამოსთხოვა ყოვლისმპყრობელ მსაჯულს: „ჟამი რაჲ წვლილთა და ხმელთა აღმოფშჳნვათაჲ წარმოდგეს, ზარი მეფობისაჲ წარხდეს და დიდებაჲ დაშრტეს, შუებანი უქმ იქმენნენ, ყუავილოვნებაჲ დაჭნეს, სხუამან მიიღოს სკიპტრაჲ, სხვასა შეუდგენ სპანი, მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო!“

1125 წელს, როცა „დიდთა საქმეთა და უფროსთა ლაშქრობათა“ წარმართვაზე ფიქრობად, ანდერძი დაწერა ღვთივგვირგვინოსანმა მეფემ, თავის ხელით დასვა სამეფო ტახტზე დემეტრე, დაადგა გვირგვინი, მახვილი შემოარტყა წელზე და „დაულოცა ცხოვრება წარმართებული და განგრძნობა დღეთა ბედნიერით“. თვითონ კი 53 წლის ასაკში აღესრულა „სახელგანთქმულ, ვითარცა ნებროთ გმირთა შორის; ახოვან, ვითარცა ისო წინამბრძოლთა შორის; მოშურნე, ვითარცა ფინეზ მღვდელთა შორის; მხნე, ვითარცა სამფსონ მსაჯულთა შორის; ბრძენ, ვითარცა სოლომონ მეფეთა შორის; მშვიდ, ვითარცა დავით ცხებულთა შორის; მხურვალე, ვითარცა პეტრე მოწაფეთა შორის; კაცთმოყვარე, ვითარცა ჩემი იესო ღმერთთა შორის; ბუნებით ღმერთი მადლით ღმერთქმულთა შორის; საყვარელ, ვითარცა იოანე მეგობართა შორის; მკვირცხლ, ვითარცა პავლე მოციქულთა შორის; სახის დასაბამ უცთომელისა ქრისტიანობისა, ვითარცა დიდი კონსტანტინე თჳთმპყრობელთა შორის; სიმტკიცე კეთილად მსახურებისა, ვითარცა თევდოსი სკიპტრისმპყრობელთა შორის“ (არსენ ბერი).

წმიდა დავით აღმაშენებელი დაკრძალეს მის მიერ აგებული და სამეფო საძვალედ დადგენილი გელათის მონასტრის შესასვლელში. საფლავის ქვაზე ამოკვეთილია კეთილმსახური მეფის უკანასკნელი სურვილი: „ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე ესე მთნავ: აქა დავემკვიდრო მე“.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.





Posted by: nk44 10 Feb 2012, 19:43
10 თებერვალი (ძვ. სტ. 28 იანვარი) პარასკევი

მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული. ღირსისა ეფრემ ასურისა (373-379); ღირსისა პალადი მეუდაბნოისა (IV); ღირსისა ისააკ ასურისა, ნინევიის ეპისკოპოსისა (VI).





ღირსი სტეფანე ხირსელი (VI)
28 (10.02) იანვარი


ნეტარი სტეფანე იყო ათცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი. მისი ცხოვრების ამსახველმა წერილობითმა წყაროებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. წმ. მამა ანტიოქიის მახლობლად მდებარე მონასტერში მოღვაწეობდა. იგი იოანე ზედაზნელის მოწაფე იყო და ბუნებრივია, ანგელოზის მიერ არჩეული ერთ-ერთი ქარტიის მფლობელიც.

წმ. სტეფანე ღვთის მორჩილებითა და დიდი სიხარულით გამოემგზავრა ახალმოქცეულ ივერიაში.

ზედაზნის მთაზე დავანებულ მოწაფეებს იოანემ „მიუმცნო მცნება და სწავლა, რომლითა განამტკიცა იგინი“ და განუტევა საქადაგებლად აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა მხარეს. „ზენონ და სტეფანე წარვიდნენ კახეთს და მოვლეს იგი ქადაგებითა ღუთისათა“.

წმ. სტეფანემ „აღაშენა სამყოფელი თჳსი ხირსის სოფლის მოახლო, სახელსა ზედა წმ. სტეფანესა“. ხირსა ქიზიყის მხარეშია. თუმცა ცალკეული მაგალითები ხირსელის სასწაულმოქმედი ცხოვრებისა აღარ არსებობს, უდავოა, რომ მან „უირცხუნი ძალნი და ნიშნი აღასრულნა ქვეყანასა ზედა, ვინათგან მრავალ არისნ სასწაულნი“ ქმნილნი ასურელ მამათ მიერ. „შემდეგ მრავალს მოუღუაწებია ქვემო კახეთს“, ნეტარი მამა მშვიდობით აღესრულა. მის მიერ აღშენებულ მონასტერში „დაიდვა წმ. გუამი მისი სავსე სასწაულებითა და ნიშებითა“.



ღირსი ეფრემ ასური (+დაახლ. 373-379)
28 (10.02) იანვარი


ღირსი ეფრემ ასური, სინანულის მოძღვარი, IV საუკუნის დასაწყისში დაიბადა ქალაქ ნიზიბიაში. მშობლები ღარიბი მოწათმოქმედები – კეთილმსახურებით ზრდიდნენ შვილს, მაგრამ ეფრემი ფიცხი ბუნების გამო ხშირად ჩხუბობდა, დაუფიქრებლად იქცეოდა და ღვთის განგებულებაშიც კი ეჭვი ეპარებოდა. დაუდევარი ჭაბუკი თვით უფალმა გაწვრთნა: ერთხელ მას ცხვრების მოპარვა დასწამეს და საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სადაც ჩაესმა ხმა, რომელიც სინანულისა და გამოსწორებისაკენ მოუწოდებდა. განთავისუფლების შემდეგ ეფრემი განეშორა ამ ქვეყანას და ნიზიბიის მთებში დაეყუდა. აქ მისი მოძღვარი შეიქნა ცნობილი ასკეტი იაკობი - ნიზიბიის ეპისკოპოსი (ხს. 13 იანვარს). მღვდელმთავრის მადლმოსილი ხელმძღვანელობით ღირსი მამა სხვადასხვა ქრისტიანულ სათნოებას იხვეჭდა და სულიერებაშიც წარემატებოდა. იაკობი მის ღირსებებს ეკლესიის საკეთილდღეოდ იყენებდა: ავალებდა ქადაგებების წარმოთქმას, ბავშვების სწავლებას სასწავლებელში. წმიდანი მოძღვარს თან ახლდა 325 წელს ნიკეაში გამართულ I მსოფლიო კრებაზეც. ეფრემი იაკობის მორჩილებაში იმყოფებოდა 14 წლის განმავლობაში მის აღსასრულამდე.

363 წელს, როცა ნიზიბია სპარსელებმა დაიპყრეს, ეფრემმა დატოვა უდაბნო და ერთ-ერთ მონასტერში დაემკვიდრა ქალაქ ედესის მახლობლად. აქ მის გვერდით მოსაგრეობდნენ დიდი მამები, რომლებიც ლოცვასა და ფსალმუნთა გალობაში ატარებდნენ დროს. მათი თავშესაფარი გამოქვაბული იყო, ერთადერთი საკვები კი - მცენარეულობა. ასკეტურ ღვაწლს ღირსი მამა საღვთო წერილის დაუცხრომელ შესწავლას უთავსებდა. უფალმა იგი მოძღვრობის ნიჭით დააჯილდოვა: ყოველი მხრიდან მოისწრაფოდნენ მისკენ სულიერი რჩევა-დარიგების მსურველები. ეფრემის ქადაგებებს მსმენელებზე განსაკუთრებული ზემოქმედება ჰქონდა, რადგან ღირსი მამა დარიგებებს საკუთარი თავის მხილებით იწყებდა. წმიდანი მსმენელებს სინანულისაკენ, სარწმუნოებისაკენ და კეთილმსახურებისაკენ მოუწოდებდა, ამხელდა ფართოდ გავრცელებულ არიანელთა ერესს. მისმა მადლმოსილმა სწავლა-მოძღვრებამ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე.

ღირსმა მამამ იღვაწა საღვთო წერილის, კერძოდ კი, მოსეს ხუთწიგნეულის განმარტებისთვის. მას ეკუთვნის მრავალი ლოცვა და საგალობელი. განსაკუთრებით ცნობილია ლოცვები წმიდა სამების, ძე ღვთისას, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიმართ, საგალობლები ათორმეტი საუფლო დღესასწაულის განსადიდებლად. ეფრემ ასურის ლოცვა „უფალო და მეუფეო“ დიდმარხვაში იკითხება და ქრისტიანებს სულიერი განახლებისაკენ მოუწოდებს. ეკლესია უძველესი დროიდანვე ფრიად აფასებდა ღირსი მამის ნაშრომებს; მიღებული იყო მათი კითხვა მართალთა ლიტურღიაზე, სახარების შემდეგ. ეფრემის ნაწერები ადრევე ითარგმებოდა სხვადასხვა ენებზე.

წმიდა მამა, სიმდაბლის გამო, თავს ყველაზე უღირსად თვლიდა. სიცოცხლის მიმწუხრზე იგი ეგვიპტეში გაემგზავრა დიდი მეუდაბნოე მამების ღვაწლის გასაცნობად. უკან გამობრუნებულმა კაბადოკიის კესარიაში გამოიარა, ბასილი დიდთან (ხს. 1 იანვარს). დიდ მღვდელმთავარს მისი ხუცესად კურთხევა უნდოდა, მაგრამ ეფრემმა დაიჟინა და დიაკვნად დაასხა ხელი ღირს მამას. ამ ხარისხში იმყოფებოდა იგი აღსასრულამდე. წმიდა მამას მღვდელმთავრობაც შესთავაზეს, მაგრამ მან, თავიდან რომ აეცდინა ეს მძიმე ჯვარი, სალოსობა დაიწყო. როცა ედესაში საშინელი შიმშილობა მძვინვარებდა, ეფრემმა თავისი შთამაგონებელი სიტყვით მდიდრები გლახაკების დასახმარებლად აღძრა. მორწმუნეთა შემოწირულობით მან დავრდომილთა თავშესაფარი ააგო. შემდეგ კი ედესის მახლობლად, გამოქვაბულში განმარტოვდა და აქ მოღვაწეობდა აღსასრულამდე.



ღირსი პალადი მეუდაბნოე (VI)
28 (10.02) იანვარი



ღირსი პალადი მეუდაბნოე ერთი მთის გამოქვაბულში მოღვაწეობდა სირიის ანტიოქიის მახლობლად. დაუცხრომელი მოღვაწეობისათვის მან უფლისაგან სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ერთხელ ღირსი მამა მღვიმის მახლობლად, უცნობი ვაჭრის ცხედარი იპოვეს და მის მკვლელობაში დასდეს ბრალი, მაგრამ მეუდაბნოის ლოცვით მიცვალებული მკვდრეთით აღსდგა და თავისი ნამდვილი მკვლელები დაასახელა. წმიდანი IV საუკუნის დასასრულს გარდაიცვალა.



ღირსი ისააკ ასური, ნინევიის ეპისკოპოსი (VII)
28 (10.02) იანვარი


ღირსი ისააკ ასური, ნინეველი ეპისკოპოსი VII საუკუნეში ცხოვრობდა. ის ძმასთან ერთად მარის წმიდა მათეს სახელობის მონასტერში დაემკვიდრა. ღრმა განსწავლულობისა და მაღალი სულიერებისათვის მას მონასტრის წინამძღვრობას სთავაზობდნენ, მაგრამ მდუმარებისაკენ მოდრეკილმა ღირსმა ისააკმა საერთოდ დატოვა სავანე და დაყუდებული ცხოვრება დაიწყო. ძმა ევედრებოდა მას, მობრუნებულიყო უკანვე. ღირსი მამა კი უარზე იდგა, მაგრამ როცა მისი წმიდა ცხოვრების ამბავი გახმაურდა, იძულებული გახდა, ნინევიის ეპოსკოპოსობაზეც დათანხმებულიყო. ქალაქის მცხოვრებლები უხეში ზნით გამოირჩეოდნენ და ქრისტიანული სწავლების მარცვლებს იწყნარებდნენ. მღვდელმთავარი გრძნობდა, რომ არ შესწევდა მათი გამოსწორების ძალა, თან განდეგილური ცხოვრების სიამტკბილობაც ახსენებდა თავს. ეს ყველაფერი სულს უმძიმებდა მოსაგრეს, ამიტომაც დატოვა კათედრა და სკიტის უდაბნოში განმარტოვდა, სადაც აღესრულა კიდეც ღვთივსათნო ღვაწლში.



* * *
11 თებერვალი (ძვ. სტ. 29 იანვარი) შაბათი

მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული. მოწამისა აშოტ დიდი კურაპალატისა (829); აღმოყვანება ნაწილთა მღვდელმოწამისა ეგნატე ღმერთშემოსილისა (107); მოწამეთა: რომანოზისა, იაკობისა, ფილოთეოზისა, იპერიქისა, აბიბოსი, ივლიანესი და პარიგორისა (297); მოწამეთა: სილოვანე ეპისკოპოსისა, ლუკა დიაკონისა და მოკიოს წიგნისმკითხველისა (312).




ჯვრის გამოჩინებაჲ, რომელი კონსტანტი მეფეს გამოუჩნდა ზეცით
29 (11.02) იანვარი


წმიდა მოციქულთასწორი მეფე კონსტანტინე დიდი (306-337) რომის იმპერიის დასავლეთი ნაწილის კეისარი, ქრისტიანებისადმი კეთილგანწყობილი კონსტანცი ქლორის ვაჟი იყო. მან სიყმაწვილე დიოკლეტიანე მეფის კარზე გაატარა „საპატიო ტყვეობაში“, სადაც საკუთარი თვალით ხედავდა ქრისტიანთა აუტანელ, მხეცურ ტანჯვა-წამებასა და ხოცვა-ჟლეტას. ის გრძნობდა, რომ სისხლისმსმელი იმპერატორი რაღაც დაუძლეველს ებრძოდა, მისი გული ქრისტიანებისადმი თანაგრძნობით იმსჭვალებოდა და იმ ღვთის მისაღებად ემზადებოდა, ვისი ძალაც ასე ცხადად ევლინებოდა უძლურებაში.

306 წელს, კონსტანცი ქლორის სიკვდილის შემდეგ, ლაშქარმა კონსტანტინე დიდი გალიისა და ბრიტანეთის იმპერატორად გამოაცხადა. ტახტზე ასვლისთანავე მან ქრისტიანობის სასარგებლოდ გაცემული მამამისის განკარგულებები დაადასტურა და მათ სარწმუნოების აღსარების თავისუფლება მისცა. რომის იმპერიის სხვა ხელისუფლებს – ფანატიკოს წარმართ მაქსიმიან გალერიუსს (აღმოსავლეთში) და სასტიკ ტირანს მაქსენტის (დასავლეთში) სძულდათ კონსტანტინე და მის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადებოდნენ.

როცა ამის შესახებ შეიტყო, მოციქულთასწორმა მეფემ თავად დაიწყო მზადება რომზე გასალაშქრებლად, რაც დიდ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. ამ მნიშვნელოვანი ბრძოლის წინ მას სურდა, ჭეშმარიტად ზეციდან მიეღო შეწევნა და უფალმაც წყალობის თვალით მოხედა თავის რჩეულს. ერთხელ, ნაშუადღევს, უკვე დასავლეთისაკენ გადახრილი მზის ფონზე მან ცხადად დაინახა ჯვრის ნიში წარწერით: „ამით სძლევ!“

ამ სანახაობამ თავზარი დასცა კონსტანტინეს და მის თანმხლებ მეომრებს, რადგან ჯვარი, როგორც სამარცხვინო სასჯელის იარაღი, წარმართებს უბედურების მომასწავებლად მიაჩნდათ. შეშფოთებულ მეფეს ღამით, ძილში თავად იესო ქრისტე ეჩვენა და ურჩია, საბრძოლო დროშებზე გამოესახა ხილვაში ნანახი ნიში და მისი ძალით შებრძოლებოდა მტერს.

მართლაც, უფლის რჩეულმა თავის ლაშქარს ჯვრის გამოსახულებიანი ოქროებითა და ძვირფასი თვლებით შემკული საბრძოლო დროშა წაუმძღვარა, მეომრებს ფარებზე და მუზარადებზეც ეს ნიშანი გამოასახვინა და მტერს არნახული დამარცხება აგემა.

რომში გამარჯვებით შესულ კონსტანტინეს სიხარულით შეეგება მაქსენტის ძალმომრეობით დათრგუნული და გატანჯული მოსახლეობა, ქალაქის ყველაზე ხალხმრავალ ადგილას მათ ახალი იმპერატორის ქანდაკი აღმართეს, რომლის ხელშიც, თავად კონსტანტინეს მითითებით, დაამაგრეს ჯვრის ფორმის შუბი წარწერით: „ამ მაცხოვნებელი ნიშით გავანთავისუფლე თქვენი ქალაქი ტირანის უღლისაგან და რომაელ ხალხს და სენატს დავუბრუნე ძველი ბრწყინვალება და დიდება“.

ამ გამარჯვების შემდეგ, 314 წელს მოციქულთასწორმა იმპერატორმა გამოსცა ბრძანება, რომელიც მის ქვეშევრდომებს სარწმუნოების სრულ თავისუფლებას ანიჭებდა: წარმართებს რჩებოდათ თავიანთი რიტუალების შესრულების უფლება, ქრისტიანებს კი ეძლეოდათ ნება აშკარად ეღიარებინათ ერთი ჭეშმარიტი ღმერთი. შემდგომი ბრძანებულებებით კონსტანტინემ გააუქმა ჯვარცმის სასჯელი, აკრძალა სისხლიანი სანახაობები ცირკში; კვირა დღე დასვენების დღედ გამოაცხადა არა მხოლოდ თავისუფალი მოქალაქეებისათვის, არამედ მონებისათვისაც; მღვდელმსახურები ყოველგვარი გარეშე მოვალეობებისაგან და გადასახადებისაგან გაანთავისუფლა; ეკლესიას დაუბრუნა ჩამორთმეული შენობები და გადასცა ახლებიც, ღვთისმსახურებისთვის მეტად შესაფერისი ბაზილიკები, სადაც ადრე მოსამართლეები ბჭობდნენ. ქრისტეს ეკლესიამ შვებით ამოისუნთქა „უძველესი იადგარის“ მოწმობით, ჩვენი წინაპრები 29 იანვარს ზეიმით აღნიშნავდნენ ჯვრის გამოჩინების სასწაულს.


წმიდა მოწამე აშოტ კურაპალატი, არტანუჯის ტაძარში წამებული (+829)
29 (11.02) იანვარი



წმიდა აშოტ დიდი კურაპალატი, ქართლის ერისთავ ადარნასეს შვილი იყო. აშოტი 786 წელს გახდა ქართლის ერისმთავარი. ამ დროს საქართველო ოთხ ნაწილად იყო დაყოფილი: ქართლი, ანუ თბილისი მისი შემოგარენით და შუა ნაწილი საქართველოსი არაბთა ამირას ემორჩილებოდა, აღმოსავლეთი, კახთა მთავარს, გრიგოლს ეპყრა, დასავლეთ საქართველოს აფხაზთა მეფე განაგებდა, სამხრეთ საქართველო კი, ღვთის ნებით, იქცა სამკვიდრებელად აშოტ კურაპალატისა და მისი შთამომავლობისა.

ერისმთავრად დადგინების დღიდანვე დაიწყო აშოტმა ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისათვის, ისარგებლა არაბთა დაუძლურებით და თბილისიდან განდევნა აგარიანნი. „თბილისს არავინ დარჩა სარკინოზთაგანი, თჳნიერ ალი შუაბის ძისა“, ქართლის შემომტკიცების შემდეგ ბარდავიც ქართლს შეუერთა აშოტმა და სამი წლის მანძილზე მის „სახლად იყო ტფილისი და ბარდავი“. ამასობაში არაბთა ხალიფას ტახტზე ახალი მბრძანებელი ავიდა, „განძლიერდა ხელმწიფება აგარიანთა და იწყეს ძიება აშოტისა და ვერ უძლო წინააღმდგომად მათდა აშოტ და ივლტოდა მათგან“. თბილისი კვლავ არაბებმა ჩაიგდეს ხელში. აშოტი იძულებული გახდა, ქართლს განრიდებოდა და საბერძნეთში წასულიყო ცოლ-შვილთან და მცირერიცხოვან სპასთან ერთად. ჯავახეთს მიწევნული ლტოლვილები ფარავნის ტბასთან შეჩერდნენ დასასვენებლად. მძინარეებს სარკინოზთა ლაშქარი დაესხათ თავს. მცირერიცხოვანი სპა სასიკვდილოდ იყო განწირული, მაგრამ „შეეწია ღმერთი აშოტ კურაპალატსა და კნინსა ლაშქარსა მისსა, მოსცა ძლევა მას ზედა და მოსრნეს სიმრავლენი ურიცხუნი“. ერისმთავარმა ამ გამარჯვებაში ღვთის ნიშანი განსჭვრიტა, საბერძნეთში წასვლა გადაიფიქრა და შავშეთ-კლარჯეთში დარჩენა გადაწყვიტა. ამ დროს სამხრეთ საქართველო საცოდავ მდგომარეობაში იმყოფებოდა. უსჯულოთაგან დარბეული ხალხის გაჭირვებას ქოლერის ეპიდემიაც დაემატა და „მცირედღა დაშთეს კაცნი ადგილ-ადგილ“.

სასომიხდილმა და უბედურებისაგან ქანცგაწყვეტილმა მოსახლეობამ სიხარულით მიიღო აშოტ კურაპალატი. იგი შეუდგა დანგრეული ქვეყნის აღდგინებას, „რომელნიმე სოფელნი მის ქვეყანაჲსანი მოიყიდნა საფასოთი, ზოგნი ოჴერნი აღაშენნა და განამრავლა სოფლები აშოტ კურაპალატმან ქვეყანათა მათ შინა“. აშოტ კურაპალატმა აღადგინა წმიდა კეთილმსახური მეფის, ვახტანგ გორგასლის (ხს. 30 ნოემბერს) მიერ აშენებული არტანუჯის ციხე, რომელიც მურვან-ყრუს მიერ იყო აოხრებული, მის მახლობლად ქალაქი გააშენა და კლარჯეთელ ბაგრატიონთა საბრძანებლად გამოაცხადა იგი, ააგო წმიდა პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის ეკლესია. „მრავალგზის მოსცა ღმერთმან აშოტ კურაპალატსა ძლევა და დიდი დიდება ბრძოლასა შინა“.

კლარჯეთი ახალ სიცოცხლეს იძენდა. სრულიად საქართველოს პოლიტიკურ ცენტრად ქცეული მხარე სულიერადაც მტკიცდებოდა და ძლიერდებოდა. ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) და მისი თანამოსაგრეების ძალისხმევით უდაბნო დაბა-სოფლებად იქცა, აშენდა ეკლესია-მონასტრები, ჩამოყალიბდა ლიტერატურული სკოლები, ერის საუკეთესო შვილები მიდიოდნენ კლარჯეთში და ღმერთშემოსილი მამების გვერდით საქართველოს კეთილ მომავალს ჭედდნენ.

საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლი წმიდა აშოტ დიდი ღვთის მოშიში და მოყვარული იყო. მან დიდი სიხარულით და პატივით ისტუმრა თავის სასახლეში წმიდა მამა გრიგოლი, „ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი“. ღირსმა მამამ აკურთხა ხელმწიფე: „არა მოაკლდეს მთავრობაჲ შვილთა შენთა და ნათესავთა მათთაჲ ქუეყანათა ამათ უკუნისამდე ჟამთა, არამედ იყვნენ იგინი მტკიცედ უფროჲს კლდეთა მყართა და მთათა საუკუნეთა და დიდებულ იყვნენ უკუნისამდე“.

წმიდა აშოტ კურაპალატი ღირსი გრიგოლის კეთილ საქმეს მატერიალურადაც შეეწია. „შესწირა ადგილნი კეთილნი და შატბერდისა ადგილი აგარაკად ხანძთისა“. მეფის შვილებმაც - ადარნასემ, ბაგრატმა და გუარამმაც, დიდძალი საფასე გაიღეს კლარჯეთის უდაბნოთა ასაღორძინებლად.

ბრძოლებში შეუდრეკელი აშოტი უსიტყვოდ ემორჩილებოდა ეკლესიის მსახურებს. ზნეკეთილ მეფეს, „გარდარეული სიყუარულით“ შეუყვარდა ერთი ქალი, დაივიწყა ღირსებაც, პატივიც, მოვალეობაც ღვთისა და ერის წინაშე და დედოფლისთვის აღდგენილ არტანუჯის სასახლეში მიიყვანა იგი. ღირსმა გრიგოლმა შეიტყო „საქმეჲ იგი სულისა განმხრწნელი“, „შეწუხდა ფრიად“, ეახლა მეფეს და ამხილა მისი უღირსი საქციელი. შეცბუნებულმა აშოტმა აღუთქვა განტევება ქალისა, მაგრამ სიტყვა ვერ შეასრულა, „რამეთუ დაემონა გულის-თქუმასა“. ღირსმა გრიგოლმა აშოტ კურაპალატის დაუკითხავად დედაკაცი სასახლიდან წაიყვანა და მერეს დედათა მონასტერში წინამძღვარ თებრონიას (ხს. 5 ოქტომბერს) მიჰგვარა. მეფემ დედა თებრონიას ქალის გაშვება სთხოვა: მონაგები ჩვენი მის ხელთ არისო. დედა თებრონიამ მკაცრად შეახსენა მეფეს, „მიზეზებად მიზეზთა კაცთა თანა, რომელნი იქმან უსჯულოებასა“. ხორციელად ძლიერმა ხელმწიფემ თავი დადრიკა „სულით ძლიერი“ დედის წინაშე და ოხვრით წამოსცდა: „ნეტარ მას კაცსა, ვინ არღარა ცოცხალ არს“. ღვთისმოშიშმა მეფემ, რომელსაც „მამხილებელად აქუნდა თჳსი გონებაჲ“ ძლია მის პირად გრძნობებს და მიუხედავად უდიდესი შინაგანი ბრძოლისა „სიხარულით წარვიდა, რამეთუ გულითა წმიდითა აქუნდა ნეტართა მათ პატივი, ვითარცა სულისა მისისა საუკუნოდ გჳრგჳნოსან-მყოფელთაჲ“.

ღვთისა და ქვეყნის მოყვარული მეფე მთელი ქართლის დაბრუნებისათვის ემზადებოდა, მაგრამ „მოვიდა ხალილ იაზიდის ძე არაბი და დაიპყრა სომხითი, ქართლი და ჰერეთი“.

წმიდა აშოტი საბრძოლველად მოემზადა, მალემსრბოლი გაგზავნა ლაშქრის შესაკრებად, მაგრამ, სანამ ჯარი შეიკრიბებოდა, „დაესხნენ სარკინოზნი უცნაურად და აოტეს იგი“. ხელმწიფემ ნიგალის ხევს მიჰმართა და „იწყო ძებნად ერისა, რათამცა ვითა განიმრავლა ლაშქარი თჳსი“. საუბედუროდ, წვეულთა შორის მოღალატენიც აღმოჩნდნენ. მეფე ძალიან გვიან მიხვდა ღალატს. მან თავი ტაძარს შეაფარა, მაგრამ იუდას ცოდვით დამძიმებულებმა იქაც შეაღწიეს და მოკლეს მეფე „მახჳლითა საკურთხეველსა ზედა“. „დაკლეს იგი, ვითარცა ცხოვარი აღსავალსა საკურთხევლისასა და სისხლი იგი მისი დათხეული დღესაცა საჩინოდ სახილველ არს“, - წერს სუმბატ დავითის ძე თავის წიგნში „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“.

ასე მოწამეობრივად აღესრულა პირველი ბაგრატოვანი ხელმწიფე, „კეთილად მორწმუნე, რომლისა გამო დაემტკივა ქართველთა ზედა მთავრობაჲ მისი და შვილთა მისთაჲ“.

ქართველებმა მტერს არ შეარჩინეს საყვარელი ხელმწიფის სიკვდილი. დოლისყანას მყოფებმა გაიგეს, რომ „მოიკლა მათი უფალი აშოტი“, დაედევნენ მკვლელებს, ჭოროხის მიდამოებში დაეწივნენ გაქცეულებს და ისე ამოწყვიტეს, რომ ამბის წამღებიც არ დარჩენილა.

წმიდა მოწამის, აშოტ დიდის ნეშტი დაკრძალეს მის მიერ აშენებულ, წმიდა მოციქულთა, პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაში.



აღმოყვანება ნაწილთა მღვდელმოწამისა ეგნატე ღვთივშემოსილისა (+107)
29 (11.02) იანვარი


წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილის ნაწილთა აღმოყვანება. მას შემდეგ, რაც მღვდელმთავარი ეგნატე იმპერატორ ტრაიანეს (98-117) ბრძანებით მხეცებს დააგლეჯინეს, 107 წელს ქრისტიანებმა შეკრიბეს მისი ძვლები და რომში დაკრძალეს. 108 წელს წმიდანის უხრწნელი ნაწილები ანტიოქიის გარეუბანში გადაასვენეს. მათი მეორე გადასვენება თვით ქალაქ ანტიოქიაში მოხდა 438 წელს. როცა ეს ქალაქი სპარსელებმა დაიპყრეს, 540 წელს (სხვა ცნობით, 638 წელს), მღვდელმთავრის ნეშტი რომში დააბრუნეს და წმიდა პაპ კლიმენტის სახელობის ტაძარში დაასვენეს.



მოწამენი: რომანოზი, იაკობი, ფილოთეოზი, იპერიხი, აბიბო, იულიანე, პალიგორი (+297)
29 (11.02) იანვარი



წმიდა მოწამენი: რომანოზი, იაკობი, ფილოთეოზი, იპერიხი, აბიბოსი, იულიანე და პარიგორი ქალაქ სამოსატში (სირია) ეწამნენ 297 წელს, დიოკლეტიანეს დროინდელი დევნულობისას. მათ უშიშრად ამხილეს კერპთმსახურთა უგნურება, რისთვისაც საშინელი წამების დათმენა მოუხდათ. ბოლოს ჯვარს აცვეს და თავებით ძელზე მიალურსმნეს.



მოწამე სილუანე ეპისკოპოსი, ლუკა დიაკონი და მოკი მკითხველი (+312)
29 (11.02) იანვარი


წმიდა მოწამე სილუანე ეპისკოპოსი, ლუკა დიაკონი და მოკი მკითხველი ფინიკიაში ეწამნენ 312 წელს. ისინი ჯერ სასტიკად დატანჯეს, შემდეგ საპყრობილეში ჩაყარეს და მხეცები მიუსიეს დასაგლეჯად. ნადირებმა პირი არ დააკარეს მარტვილებს. უფალმა ყურად-იღო თავის რჩეულთა ლოცვა და მშვიდობით შეივედრა მათი სულები. ქრისტიანებმა პატივით დაკრძალეს მოწამეთა ცხედრები.



ღირსი აფრაატი (+370)
29 (11.02) იანვარი



ღირსი აფრაატი წარმოშობით სპარსი იყო. მას შემდეგ, რაც ირწმუნა ქრისტე, იგი განეშორა უსჯულო თანამემამულეებს და ჯერ ედესას მიაშურა, შემდეგ კი ანტიოქიას. აქ იგი თავისი წმიდა ცხოვრებით მრავალ ადამიანს იზიდავდა და ღვთის სიტყვას უქადაგებდა. წმიდანი 370 წელს მიიცვალა.

Posted by: nk44 13 Feb 2012, 12:59
13 თებერვალი (ძვ. სტ. 31 იანვარი) ორშაბათი

ხორციელის შვიდეული. ქართველთა კეთილმორწმუნე მეფისა თამარისა (1213); უვერცხლოთა მოწამეთა კვიროსისა და იოანესი და მათთანა მოწამეთა: ათანასიასი და ასულთა მისთა: თეოდოტიასი, თეოქტისტასი და ევდოქსიასი (311); მოწამეთა: ბიქტორინესი, ბიქტორისა, ნიკიფორესი, კლავდისა, დიოდორესი, სერაპიონისა და პაპიანესი (251); მოწამისა ტრვიფენა კვიზიკელისა.



წმიდა კეთილმსახური მეფე თამარი (+1213)






წმიდა მეფე თამარის მარად უკვდავი სიტყვა

„ჰოი, წმიდანო მამანო, თქუენ ღმრთისა მიერ განჩინებული ხართ მოძღვრად ჩვენდა და მმართებლად წმიდასა ეკლესიასა და თანაგაც მისა სიტყვის მიცემა სულთათვის ჩვენთა. გამოიძიეთ ყოველი კეთილად და დაამტკიცეთ მართალი, ხოლო განხადეთ გულარძნილი. იწყეთ ჩემ ზედა, რამეთუ შარავანდი ესე მეფობისა არს და არა ღმრთის მბრძოლობისა. ნუ თუალახუამთ მთავართა სიმდიდრისათვის, ნუცა გლახაკთა უდებ-ჰყოფთ სიმცირისათვის თქუენ სიტყვითა, ხოლო მე საქმით, თქუენ სწავლით, ხოლო მე განსწავლით, თქუენ წურთით, ხოლო მე განწურთით, ზოგად ხელი მივსცეთ დაცვად სჯულთა საღმრთოთა შეუგინებელად, რათა არა ზოგად ვიზღვივნეთ: თქუენ, ვითარცა მღდელნი, ხოლო მე ვითარცა მეფე, თქუენ ვითარცა მნენი, ხოლო მე, ვითარცა ებგური“.


Posted by: ირისი 13 Feb 2012, 13:04
ეხლა ერთმა თამარამ დაწერა ფეისბუქზე თამარობა ყოფილა დღესო და ხალხი ულოცავს ერთმანეთს!

Posted by: nk44 14 Feb 2012, 20:35
14 თებერვალი (ძვ. სტ. 1 თებერვალი) სამშაბათი

ხორციელის შვიდეული. მიგებების წინადღესასწაული. მოწამისა ტრიფონისა (250); მოწამეთა: პერპეტუასი, სატირისა, რევოკატისა, სატორნილესი, სეკუნდესი და ფილიციტატასი (202-203); ღირსისა პეტრე გალატიელისა (429); ღირსისა ბენდიმიანესი, ბითვინიელი მეუდაბნოისა (დაახ. 512).



წმიდა მოწამე ტრიფონი (+250)
1 (14) თებერვალი


წმიდა მოწამე ტრიფონი ფრიგიის ქალაქ აპამეის მახლობლად, სოფელ კამპსადაში დაიბადა. უფალმა მას სიყრმეშივე მიანიჭა ეშმაკთა განსხმისა და სხვადასხვა სნეულებათა კურნების ნიჭი. ერთხელ კამპსადას პურის ყანებს მავნე მწერები შეესია და განადგურებას უქადდა მთელს მოსავალს. ტრიფონმა ლოცვის ძალით გაასხნა ისინი და თანასოფლელები შიმშილობისაგან იხსნა; ამ დროს რომში მეფობდა გორდიანი, რომელსაც ეშმაკეული ასული ჰყავდა. ქალწულში ჩაბუდებულმა ბოროტმა სულმა, ღვთის ნებით, შესძახა: „ვერავინ განდევნის ტრიფონის გარდა”. როცა მეფის მსახურებმა მოძებნეს ყრმა და მასთან ერთად რომში ბრუნდებოდნენ, ეშმაკმა შესძახა: „არ შემიძლია აქ გაჩერება, ტრიფონი ახლოვდება!” და დატოვა ასული. გახარებულმა გორდიანმა სთხოვა წმიდანს ხილულად ეჩვენებინა მისთვის ეშმაკი. ტრიფონმა გააძლიერა ლოცვა, მეშვიდე დღეს კი სულიწმიდის მადლით აღვსილმა დემონს უბრძანა: „ჩემი უფლის, იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, ხილულად ეჩვენე აქ მყოფთ, გამოაჩინე შენი საძაგელი, ურცხვი სახე და გვიჩვენე შენი უძლურება!” იმავ წამს გამოჩნდა ეშმაკი, ცეცხლოვანთვალებიანი შავი ლეკვის სახით, რომელიც თავს მიწაზე მოათრევდა. მეფე და მისი მხლებლები შეძრწუნდნენ. მრავალმა ირწმუნა ქრისტე და მოინათლა; წმიდანი ყველა გაჭირვებულს უანგაროდ ეხმარებოდა. ერთადერთი, რასაც საზღაურად ითხოვდა, იესო ქრისტეს რწმენა იყო.

როცა ტახტზე ქრისტიანთა სასტიკი მდევნელი, დეკიუსი (249-251) ავიდა, ეპარქ აკილინეს მოახსენეს, ტრიფონი უშიშრად ქადაგებს ქრისტიანობას და მრავალს მოაქცევს თავის რჯულზეო. წმიდანი შეიპყრეს. დაკითხვაზე მან ახოვნად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება, რისთვისაც სასტიკად აწამეს, მაგრამ მარტვილს ერთხელაც არ დაუკვნესია. ბოლოს მას თავის მოკვეთა მიუსაჯეს. სასიკვდილო განაჩენის აღსრულების წინ წმიდა ტრიფონმა შესთხოვა უფალს, განსაკუთრებული მადლი მიენიჭებინა მათთვის, ვინც მის სახელს შემწედ მოუხმობდა. ქრისტეს ტარიგმა მანამ შეჰვედრა სული უფალს, სანამ ჯალათი აღმართულ მახვილს დაჰკრავდა. ეს მოხდა ნიკეაში 250 წელს. წმიდანის ნაწამები სხეული ქრისტიანებმა ტილოში შეგრაგნეს და სურდათ, იგი ნიკეაშივე დაეკრძალათ, მაგრამ ტრიფონი გამოცხადებით ეჩვენა მათ და ითხოვა, თავის მშობლიური სოფლის, კამპსადას მიწისთვის მიებარებინათ. ღვთისმოყვარე ადამიანები ასეც მოიქცნენ.

შემდგომში წმიდა მოწამის ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს, იქიდან კი რომში წააბრძანეს.



წმიდა მოწამენი პერპეტუა, სატირი, რევოკატი, სატორნილე, სეკუნდი და ფილაციტატა (+202-203)

წმიდა მოწამე პერპეტუა პატრიციების გვარის შთამომავალი იყო. მან ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. წმიდანი მოწამეობრივად აღესრულა ძმასთან, სატირთან, მხევალთან – ფელიციტატასთან და ჭაბუკებთან: რევოკატთან, სატორნილესთან და სეკუნდთან ერთად, რომლებიც ასევე ქრისტიანობის მისაღებად ემზადებოდნენ.


ღირსი პეტრე გალატელი (+429)

პეტრე გალატელი ცხრა წლის იყო, როდესაც ღვთის სიყვარულისთვის ფარულად დატოვა მშობლიური სახლი და ჯერ იერუსალიმს მიაშურა, შემდეგ კი ანტიოქიაში დაემკვიდრა. აქ წმიდანმა ერთ გამოქვაბულს შეაფარა თავი და მკაცრ მარხვასა და ლოცვას მიეცა, საზრდელს მხოლოდ დღეგამოშვებით ღებულობდა. გულმოდგინე მოღვაწეობისთვის მან უფლისგან სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი მამა 429 წელს გარდაიცვალა 90 წლის ასაკში.


ღირსი ვენდიმიანი, ბითვინიელი მეუდაბნოე (+დაახლ. 512)

ღირსი ვენდიმიანი მიზიაში დაიბადა. ახალგაზრდობაში იგი წმიდა ავქსენტის (ხს. 14 თებერვალს) მოწაფე იყო. წმიდანი ავქსენტის მიერ ქალკედონის (მცირე აზია) მახლობლად დაარსებულ მონასტერში დაემკვიდრა, სადაც თავისი მოძღვრის კელიაში ერთ კლდის ნაპრალში მოსაგრეობდა 42 წლის მანძილზე და უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიიღო. წმიდა ვენდიმიანი გარდაიცვალა 512 წელს.


Posted by: nk44 15 Feb 2012, 14:11
15 თებერვალი (ძვ. სტ. 2 თებერვალი) ოთხშაბათი

ხორციელის შვიდეული. მირქმა-მიგებება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი.




მირქმა



პტოლემეოს ფილადელფოსმა, რომელიც ქრისტეს შობამდე 287-247 წლებში განაგებდა ეგვიპტეს, ალექსანდრიაში ცნობილი ბიბლიოთეკა დააარსა. ერთხელ მან შეიტყო, რომ მის მიერ დამორჩილებულ იუდეველებს სიბრძნითა და სიწმინდით სავსე მრავალი საღმრთო წიგნი ჰქონდათ და გადაწყვიტა, ბერძნულად ეთარგმნა ისინი. ამით თავის სახელგანთქმულ წინგსაცავსაც გაამდიდრებდა და ალექსანდრიაში მცხოვრებ იუდეველთა კეთილგანწყობასაც დაიმსახურებდა - იმხანად ეგვიპტეში გადახვეწილ ებრაელებს თითქმის დავიწყებოდათ მშობლიური ენა.

პტოლემეოსმა იერუსალიმში ელჩობა წარგზავნა და მღვდელმთავარ ელეაზართან დიდი ძღვენი და წერილი გაატანა. სთხოვდა, გაეგზავნა მისთვის საღმრთო წიგნები და სჯულის მეცნიერნი, რომლებიც მათ ბერძნულ ენაზე თარგმნას შეძლებდნენ.

ელეაზარმა ისრაელის 12 ტომიდან ამოირჩია ექვს-ექვსი მოხუცებული, რომელთაც ზედმიწევნით იცოდნენ ბერძნული ენა, ჩააბარა მათ წმიდა წიგნები და პტოლემეოსთან გაგზავნა.

ეგვიპტის მმართველმა დიდი პატივით მიიღო ისინი, დაასაჩუქრა და ფაროსის კუნძულზე დაასახლა.

სამოცდათორმეტმა ღირსმა მამამ 72 დღეში გადათარგმნა წმინდა წერილი (ამ თარგმანს შემდეგ სეპტუაგინტა - სამოცდაათის თარგმანი - ეწოდა).


ღირს მამათა შორის გახლდათ მღვდელი უფალი საბაოთისა, წმინდა სვიმეონი (მღვდლის ეფოსწამოსხმული, ოქროს კვერთხით ხელში გამოეცხადა იგი პეტრე ათონელს). წმინდა სვიმეონს ესაია წინასწარმეტყველის წიგნის თარგმნა ერგო. ღირსი მამა დიდი მოკრძალებითა და ღვთისმოშიშებით შეუდგა საქმეს. როცა იმ ადგილამდე მივიდა, სადაც ესაია მაცხოვრის შობას წინასწარმეტყველებს: „აჰა ესერა, მიუდგეს ქალწული და შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი ემანუელ“, - სვიმეონი შეცბა და ისე განკვირდა, თითქოს პირველად წაიკითხაო ეს სიტყვები. „როგორ შეიძლება, ქალწულმა მამა კაცის გარეშე შობოს ყრმაო“, - გაიფიქრა და დანა აიღო, რათა სიტყვა „ქალწული“ ამოეფხიკა და მის ნაცვლად „დედაკაცი“ ჩაეწერა. ამ დროს მას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და შეაჩერა: „სვიმეონ, გწამდეს, რაც წერია და საკუთარი თვალით იხილავ, როგორ აღსრულდება ეს სიტყვები, რამეთუ არ მოკვდები, სანამ არ იხილავ ქალწულისაგან შობილ მაცხოვარს“.

განეშორა უფლის ანგელოზი და წმიდა სვიმეონისთვის დრო თითქოს გაჩერდა. სული მისი გადასახლდა ღვთის სამყაროში, დროისა და სივრცის მიღმა.

გადიოდა წლები, ათწლეულები, ასწლეულები; სვიმეონის თვალწინ იბადებოდნენ, იზრდებოდნენ და იხოცებოდნენ თაობები, მღვდელმთავარნი და ერისმთავარნი ისრაელისა. მის თვალწინ ჩაიარა იმ საშინელმა დღეებმა, როცა ურჯულო მტერმა შეურაცხყო წმიდათაწმიდა, როცა სირიის მეფემ ანტიოქოს ეპიფანემ იერუსალიმის ტაძარში იუპიტერის კერპი დაადგმევინა და იუდეველებს თაყვანისცემა აიძულა, როცა პტოლემეოს ფილოპატორმა იუდეველებზე სპილოების ჯოგი მიუშვა, როცა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარის გამო ნაკუწებად აქციეს სოლომონია და მისი შვიდი შვილი. მოესწრო იმ ბედნიერ დღეებსაც, როცა იუდა მაკაბელმა მტერი დაამარცხა, განწმინდა იერუსალიმის ტაძარი და მსხვერპლი შესწირა უფალს. მოესწრო სვიმონ მაკაბელს, სოლომონ მეფის სადარს, ისრაელის მღვდელმთავარსა და მხედართმთავარს... გავიდა სამნახევარ საუკუნეზე მეტი წმიდა სვიმეონის ამა სოფელში ყოფნისა. დანიელის ნაწინასწარმეტყველევი რკინის სამეფო (რომაელთა ბატონობის ჟამი) კარგა ხანია დამდგარიყო. იუდას ტომსაც მოაკლდნენ მთავარნი და წინამძღოლნი. ისრაელში მეფობდა უცხოტომელი ჰეროდე იდუმიელი, პეტივმოყვარე, სასტიკი და გულქვა მბრძანებელი, რომელმაც საკუთარი ცოლ-შვილი დახოცა, მეფობაში რომ არ შესცილებოდნენ. აი, სწორედ ამ კაცმა აღუდგინა ისრაელს იერუსალიმის ტაძარი, რომელიც სოლომონისეულზე ორჯერ მაღალი იყო. მისი ოქროთი მოჭედილი კედლები მზის სხივებზე თვალისმომჭრელად ელვარებდა. თითქოს ტაძარიც კი მაცხოვრის დაბადებას წინასწარმეტყველებდა. ჰაერი მესიის მოლოდინით იყო დამუხტული. ნაწილი ისრაელისა ელოდა კაცს, რომელიც მათ რომაელთა ბატონობიდან იხსნიდა, ნაწილი კი - დედაკაცის თესლს, რომელიც ღმერთი იქნებოდა მათი, მაცხოვარი.

აი, მოვიდნენ სპარსნიც, რომელნიც ჰურიათა მეფის დაბადებას აუწყებდნენ მათ. აღელდა ისრაელი, „მოლოდებაი მათი განმძაფრდა“.

ერთხელ წმინდა სვიმეონი სახლში იჯდა და ლოცულობდა. „ამას ილოცვიდა, რაითამცა უწყებული იგი სულისა წმიდისაი იხილა... და მუნქუესვე აუწყა მას სულმან წმიდამან და ჰრქუა: „აღდეგ, მოხუცებულო, რად ჰზი? აღდეგ და მირბიოდე ტაძრად, რამეთუ მოვიდა გამტევებელი შენი. განაგე სახლი შენი და განჰმზადე სამკვიდროი შენი, რამეთუ მოწევნულ არს ჟამი შენი და წინასწარმეტყველებდ ტაძარსა მას შინა“. მეყსეულად წამოდგა სვიმეონი და ტაძარს მიაშურა. იმ დღეს მრავალ დედას მოჰყავდა ტაძრად ყრმა პირველშობილი. აგერ, წმინდა მარიამიც გამოჩნდა მართალ იოსებთან ერთად. მათ ორმოცი დღის იესუ მოჰყავდა, ღარიბულ საფენებში გახვეული, მაგრამ ზეციური ნათლით მოსილი. იუდეველთა წესისამებრ, იგი, პირველშობილი ყრმა, ღვთისთვის უნდა შეეწირათ. სულიწმიდის მინიშნებით წმინდა სვიმეონი მიხვდა, რომ სწორედ ის ყრმა იყო მაცხოვარი. აღელდა მოხუცი, გაიქცა მისკენ და შესძახა: „გზა მომეცით, რაითა მივეახლო წმიდასა მას და სასურველსა და ვიხილო, რომელსა იგი წინაითვე ვუხილავ! დედანო, საკურთხევლისკენ რომ მიგყავთ თქვენი პირველშობილნი, მიჰგვარეთ ამ ყრმას, რომელი უწინარეს აბრაამისა არს და მსხნელია ისრაელისა!“ მიეახლა კრძალვით ყრმა იესუს სვიმეონი, მიირქვა, მიიწვინა თავის მკლავებზე და წარმოთქვა, ვითარცა გედმა სიკვდილის წინ: „აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი... აწ განუტევე, უფალო, რამეთუ მრავალი ტკივილი განუცდია შენს მოლოდინში, შენი ხილვით გამოწვეულ სიხარულში განუტევე, უფალო, და ნუ აცქერინებ ჰურიათა მიერ შენ ზედა კადრებას... ნუმცა ვიხილავ გვირგვინსა მას ეკლისასა, - ღაღადებდა სვიმეონი, - ნუმცა მონისა მიერ ყურიმლისცემასა, ნუცა ლახვარსა გვერდსა შენსა ცემულს ვიხილავ... განმიტევე, უფალო, რაითა წარვიდე და ვახარო ძველი აღთქმის მართალთ - აბრაამს, ესაიას, მამასა შენსა დავით წინასწარმეტყველს - შენი მობრძანება“.

განუკვირდათ ყოვლადწმიდა მარიამსა და მართალ იოსებს, საიდან იცისო ამ კაცმა ეს დიდი საიდუმლო, რატომ შეჰღაღადებსო ყრმას, ვითარცა უფალს „ძველ დღეთასა“, რომელსაც აქვსო მეუფება სიკვდილსა და სიცოცხლეზე. წმინდა სვიმეონმა ნეტარი მშობლებიც აკურთხა, ხოლო წმინდა მარიამს უთხრა: „აჰა, ესერა დგას დაცემად და აღდგინებად მრავალთა ისრაელსა შორის...“ დაცემად ურწმუნოთათვის იტყოდა და აღდგომად მორწმუნეთათვის: დაეცემა ძველი იგი კრებული ჰურიათა და აღემართება ახალი აღთქმისეული ეკლესია, დაეცემა იუდა და აღდგება მატათა, დაეცემა მარცხენით ჯვარცმული ავაზაკი, მაბრალობელი უფლისა, და აღდგება მარჯვენით ჯვარცმული, მორწმუნე მისი.

„და თვით შენსაცა სულსა განვიდეს მახვილ, - მიმართა წმინდა მარიამს სვიმეონმა, - რათა განცხადნეს მრავალთაგან გულის ზრახვანი“... მოწამეობრივად კი არ აღესრულო, არამედ ოდეს თორმეტი წლის ყრმა იესო იერუსალიმში დაგეკარგოს და იპოვო მხოლოდ მესამე დღეს, გული შენი დიდმა ურვამ განკვეთოს; უფრო დიდმა მწუხარებამ, ვითარცა სულიერმა მახვილმა, განვლოს მასში, ოდეს იხილო ძე შენი ჰურიათაგან ჯვარცმული, რამეთუ მას, ვინც ტკივილის გარეშე შობე, მწუხარებით გააცილებ ამა სოფლიდან.

ყრმა იესოს მიეახლა წმინდა ანა, ფანუელის ასული, ასერის ტომიდან, ოთხმოცდაათი წლის ქვრივი, რომელმაც მხოლოდ შვიდი წელი იცხოვრა ქმართან და შემდგომად მისი გარდაცვალებისა ტაძარს არ განშორებია, დღეებს მარხვასა და ლოცვაში ატარებდა და მოელოდა მეუფეს ისრაელისას. მანაც თაყვანი სცა ყრმას და სვიმეონთან ერთად ქადაგებდა იერუსლიმის ტაძარში მაცხოვრის შემობრძანებას.

შურითა და ბოღმით აივსნენ მწიგნობარნი და ფარისეველნი, წავიდნენ და ყოველივე ჰეროდეს მოახსენეს. მეფემ სასწრაფოდ დააგზავნა მხედრები ღვთაებრივი ყრმის შესაპყრობად, მაგრამ უფლის ანგელოზის მიერ გაფრთხილებული მარიამი და იოსები უკვე გალილეას, ნაზარეთს მიაბრძანებდნენ მაცხოვარს.

წმინდა სვიმეონი მალევე გარდაიცვალა. აღესრულა წმინდა ანაც. გარდაიცვალდნენ მართალნი ღვთისანი და აბრაამის წიაღში განისვენეს. ისინი იყვნენ დასასრულნი სჯულისა და დასაბამნი მადლისა, ნათესავით ჰურიანი, გარნა მადლითა ქრისტიანენი. ნეტარ იყვნენ თვალნი მათნი და ხელნი მათნი, მხილველნი და მტვირთველნი ყრმა იესოსი... ნეტარ ვარ მე და შენც, ჩემო მკითხველო, რამეთუ „შენც გინახავს მაცხოვარება ღვთისა არანაკლებად, ვიდრეღა სვიმეონ მართალსა. მან მხოლოდ ჩვილი იესო იხილა, შენ კი სულიერითა თვალითა და სარწმუნოებითა გიხილავს იესუ ქრისტე, აღმასრულებელი ჩვენისა ცხოვრებისა, ჯვარცმული, აღდგომილი მკვდრეთით, და თვით მისი სისხლი და ხორცი მიგიღია“ (წმიდა გაბრიელ ქიქოძე).



წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)
მოძღვრება, თქმული თებერვლის ბ-სა მირქმაზედ
და სოფლის ფარცხანაყანევის ეკკლესიის კურთხევაზედ




ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო!

დღეს ჩვენ, ქრისტიანეთა აქა მდგომარეთა, გვაქვს ორი დღესასწაული: პირველად, საზოგადო ყოველთა ქრისტიანეთათვის დღესასწაული, ესე იგი მირქმა, ანუ მიგებება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი სვიმონ მართლისაგან ტაძარსა შინა იერუსალიმისასა; მეორედ, საკუთარი თქვენი დღესასწაული, ესე იგი ენკენიანობა, ანუ კურთხევა წმიდისა ამის, ახლად თქვენგან აღგებულისა, ეკკლესიისა. აწ, შეწევნითა ღვთისათა, ვსთქვათ რაოდენიმე სიტყვა ამ ორთავე დღესასწაულისათვის. ესე იგი, პირველად, შევიტყოთ, რა არის მირქმა, როგორ იქმნა, ანუ რა შემთხვევა იყო იგი, რომელსა ჩვენ უწოდებთ მირქმად და მეორედ, რა არის ეკლესია და რისთვის ვაკურთხეთ ჩვენ დღეს ეს შენობა.

რა არის მირქმა? ვგონებ გაგიგონიათ თქვენც ყოველთა და იცით, რომელ უფალი ჩვენი იესო ქრისტე იშვა ურისტანს ქალწულისაგან მარიამისაგან; გარნა იგი უფალი არა მსწრაფლ და მოულოდნელად მოვიდა ქვეყანასა ზედა, არამედ დიდი ხნითგან იტყოდენ მოსვლასა მისსა წინასწარმეტყველნი, ასი და ათასი წელიწადი მოელოდენ მრავალნი ტომნი ქვეყანისანი მხსნელსა და მაცხოვნებელსა მათსა. პირველი აღთქმა მოსვლისა და განკაცებისა მაცხოვარისა მისცა ღმერთმან თვით პირველთა წინაპართა ჩვენთა, ადამს და ევას, როდესაც მათ შესცოდეს და განგდებულ იყვნენ სამოთხითგან; შემდგომ ამისა მრავალ-გზის განუახლებდა ღმერთი აღთქმასა ამასა მრავალთა მართალთა კაცთა: ღმერთმან განუმეორა ეს აღთქმა მამათ-მთავართა აბრაამს, ისააკს და იაკობს. წინასწარმეტყველნი: მოსე, ისაია, იერემია, დანიილ, სხვათა და სხვათა საუკუნეთა შინა, მრავალ-გზის და ვრცლად იტყოდენ ენითა თვისითა და აღწერდენ საღმრთოთა წიგნთა შინა შობასა იესო ქრისტესსა, მისსა ცხოვრებასა, მისთა სასწაულთა, მისთა ვნებათა. სვიმეონ მიმრქმელი იყო ერთი იმ მართალთა და წინასწარმეტყველთაგანი; რომელთა ღმერთმან წინადვე განუცხადა მოსვლა იესო ქრისტესი. ამ სვიმონ მართალს სულმან წმიდამან ამცნო, რომელ იგი არ გარდაიცვლება, ვიდრემდის თვალითა თვისითა ან ნაჰხავს ჩჩვილსა იესოს და ხელთა ზედა თვისთა არ აღიყვანს მას; იგი იყო ღრმასა მოხუცებულობასა შინა, ოდეს მაცხოვარი იშვა ქალწულისა მარიამისაგან. ებრაელთა ქონდათ ერთი ჩვეულება, რომ ორმოცი დღის ჩჩვილსა მიიყვანებდენ მშობელნი ტაძრად, შესწირვიდენ მუნ შეძლებისამებრ თვისისა მსხვერპლსა და მიიღებდენ მღვდლისაგან ლოცვასა და კურთხევასა. ოდეს აღუსრულდა იესოს ორმოცი დღე, მაშინ აღიყვანეს იგი ტაძრად დედამან მისმან მარიამ და მოხუცმან იოსებ და მოიღეს შესაწირავად ღვთისა ორი გვრიტი ვიანითგან იგინი იყვნენ ღარიბნი და მეტის შეწირვა მათ არ შეეძლოთ. სულმან წმიდამან წინადვე ამცნო მართალსა სვიმეონს მოყვანება იესოსი ტაძრად; სვიმონ მივიდა ტაძარში, მიეგება მარიამს, გამოართვა ჩჩვილი, დაისვენა ხელთა ზედა თვისთა და წარსთქვა: აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით; რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი, რომელი განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა, და დიდებად ერისა შენისა ისრაილისა. და მერმედ დალოცა და აკურთხა მარიამი და იოსები. ამ ჟამადვე იყო მუნ ერთი ფრიად მოხუცებული ქალი ანნა, რომელი მრავალ-წელ ემსახურებოდა ტაძარსა მარხვითა, ლოცვითა და მოთმინებითა დღე და ღამე; იმანაც იცნო სულითა წმიდითა ჩჩვილი მაცხოვარი, განიხარა და ეტყოდა მისთვის ყოველთა მსასოებელთა და ღვთის-მოშიშთა კაცთა.

აჰა, ძმაო ჩემნო ქრისტიანენო, ის შემთხვევა, რომელსაც აწ ვდღესასწაულობთ ჩვენ ყოველნი. თვით ამ შემთხვევისაგან უნდა ვსცნათ, რა დიდი და რა საჭირო არის ყოვლისა კაცისათვის ეკკლესია. უფალი იესო ქრისტე იყო ძე ღვთისა, დედა მისი ყოვლად-წმიდა ქალწული; სვიმონ იყო მართალი და აღვსებული სულითა წმიდითა, აგრეთვე ანნა და იოსებ იყვნენ მართალნი და წმიდანი; გარნა იგინიცა ყოველნი მივიდნენ ეკკლესიაში, იქ ილოცეს ღმერთი, იქ განიხარეს სულიერითა სიხარულითა, იქ ახარეს ერთი მეორესა წყალობა და მაცხოვარება ღვთისა, იქ დალოცეს ერთმა მეორე; მაშასადამე, ჩვენ რომ ყოველნი ცოდვილნი ვართ, უმეტესად არ გვმართებსა გვქონდეს ეკკლესია, ეკკლესიაში მივეშურებოდეთ, იქ ვადიდებდეთ და ვლოცავდეთ ღმერთსა, იქ განვიხარებდეთ სულიერითა სიხარულითა, მიულოცავდეთ და ვლოცავდეთ ერთი მეორესა? ჭეშმარიტად, ძმანო ჩემნო, ეკკლესია არის და ყოველთვის უნდა იყოს ჩვენთვის ერთი ფრიად შეყვარებული და სანატრელი ადგილი, რომელმან ჩვენ ყოველნი უნდა შეგვაერთოს სულიერად წინაშე ღვთისა. მრავალსა კეთილსა და ქველის-საქმესა მოგვმადლებს ჩვენ ეკკლესია: იგი არის ჩვენი დედა, ვინაითგან მან გვშვა ჩვენ წმიდისა ემბაზისაგან და გვზრდის ჩვენ სულიერითა საზრდოითა; იგი არის ჩვენი სულიერი განმანათლებელი და მაცხოვნებელი, ვინაითგან შვიდთა საიდუმლოთა შინა იგი მოგვანიჭებს ჩვენ სულიერსა მადლსა იესო ქრისტესსა. გარნა ყოველზე უმთავრესი და უმჯობესი ქველის-მოქმედება ეკკლესიისა ის არის, რომელ იგი ერთმანეთს შეაერთებს და შეაყვარებს ძეთა თვისთა. წუთი, ამაო სოფელი კაცს კაცისაგან განაშორებს, ხოლო ეკკლესია კაცს კაცთან შეაერთებს. ეკკლესიაში ყოველივე ისრე არის მოწყობილი, რომ კაცი კაცთან შეაერთოს და კაცი კაცს შეაყვაროს.

გარნა ის ყოველთვის უნდა კი გახსოვდესთ, ძმანო ჩემნო, რომელ წმიდა ეკკლესია მხოლოდ მათ არგებს, განანათლებს და აცხოვნებს, რომელნი ისმენენ ხმასა ეკკლესიისასა, ხშირად დადიან ეკკლესიაში, გულის-ხმიერად ისმენენ წირვა-ლოცვასა და სწავლასა და მერმედ თავის სახლში და სოფელში კარგად იქცევიან. თქვენც ესრედ მოიქეცით, ძმანო ჩემნო, თუ გსურსთ, რომ ეკკლესია იყოს ყოველთვის სასარგებლო. რადგან ესოდენი შრომა მიიღეთ და აღიშენეთ ახალი ეკკლესია, მასაც უნდა ეცადნეთ, რათამცა თქვენი სული და გული განახლდეს და აღშენდეს ღვთისათვის; ესრედ რომელ, ვითარცა ამ ეკლესიაში იქნება ამიერითგან მადლი და სიწმიდე, ეგრედვე თქვენ გულშიაც განახლდეს და განმტკიცდეს იგივე მადლი და სიწმინდე. ამინ.






ტროპარი: გიხაროდენ მიმადლებულო ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან განხორციელდა მხსნელი სოფლისა, ქრისტე ღმერთი ჩვენი, იხარებდ შენცა მოხუცებულო მართალო სვიმეონ, რამეთუ მიიქუ მკლავთა შენთა განმათავისუფლებელი სულთა ჩვენთა, რომელი მოგვანიჭებს ჩვენ დიდსა წყალობასა.

კონდაკი საშო რა ქალწულებრივი განსწმინდე შობითა შენითა და ხელნიცა სვიმეონისნი აკურთხენ ვითარცა გშვენოდა, უსწვრე აწცა და გვაცხოვნენ ქრისტე ღმერთო, დაამშვიდენ ბრძოლასა შინა მოქალაქობა ჩუენი და დაიცვენ მეფენი, რომელნი შეიყვარენ, მხოლოო კაცთ-მოყვარე.







გილოცავთ ყველა მართლმადიდებელს საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს

Posted by: nk44 17 Feb 2012, 14:03
17 თებერვალი (ძვ. სტ. 4 თებერვალი) პარასკევი

ხორციელის შვიდეული. ღირსისა ევაგრესი, ღირსი შიო მღვიმელის თანამოღვაწისა (VI); ღირსისა ისიდორე პელუსიელისა (436-440); მოწამისა იადორისა (III); მღვდელმოწამისა აბრაამისა, არვილელი ეპისკოპოსისა (344-347); ღირსისა ნიკოლოზ აღმსარებელისა, სტუდიელი იღუმენისა (868)



ღირსი მამაჲ ჩვენი ევაგრე, ციხედიდის მთავრად ყოფილი და შიო მღვიმელის თანამოღვაწე (VI)
4 (17) თებერვალი


ღირსი ევაგრე მონაზვნად აღკვეცამდე ციხედიდის მთავარი იყო. ღვთისმსახურ და მორწმუნე დიდებულ მშობელთა შვილი, სიყრმიდანვე საღმრთო წერილით იწვრთნებოდა. ახოვანი და მხნე მთავარი ქართლის მეფე ფარსმანის ერთ-ერთი უახლოესი მრჩეველი და თანაშემწე იყო.

ერთხელ ევაგრე სანადიროდ წავიდა სარკინეთის მთაზე, სადაც ღირსი მამა შიო მღვიმელი (ხს. 9 მაისს) მოღვაწეობდა. ნადირობისას მხლებლები დაიფანტნენ. მარტო დარჩენილმა ევაგრემ მიდამო დაათვალიერა. უცებ მან დაინახა მტრედის მსგავსი უცხო ფრინველი, რომელმაც ნისკარტით რაღაც საჭმელი მიიტანა ერთ გამოქვაბულში. ევაგრემ დაიმახსოვრა ის ადგილი, სადაც მტრედი მიფრინდა, მეორე დღეს მოიძია და იხილა გამოქვაბულში დაყუდებული ბერი. გაოცებულმა ევაგრემ ვინაობა გამოჰკითხა განდეგილს. ღირსმა შიომ უთხრა: „კაცი ვარ უცხოჲ და ქრისტეს მოსავი, და ვარ ქუაბსა ამას შინა მცირესა, რაჲთა დაყუდებით აღვასრულნე დღენი ცხორებისა ჩემისანი და ესრეთ უშფოთველად სათნო ვეყო ღმერთსა“. საოცარი სახილველით გაკვირვებული ევაგრე საღმრთო შურით აღივსო და ღირს მამას უთხრა: „ცხოველ არს უფალი, არა დაგიტეო შენ და არცა წარვიდე სახედ ჩემდა“. წმიდა შიომ ევაგრეს ურჩია, გადაეფიქრებინა გადაწყვეტილება, რადგან, ფუფუნებაში აღზრდილი, მეუდაბნოების სიმძიმეს ვერ იტვირთავდა, მაგრამ ევაგრემ მტკიცედ მიუგო: „დაღაცათუ დღესვე იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არა დაგიტეო“.

ღირსმა შიომ წმიდა ევაგრეს კვერთხი მისცა და უბრძანა: „კუერთხი ესე ჩემი ჩაყავ მტკუარსა, ხოლო იგი გზას გცემს და განვედ ჴმელად, და წარვედ სახედ შენდა და ყოველივე საცხოვრებელი შენი განაგე და წარმოვედ და, ვითარცა მოიწიო მტკუარსა ზედა, კუალად ჩაყავ კუერთხი ჩემი და უკუეთუ გზა გცეს, მოვედ ჩემდა და უკუეთუ არა გზა გცეს, წარვედ შინა, რამეთუ არა სთნავს ღმერთსა საქმე ეგე, რომელსა ჰლამი“. წმიდა ევაგრემ მორჩილებით მიიღო ღირსი მამის კვერთხი და მდინარეს შეახო. მტკვარი გაიპო და წმიდანი მშვიდობით გავიდა მდინარის მეორე ნაპირზე.

სასახლეში დაბრუნებულმა ევაგრემ თავისი ქონება გლახაკებს დაურიგა, სახლეულს გამოემშვიდობა და მამა შიოსთან დაბრუნდა. მტკვართან კვლავ აღსრულდა სასწაული: მდინარე ორად გაიპო და ანგელოზებრივი ცხოვრების გზაზე შემდგარი მოღვაწე გაატარა.

მალე ღირსი მამების ღვაწლი გაცხადდა და სარკინეთის მთას მრავალმა ქრისტიანმა მიაშურა. ფარსმან მეფემ გვიან გაიგო თავისი საყვარელი და ერთგული მთავრის მონაზვნად აღკვეცა და თავად მოინახულა ღირსი შიოს უდაბნო. მას უნდოდა, ევგარე ისევ საერო სამსახურზე დაეყოლოებინა, მაგრამ ღირსმა მამამ მეფეს მონაზვნური სიმშვიდით უპასუხა: „ჰოი, მეფეო, რად მაწუხებ დაბადებულსა ღვთისასა, რათა შევირაცხო მსგავსად ძაღლთა, კუალად მიქცეულთა ნათხევარსავე“. ფარსმანმა ღირსი შიოს გამოქვებული მოინახულა და, როცა საკვირველი მადლით განათებული მისი სახე იხილა, სამეფო გვირგვინი მოიხადა და საკვრიველი ბერის წინაშე დაიჩოქა.

ღირსმა შიომ ღვთისმოსავი მეფე აკურთხა და თავისი ხელით დაადგა თავზე გვირგვინი. ფარსმანმა მეფისათვის დამახასიათებელი გულუხვობით დიდი შესაწირავი გაიღო მონასტრისათვის, რომელთა შორის იყო ვახტანგ გორგასლის (ხს. 30 ნოემბერს) მიერ შემკობილი სახარება, ოქროს ბარძიმ-ფეშხუმი, ოცდაათი ლიტრა ოქრო, ოთხი დაბა...

ღირსი შიოს, ევაგრესა და მათ თანამოსაგრეთა მოღვაწეობის ამბავი მთელმა საქართველომ გაიგო. მრავალნი, საღვთო შურით აღვსილნი, ტოვებდნენ საერო ცხოვრებას და სამონაზვნო სქიმით იმოსებოდნენ. როცა ღირსი შიო მოხუცდა, ერთად შეკრიბა საძმო და უთხრა: „გამოირჩიეთ ერთი ძმათაგანი, რომელი იღუწიდეს ცხოვრებისა თქუენისათჳს; რამეთუ მე ამიერითგან მეგულვების შთასვლა მღჳმესა შინა, რომელი შევზადე საყოფელად და საფლავად ჩემდა“. ძმებს ეძნელებოდათ მოძღვართან დაშორება, დიდხანს ევედრებოდნენ მონასტერში დარჩენილიყო, მაგრამ ამაოდ. ბოლოს სთხოვეს, წინამძღვარი თავად აერჩია. წმიდა მამამ ღირსი ევაგრე გამოარჩია.

წმიდა ევაგრეს ეძნელებოდა ძმათა წინამძღვრობა „ვერ შემძლებელ ვარ ჯერისაებრ სრულ ქმნად მსახურებასა ძმათასა, ვინაცა ნუ მაიძულებ მე ხელ ყოფად საქმესა ამას, უზეშთაესსა ძალისა ჩემისასა, რამეთუ კაცი უმეცარი ვარ და უძლური ტვირთვად ესე ოდენთა მონაზონთა ჯეროვანსა მეურნეობასა“, - შეევედრა იგი წმიდა შიოს. მან კი ასე დაამშვიდა: „უკეთუ მორჩილ გუექმნამ ფრიადი სასყიდელი მიიღო ღუთისაგან და ნეტარება მორჩილთა დაიმკვიდრო დიდება მას უხილავსა“. ღირსმა ევაგრემ მორჩილებით მიიღო მოძღვრის კურთხევა. იგი, ღვთის შეწევნით და მამა შიოს ლოცვით, ბრძნულად განაგებდა მონასტერს. აღესრულა მშვიდობით. დაკრძალულია შიო მღვიმის მონასტერში.


ღირსი ისიდორე პელუსიოტელი (+დაახლ. 436-440)
4 (17) თებერვალი


ღირსი ისიდორე პელუსიოტელი დაიბადა ალექსანდრიაში, IV ს-ში. მისი მშობლები, კეთილმსახური ქრისტიანები, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოს თეოფილეს და მის მემკვიდრეს, წმიდა კირილეს ენათესავებოდა. წმიდანი სიჭაბუკეშივე განერიდა წუთისოფლის ამაოებას და ეგვიპტეში, პელუსიოტის მთაზე დაიწყო მოსაგრეობა. სულიერ სიბრძნესა და მკაცრ ასკეტიზმთან შეერთებულმა ფართო განათლებამ ღირს მამას ბერების დიდი სიყვარული და პატივისცემა მოუპოვა. მალე მას ხუცესად დაასხეს ხელი და წინამძღვრადაც აკურთხეს. ღირსი ისიდორე, წმიდა იოანე ოქროპირის მიბაძვით, რომლის ხილვისა და სმენის ღირსიც შეიქმნა კონსტანტინეპოლში მოგზაურობის დროს, უმეტესწილად მქადაგებლურ მოღვაწეობას ეწეოდა. ქადაგებას იგი უწოდებდა „პრაქტიკულ ფილოსოფიას”, რომელიც წარმოადგენს „საძირკველს შენობისა და თავად შენებულობას”, მაშინ, როცა ლოგიკა „მისი მორთულობაა”, „ჭვრეტა კი – გვირგვინი”. წმიდა მამა დაუზარებლად მოძღვრავდა სულიერი შეწევნის ყველა მთხოვნელს – უბრალო ადამიანს, დიდებულს, ეპისკოპოსს, ალექსანდრიის პატრიაქს თუ თავად იმპერატორს. მას ეკუთვნის 10 000 ეპისტოლე, რომელთაგან ჩვენს დრომდე მოაღწია 2000. მათი უმეტესობა შეიცავს წმიდა წერილის ღრმა საღვთისმეტყველო განმარტებებსა და მისგან გამომდინარე ზნეობრივ სწავლებებს. ისიდორე პელუსიოტელი იოანე ოქროპირის ერთგული და მოსიყვარულე მოსწავლე იყო. როცა დედოფალმა ევდოქსიამ და მთავარეპისკოპოსმა თეოფილემ წმიდა მღვდელმთავრის დევნა დაიწყეს, ღირსი მამა გაბედულად აღსდგა მის დასაცავად, წმიდანის მიცვალების შემდეგ კი შეაგონა თეოფილეს მემკვიდრე, წმიდა კირილე ალექსანდრიელი, რომ იოანე ოქროპირის სახელი, როგორც აღმსარებელისა, საეკლესიო დიპტიხებში შეეტანათ. ღირსი ისიდორეს ინიციატივით, 431 წელს, ეფესოში მოწვეულ იქნა III მსოფლიო კრება, რომელმაც დაგმო ნესტორის ცრუსწავლება.

წმიდა მამამ ღრმა მოხუცებულობას მიაღწია, 436 წელს კი, ანგელოზებრივი ცხოვრებით ამქვეყნამდვე გაბრწყინებული, ანგელოზთა დასს შეუერთდა.


მღვდელმოწამე აბრაამი, არვილელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 344-347)
4 (17) თებერვალი


მღვდელმოწამე აბრაამი, არვილელი ეპისკოპოსი ეწამა სპარსეთში საპორ II-ის დროინდელ დევნულობისას. როცა წმიდანი შეიპყრეს და მოსთხოვეს, რომ მზისთვის ეცა თაყვანი, მან უპასუხა: „რა უგნურებაა, უარყო შემოქმედი და ქმნულს ეთაყვანო! განა მზე ღმერთმა არ შექმნა?!” აბრაამი სასტიკად გვემეს და აწამეს, ის კი მხურვალედ ლოცულობდა პირველმოწამის სიტყვებით: „უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას, რამეთუ არა იციან, რას იქმან!” წმიდა მარტვილს მახვილით მოჰკვეთეს თავი.


ღირსი ნიკოლოზ აღმსარებელი, სტუდიელი იღუმენი (+868)

ღირსი ნიკოლოზ აღმსარებელი, სტუდიელი იღუმენი IX საუკუნეში ცხოვრობდა. იგი დაიბადა კუნძულ კრეტაზე მდებარე სოფელ კედონიაში, ქრისტიანთა ოჯახში. 10 წლის იყო, როცა მშობლებმა კონსტანტინეპოლში გააგზავნეს, ბიძასთან – სტუდიტის მონასტრის ბერ ნეტარ თეოფანესთან. სავანის წინამძღვარმა, ღირსმა თეოდორემ ყრმა მონასტრის სასწავლებელში ჩარიცხა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 16 წლის ასაკში, წმიდანი ბერად აღიკვეცა, რამდენიმე წლის შემდეგ კი მღვდლადაც დაასხეს ხელი.

ხატმებრძოლი იმპერატორის, ლეონ სომეხის (813-820) დროინდელ დევნულობისას ღირსმა ნიკოლოზმა თეოდორე სტუდიელის ხვედრი გაიზიარა: მათ საპყრობილეებში სვამდნენ, ტანჯავდნენ, აბუჩად იგდებდნენ, წმიდა მამები კი ახოვნად განაგრძობდნენ მართლმადიდებლობის ქადაგებას. ნეტარი დედოფლის, თეოდორას (+867) მეფობისას, რომელიც ქვეყანას თავისი ვაჟის, მიხეილის სიყრმეში განაგებდა, ხატთაყვანისცემლობა აღსდგა და შფოთიც ჩაცხრა. ღირსი ნიკოლოზი სტუდიტის მონასტერს დაუბრუნდა და მის წინამძღვრადაც იქნა არჩეული. მყუდროება დიდხანს არ გაგრძელებულა. დედოფალ თეოდორას ხელისუფლების სადავეები ჩამოართვა მეფის ბიძამ, ბარდამ, თავის რძალთან დაუფარავი თანაცხოვრებით სულშებილწულმა. უწმიდესი პატრიარქი ეგნატე ამხელდა ბილწ ხელისუფალს და მის გონს მოყვანას ცდილობდა, მაგრამ ამაოდ: ბარდამ ცოდვას ცოდვა მიუმატა – მღვდელმთავარი ტახტიდან გადააყენა და გადაასახლა. წმიდა ნიკოლოზმა, რომელსაც არ სურდა უსჯულოების ზეიმს შესწრებოდა, დატოვა კონსტანტინეპოლი და მწირის ცხოვრებით ცხოვრობდა 7 წლის განმავლობაში. შემდეგ იგი დაატუსაღეს და სტუდიტის მონასტერში გამოამწყვდიეს. პატიმრობაში განვლო ორმა წელმა, მეფეების – მიხეილის (855-867) და ბარდას სიკვდილისა და ტახტზე ბასილი I მაკედონელის (867-886) აღსაყდრების შემდეგ კი ღირსი ნიკოლოზი განთავისუფლდა და წინამძღვრობას დაუბრუნდა. წმიდა ცხოვრებისათვის ნეტარმა მამამ უფლისაგან კურნების და სასწაულქმედების ნიჭი მიიღო, 868 წელს კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.


Posted by: nk44 19 Feb 2012, 18:31
19 თებერვალი (ძვ. სტ. 6 თებერვალი) კვირა

ხორციელის შვიდეული. საშინელი სამსჯავროს ხსენება. ღირსისა არსენ იყალთოელისა (1127); ხორცით დაურწყება.
ღირსისა ვუკოლესი, სმირნელ ეპისკოპოსისა (დაახ. 100); ღირსთა: ბარსანოფი დიდისა და იოანე წინასწარმეტყველისა (VI); წმ. ფოტისა, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (891); მოწამეთა: დოროთეასი, ქრისტინესი, კალისტასი და თეოფილესი (288-300); მოწამისა ივლიანესი (312); მოწამეთა: ფავსტასი, ევილასესი და მაქსიმესი (305-311); მოწამეთა: მართასი, მარიამისა და ძმისა მათისა ღირსმოწამისა ლიკარიონ ყრმისა.



ღირსი მამაჲ ჩვენი არსენ იყალთოელი (+1127)

ღირსი არსენ იყალთოელი დაიბადა დაახ. XI საუკუნის შუა წლებში. მამამისი კახეთის თავადი იბად ვაჩნაძე იმ დროისათვის ცნობილი კაცი იყო. მან შვილს სამეცნიერო და საღვთისმეტყველო განათლება მიაღებინა.

სასულიერო და საერო მეცნიერების უბადლო მცოდნე „ბრძენი და მეცნიერი“ არსენ იყალთოელი იყო წმიდა მეფის დავით აღმაშენებლის ერთ-ერთი საიმედო მრჩეველი და „მოძღვარი სამეცნიერო“. წმიდა არსენმა დააარსა ცნობილი იყალთოს აკადემია, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა საქართველოში ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო მეცნიერების აღორძინების საქმეში.

სრული ბიოგრაფიული ცნობები წმიდა მამის შესახებ არ შემონახულა, ვიცით მხოლოდ, რომ ის იყო უმცროსი თანამედროვე ღირსი ეფრემ მცირისა. მას საფუძვლიანი და ღრმა განათლება კონსტანტინე მონომახის მიერ დაარსებულ მანგანის აკადემიაში მიუღია, სადაც უთარგმნია თავისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თხზულება, გიორგი ჰამრტოლის „ხრონოგრაფი“, აქვე, მანგანის მონასტერში თარგმნა არსენმა დოგმატურ-პოლემიკური ხასიათის კრებული, რომელსაც ქართულ მწერლობაში „დოგმატიკონი“ ეწოდება. იგი შემდგომ თანდათან შეივსო სხვადასხვა პირთა მიერ ნათარგმნი თხზულებებით.

სწავლის დამთავრების შემდეგ არსენი შავ მთაზე წავიდა და მოღვაწეობა ღირსი ეფრემ მცირის (ხს. 18 იანვარს)ხელმძღვანელობით დაიწყო. ეფრემის გარდაცვალების შემდეგ არსენმა დატოვა შავი მთა, ისევ მანგანის მონასტერში დაბრუნდა და გააგრძელა მთარგმნელობითი მოღვაწეობა.

1114 წელს წმიდა არსენი, მეფე დავით აღმაშენებლის მოწვევით, საქართველოში ჩამოვიდა და მოღვაწეობა დაიწყო გელათის აკადემიაში. აქ ყოფნისას თარგმნა მან „დიდი სჯულისკანონი“. გელათის მონასტრის ერთ-ერთ ნუსხაში ვკითხულობთ: „ქრისტიანეთა წინამძღვარი, დიდი ესე სჯულის კანონი, საუკუნოდ მოჴსენებულისა და ჩუენ ქართველთათჳს ფრიად ჭირთა თავმსდებელისა არსენი იყალთოელის თარგმნილი“. შემდეგ არსენი კახეთში გადავიდა და იყალთოს მონასტერთან დააარსა უმაღლესი სკოლა-აკადემია.

წმიდა არსენი ესწრებოდა დავით აღმაშენებლის თაოსნობით მოწვეულ კრებას. დავითის ისტორიკოსი წერს, რომ მეფემ მოუწოდა „არსენ იყალთოელსა, თარგმანსა და მეცნიერსა ბერძენთა და ქართველთა ენისასა და განმანათლებელსა ყოველთა ეკლესიათასა“.

„ღვთისმეტყველი, ფილოსოფოსი, ფიზიკოსი, ანატომოსი, ალიღორიკულთა შეთხზვათა შინა ქებული, უცხო და მაღალი მესტიხე და საეკლესიო ტიპიკონთა მეტყუელი“ წმიდა არსენ იყალთოელი საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმიდანად შერაცხა. იგი დაკრძალულია იყალთოში, მონასტრის დამაარსებლის, წმიდა ზენონის გვერდით.




არსენ იყალთოელი გახლდათ დავით აღმაშენებლის თანამებრძოლი, სასულიერო მოღვაწე, ფილოსოფოსი, მწერალი, ჰიმნოგრაფი, იდეოლოგი, მეცნიერი (ანატომიისა და ფიზიკის მცოდნე და სხვა).

მას დიდი დამსახურება მოუძღვის ქართული ეკლესიის, სახელმწიფოსა და ეროვნული იდეოლოგიის წინაშე.

არსენ იყალთოელმა განათლება მიიღო კონსტანტინოპოლის მანგანის აკადემიაში. შემდეგ შავ მთაზე მოღვაწეობდა. მთარგმნელობითი მოღვაწეობა ეფრემ მცირის ხელმძღვანელობით დაიწყო. ეფრემის გარდაცვალების მერე დაბრუნდა მანგანის აკადემიაში. შემდეგ დავით აღმაშენებლის მოწვევით გელათის აკადემიაში მოღვაწეობდა. მერე კახეთში იყალთოს აკადემია დაარსა. დავით აღმაშენებლის სიკვდილის მერე, 1125 წლიდან დამკვიდრებულა შიო მღვიმის მონასტერში, თუმცა, როგორც ჩანს, დიდხანს აღარ უცოცხლია. მას ახასიათებენ როგორც: „თარგმანსა და მეცნიერთა ბერძენთა და ქართველთა ენისასა და განმანათლებელს ყოველთა ეკლესიათა“.

იგი უფრო დოგმატურ, პოლემიკურ და კანონიკურ ლიტერატურას თარგმნიდა. თარგმნისას მაქსიმალურად ცდილობდა ბერძნულ დედანს მიჰყოლოდა. როგორც ამბობენ, ამის გამო ოდნავი ძალდატანებაც გამოსდის ქართულ ენაზე. თვითონ წერდა: „თუ სიბნელე რაჲმე სადმე ანუ სიდუხჭირე შესდგამს, იგი ბერძნულისა შედარებულობისაგან არს და არა ქართულთა სიტყვათა დაშვენებასა ვერმეცნიერობისაგან“.

არსენ იყალთოელმა თარგმნა „დოგმატიკონი“, რომელშიც 9 ცნობილი ავტორისა და 11 ანონიმის თხზულებაა. მათ შორის: ანასტასი სინელის „წინამძღვარი“, ლეონ პაპის „ეპისტოლე“, თეოდორე აბაკურას „საკითხავნი საღმრთოჲსა და გარეშისა ფილოსოფოსობისა სიტყუათაჲ“, იოანე დამასკელის „დიალექტიკა“ და „გარდამოცემა“ (ჯერ ეფრემ მცირესთან ერთად, მერე ცალკე), „სიტყვისგება ჰურიათა მიმართ“, „თავნი სომეხთა წვალებისანი ოცდაათნი“. გარდა ამისა, გიორგი ამარტოლის „ხრონოგრაფი“, ფოტი პატრიარქისეული რედაქციის 14-ტიტლოვანი „ნომიკანონი“, რომელსაც მისი თარგმანით „დიდი სჯულის კანონი“ ეწოდება. ჯერ კიდევ შავ მთაზე მოღვაწეობისას ეფრემ მცირეს ხელმძღვანელობით თარგმნიდა ჰაგიოგრაფიული და ჰომილეტიკურ თხზულებებს და სხვა.


არის ვარაუდი, რომ რუის-ურბნისის კრების განჩინების დამწერი და მასზე დართული დავით აღმაშენებლის ხოტბის ავტორი, დავით აღმაშენებლის ორი ანდერძის ჩამწერი, ანდრია კრიტელის „დიდი კანონის“ მთარგმნელი, „წმინდა ნინოს ცხოვრების“ მეტაფრასტული რედაქციის ავტორი -არსენ ბერი (არსენ ვაჩესძე) და არსენ იყალთოელი ერთი და იგივე პიროვნება უნდა იყოს.

არსენ ბერისეული დავით აღმაშენებლის ხოტბა – „მეფესა დავითს“ და არსენ იყალთოელისეული დავით აღმაშენებლის ეპიტაფია („ვის ნაჭარმაგევს მეფენი“) იმდენად მაღალმხატვრული პოეტური ნაწარმოებებია, რომ არ არის გამორიცხული, ერთი გენიოსის დაწერილი იყოს. გარდა ამისა, არსებობს სხვა არგუმენტებიც. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ ჩვენ ორი სხვადასხვა გენიოსი გვყავდა (ორი კი არა, მეტიც). პირადად მე, ორი არსენის, არსენ ბერისა და არსენ იყალთოელის, იგივეობა დამაჯერებლად მიმაჩნია. შესაძლოა არსენ იყალთოელი იმ ყრმათა შორის იყო, გიორგი მთაწმინდელმა რომ წაიყვანა კონსტანტონოპოლში აღსაზრდელად.


არსენ იყალთოელი რომ დიდი პოეტი და დიდი იდეოლოგი გახლავთ, მარტო დავით აღმაშენებლის ეპიტაფიითაც კარგად მტკიცდება. ამ თემაზე მე მაქვს წერილი გამოქვეყნებული პრესა.გე-ს ფურცლებზე, ჩემს ბლოგში („ქართველი ერი– ღვთის რჩეული ხალხი“) და ამიტომ ახლა აღარ ვილაპარაკებ.

დღეს გავიხსენოთ დავით აღმაშენებლის ეპიტაფია, კიდევ ერთხელ ვიგრძნოთ სიამაყე ჩვენი დიდი იმპერატორის საქმეებით, დავტკბეთ მისი მეგობრისა და თანამებრძოლის, დიდი საქართველოს ერთ-ერთი შემოქმედის, არსენ იყალთოელის პოეტური და იდეოლოგიური ტალანტებით.


დავით აღმაშენებლის ეპიტაფია

“ვის ნაჭარმაგევს მეფენი თორმეტნი პურად დამეხსნეს,
თურქნი, სპარსნი და არაბნი საზღვარსა გარე გამეხსნეს,
თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთამეხსნეს, –
აწღა ამათსა მოქმედსა გულზედან ხელნი დამეხსნეს.”



* * *
20 თებერვალი (ძვ. სტ. 7 თებერვალი) ორშაბათი

ხორციელის შვიდეული. მსგეფსი ხსნილია. კეთილმსახურისა მეფისა სოლომონ II-ისა, სამშობლოსათვის თავდადებულისა; ღირსისა პართენიოსისა, ლამფსაკიელი ეპისკოპოსისა (IV); ღირსისა ლუკა ელადელისა (დაახ. 946); 1003 ნიკომიდიელ მოწამეთა (303).




წმიდა მეფე სოლომონ II
სამშობლოსათვის თავდადებული (+1815)
7 (20) თებერვალი


წმიდა მეფე სოლომონ II (გამეფებამდე დავით არჩილის-ძე) დაიბადა 1772 წლის 7 (20) თებერვალს. მამამისი იმერეთის მეფის სოლომონ I-ის (+1784) ძმა იყო. დედა - ელენე კი ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის (+1798) ასული. დავითი ძირითადად დედულეთში იზრდებოდა. ბიბლიური დავითის მსგავსად უფალმა ისიც ბავშვობაში გამოარჩია და უმემკვიდროდ დარჩენილმა იმერეთის მეფე სოლომონ I-მა ღვთის განგებით სიცოცხლეშივე უანდერძა ტახტი.

დავითი იზრდებოდა როგორც მომავალი მეფე. სარწმუნოებისა და სამშობლოსათვის თავგანწირვის მაძიებელი და თავისუფლებისთვის მებრძოლი.

თორმეტი წლის იყო დავითი, როდესაც იმერეთის მეფე სოლომონ I გარდაიცვალა. მეფის ანდერძის საწინააღმდეგოდ იმერეთის გავლენიანმა ფეოდალებმა მცირეწლოვანი დავითის არჩილის ძის ნაცვლად ტახტზე დავით გიორგის ძე (მეფე დავით II) აიყვანეს. გარდაცვლილი მეფის ანდერძის უგულებელყოფამ მღელვარება გამოიწვია ხალხში. ახალი მეფის პოლიტიკით უკმაყოფილო თავადები ცდილობდნენ სოლომონ I-ის ანდერძისაებრ იმერეთის სამეფო ტახტზე დავით არჩილის-ძე დაესვათ. სამწუხაროდ ეს სასიკეთო მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა.

1790 წელს მათხოჯთან გამართულ ბრძოლაში, მეფე დავით II დამარცხდა და ტახტზე ავიდა დავით არჩილის ძე - წმიდა მეფე სოლომონ II.

მეფემ აქტიურად დაიწყო ქვეყნის გაერთიანებისთვის ბრძოლა, მან ცოლად შეირთო ოდიშის მთავრის გრიგოლ დადიანის და მარიამ კაცის ასული, მის სამეფოში შედიოდა გურიის სამთავრო და ქართლ-კახეთის სამეფოსთან სისხლით ნათესაობა აკავშირებდა. წმიდა სოლომონ II-ის მოძღვარი იყო წმიდა ილარიონ ყანჩაველი. მათმა სულერმა კავშირმა და ერთნაირმა სახელმწიფოებრივმა მსოფლმხედველობამ განაპირობა სამეფოში ბევრი სასიკეთო ცვლილებები. სარწმუნოებრივი და სახელმწფოებრივი აზროვნების განვითარებისა და განმტკიცების მიზნით მეფემ გააძლიერა ეკლესია და დააწინაურა ღირსეული ადამიანები. მეფე სოლომონ II საკუთარი მამულებით აჯილდოვებდა ქვეყნის ერთგულ თავადებს, დაუმტკიცა იერუსალიმის ეკლესიას იმერეთში მამულები და გადასახადები, განუახლა გუჯარი ბიჭვინთის ეკლესიას...

ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ რუსეთის მთავრობა ყოველნაირად ცდილობდა იმერეთის სამეფოს მიერთებასაც. გამჭრიახი და შორსმჭვრეტელი წმიდა სოლომონი კარგად ხედავდა რომ ქვეყნის განთავისუფლებისა და გაერთიანების იდეა ნელ-ნელა იმსხვრეოდა ისტორიულ სინამდივლესთან შეჯახებით, სოლომონი ცდილობდა თავისუფლება შეენარჩუნებინა იმერეთის სამეფოსთვის, წმიდანის პოლიტიკური ლავირებები რუსეთსა და ოსმალეთ შორის წარუმატებლად დამთავრდა. რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I ბრძანებით 1810 წლის 20 თებერვალს წმიდა სოლომონ II ტახტიდან ჩამოაგდეს და იმერეთში რუსეთის მმართველობა გამოცხადდა.

წმიდა სოლომონ II მოტყუებით შეიპყრეს და თბილისში ჩაიყვანეს, მაგრამ მეფემ მოახერხა გაქცევა და ახალციხის საფაშოს შეაფარა თავი. საიდანაც ხელმძღვანელობდა ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას. 1810 წლის იმერეთს აჯანყება რუსეთის მთავრობამ კვლავ სისხლში ჩაახშო და წმიდა სოლომონ II-მ კვლავ ახალციხეს შეაფარა თავი, საიდანაც ოსმალეთში გადვიდა. წმიდა სოლომონი შვიდი წელი ცხოვრობდა ქალაქ აზმურში, შემდეგ კი ტრაპიზონში გადვიდა სადაც პატივით მიიღო იქაურმა ფაშამ, წარმოშობით ქართველმა თავადმა.

შემორჩენილია სოლომონ II-ის მიერ ტრაპიზონის ბერძნული ეკლესიისადმი შეწირული ოქროთი მოჭედილი ბერძნული სახარება წარწერით: "შეიწირე წმიდა გიორგი აქა მდებარე სრულად იმერთა მეფე ძე ქართლისა მეორე სოლომონის მიერ წმ. ესე სახარება", მეორე გვერდზე მოხსენიებულია მეფის მოძღვარი იესე ყანჩაველი - (წმ. ილარიონ ქართველი) ემიგრაციაში ყოფნის დროს წმიდა სოლომონ II დაუცხრომლად იბრძოდა ქვეყნის განთავისუფლებისთვის, რომელსაც რა თქმა უნდა ამ ქვეყნად ვერ მოესწრო. გარდაიცვალა ტრაპიზონში 1815 წლის 7(20) თებერვალს დაკრძალეს ბერძენთა ეკლესიის გალავანში.

წმიდა სოლომონ II კანონიზაცია მოხდა 2005 წლის 27 ივლისს საქართველოს ეკლესიის მიერ წმიდა სინოდის მიერ, მანამდე კი წმიდა სოლომონ II-ის ნეშტი ტრაპიზონიდან გადმოასვენეს და დაკრძალეს გელათის მონასტერში.



ღირსი პართენი, ლამპსაკელი ეპისკოპოსი (IV)

ღირსი პართენი, ლამპსაკელი ეპისკოპოსი დაიბადა ქალაქ მელიტოპოლში (მცირე აზია),სადაც მამამისი, ქრისტეფორე, დიაკვნად მსახურობდა. ყმაწვილისთვის წერა-კითხვა არ უსწავლებიათ, მაგრამ საღვთო წერილი მან კარგად შეითვისა ტაძარში, ღვთისმსახურებაზე დასწრებით. მომავალი წმიდანი მებადური იყო და აღებულ თანხას გულუხვად უნაწილებდა გლახაკებს. ღვთის მადლმა ადრევე დაივანა მასში – 18 წლის ასაკიდან ქრისტეს სახელით კურნავდა სნეულებს და განასხმიდა ეშმაკებს. როცა ჭაბუკის კეთილმსახური ცხოვრების შესახებ შეიტყო, მელიტოპოლის ეპისკოპოსმა ფილიპემ მას განათლება მიაღებინა და ხუცესად აკურთხა. 325 წელს კონსტანტინე დიდის მეფობაში, კვიზიკელმა მთავარეპისკოპოსმა აქილიუსმა იგი ქალაქ ლამპსაკის (მცირე აზია) ეპისკოპოსად აკურთხა. ქალაქში ბევრი წარმართი ცხოვრობდა და მღვდელმთავარი მათ შორის გულმოდგინედ ქადაგებდა ღვთის სიტყვას. მის მხურვალე ქადაგებებს უფლის დაშვებით მრავალი სასწაული და კურნება ახლდა თან. ხალხს თანდათან გული გაუცივდა წარმართული ღმერთების მიმართ. წმიდა პართენმა კონსტანტინე დიდს მიმართა თხოვნით, მიეცა მისთვის უფლება, დაემსხვრია საკერპოები და მათ ნაცვლად ქრისტიანული ტაძრები აეგო. მეფემ დააკმაყოფილა მისი თხოვნა და კეთილი განზრახვის განხორციელებისათვის საჭირო სახსრებიც გამოუყო. ლამპსაკში დაბრუნებულმა პართენმა ბრძანა, აღეხოცათ პირისაგან მიწისა წარმართული ბომონები, ქალაქის ცენტრში კი უფლის სადიდებლად მშვენიერი ტაძარი აეგოთ.

ერთ საკერპოში წმიდანმა იპოვა წმიდა ტრაპეზის მოსაწყობად შესაფერი ლოდი და ბრძანა, დამუშავების შემდეგ იგი ტაძრის მშენებლობაზე წაეღოთ. გაშმაგებული ეშმაკის მანქანებით ურემი გადაყირავდა, ქვამ მეურმე მოიყოლა და გასრისა. წმიდა პართენმა მკვდრეთით აღადგინა იგი და შერისხა დემონი, რომელსაც სურდა, წინ აღდგომოდა საღვთო საქმეს.

მწყემსმთავარი იმდენად გულმოწყალე იყო, რომ სხვადასხვა სნეულებებით გატანჯული თუ ბოროტი სულებით შეპყრობილი უამრავი ადამიანიდან, რომლებიც ხან შინ აკითხავდნენ, ხან კი – ქუჩაში ხვდებოდნენ, კურნებაზე უარს არც ერს არ ეუბნებოდა. ხალხმა ექიმებთან სიარული შეწყვიტა, რადგან პართენი, იესო ქრისტეს სახელის მოხმობით, უსასყიდლოდ კურნავდა მათ. ქრისტეს სახელით უძლეველი ძალით, იგი უამრავ დემონს განასხმიდა ადამიანებიდან.

ღირსი პართენი მშვიდობით მიიცვალა და დაკრძალეს ლამპსაკის საკათედრო ტაძრის გასწვრივ, თავისსავე აგებულ ეკვდერში.


ღირსი ლუკა ელადელი (+დაახლ. 946)

ღირსი ლუკა ელადელი საბერძნეთის სოფელ კასტარიაში დაიბადა. მისი მშობლები ღარიბი მიწათმოქმედები იყვნენ. წმიდანი ბევრს შრომობდა, მიწას ამუშავებდა, ცხვრებს მწყემსავდა. იგი უდრტვინველად ემორჩილებოდა მშობლებს. ხშირად გულმოწყალე ჭაბუკი თავის ულუფა საჭმელს და ტანსაცმელს გლახაკებს უნაწილებდა, რისთვისაც მრავალი საყვედურების დათმენა უწევდა მშობლებისაგან. ერთხელ, იმ თესლების უმეტესობა, რომელიც თავის მინდორზე უნდა დაეთესა, უპოვრებს მისცა, მაგრამ ღმერთმა დააჯილდოვა გულმოწყალებისათვის: იმ წელს წინანდელზე მეტი მოსავალი მოვიდა.

სიყმაწვილიდანვე წმიდანი ბევრს და გულმოდგინედ ლოცულობდა. ერთხელ დედამ იგი ლოცვის დროს ჰაერში ამაღლებული იხილა.

მამის სიკვდილის შემდეგ ლუკა დედისგან ფარულად წავიდა ათონის მთაზე და მორჩილად შედგა, მაგრამ ღმერთმა შეისმინა დამწუხრებული მშობლის ვედრება და იგი სასწაულებრივად დააბრუნა მშობლიურ სახლში. აქ მან ოთხიოდე თვე იცხოვრა, დაამშვიდა დედა, შემდეგ კი, უკვე მისი კურთხევით, იოანეს მთაზე განმარტოვდა. აქვე აღკვეცეს იგი ბერად ამ ადგილის მოსალოცად მოსულმა მღვდელმსახურებმა. ამის შემდეგ ლუკამ გააძლიერა თავისი ღვაწლი და უფალმა დაუცხრომელი მოღვაწეობისთვის განჭვრეტის ნიჭი მიმადლა.

იოანეს მთაზე შვიდი წელი დაჰყო ღირსმა მამამ, ამის შემდეგ კი, ბულგარელთა შემოსევამ აიძულა შეეცვალა მოღვაწეობის ადგილი და კორინთოს მიაშურა. აქ მან შეიტყო ერთი მესვეტე ბერის შესახებ, რომელიც პატრებში მოღვაწეობდა, მოძებნა იგი და 10 წელი მის მორჩილებაში იმყოფებოდა, შემდეგ კი დაბრუნდა სამშობლოში და კვლავ იოანეს მთაზე დამკვიდრდა. აქ ამომსვლელ ადამიანთა სიმრავლე არღვევდა ღირსი ლუკას მყუდროებას, ამიტომ მოძღვრის, თეოფილაქტეს კურთხევით იგი უფრო მივარდნილ ადგილას გადავიდა მოწაფესთან ერთად. სამი წლის შემდეგ არაბთა თავდასხმების გამო წმიდანი უდაბურ და უწყლო კუნძულზე ამპილზე გადასახლდა. მისი მოღვაწეობის უკანასკნელი ადგილი გახდა სტირი (სოტერიე). აქ ღირსი მამის ირგვლივ საძმო შემოიკრიბა და დაარსდა მცირე მონასტერი, რომლის ტაძარიც წმიდა დიდმოწამე ბარბარეს სახელზე აკურთხეს. ამ სავანეში ღირსი მამა მრავალ სასწაულს აღასრულებდა, კურნავდა სულიერ და ხორციელ სნეულებებს. მან წინასწარ განჭვრიტა აღსასრულის მოახლოება, კელიაში ჩაიკეტა და სამი თვის მანძილზე ემზადებოდა სიკვდილთან შესახვედრად. ღირსი მამა 946 წლის 7 თებერვალს აღესრულა. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „ხელთა შენთა შევვედრებ, უფალო, სულსა ჩემსა!“ შემდგომში მის საფლავზე ტაძარი ააგეს. წმიდანის უხრწნელი ნაწილებიდან მირონი გადმოდინდა და მრავალი კურნება აღესრულა.


1003 ნიკომიდიელი მოწამენი (+303)


წმიდა მოწამენი, ნიკომიდიაში აღსრულებულნი, დიოკლეტიანეს (284-305) დროს ქრისტესთვის წამებული დიდებულების: ვასის, ევესტის, ევტიქისა და ვასილიდის (ხს. 20 იანვარს) მსახურები იყვნენ.

ბატონების მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ მათაც აღეძრათ ქრისტესთვის მარტვილობის სურვილი, მხნედ აღიარეს თავიანთი სარწმუნოება. ვერანაირმა შეგონებამ და დაპირებამ ვერ მოდრიკა ნეტარი აღმსარებლები, რის შემდეგაც მეომრებმა ალყაში მოიმწყვდიეს ისინი და ყველანი - 1003 ადამიანი დედებთან და ყრმებთან ერთად აჩეხეს. ცოცხალი არავინ გადარჩენილა.


Posted by: nk44 21 Feb 2012, 20:58
21 თებერვალი (ძვ. სტ. 8 თებერვალი) სამშაბათი

ხორციელის შვიდეული. მიგებების დღესასწაულის წარგზავნა. დიდმოწამისა თეოდორე სტრატილატისა (319); წინასწარმეტყველისა ზაქარია ნამგლისმხილველისა (დაახ. 520 წ. ქრისტეს შობამდე); მღვდელთმთავრისა საბა II-სი, სერბელი მთავარეპისკოპოსისა (1269).






წმიდა მოწამე თეოდორე სტრატილატი (+319)

წმიდა მოწამე თეოდორე სტრატილატი ქალაქ ევქიტში ცხოვრობდა. მას მრავალგვარი ნიჭი და შესანიშნავი გარეგნობა ჰქონდა მიმადლებული. გულმოწყალე მხედარს უფალმა ქრისტიანული ჭეშმარიტებებიც სრულად შეაცნობინა. წმიდანის ახოვანება საქვეყნოდ მაშინ გაცხადდა, როცა მან, ღვთის შემწეობით, მოკლა ევქიტის მახლობლად უფსკრულში დაბუდებული უზარმაზარი გველი, რომელიც უმოწყალოდ ნთქავდა ადამიანებს და შიშის ზარს სცემდა მოსახლეობას. გამოჩენილი სიმამაცისათვის თეოდორე ქალაქ ჰერაკლიაში სტრატილატად დანიშნეს. წმიდანი თავის წარმართ მეომრებს შორის მხურვალედ ქადაგებდა სახარების სწავლებას. პირადი, ცხოვრებისეული მაგალითით განმტკიცებულმა მისმა სიტყვებმა მრავალი უღმერთო მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. მალე თითქმის მთელი ჰერაკლია გაქრისტიანდა. ამ დროს იმპერატორმა ლიკინიუსმა (307-324) მართლმადიდებელთა სასტიკი დევნა წამოიწყო. ის ცდილობდა ღვთაებრივი მადლით განსაკუთრებულად გაბრწყინებული, ყველაზე ახოვანი ქრისტიანობის დამცველები მოეშთო და ამით სარწმუნოებისათვის თავი წარეკვეთა. ერთი ამ რჩეულთაგანი იყო თეოდორე სტრატილატიც. წმიდანმა ლიკინიუსი თავად მოიწვია ჰერაკლიაში და აღუთქვა, რომ ღმერთებს მსხვერპლს შესწირავდა. თითქოსდა ამ დიდებული ცერემონიის აღსასრულებლად, მან საკუთარ სახლში თავი მოუყარა მთელი ქალაქის ოქროსა და ვერცხლის კერპებს. ქრისტიანობის სიძულვილით დაბრმავებულმა ლიკინიუსმა ირწმუნა თეოდორეს შემონათვალი, მაგრამ სასტიკად მოტყუვდა: წმიდა მხედარმა ცრუ-ღმერთების ქანდაკებები შემუსრა, მათი ნამსხვრევები კი მოწყალებად გასცა. თეოდორე შეიპყრეს და სასტიკად აწამეს: მიწაზე დააკრეს, ხარის ძარღვებით სცემეს, რკინის სამთითებით ჯიჯგნეს, ცეცხლის ალზე ტანჯეს, თვალები დათხარეს.შემდეგ ხუთი დღე საპყრობილეში ამყოფეს მშიერ-მწყურვალი, ბოლოს კი ჯვარზე მიამსჭვალეს. მოახლოებული აღსასრულის მოლოდინში, წმიდანი ლოცვას მიეცა . მაგრამ უფალმა ისურვა, რომ თეოდორეს მიცვალება ისეთივე სასწაულებრივი ყოფილიყო, როგორც მთელი მისი სიცოცხლე: წყლულები დაუამა მას და ჯვარიდან გარდამოხსნა, მეფის მეომრებმა იხილეს ჭეშმარიტი ღმერთის ძალმოსილება, ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ. ამის შემდეგ, წმიდანმა არ ისურვა მოწამეობრივი სიკვდილი თავიდან აეცილებინა, დააშოშმინა მტარვალთა წინააღმდეგ აღმდგარი ხალხი და ნებით ჩაბარდა ლიკინიუსს. გზად იგი ერთი სიტყვის წარმოთქმით საპყრობილეთა კარებს განახმიდა და ტუსაღებს ბორკილებისაგან ანთავისუფლებდა. მის სამოსელსა და სასწაულებრივ განკურნებულ სხეულზე შეხებით სნეულები და ეშმაკეულები მეყსეულად იკურნებოდნენ. მეფის ბრძანებით წმიდანს თავი მოჰკვეთეს. სიკვდილის წინ მან თავის მსახურს - უარს, რომელიც ესწრებოდა და აღწერდა მის წამებას, უთხრა: „ნუ დაიზარებ ჩემი მიცვალების დღის ჩანიშვნას, ცხედარი კი ევქაიტში დაჰფალით“, ამ სიტყვებით იგი ყოველწლიურ მოხსენიებას ითხოვდა. შემდეგ წმიდა მოწამემ წარმოთქვა „ამინ!“ და ნებით მოუდრიკა ქედი მახვილს. ეს მოხდა 319 წლის 3 თებერვალს, შაბათს, დღის 3 საათზე.



წინასწარმეტყველი ზაქარია მანგლისმხილველი (+დაახლ. 520 წ. ქრისტეს შობამდე)

წინასწარმეტყველი ზაქარია მანგლისმხილველი იყო ერთი ათორმეტი მცირე წინასწარმეტყველთაგანი. 70 წელი იმყოფებოდნენ იუდეველები ბაბილონის ტყვეობაში, მაგრამ ბოლოს მეფე კვიროსმა გაანთავისუფლა ისინი და ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის ტაძრის დანგრევის შემდეგ მიტაცებული სიწმიდეები დაუბრუნა. დაბრუნებიდან მეშვიდე თვეს იუდეველებმა დანგრეული სამსხვერპლო აღადგინეს, შემდეგ კი ტაძრის აღორძინებასაც შეუდგნენ. კეთილმსახური ადამიანები უხვ შემოწირულობებს აკეთებდნენ, მაგრამ ბოროტი ადამიანების, ავაზაკებისა და წარმართების მანქანებით მშენებლობა ჭიანურდებოდა. ისრაელში სარწმუნოებრივი სულისკვეთების განსახორციელებლად უფალმა მათ შორის ორი წინასწარმეტყველი - ანგია და ზაქარია გამოარჩია.

ზაქარია ჯერ კიდევ ჭაბუკი იყო, როცა უფალმა საწინასწარმეტყველო მსახურებისაკენ მოუწოდა და არაამქვეყნიური სახილველების ჭვრეტის ღირსი გახადა. სწორედ ზაქარია წინასწარმეტყველის წიგნშია განცხადებული მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების უკანასკნელი მოვლენები, მისი დიდებით შესვლა იერუსალიმში (9,9), უფლის 30 ვერცხლად გაყიდვა და ამ საზღაურით მეკეცის მიწის შესყიდვა (11,12-13), მაცხოვრის გვერდის განგმირვა (12,10), მოციქულთა გაფანტვა გეთსემანიის ბაღში (13,7), მზის დაბნელება მაცხოვრის ჯვარზე ვნების დროს (14,6-7). გადმოცემის მიხედვით, ღვთის მადლის რჩეულმა ჭურჭელმა - ზაქარიამ ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა. იგი იერუსალიმის მახლობლად დაკრძალეს თავის დიდ თანამედროვე და თანამოსაგრე ანგიასთან ერთად. ზაქარია წინასწარმეტყველს „მანგლისმხილველს“ ვუწოდებთ, რადგან მან ჩვენებით იხილა მანგალივით მოდრეკილი გრაგნილი, რომელიც რისხვის მომასწავლებლად ფრინავდა ჰაერში (5,1-2).

Posted by: nk44 23 Feb 2012, 20:41
23 თებერვალი (ძვ. სტ. 10 თებერვალი) ხუთშაბათი

ყველიერის შვიდეული. ღირსისა შიო მღვიმელისა, შიოობა; ღირსისა იოანე ჭიმჭიმელისა, ფილოსოფოსისა (XIII); მღვდელმოწამისა ხარალამპისა და მისთა თანამოწამეთა: პორფირისა, ბაპტოსისა და სამთა მოწამეთა (202); ქალწულმოწამეთა: ენათასი, ვალენტინასი და პავლასი (308).



წმიდა შიო მღვიმელი

ღირსი იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე: აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი, დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმიდელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი და შიო მღვიმელი იყვნენ ასურელი მოღვაწეები, რომლებმაც საქართველოში სამონასტრო ცხოვრება ააღორძინეს და დაამკვიდრეს.

წმიდა შიო მღვიმელი სარკინეთის კლდეთა შორის მდებარე მღვიმეში მოღვაწეობდა. უდაბურ ადგილას მოღვაწე ბერი თვით ყოველადწმიდა ღვთისმშობელმა აკურთხა. ეს ნახა სარკინეთის მთაზე სანადიროდ მყოფმა ციხედიდის მთავარმა ევაგრემ (ხს. 4 თებერვალს), მოინახულა საკვირველი ბერი და დაემოწაფა მას. მალე იქაურობა მეუდაბნოე მამებმა აავსო. წმიდა შიომ სარკინეთში სავანე დააარსა და ორი ათას ბერს მოუყარა თავი. წმიდა შიომ აღთქმა დადო, რომ დარჩენილ სიცოცხლეს მღვიმეში გაატარებდა. მღვიმე თავისსავე მონასტერში გათხარა და შიგ ჩავიდა. ღირსი შიო თხუთმეტი წელი მოღვაწეობდა მღვიმეში.


ღირსი მამაჲ ჩვენი იოანე ჭიმჭიმელი, ფილოსოფოსი (XII)

ღირსი იოანე ჭიმჭიმელის შესახებ მეტად მწირი ცნობები მოგვეპოვება: იგი იყო XII-XIII საუკუნეების მიჯნის დიდი საეკლესიო მოღვაწე, მთარგმნელი და ფილოსოფოსი. „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ ავტორი წერს, რომ წმიდა დემეტრე მეფის (ხს. 23 მაისს) „დიდებითა, სიმჴნითა და გუარითა ცხოვრებასა აღმოაჩენს იოვანე ფილოსოფოსისას ჭიმჭიმელისა შესხმა - მოთხრობა“.

იოანემ განათლება პეტრიწონის სალიტერატურო სკოლაში მიიღო. მან თარგმნა რამდენიმე ეგზეგეტიკური ხასიათის თხზულება: 1) „თარგმანებაჲ ეკლესიასტისაჲ“ მიტროფანე სმირნელისა; 2) „თარგმანებაჲ ეკლესიასტისაჲ“ ოლიმპიოდორე ალექსანდრიელისა; 3) „თარგმანებაჲ მარკოზის სახარებისაჲ“ თეოფილაქტე ბულგარელისა; 4) მისივე „თარგმანებაჲ ლუკას სახარებისაჲ“.

ღირსი იოანე ჭიმჭიმელის თხზულებებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართული სასულიერო მწერლობისათვის. ღირსი იოანეს ფრესკა გამოსახული ყოფილა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში.

XVIII ს-ის ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, მიტროპოლიტი ტიმოთე (გაბაშვილი) თავის „მიმოსლვაში“ აღწერს ჯვრის მონასტრის ფრესკებს და შარავანდედითა და გვირგვინით გამოხატულ წმიდა მამათა და მოწამეთა შორის ღირს მამას - იოანე ჭიმჭიმელსაც ასახელებს.

მოსე ჯანაშვილი „საქართველოს ეკლესიის ისტორიაში“ აღნიშნავს, რომ იოანე ჭიმჭიმელს გრემში სალიტერატურო სკოლა ჰქონდა, სადაც იგი ფილოსოფიას, ღვთისმეტყველებას, ბერძნულ, ასურულ და არაბულ ენებს ასწავლიდა.


მღვდელმოწამე ხარლამპი და მის თანა მოწამენი: პორფირი, ბაფტოსი და სხვანი (+202)

წმიდა ხარლამპი, თესალიის ქალაქ მაგნეზიის (საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ოლქი) ეპისკოპოსი ქრისტეს სიტყვის მხურვალე მქადაგებელი იყო. იგი მრავალ შეცდომილ სულს მოაქცევდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. როცა ამის შესახებ ოლქის მმართველ ლუკიანეს და მხედართმთავარ ლუკიუსს მოეხსენა, მათ ბრძანეს, შეეპყროთ წმიდანი. ხარლამპიმ სამსჯავროზე მტკიცედ აღიარა ქრისტე და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადა. მხცოვანების მიუხედავად (იგი უკვე 113 წლის იყო), ნეტარი მამა სასტიკად აწამეს: სხეული რკინის ჩანგლებით უჯიჯგნეს მანამ, სანამ თავიდან ფეხებამდე არ გაატყავეს. წამების დროს წმიდანი მტარვალებს მიმართავდა: „გმადლობთ, ძმებო, თქვენ განაახლეთ ჩემი სული! “

მოხუცის მოთმინებისა და სრული განურისხველობის მოწმე ორმა მხედარმა -პორფირიმ და ბაპტოსმა აშკარად აღიარეს ქრისტე, რისთვისაც თავი მოეკვეთათ. ჭეშმარიტი ღმერთი ადიდა ეპისკოპოსის წამების მოწმე სამმა დედამაც. არც ისინი დაინდეს ჯალათებმა - საშინელ ტანჯვაში ამოხადეს სული.

გამხეცებულმა ლუკიუსმა თავად დასტაცა ხელი იარაღებს და მარტვილის წამება დაიწყო, მაგრამ უეცრად მკლავები წაერთვა, თითქოს მახვილით მოკვეთესო. ტანჯვის ადგილზე მოსულმა მმართველმა წმიდანს ზიზღით შენერწყვა სახეში და კადნიერებისთვის მეყსეულად დაისაჯა -თავი უკან შეუტრიალდა. მას შემდეგ, რაც ლუკიუსმა მღვდელმთავრისგან მდაბლად ითხოვა შენდობა, ღირსმა მამამ ილოცა შეცოდებულთათვის და ორივენი განიკურნა. ამ სასწაულის მრავალმა მოწმემ ირწმუნა ქრისტე. მათ შორის ლუკიუსმაც, რომელიც, სინდისის ქენჯნით გვემული, ფეხებში ჩაუვარდა მოხუცს და კიდევ ერთხელ სთხოვა პატიება. ლუკიანემ მომხდარის შესახებ იმპერატორ სეპტიმიუს სევერს (193-211) შეატყობინა, რომელიც ამ დროს პისიდიის ანტიოქიაში (მცირე აზიის დასავლეთი ნაწილი) იმყოფებოდა. მეფემ ბრძანა, ხარლამპი მისთვის მოეგვარათ. მღვდელმოწამეს წვერზე ბაწარი გამოაბეს და ისე ათრიეს. სეპტიმიუსმა ისურვა, კიდევ უფრო საშინელი სატანჯველებით ეწამებინათ ეპისკოპოსი და ჯალათებმაც მარტვილის ცეცხლზე ტანჯვა დაიწყეს. სულიწმინდის მადლით მოსილი უფლის რჩეული უვნებელი დარჩა და სასწაულმოქმედების ნიჭიც მიიღო: მისი ლოცვით მკვდრეთით აღსდგა გარდაცვლილი ჭაბუკი, განიკურნა 35 წლის მანძილზე ბოროტი სულით გვემული ეშმაკეული.

ამ საკვირველებათა თვითმხილველებმა ერთხმად ადიდეს უფალი. ქრისტე მაცხოვარი ირწმუნა იმპერატორის ასულმა გალინამაც, რომელმაც, საღვთო შურით აღძრულმა, წარმართულ ტაძარში ორჯერ შემუსრა კერპები. მეფის ბრძანებით, ხარლამპს ბაგეებში ქვებს ურტყამდნენ, სურდათ მისთვის ცეცხლი წაეკიდებინათ წვერებზე, მაგრამ იქედან გადმომსკდარმა ალმა თავად ჯალათები დაწვა. გაავებულმა სეპტიმიუს სევერმა და მისმა ერთმა დიდებულმა -კრისპმა, ღმერთი გმეს და დაცინვით მოუწოდეს მას, მიწაზე ჩამოსულიყო და აქ დაექადნა თავისი ძალით და ხელმწიფებით. ამგვარი თავხედობით განრისხებულმა უფალმა შეაზანზარა მიწა, შიშის ზარი დასცა ყველას, ორი უსჯულო კი ჰაერში გამოჰკიდა. უხილავი ბორკილებით შებოჭილი ღვთისმგმობლები მხოლოდ მღვდელმთავრის ლოცვებით დაეშვნენ მიწაზე. დამფრთხალმა იმპერატორმა თითქოს იგრძნო ზეცის, ქვეყნისა და ქვესკნელის მეუფის ყოვლისშემძლეობა და მზად იყო მის თაყვანსაცემად, მაგრამ ბოროტმა კვლავ აურია გონება და საშინელ მრისხანებაში ჩავარდნილმა ბრძანა, ჯერ ეწამებინათ, შემდეგ კი თავი მოეკვეთათ წმიდა ხარლამპისთვის. თავისი უკანასკნელი ლოცვის დროს, ნეტარი მღვდელმთავარი მაცხოვრის გამოცხადების ღირსი შეიქმნა და შესთხოვა მას, იმ ადგილისთვის, სადაც მისი ნეშტი დაიკრძალებოდა, მშვიდობა და ნაყოფიერება მიემადლებინა, ხოლო მის მკვიდრთათვის, ცოდვათა მიტევება და ცხონება. ნეტარი მამა სასიკვდილო განაჩენის აღსრულებამდე მშვიდობით მიიცვალა. იმპერატორის ასულმა გალინამ წმიდა ხარლამპის ცხედარი პატივით დაკრძალა.


ქალწულმოწამენი: ენაფა, ვალენტინა და პავლა (+308)

წმიდა ქალწულმოწამენი ენაფა, ვალენტინა და პავლა 308 წელს, იმპერატორ მაქსიმიანე II გალერიუსის (305-311) ზეობისას ეწამნენ ქრისტესთვის. წმიდა ენაფა ქალაქ ღაზის (სამხრეთ პალესტინია) მკვიდრი იყო, წმიდა ვალენტინა - პალესტინის კეისარიისა, პავლა კი კეისარიის მახლობლად ცხოვრობდა. სამსჯავროზე, მმართველ ფირმილიანესთან პირველად ენაფა წარადგინეს. მან ახოვნად აღიარა ქრისტე, რისთვისაც საშინლად გვემეს, შემდეგ კი ძელზე მიაკრეს და წვერგამახული იარაღებით აწამეს. ღმერთების უპატივცემულობისათვის მსჯავრდადებული ვალენტინა წარმართულ ტაძარში მიიყვანეს ცრუ-ღმერთებისთვის ძღვენის შესაწირად, მაგრამ მან გაბედულად ესროლა ქვა სამსხვერპლოს, მასზე დაგზნებულ ცეცხლს კი ზურგი აქცია. ქრისტეს მხნე აღმსარებელი დაუნდობლად სცემეს, შემდეგ კი წმიდა ენაფასთან ერთად მახვილით მოკლეს.

ბოლოს მიიყვანეს პავლაც. ქრისტეს ნეტარმა სასძლომ ახოვნად დაითმინა ურიცხვი სატანჯელი, ბოლოს კი მადლობა შესწირა უფალს, თაყვანი სცა იქ მყოფ ქრისტიანებს და მშვიდად მოუდრიკა ქედი მახვილს.

Posted by: nk44 25 Feb 2012, 20:08
ყველიერის შვიდეული. ყოველთა ღირსთა მამათა ღვაწლით გაბრწყინებულთა; ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაული; წმ. პროხორე ქართველისა (XI); წმ. ლუკა იერუსალიმელისა (მუხაიძე, 1277), ნიკოლოზ დვალისა, (1314); წმ. მელეტისა, ანტიოქიელ მთავარეპისკოპოსისა (381); ღირსთა მარიამისა და მამისა მისისა ევგენისა (VI); წმ. ანტონისა, კონსტანტინოპოლელ პატრიარქისა (895); წმ. ალექსი მოსკოვის მიტროპოლიტისა (1378).



დღესასწაული ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა

დღესასწაული ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა. იმპერატორ თეოფილეს მეფობის პერიოდში (829-842) ბიზანტიის იმპერიაში ხატმებრძოლეობის საშინელი ერესი მძვინვარებდა. იმპერატორის ბრძანებით, იმპერიის ყველა სოფელსა და ქალაქში მხედრები ეძებდნენ გადამალულ ხატებს და ანადგურებდნენ.

ნიკეის მახლობლად ცხოვრობდა ერთი კეთილმორწმუნე ქვრივი, რომელიც ფარულად ინახავდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს. იმპერატორის გამოგზავნილმა მხედრებმა იპოვეს ეს ხატი, ერთერთმა მათგანმა „მახვილი დასცა პირსა ხატისა”. მოხდა სასწაული: ნაიარევიდან სისხლმა იფეთქა. შეშინებული მხედრები იქაურობას გაეცალნენ.

ქვრივი მთელი ღამე ლოცულობდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე, დილით კი, ღვთის განგებით, მან ხატი ზღვასთან მიაბრძანა და ლოცვის შემდეგ წყალში ჩაუშვა. ხატი ზღვის ტალღებზე აღმართული, დასავლეთისკენ გაემართა.

გამოხდა ხანი. ერთხელ, მიმწუხრისას, ათონის ივერთა მონასტრის ბერებმა ზღვაზე ნათლის სვეტი იხილეს. ეს ხილვა რამდენიმე დღე გაგრძელდა. წმიდა მთის მამები შეიკრიბნენ და თქვეს: „რაჲმე იყოს მნთებარე ესე წყალთა შინა?” ზღვის ნაპირზე ჩავიდნენ და ნახეს, რომ ნათლის სვეტი ღვთისმშობლის ხატს ადგა, მაგრამ როცა მიახლოება გადაწყვიტეს, ხატი ზღვის ნაპირს გაშორდა.


ივერთა მონასტერში მოღვაწეობდა ერთი ქართველი ბერი, გაბრიელი (ცხოვრება იხილეთ 12 ივლისს). წმიდა მთის მამებს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და აუწყა, რომ მხოლოდ გაბრიელ ივერიელი იყო ღირსი წმიდა ხატის ზღვიდან გამოყვანებისა. იმავდროულად, დედა ღვთისა თავად გაბრიელსაც გამოეცხადა და უთხრა: „შემოდი ზღვაში, ტალღებზე რწმენით გაიარე და ყველა იხილავს ჩემს სიყვარულს და წყალობას თქვენი სავანისადმი”.

ათონის ბერებმა ქართველთა მონასტერს მიაკითხეს, მოძებნეს გაბრიელი და გალობით და საკმევლის კმევით ზღვის ნაპირთან ჩავიდნენ. გაბრიელი ზღვაში შევიდა, ტალღებზე, როგორც ხმელეთზე ისე გაიარა და წმიდა ხატი ნაპირზე გამოაბრძანა.

ეს მოხდა ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს.

ზღვიდან გამოსვენებული ხატი დააბრძანეს და სამადლობელი პარაკლისი გადაიხადეს. იმ ადგილას ცივმა და საამო წყარომ ამოხეთქა. ამის შემდეგ ხატი ეკლესიაში შეაბრძანეს და საკურთხეველში დაასვენეს. მეორე დილით, კანდელის დასანთებად ბერებს ხატი ადგილზე არ დახვდა. ძებნის შემდეგ იგი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს, ჩამოაბრძანეს და ისევ საკურთხეველში შეასვენეს. ასე განმეორდა რამდენჯერმე. ბოლოს, ყოვლადწმიდა ქალწული ისევ გამოეცხადა გაბრიელს და უთხრა: „გამოუცხადე ძმათა, რათა ამიერიდან უმეტეს არღა გამხდიდნენ მე, რამეთუ მე მნებავს არა იგი, რათა მიცავდეთ თქვენ, არამედ რათა თვით მე გფარვიდეთ თქვენ, არა მხოლოდ ამა ცხოვრებასა შინა, არამედ მომავალსაცა და ვიდრემდე იხილვებოდეს სავანეს ამას შინა ხატი, არა მოგაკლდეს თქვენ მადლი და წყალობა ძისა ჩემისა”.

ბერები გამოუთქმელი სიხარულით აღივსნენ, იქვე ააგეს პატარა ტაძარი სადიდებლად ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა და საკვირველთმოქმედი ხატი შიგ დაასვენეს.

პორტაიტის, ანუ ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის მადლით მრავალი სასწაული აღესრულება.


წმიდანი: პროხორე ქართველი (XI);
ლუკა იერუსალიმელი (მუხაის ძე) (+1273); ნიკოლოზ დვალი (+1314)
და ყოველნი მოწამენი და ღირსნი მამანი ქართველნი - იერუსალიმის ქართველთა მონასტერში ცხოვრებულნი



წმიდა პროხორე დაიბადა დაახ. 985-990 წელს. წმიდანი ბავშვობიდანვე მონასტერში აღიზარდა. ყოველმხრივ გამორჩეული ახალგაზრდა მოღვაწე მონაზვნად აღკვეცეს პროხორეს სახელით, და მალე მღვდელ-მონაზვნად დაასხეს ხელი. დაახ. 1010-1015 წლიდან წმიდანი იერუსალიმში წავიდა საბას ლავრაში. შემდეგ კი, ექვთიმე გრძელის ძის ბრძანებით, მან „იწყო შენება მახლობლად იერუსალიმისა სავანისა, რომელსა უწოდიან ჯუარისა მონასტერი“.

გადმოცემის მიხედვით, ამ ადგილას აბრაამის ძმისწულ ლოთს სამი ხე - სარო, ფიჭვი და ნაძვი დაურგავს. შემდეგ ეს ნერგები სასწაულებრივად შეერთებულან და ერთი დიდი ხე აღმოცენებულა. ტაძრის შენებისას, სოლომონის ბრძანებით, ეს ხე მოუჭრიათ, მაგრამ მშენებლობისთვის აღარ გამოუყენებიათ. წმიდა გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ ხისგან გაკეთდა ჯვარი, რომელზეც გააკრეს მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. ეს მიწა IV საუკუნეში უბოძებიათ მირიან მეფისთვის (ხს. 1 ოქტომბერს). V საუკუნეში ვახტანგ გორგასალს (ხს. 30 ნოემბერს) აქ აუგია ჯვრის მონასტერი, რომელიც VII-XI საუკუნეებში არაერთხელ დაუნგრევიათ.

მონასტრის აღსადგენად ამბა პროხორეს დიდძალი საფასე მისცა საქართველოს მეფემ ბაგრატ კურაპალატმა.

ღირსმა პროხორემ ყოველმხრივ შეამკო მონასტერი. მან თავის გარშემო ოთხმოცი ბერი შემოიკრიბა, რომელთაც საბაწმიდის ლავრის მსგავსი წესი და კანონი განუჩინა.

წმიდა პროხორეს ხანგრძლივი მოღვაწეობის შემდეგ შრომისა და სიბერისგან სხეული მოუუძლურდა, მოწაფეთაგან ერთი, სახელად გიორგი, მონასტრის მამასახლისად დაადგინა, თვითონ კი ორი მოწაფის თანხლებით უდაბნოში გავიდა და მცირედი ხნის შემდეგ, დაახ. 1066 წელს სული უფალს შეავედრა.

წმიდა ლუკა იერუსალიმელი პატიოსან და წარჩინებულ ქართველთა ოჯახიდან იყო. მისმა დედამ ქმრის გარდაცვალების შემდეგ შვილები დატოვა, მონაზვნად აღიკვეცა და იერუსალიმს დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. როცა წმიდა ლუკა ოცი წლისა შესრულდა, იერუსალიმს გაემგზავრა, ისიც მონაზვნად აღიკვეცა და მალე დიაკვნადაც აკურთხეს. ღირსმა მამამ მალე შეისწავლა არაბული ენა. როცა ძმებმა იხილეს „ორკერძოჲვე სიბრძნე“ და სიწმიდე მისი, ჯვრის მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს. ნეტარი ლუკა კეთილად განაგებდა მონასტერს სამი წლის განმავლობაში.

კაცთა წაწყმედის მოსურნე ეშმაკი შურით აღენთო ღვთის სათნო მამის მიმართ და მის წინააღმდეგ ბოროტებით აღსავსე სპარსელი, სულთნის კარზე გავლენიანი შეხ ჴიდარი აამხედრა. მან სულთან ფენდუხტისგან ჯვრის მონასტერი გამოითხოვა. მონასტრის ხელში ჩაგდების შემდეგ ბოროტი სპარსელი „ვითარცა მხეცი, მიუდგა ძმათა ჩუენთა ქართველთა და არარაჲთ შეარჩინა“. ღირსი ლუკა, როგორც წინამძღვარი, წავიდა სულთანთან საშუამდგომლოდ. ქრისტიანებმა წმიდა მამა გააფრთხილეს: „შეხ ხიდარი გემუქრება, ამიტომ გაიქეცი და დაიმალეო“. ლუკამ ყურადღება არ მიაქცია ამ გაფრთხილებას, პირიქით, წუთისოფლის ცხოვრებას ქრისტესთვის სიკვდილი არჩია, მივიდა შეხ ხიდართან და უთხრა „რათა განუტევოს მამანი და მისგან ითხოვოს, რაჲთა უნებს“. ბოროტებით აღვსილმა სპარსელმა ქრისტიანობის დათმობა და მაჰმადიანობის მიღება მოსთხოვა, სამაგიეროდ ამირობა და „ტაძრის თავადობა“ აღუთქვა ნეტარს. წმიდა ლუკამ მტკიცედ აღიარა შახის წინაშე ქრისტიანობა. უარით განაწყენებულმა და გულისწყრომით აღვსილმა შახმა ბრძანა, თავი მოეკვეთათ ქრისტეს ერთგული მსახურისათვის.

სასჯელის აღსრულების შემდეგ ლუკას წმიდა მოკვეთილი თავი აღმოსავლეთით შებრუნდა, გაიცინა და მადლობა შესწირა უფალს. შეხ ხიდარის ბრძანებით, წმიდანის პატიოსანი გვამი ცეცხლში დაწვეს.

წმიდა მოწამე ნიკოლოზ დვალი მართლმორწმუნე მშობელთა შვილი იყო. ღვთისმოშიშმა დედ-მამამ იგი შობიდანვე უფალს შესწირა. თორმეტი წლის ყრმა ნიკოლოზი კლარჯეთის უდაბნოში წავიდა, იქ აღიკვეცა და დაიწყო მოღვაწეობა. შემდეგ წმიდანი იერუსალიმს წავიდა და იქ ქართველთა ჯვრის მონასტერში დაემკვიდრა. ქრისტესთვის მოწამეობრივად აღსრულების სურვილით ანთებული წმიდა ნიკოლოზი მხნედ ქადაგებდა სარწმუნოებას მუსულმანებში და თან უშიშრად ამხელდა მათ ცდომილებებს.

უსჯულოებმა წმიდა ნიკოლოზი შეიპყრეს და მრავალფერი სატანჯველის შემდეგ ციხეში გამოკეტეს. ქრისტიანებმა შეძლეს და საპყრობილეიდან გამოიხსნეს აღმსარებელი. წინამძღვრის ბრძანებით წმიდა ნიკოლოზი კვიპროსზე წავიდა, ქართველთა მონასტერში. იგი მოწამეობრივ აღსასრულს ევედრებოდა უფალს, და წმიდა იოანე ნათისმცემლის მიერ მიიღო გამოცხადება: დამასკოში უნდა წასულიყო.

დამასკოში ჩასულმა წმიდანმა უსჯულოთა წინაშე ისევ მხნედ აღიარა ქრისტე და ამხილა მათი უგუნურება. განრისხებულმა უღმრთოებმა შეიპყრეს წმიდა აღმსარებელი, სასტიკად გვემეს და დილეგში ჩააგდეს. ქრისტიანებმა ძლივს მოახერხეს მისი გამოხსნა ტყვეობიდან. ახლად განთავისუფლებული წმიდა ნიკოლოზი კვლავ მივიდა უსჯულოთა შესაკრებელში, კვლავ ჰგმო მათი უგუნურება, რისთვისაც სასტიკად აწამეს, ხუთასჯერ დაჰკრეს შოლტი და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდა მოწამე ნათლისმცემლის სასწაულებრივი გამოცხადებით განიკურნა, ორი თვის შემდეგ კი კვლავ გაათავისუფლეს.

ქალაქის ამირამ შემთხვევით ნახა იერუსალიმში გასამგზავრებლად მომზადებული წმიდა ნიკოლოზი, შეიპყრო და ამირათ-ამირას, დენგიზს გაუგზავნა. დენგიზმა წმიდანს მაჰმადიანობის მიღება შესთავაზა. წმიდა ნიკოლოზმა გაბედულად აღიარა ქრისტე.

ამირათამირამ მისი მოკვდინება ბრძანა. სანატრელ მოწამე აღმოსავლეთით მიბრუნდა, სიხარულით მოუდრიკა მახვილს ქედი და თქვა: „დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, რომელმან ღირს მყავ შენთჳს სიკვდილსა“. მახვილმა თავი წარკვეთა წმიდა ნიკოლოზს. მოჭრილმა თავმა შვიდგზის ადიდა ღმერთი და ხმა-ჰყო: „დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო!“ ამ სასწაულის მხილველმა სპარსელებმა წმიდანი გვამი დაწვეს. მისი წამების ადგილს სამი დღე ნათლის სვეტი ადგა.

როცა წმიდა ნიკოლოზის მოძღვარმა თავისი სულიერი შვილის მოწარობრივი აღსასრული შეიტყო, ადიდა ღმერთი და შეევედრა, გამოეცხადებინა მისთვის შეირაცხა თუ არა ნიკოლოზი წმიდა მოწამეთა შორის. ერთ დღეს, წიგნის კითხვისას, მან სასწაულებრივი გამოცხადებით იხილა ნათლითა და სურნებელებით სავსე მთა და ბრწყინვალედ შემკობილი გუნდი წმიდა მოწამეთა, რომელთა შორის გამორჩეულად ბრწყინავდა დიდმოწამე გიორგი. წმიდა გიორგიმ წმიდა ნიკოლოზი იხმო: „ნიკოლოზ! გამოვედ და იხილე ბერი ესე, შენი მოძღვარი, რამეთუ მრავალნი ცრემლნი დასთხინა შენთჳს“. ნიკოლოზმა მოიკითხა მოძღვარი: „აჰა, მიხილე მეცა და ჩემი ადგილიცა და ამიერითგან ნუღარა მწუხარე ხარ ჩემთვის“, - დაამშვიდა მან იგი. წმიდა ნიკოლოზ დვალი ეწამა 1314 წლის 19 ოქტომბერს, სამშაბათს.



წმიდა მელეტი, ანტიოქიის მთავარეპისკოპოსი (+381)

წმიდა ანტონი, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი აზიელი იყო, მაგრამ მთელი ცხოვრება სიყრმიდან მიცვალებამდე კონსტანტინეპოლში გაატარა. იგი დაახლოებით 829 წელს დაიბადა მდიდარი და კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. დედის გარდაცვალების შემდეგ 12 წლის ყრმამ მონასტერს მიაშურა, სადაც წინამძღვრის მიბაძვით, ღამეებს ათევდა ლოცვაში და მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა. გარკვეული დროის შემდეგ იგი, საკუთარი ნების წინააღმდეგ, მღვდლად აკურთხეს და წინამძღვარადაც დაადგინეს. ამ ხარისხში მან ბერად აღკვეცა საკუთარი მამა. წმიდა ანტონი გულმოწყალებით გამოირჩეოდა, უყვარდა გლახაკები და გულუხვად განიკითხავდა მათ.

ნეტარი მამა 893 წელს კონსტანტინეპოლის საპატრიარქო ტახტზე აღასაყდრეს. ამის შემდეგ მან კიდევ უფრო გააძლიერა უქონლებზე ზრუნვა, განსაკუთრებით ხელმოკლე მღვდელმსახურებს შეეწეოდა. იმპერატორ ლეონ ბრძენის მხარდაჭერით პატრიარქმა ანტონიმ ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა ეკლესიისათვის.

895 წელს, ღრმად მოხუცებულმა ანტონიმ მშვიდად შეჰვედრა სული უფალს.


ღირსი მარინი და მამა მისი ევგენი (VI)

ღირსი მარიამ – მარინი და მამა მისი ღირსი ევგენი IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდნენ ბითვინიაში (მცირე აზიის ჩრდილო დასავლეთი ოლქი). დაქვრივების შემდეგ ღირსმა ევგენიმ გადაწყვიტა მონასტერში წასულიყო, მისმა ასულმა კი არ ისურვა მამასთან განშორება, მამაკაცის ტანსაცმელი გადაიცვა და თან გაჰყვა მშობელს. ისინი ერთად დამკვიდრდნენ ალექსანდრიის მახლობლად მდებარე სავანეში, სადაც მარიამი მარინის სახელით აღკვეცეს ბერად.

„ძმა“ მარინი მეტად წარემატებოდა სათნოებებში, თავმდაბლობით და მორჩილებით გამოირჩეოდა. რამდენიმე წლის შემდეგ მარიამის მამა გარდაიცვალა, რის შემდეგაც მან კიდევ უფრო გაიძლიერა ღვაწლი. უფალმა არაწმიდა სულების განსხმის ნიჭით დააჯილდოვა თავისი სათნომყოფელი.

ერთხელ, მარინი სხვა ძმებთან ერთად მონასტრის ბოსტანში გაგზავნეს სამუშაოდ. გზად ერთი ღამე მათ სასტუმროში გაათიეს. ერთ-ერთ მდგმურთან ცოდვით დაცემულმა სასტუმროს მეპატრონის ასულმა ცილი დასწამა „ბერ მარინს“ და თავის მაცდურად გამოაცხადა. მისმა მამამ მონასტრის იღუმენთან იჩივლა და წინამძღვარმაც სავანიდან განდევნა „შეცოდებული ძმა“. ღირს დედას ერთი სიტყვაც არ დასცდენია თავის გასამართლებლად და მონასტრის გალავანთან დაიწყო ცხოვრება. როცა მიდგომილმა ქალმა ვაჟი შვა, მისმა მამამ მარინთან მოიყვანა შვილიშვილი, უხმოდ მიუგდო და გაბრუნდა. წმიდანმა მიირქვა შვილი და მისი აღზრდა იტვირთა.

სამი წლის შემდეგ ძმებმა სთხოვეს იღუმენს, შერისხული „ძმა“ სავანეში დაებრუნებინა. წინამძღვარი დათანხმდა, მაგრამ ძალზე უხალისოდ. უკან მობრუნებულ მარინს ის ყველაზე მძიმე მორჩილების საქმეებს ავალებდა და „ბერიც“ მათ დიდი გულმოდგინებით ასრულებდა, თან ბავშვსაც ზრდიდა.

სამი წლის შემდეგ წმიდანმა მშვიდად შეჰვედრა სული უფალს. კელიაში შესულ ძმებს აღსრულებული მონაზონი და მის გვამთან მოქვითინე ბიჭუნა დაუხვდათ. როცა ნეტარი დედის ცხედრის დასაკრძალად შემოსვა დაიწყეს, მისი საიდუმლო გაცხადდა. აცრემლებულმა მონასტრის იღუმენმა პატიება სთხოვა მიცვალებულის სულს, მას მიჰბაძა სასტუმროს მეპატრონემაც. ღირსი მარიამის ცხედარი პატივით დაკრძალეს მონასტერში. ეშმაკეულქმნილმა მისმა ცილისმწამებელმა კუბოსთან საჯაროდ აღიარა თავისი ცოდვა და განიკურნა.

ღირსი მარიამ-მარინის წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს, იქიდან კი 113 წელს ვენეციაში იქნა გადაბრძანებული.




წმიდა ალექსი, საკვირველთმოქმედი, მოსკოვის მიტროპოლიტი (+1378)


წმიდა ალექსი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი, საკვირველთმოქმედი 1292 წელს (სხვა ცნობით - 1304 წელს) დაიბადა მოსკოვში, ჩერნიგოველ მთავართა წრიდან გამოსული ბოიარის, თეოდორე ბიაკონტის ოჯახში.

ღმერთმა ადრე გაუცხადა მღვდელმთავარს თავისი მაღალი მოწოდება, თორმეტი წლის ელეფთერმა ბადეები გაშალა ჩიტების საჭერად, თავისდაუნებურად ჩასთვლიმა და უეცრად ცხადად ჩაესმა: „ალექსი! ამაოდ რად შვრები? შენ ადამიანთა მებადური უნდა გახდე“, ამ დღიდან მოყოლებული ყმაწვილს მარტოობა შეუყვარდა, ხშირად დადიოდა ტაძარში და თხუთმეტი წლისამ მონაზვნად შედგომა გადაწყვიტა. 1320 წელს იგი მოსკოვის ღვთის განცხადების მონასტერში დამკვიდრდა, სადაც 20 წელზე მეტი დაჰყო მკაცრ მოღვაწეობაში. აქ მისი თანამოსაგრეები და ხელმძღვანელები იყვნენ გამოცდილი ბერი გერონტი და სტეფანე, ღირსი სერგი რადონეჟელის ძმა. შემდეგ მიტროპოლიტმა თეოგნისტემ მომავალ მღვდელმთავარს უბრძანა, დაეტოვებინა მონასტერი და ეკლესიის სამოსამართლო საქმეები განეგო. ამ მოვალეობას იგი 12 წლის განმავლობაში ასრულებდა მიტროპოლიტის მოსაყდრის წოდებით. 1350 წელს მეუფე თეოგნისტემ ალექსის ვლადიმირის ეპისკოპოსად დაასხა ხელი, მიტროპოლიტის სიკვდილის შემდეგ, 1354 წელს კი მის ტახტზეც აღსაყდრდა. ამ დროს რუსეთის ეკლესიაში აშლილობა და შფოთი სუფევდა ლიტვისა და ვოლინის მიტროპოლიტის, რომანის პრეტენზიების გამო. 1356 წელს არეულობებისა და მღელვარებისათვის ბოლო რომ მოეღო, მღვდელმთავარი კონსტანტინოპოლში გაემგზავრა მსოფლიო პატრიარქთან. პატრიარქმა კალისტემ ალექსი კიევისა და დიდი რუსეთი მთავარეპისკოპოსად დაადგინა, „ყოვლადსამღვდელო მიტროპოლიტისა და ეგზარქოსის“ წოდებით.

წმიდა ალექსი გულმოდგინედ ზრუნავდა თავის სამწყსოზე, ნიშნავდა ეპისკოპოსებს, აარსებდა მონასტრებს, აგვარებდა ურთიერთობას ურდოს ხანთან. წმიდანი არაერთხელ გამხდარა იძულებული, თავად ემოგზაურა ოქროს ურდოში. 1357 წელს ხანმა დიდ მთავარს მოსთხოვა, მღვდელმთავარი ჩასულიყო მასთან და განეკურნა მისი ბრმა მეუღლე. „ამ საქმის აღსრულება ჩემს ძალებს აღემატება,- თქვა ნეტარმა ალექსიმ, - მაგრამ მე მწამს, რომ იგი, ვინც ბრმა განკურნა, არ უგულვებელყოფს სარწმუნოებით აღვლენილ ლოცვას“. მართლაც, მისი ლოცვით და ნაკურთხი წყლის სხურებით ხანის მეუღლე განიკურნა.

წმიდა ალექსიმ 78 წელი იცოცხლა. იგი 24 წელი განაგებდა კათედრას და გარდაიცვალა 1378 წლის 12 თებერვალს. 50 წლის შემდეგ სასწაულებრივ აღესრულა წმიდანის უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება, აქედანვე იწყება მისი, როგორც წმიდა მღვდელმთავრის თაყვანისცემა.




ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი

Posted by: nk44 4 Jul 2012, 17:53
წმიდა მოწამენი, საქართველოს მეფენი არჩილი (+744) და ლუარსაბი (+1622)
21 (04.07) ივნისი


წმიდა მოწამე არჩილ მეფე ქართლის სამეფოს ჩვენი ქვეყნისათვის უმძიმეს პერიოდში განაგებდა. მისი მეფობის ჟამი იყო შეუპოვარი ბრძოლა უსჯულო დამპყრობლების წინააღმდეგ და საქართველოს გაერთიანებისათვის დაუცხრომელი ზრუნვა. არჩილის მამამ ქართლის ერისთავმა ადარნასემ (მცხეთის ჯვრის ერთ-ერთი აღმშენებელი) ქართლის გამგებლად არჩილის უფროსი ძმა მირი დასვა. არჩილი ყოველმხრივ გვერდით ედგა უფროს ძმას და ღვთის შიშითა და სიყვარულით ზრუნავდა სამეფოზე. მირის მეფობის ჟამს ქართლში მურვან ყრუ შემოიჭრა, პირსისხლიანმა ჯალათმა „ყოველივე შენებული და სიმაგრენი საქართველოსნი“ შემუსრა და სისხლით მორწყო ქვეყანა. მირი და არჩილი აფხაზეთში გაიხიზნენ და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს მხურვალედ ევედრებოდნენ შემწეობას. უფალმა ისმინა მართალთა ლოცვა: ერთ ღამეს წმიდა არჩილს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა: „აღდეგ და ებრძოლე უსჯულოთა მათ, რამეთუ ანგელოზი უფლისა წინა წაგიძღუეს თქუენ და თქუენ წილ უფალი ბრძოდის“. მირი და არჩილი მცირედი მხედრობით „მინდობითა ღმრთისაჲთა და შეწევნითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა“ დაესხნენ თავს მტრის ბანაკს. შეტაკება ქართველთა გამარჯვებით დამთავრდა. გაქცეულ უსჯულოებს ღმერთმა სასტიკი ქარი და ძლიერი წვიმა მოუვლინა, მდინარეები ადიდდა და აგარიანთა მხედრობა წალეკა. ცოცხლად გადარჩენილმა მომხდურებმა კონსტანტინოპოლს მიაშურეს, მაგრამ ზეგარდამო მოწევნულმა რისხვამ ისინი ზღვაში ჩაახრჩო.

ბრძოლაში დაჭრილი მეფე მირი მალე დასნეულდა, სიკვდილის წინ სამეფო თავის ძმას, არჩილს გადააბარა, დარჩენილი შვიდი ასულის მფარველობა სთხოვა და მცხეთაში დასაფლავება დაიბარა.

მეფე არჩილმა შეასრულა მირის ანდერძი, მცხეთის ზემო ეკლესიაში დაკრძალა იგი, მისი შვიდი ასულიდან ექვსი ქართველ დიდებულებს მისცა შესაფერისი მზითვით, მეშვიდე, გურანდუხტი კი ბიზანტიის კეისარს მიათხოვა.

თორმეტი წელიწადი იჯდა არჩილი ქუთაისში და ყოველნაირად ცდილობდა სრულიად საქართველოს გაერთიანებას, შემდეგ ქართლში გადავიდა და არაბთაგან აოხრებული ამ ულამაზესი კუთხის აღმშენებლობას შეუდგა, შემოიერთა კახეთი, მთიანეთი, ეგრისი, აფხაზეთი და სამცხე-ჯავახეთი. არაბების ბატონობა, ფაქტიურად თბილისისა და მცხეთის შემოგარენს ვერ სცილდებოდა.

მურვან-ყრუსაგან დარბეული ქვეყანა ჯერ კიდევ გონს არ იყო მოსული, როცა არაბთა ლაშქარმა ჭიჭუმ-ასიმის მეთაურობით კვლავ ააოხრა ქართლი და გეზი კახეთისაკენ აიღო. წინააღმდეგონის გაწევას აზრი არ ჰქონდა, არჩილ მეფემ გადაწყვიტა „სულისა თვისისა დადებად საჴსრად ქრისტიანეთათვის“. „უმჯობეს არს სიკუდილი ჩემი, ვიდრეღა კუალად განრყუნად ეკლესიათა ქრისტესთა და ოხრებად ქვეყანისა ამის“, - ბრძანა მეფემ და ჭიჭუმ-ასიმს ეახლა მშვიდობის სათხოვნელად. განიხარა ჭიჭუმ-ასიმმა მეფის მისვლით, პატივით მოიკითხა, „აქო სიკეთე და სისრულე ჰასაკისა მისისა და მშვენიერება პირისა მისისა“.

რამდენიმე დღე დიდებულად ისტუმრა ჭიჭუმმა ქართველთა მეფე, შემდეგ კი მაცხოვნებელი სჯულის დატოვება და სარკინოზთა სარწმუნოების მიღება მოსთხოვა, სანაცვლოდ „აღუთქუმიდა ნიჭთა დიდ-დიდთა“. ზეგარდამო სულით აღვსილმა ცხებულმან უფლისამან ბრძანა: „მე რომ შენ დაგიჯერო, უნდა მოვკვდე სიკვდილით, რომლის შემდეგაც უნდა ვიტანჯო... ღმერთმან ჩვენმან და მაცხოვარმან ჩვენმან ჩვენი ხსნისათვის თავი დადო, ამიტომაც მე არ მეშინია სიკვდილის. თუ მომკლავ, მეც ისევე აღვსდგები სიკვდილის შემდეგ, როგორც ღმერთი ჩვენი და კვლავ ვადიდებ მას“.

განრიხსებულმა ჭიჭუმმა ბრძანა „შეპყრობაჲ მისი და წარგზავნა იგი საპყრობილედ მრავლითა ჭირითა და იწროებითა, რამეთუ ჰგონებდა იგი, ნუუკუე შიშითა სატანჯველთაჲთა მოდრიკოს შეურყეველი გონებაჲ მისი“, სასიკვდილოდ კი მაინც ვერ გაიმეტა ახოვანი და მშვენიერი მეფე ქართველთა.

ღვთისმოსავი მეფე არჩილი საპყრობილეში გულმოდგინედ ევედრებოდა უფალს, მიენიჭებინა მისთვის ძალა სატანჯველთა დათმენისა.

ჭიჭუმ-ასიმის წინაშე წარდგა ერთი გარდაბნელი გამაჰმადიანებული სომეხი მთავარი, რომლის ბიძის მკვლელები არჩილის მამას - ადარნასეს სასჯელისაგან გაეთავისუფლებინა. სომეხს პაპის ჯავრი სჭირდა და გადაეწყვიტა, შური შვილიშვილზე ეძია.

სომეხმა ასიმს უთხრა: დიდებულო მთავარო, არჩილი არის სტეფანოზ მეფის ძე, ნათესავი ვახტანგ მეფისა, რომელიც იყო შვილიშვილი მირიან მეფისა; ის თან ახლდა მამას, როცა იგი ქართლის სამეფო საგანძურს მალავდა და ისიც იცის, თუ სად დაფლა განძი ბერძენთა მეფემ ჰერაკლემ.

ჭიჭუმ-ასიმმა საპყრობილიდან გამოიხმო ქართველთა მეფე და უთხრა, პირველად შენი სიკეთისა და მშვენიერებისათვის გაფასებდი, ახლა კი გავიგე, რომ ხარ შვილი დიდთა მეფეთა, ამითომ განგადიდებ ჩემს წინაშე. შენი სამეფო და საგანძურიცა მამათა შენთანი შენი იყოს, ოღონდ მიჩვენე ბერძენთა მეფის საგანძური, რომელიც სპარსეთიდან წამოიღო და საქართველოში დაფლა. სჯულიც შეიცვალე, სარკინოზად მოიქეც და სპასალარადაც დაგნიშნავ და ქართლის მეფობასაც მოგცემო. პასუხად წმიდა არჩილმა ჭიჭუმს უთხრა: „იცოდე, მძლავრო, არ დავუტევებ ჩემს უფალს, არ უარვყოფ ქრისტეს სახელს, არც საწუთო ცხოვრებაზე გავცვლი მარადიულს, არც ჟამიერ მეფობას - უჟამო თანაყოფაზე ქრისტესთან. საგანძურზე კი არაფერი ვიცი, რადგან პატარა ვიყავი, როცა ჰერაკლე მეფემ გაიარა ჩვენს ქვეყანაზე, მამაჩემმა და ჩემმა ძმამ მურვან ყრუს შემოსევისას ჩვენი განძი ამოიღეს და ბერძენთა ციხეში დაფლეს“.

ასიმმა ჰკითხა: „შენ იქ იყავი, როცა სარკონოზები დამარცხდნენ აფხაზეთში?“ წმიდა არჩილმა უშიშრად უპასუხა: „ღმერთმან ცხოველმან, რომელი არს შემოქმედი ცათა და ქუეყანისაჲ, რომელი-იგი მოვიდა ზეცით ქუეყანად ჴსნისათჳს კაცთასა და სიკუდილითა თჳსითა მოკლა მკვლელი ჩუენი და ჩუენ მოგუანიჭა უკუდავებაჲ, მან უკუე ძლიერმან და ყოვლისა შემძლებელმან დასცნა და შემუსრნა იგინი“.

ამ სიტყვებმა გულისწყრომით აღავსო უსჯულო ჭიჭუმი, „ვინაჲთგან არა გნებავს ცხორებაჲ თავისა შენისაჲ და უმჯობესი შენი და მოკუდავისა მიმართ დაგიც სასოებაჲ, ჯერ არს, რათა შენცა მოკუდე ბოროტად“, - ბრძანა განრისხებულმა უსჯულომ.

წმიდანმა მცირე დრო ითხოვა სალოცავად, მუხლი მოიყარა და ხელაპყრობილმა მადლობა შესწირა შემოქმედს, მაცხოვარს შეევედრა, კეთილად დაეცვა ეკლესია, გაეძლიერებინა ქრისტიანობა საქართველოში, ილოცა ოჯახისთვის და მშვიდად მოუდრიკა ქედი მახვილს.

ღამით ქართველმა აზნაურებმა ფარულად წამოასვენეს წმიდა არჩილ მეფის გვამი და ნოტკორაში, მის მიერვე აგებულ ტაძარში დაკრძალეს. ეს მოხდა 744 წელს.

წმიდა მოწამე მეფე ლუარსაბი დაიბადა დაახ. 1592 წელს, იგი ქართლის მეფე გიორგი X-ის უფროსი ვაჟიშვილი იყო. მეფე გიორგის გარდაცვალების შემდეგ 1606 წელს სამეფო ტახტზე თოთხმეტი წლის ლუარსაბი ავიდა. იმავე წელს იმერეთში გიორგი III, კახეთში კი - თეიმურაზ I აკურთხეს მეფედ.

1609 წელს თურქები ყირიმელ თათრებთან ერთად თავს დაესხნენ ქართლს. მეფე ლუარსაბი ამ დროს ცხირეთის ციხეში იმყოფებოდა მცირეოდენ ამალასთან ერთად და ალბათ, ვერაფრით გადაურჩებოდა მტრის უეცარ დარტყმას, მაგრამ კველთელმა მღვდელმა წმიდა თევდორემ (ხს. 8 ივნისს), რომელსაც უსჯულოებმა მეფის სამყოფელისაკენ უმოკლესი გზის ჩვენება დაავალეს, სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით ატარა ისინი. ამასობაში მეფემ შეკრიბა ჯარი და ტაშისკართან სასტიკად დაამარცხა მტერი. ამ დროს მეფე ჩვიდმეტი წლისა იყო. ბრძოლაში განსაკუთრებული სიმამაცით ზაზა ციციშვილი და გიორგი სააკაძე გამოირჩეოდნენ.

გიორგი სააკაძემ სახლში მიიწვია გამარჯვებით გახარებული მეფე. ნადიმზე ლუარსაბ მეფეს გიორგის და მოეწონა და, მიუხედავად სამეფო კარის წინააღმდეგობისა, მალე დაქორწინდა კიდეც მასზე.

შემდგომმა მოვლენებმა მტრობა ჩამოაგდო ლუარსაბ მეფესა და გიორგი სააკაძეს შორის. ეს უკანასკნელი საქართველოდან გაიქცა და შაჰ-აბასს სთხოვა თავშესაფარი. ცბიერებით ცნობილი შაჰი ყოველგვარ ინტრიგას აწყობდა საქართველოს წინააღმეგ: მან ჯერ ლუარსაბის და, ლელა (თინათინი) შეირთო, შემდეგ კი თეიმურაზსაც „დაუმოყვრდა“ - მისი ულამაზესი და, ელენეც მოიყვანა ცოლად. შაჰმა წმიდა ლუარსაბ მეფეს თეიმურაზის მოკვლა და კახეთის სამეფო შესთვაზა, თეიმურაზს კი ლუარსაბის მოკვლის საფასურად ქართლის სამეფოს დაჰპირდა.

მიხვდნენ ქართველი მეფენი შაჰის მზაკვრობას. ღვთის შეწევნით, ამჯერად გადარჩა საქართველო ძმათა კვლის საშინელებას.

შეაშინა შაჰი ქართველთა ერთობამ, ვითომ სანადიროდ და დროის სატარებლად თავისთან მიიწვია ლუარსაბი და თეიმურაზი. მეფეებმა მოითათბირეს და ბრძოლა გადაწყვიტეს, ნარეკვავის მინდორზე ფიცით აღუთქვეს ერთმანეთს წინაშე „ქრისტეს ღმრთისა დადებად სულნი და სიკვდილი ქრისტესთვის“. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ ქართველების გამარჯვებაში, მაგრამ ღალატის გამო დამარცხდნენ და თავი იმერეთს შეაფარეს.

შაჰ-აბასმა საშინლად ააოხრა ქართლ-კახეთი და გორში დაბანაკდა. აქედან შეუთვალა გიორგი მეფეს, გაეცა სტუმრები და სანაცვლოდ დიდძალ საგანძურს დაჰპირდა. გიორგი III შორს დაიჭირა ვერაგი შაჰის პირობა, კათოლიკოსი მალაქია და პაატა აბაშიძე აახლა ყეენს, მათი პირით პატიება სთხოვა და შეუთვალა: „გევედრებით, რეცა პატივსგვცე და მისცე მეფეთა სამეფონი თჳსნი და იმსახურენ მათ, ვითარცა პირველ მამათა შენთა და თქუენ წარხვიდეთ“. როცა შაჰ-აბასმა ნახა, რომ ძალით ვერას გახდებოდა, ცბიერებას მიმართა: დაიბარა ლუარსაბის გამზრდელი შადიამან ბარათაშვილი და სთხოვა, მომიყვანე ლუარსაბი, არაფერს დავუშავებ, თეიმურაზი კი მოსისხლე მტერია ჩემი, მას ვერ ვაპატიებო. თან ოქროთი მოოჭვილი ხმალი გაატანა ლუარსაბთან მეგობრობისა და თანადგომის ნიშნად.

ლუარსაბმა კარგად იცოდა შაჰის „მეგობრობა“, მაგრამ მეფურმა სინდისმა სხვანაირად გადაწყვიტა - „უკუეთუ არა წარვიდე, ამიყრის ქუეყანათა და მოაოჴრებს, რა მადლი არს ჩემდა“.

შაჰ-აბასმა ლიქნით და პატივით მიიღო მეფე, მეგობრულად მოექცა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ქართლში ახალი მმართველი დანიშნა და ჯარებიც ჩააყენა. ლუარსაბი ჯერ ყარაიაში წაიყვანა, ვითომცდა სანადიროდ, იქიდან კი - სპარსეთში.

ყარაიაში ყოფნისას ლუარსაბმა ყველა განაცვიფრა ახოვანებით და ვაჟკაცობით. მისი ნანადირევის ხილვამ შურით აღავსო შაჰი. ლუარსაბის დამ, თინათინმა, რომელიც ყაენის ცოლი იყო, სთხოვა თავის ლამაზ და ჩინებულ ძმას, უბადრუკად მოეჩვენებინა თავი შურით აგზებული აბასისათვის, მაგრამ მეფემ სევდიანად გაიღიმა და თქვა: „უწყი, რამეთუ არღარა განმიტევებს, ამისთჳს უმჯობეს არს სიკეთისა ჩუენება, ვიდრე სიავისა“. დიდმარხვის დროს შაჰის ნადიმზე ლუარსაბმა შემოთავაზებული თევზი არ ჭამა, დღეს თევზით გინდა გავტეხო მარხვა, ხვალ ხორცს შემომთავაზებ, შემდეგ კი ქრისტეს უარყოფასაც მომთხოვო - გაამჟღავნა მან შაჰის დაფარული განზრახვა. სიბრაზისაგან გაცოფებულმა შაჰმა პირდაპირ ქრისტეს უარყოფა და ალაჰის აღიარება უბრძანა მეფეს. მთელი ქვეყანა რომ მიბოძო, მაინც ვერ აღვასრულებ შენს ბრძანებას, რადგან ქრისტეს სახელით ნათელი მიმიღია და მხოლოდ ის მწამსო, - მხნედ უპასუხა წმიდა ლუარსაბმა.

დატყვევებული გვირგვინოსანი შირაზს წაიყვანეს და დილეგში ჩააგდეს. შვიდი წლის განმავლობაში ყოველდღე შედიოდნენ მასთან ციხეში მოლები, „ჰოი, მეფეო! შეიწყალე სიჭაბუკე შენი და ნუ ეურჩები ბრძანებასა შაჰისასა, დაუტევე სარწმუნოება შენი და იწამე მაჰმადი, თორემ მწარე ტანჯვა და სიკვდილი მოგელის!“ - ეუბნებოდნენ ისინი წმიდანს. „რაცა გნებავთ ყოფად ჩემდა, ჰყავით და აღასრულეთ ბრძანება ყაენისა“, - პასუხობდა ლუარსაბი.

ყაენმა უკანასკნელად შეუთვალა ქართველთა მეფეს: „ანუ უარჰყავ ქრისტეჲ, ანუ თანა-გაძს სიკუდილი მძჳნვარეჲ“. ლუარსაბმა კი, რომელსაც პატიმრობის შვიდი წელი ლოცვასა და მარხვაში გაეტარებინა, „ბოროტთაგან შეურყეველმან და მომლოდინემან ნეტარისა მის სასოებისა და გამოჩინებისა დიდებისა დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტეჲსა“, ამჯერად დუმილით განაცხადა თანხმობა მოწამეობრივ აღსასრულზე.

შაჰი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ვერაფერი შეარყევდა ლუარსაბის სარწმუნოებას, განრისხებულმა საპყრობილეში გაგზავნა ჯალათები და მეფის წამებით მოკვდინება ბრძანა.

მტარვალები მივიდნენ ბრძანების აღსასრულებლად. მეფე მიხვდა, რომ დამდგარიყო ჟამი მისი განსვლისა ამიერ სოფლიდან და ჯალათებს უთხრა: „მაცალეთ, რათა ვილოცო უფლისა მიმართ და მერე აღასრულეთ ბრძნებული მის უსჯულოისა“. წმიდა ლუარსაბმა ღვთისმშობლის ხატის წინაშე დაიჩოქა და მხურვალედ შეჰღაღადა: „ჰოი, დედოფალო ჩვენო ღმრთისმშობელო, შენდამი დამიძს ყოველი სასოებაჲ ცხოვრებისა ჩემისა, შენ ხარ მფარველი ჩემი, შენ ხარ ნუგეშინისმცემელი ჩემი, შენ მომეც მე შეწევნაჲ ღუაწლისა ამის ჩემისა, შენ მიოხე წინაშე ძისა შენისა და შემრთე წმიდათა მოწამეთა თანა, რათა მეცა ვადიდებდე მამასა და ძესა და წმიდასა სულსა“.

ლოცვის დამთავრებისთანავე ჯალათები დილეგში შევიდნენ და მშვილდის საბლით შეუბრალებლად მოაშთვეს ღვთისმოსავი მეფე. ღამით წმიდა მოწამის დაუფლველ გვამს საკვირველი ნათელი დაადგა. მეორე დღეს წმიდა მოწამის სხეული ციხის ეზოში დაფლეს.

ეს მოხდა 1622 წელს.

წმიდა არჩილსა და ლუარსაბს ათასი წელი აშორებს ერთმანეთისაგან, მაგრამ საქართველოს ეკლესიამ მათი ხსენება ერთ დღეს განაწესა ღვაწლისა და წამების მსგავსების გამო. კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (+1921) ამ ორი მეფის თითქმის ერთნაირ მოწამეობრივ აღსასრულს მიაწერს „ჩვენი წამებული და მრავალტანჯული სამშობლოს თითქმის ყოველ დროს ერთსა და იმავე ვაებას, ერთსა და იმავე სიმწარეს“ და წუხს, რომ „ლუარსაბის წმიდა ძვლები დღესაც ისევ სპარსეთში არიან და არჩილის საფლავი ერწოელ ფშაველსა და ხევსურს თუ უნახავს თორემ სხვას არავის“.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ





Posted by: nk44 19 Aug 2012, 17:57




Posted by: A-G-A-P-E 19 Aug 2012, 18:14
ესეც ერთი-ორი საინტერესო გვერდი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდარიდან:

http://www.radikal.ru



Posted by: nk44 19 Aug 2012, 18:20
QUOTE (A-G-A-P-E @ 19 Aug 2012, 18:14 )
ესეც ერთი-ორი საინტერესო გვერდი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდარიდან:

http://www.radikal.ru

წიგნის სახელწოდება დადე და ავტორი


Posted by: A-G-A-P-E 19 Aug 2012, 18:36
QUOTE (nk44 @ 19 Aug 2012, 18:20 )
QUOTE (A-G-A-P-E @ 19 Aug 2012, 18:14 )
ესეც ერთი-ორი საინტერესო გვერდი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდარიდან:

http://www.radikal.ru

წიგნის სახელწოდება დადე და ავტორი

nk44

სურათს აწერია ზემოდან: "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდარი"-დანო. სურათზე ისიც კი ჩანს რომელი გვერდია. არ კითხულობ და ისე სვავ კითხვებს? 1992 წლის მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდარია! ავტორიც მართლმადიდებელი ჰყავს, ნახე კალენდარი და დარწმუნდები. smile.gif საინტერესო რამეს წერს ღვთის სახელზე. ხო მოგწონს?

Posted by: nk44 19 Aug 2012, 18:46
A-G-A-P-E
QUOTE
ავტორიც მართლმადიდებელი ჰყავს

ვინ არის ადამიანო რა ქარაგმებით ლაპარაკობ დაწერე რა.


მე მაქვს მაგ დროის კალენდარი და არაფერი ეგეთი არ წერია,

ამიტომ დაწერე ავტორი რომ გავიგო რომელი გამოცემაა


QUOTE
საინტერესო რამეს წერს ღვთის სახელზე. ხო მოგწონს?

და ახალი რა წერია ეგეთი რომ ამაყად პოსტავ lol.gif lol.gif facepalm.gif

Posted by: A-G-A-P-E 19 Aug 2012, 18:57
QUOTE
მე მაქვს მაგ დროის კალენდარი და არაფერი ეგეთი არ წერია,
nk44

ესე იგი არ გაქვს. biggrin.gif და თუ გაქვს საქართველოს ეკლესიის 1992 წლის კალენდარი, გადაშალე 203-ე გვერძე და ნახავ რომ ზუსტად ეგ გვერდი დავდე და იმასაც ნახავ შენი თვალებით ვინაა ავტორი. აბა წარმატებები!




Posted by: castiel997 19 Aug 2012, 19:03
A-G-A-P-E
ბატონო აგაპე მაშინ იეჰოვას მოწმეები საკუთარი თავის წინააღმდეგ იყოფით რადგან მართმადიდებლებს ბრალს დებთ ღვთის სახელის ამოშლაში და თურმე არ ყოფილა ეს სახელი აკრძალული . ამას თქვენ თვითონ ამტკიცებთ ზედა პოსტში. რომ ეს სახელი დამალული არ არის!
user.gif

Posted by: A-G-A-P-E 19 Aug 2012, 19:38
QUOTE (castiel997 @ 19 Aug 2012, 19:03 )
A-G-A-P-E
ბატონო აგაპე მაშინ იეჰოვას მოწმეები საკუთარი თავის წინააღმდეგ იყოფით რადგან მართმადიდებლებს ბრალს დებთ ღვთის სახელის ამოშლაში და თურმე არ ყოფილა ეს სახელი აკრძალული . ამას თქვენ თვითონ ამტკიცებთ ზედა პოსტში. რომ ეს სახელი დამალული არ არის!
user.gif

castiel997


ბატონო castiel997, ჩვენ არასდროს ვეწინააღმდეგებით საკუთარ თავს. smile.gif

ქართველი მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, ღვთის სახელი ბიბლიიდან ანუ ღვთის სიტყვიდანაა ამოშლილი, თორემ მართლმადიდებლურ და კათოლიკურ საეკლესიო ლიტერატურაში, მხატვრულ, ისტორიულ თუ მუსიკალურ ნაწარმოებებში, უხვადაა. smile.gif

Posted by: castiel997 19 Aug 2012, 19:56
A-G-A-P-E
შენ არ თქვი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მალავსო და რამდენიმე პოსტის ზემოთ წერ
QUOTE
ესეც ერთი-ორი საინტერესო გვერდი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდარიდან:
-ო ესეიგი ჩვენი ეკლესია ამ სახელს არ მალავს და მეორე არის თუ არა ეს სახელი იეჰოვა უცვლელი ანუ სამუდამო სახელი ღვთისა?

Posted by: A-G-A-P-E 19 Aug 2012, 20:06
QUOTE (castiel997 @ 19 Aug 2012, 19:56 )
A-G-A-P-E
შენ არ თქვი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მალავსო

castiel997

ბიბლიიდან ამოშალათქო. აბა ყურადღებით წაიკითხე კიდევ ერთხელ:

QUOTE
ქართველი მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, ღვთის სახელი ბიბლიიდან ანუ ღვთის სიტყვიდანაა ამოშლილი, თორემ მართლმადიდებლურ და კათოლიკურ საეკლესიო ლიტერატურაში, მხატვრულ, ისტორიულ თუ მუსიკალურ ნაწარმოებებში, უხვადაა.


1992 წლის კალენდარი ღრმად მორწმუნე მართლმადიდებელსაც კი შეიძლება არ ჰქონდეს წაკითხული, რიგით მართლმადიდებელს ხომ საერთოდ. ხოდა, როცა ბიბლიიდან ამოშლი ღვთის სახელს, ეგ უკვე სახუმარო არაა.

QUOTE
არის თუ არა ეს სახელი იეჰოვა უცვლელი ანუ სამუდამო სახელი ღვთისა?

კი.

პ.ს.
ღვთის სახელზე რომ ვწეროთ ახლა, თემას გავცდებით და მოდერატორების მიერ სამართლიან შენიშვნას მივიღებთ. ამიტომ ღვთის სახელის თემაში გავაგრძელოთ თუ მართლა გაინტერესებს ამ საკითხებში გარკვევა. რას იტყვი? smile.gif აგერ თემაც: http://forum.ge/?showtopic=33705254&view=findpost&p=16891587


Posted by: nk44 24 Sep 2012, 17:41


კრწანისის ბრძოლაში თავდადებულთა - 300 არაგველთა და სასულიერო და საერო პირთა (1795). ღირსისა თეოდორა ალექსანდრიელისა (474-491); მოწამეთა: დიმიტრისა, ევანთიასი, ცოლისა მისისა და ძისა მათისა დიმიტრიანესი (I); მოწამეთა დიოდორე და დიდიმე ასურელთა; მოწამისა იასი (362-364); ღირსისა ევფროსინესი (IX); ღირსისა სილოანე ათონელისა (1938).

Posted by: nk44 27 Sep 2012, 13:55
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ,
არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.


მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა ჯვარისა -
ჯვართამაღლება



ღვთის განგებით, მაცხოვრის ჯვარცმიდან სამასი წლის შემდეგ ქრისტიანებმა მანამდე დაკარგული უდიდესი ქრისტიანული სიწმიდე - ცხოველსმყოფელი ჯვარი უფლისა ისევ მოიძიეს და მისი თაყვანისცემის შესაძლებლობა მიეცათ. ეს მოხდა 326 წელს, მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337 ) დროს.

რომის წარმართი იმპერატორები ცდილობდნენ, ადამიანთა ცნობიერებიდან აღმოეფხვრათ იმ წმიდა ადგილების ხსოვნა, სადაც ევნო მაცხოვარი და დიდებით აღდგა. იმპერატორმა ადრიანემ (117-138) მიწით დააფარვინა გოლგოთა და ქრისტეს საფლავი, შემდეგ კი ხელოვნურად შექმნილ ბორცვზე წარმართული ქალღმერთის, ვენერას ტაძარი და იუპიტერის კერპი აღამართვინა. კონსტანტინე დიდმა სასწაულებრივად ირწმუნა ქრისტე მას შემდეგ, რაც იმპერიისთვის გადამწყვეტი ბრძოლის წინ ცაზე იხილა ჯვრის ნიში წარწერით: „ამით სძლო!“. უფლის რჩეულმა ჯვრის ძალით მართლაც გამანადგურებელი დამარცხება აგემა წინააღმდგომებს, რის შემდეგაც არ ასვენებდა სურვილი იმ ძელის მოძიებისა, „რომელთა ზედა მაცხოვარმა ჴელნი განიპყრნა“. მან მოოხრებულ იერუსალიმში გაგზავნა დედამისი - კეთილმსახური დედოფალი ელენე, რომელსაც პატრიარქ მაკარისთან წერილიც გაატანა თხოვნით, ხელი შეეწყო წმიდა საქმისთვის. ნეტარი ელენე უკვე საკმაოდ მოხუცებული იყო, მაგრამ, ღვთის სიყვარულით აღძრული, ფრიად დაშვრა დიდი სიწმიდის ძიებაში. იგი დიდხანს ამაოდ ცდილობდა, იერუსალიმის მკვიდრთაგან შეეტყო ჯვრის ადგილსამყოფელი. ბოლოს უფალმა მხცოვანი იუდეველის, იუდას მეშვეობით გააცხადა დაფარული. იპოვეს მაცხოვრის საფლავი, მის მახლობლად კი - სამი ჯვარი, დაფა პილატეს დავალებით გაკეთებული სამენოვანი წარწერით და ოთხი ლურსმანი, რომლითაც ძელზე მიამსჭვალეს ქრისტე. რომ გაეგოთ, რომელი იყო ცხოველსმყოფელი ძელი უფლისა სამივე ჯვარი რიგრიგობით შეახეს მიცვალებულს. მესიის ჯვრის შეხებაზე მკვდარი გაცოცხლდა. ურიცხვი ქრისტიანი შეიკრიბა სიწმიდის თაყვანსაცემად. ისინი პატრიარქ მაკარის სთხოვდნენ, აღემართა ჯვარი, რომ ყველას შეძლებოდა მისი დანახვა. მაშინ მღვდელმთავარმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად სიწმიდის ამაღლება დაიწყო, ხალხი კი ხადილით: „უფალო, შეგვიწყალენ“, კრძალვით თაყვანს სცემდა მას. წმიდა ჯვრის აღმოჩენას კიდევ ერთი სასწაული ახლდა თან: მისი გადასახვით მძიმე ავადმყოფი ქალი განიკურნა. მოხუცმა იუდამ და სხვა ებრაელებმა ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ. ნათლისღებისას იუდას კვირიაკე დაარქვეს. შემდგომში იგი იერუსალიმის ეპისკოპოსი გახდა, იულიანე განდგომილის (361-363) ზეობისას კი მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე (ხს. 28 ოქტომბერს). წმიდა ელენე დედოფალმა მაცხოვრის ამქვეყნიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ადგილები ტაძრებით შეამკო: ოთხმოცზე მეტი ეკლესია აშენდა. კონსტანტინე დიდის ბრძანებით დაიწყო ქრისტეს აღდგომის ტაძრის მშენებლობა, რომელსაც გოლგოთა და უფლის საფლავი უნდა მოეცვა. ტაძარი დაახლოებით ათ წელს შენდებოდა და იკურთხა 335 წლის 13 სექტემბერს. მომდევნო დღეს, 14 სექტემბერს დაწესდა პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაული.

ამ დღეს იხსენიება მესიის ჯვართან დაკავშირებული კიდევ ერთი მოვლენა - 14-წლიანი ტყვეობის შემდეგ მისი დაბრუნება სპარსეთიდან იერუსალიმში. იმპერატორ ფოკას (602-610) ზეობისას სპარსეთის მეფემ, ხოსრო II-მ დაამარცხა ბიზანტიელთა მხედრობა, დაარბია იერუსალიმი, გაიტანა უფლის ცხოველსმყოფელი ჯვარი და წმიდა პატრიარქი ზაქარიაც (609-633) ტყვედ ჩაიგდო. სიწმიდე 14 წელი იმოყფებოდა სპარსეთში და მხოლოდ მას შემდეგ გადმოეცათ ქრისტიანებს, რაც იმპერატორმა ჰერეკლემ (610-641), ღვთის შეწევნით, დაამარცხა ხოსრო და საზავო ხელშეკრულება დადო მის ძესთან - სიროესთან. ცხოველსმყოფელი ძელი დიდი ზეიმით შემოაბრძანეს იერუსალიმში. იმპერატორი ჰერაკლე სამეფო გვირგვინითა და პორფირით შემკული მიასვენებდა სიწმიდეს აღდგომის ტაძრისკენ. მას გვერდით პატრიარქი ზაქარია მიჰყვებოდა. ბჭეებთან, რომელიც უნდა გაევლოთ გოლგოთაზე ამსვლელებს, მეფე უეცრად შედგა და გზის განგრძობას ვერ ახერხებდა. წმიდა ზაქარიამ აუხსნა: ეს - უფლის ანგელოზი გეღობება წინ, რადგან მას, ვინც კაცობრიობის გამოსასყიდად აზიდა ჯვარი გოლგოთაზე, ეს გზა სიმდაბლით გაიარაო. მაშინ ჰერაკლემ მოისხნა გვირგვინი, სამეფო მანტიაც განიმოსა და უბრალო ტანსაცმლით დაუბრკოლებლად შეაბრძანა სიწმიდე ტაძარში.

სიტყვაში ჯვართამაღლების დღესასწაულზე ანდრია კრიტელი წერს: „ჯუარი ამაღლდების და სავსებაჲ ეკლესიისაჲ შემოკრბების. ჯუარი ამაღლდების და ქალაქნი დღესასწაულობენ და ერნი მხიარულებად მოისწრაფიან, რამეთუ მოჴსენებაჲცა ჯუარისაჲ მიზეზ იქმნებიდა სიხარულისა და მორიდება - მჭმუნვარებისა“.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტ. III, თბილისი, 2001 წ



Posted by: nk44 1 Oct 2012, 14:37
წმიდა მოწამენი: ბიძინა ჩოლოყაშვილი და
ქსნის ერისთავნი - ელიზბარი და შალვა (+1661)




წამება და ღუაწლი წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინა ჩოლოყაშვილისა,
და წმიდათა მოწამეთა: ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავთა
(ისტორიული მიმოხილვა)




XVII საუკუნე, უმძიმესი იყო ქართველი ერის ისტორიაში. თუ წინა საუკუნეებში მტრები საქართველოს დაპყრობით ანდა დახარკვით კმაყოფილდებოდნენ, ამ დროს სპარსეთისა და ოსმალეთის იმპერიებმა ყველაფერი იღონეს ქართველი ერის გასანადგურებლად და მიწის პირისგან აღსაგველად. სამ სამეფოდ და ხუთ სამთავროდ დანაწილებულ ქვეყანას ყველა მხრიდან გაუთავებლად უტევდა მუსლიმანური სამყარო. აღმოსავლეთ საქართველოს ირანი თავის სახანოდ მიიჩნევდა, ხოლო ლიხსიქითა ივერიას თურქეთი თავის ვილაიეთად თვლიდა. მოდიოდნენ და სისხლის გუბეებს აყენებდნენ, აოხრებდნენ, წვავდნენ, ბილწავდნენ და ანადგურებდნენ ყველაფერს.

XVII ს-ის დასაწყისი ყველაზე მძიმე კახეთისთვის გამოდგა. ირანის ლომად წოდებულმა მრისხანე შაჰ-აბას I-მა ოთხჯერ დალაშქრა საქართველოს ეს მადლიანი კუთხე და თავის ნაკვალევზე ავლი და ნაცარიღა დატოვა. ნახევარ მილიონამდე კახელი ემსხვერპლა შაჰის სიმხეცეს. ზოგი დაუნობლად გაჟლიტეს, უმეტესი ტყვედ გაირეკეს გახრიოკებულ ფერეიდანში და ფეროჰაბადში.... კახეთი გააუკაცრიელეს და მომთაბარე თურქმანული ტომები ჩამოასახლეს. მესხეთში მკვიდრი ქართველობა იძულებით გაამაჰმადიანეს (გაათათრეს). დასავლეთ საქართველო კი უჩვეულო და ენით უთქმელმა ანარქიამ მოიცვა, დაიწყო ტყვეთა სყიდვა, ქართველები თუ არა ქართველები, მასობრივად ატყვევებდნენ ქართველებს და მონებად ჰყიდდნენ. ყოველივე ამას თან დაერთო ჩრდილოკავკასიელი ტომების ჩამოსახლება დასუსტებულ და გაუკაცრიელებულ საქართველოში. აღმოსავლეთ კახეთში (ე.წ. საინგილოში) დაღესტნელები არა მარტო ჩასახლდნენ, არამედ ისინი იმონებდნენ, არბევდნენ, ძარცვავდნენ და ტყვეებად ჰყიდდნენ მკვიდრ ქართველობას. შიდა ქართლის მთიანეთში გაოსებული დვალები ჩამოვიდნენ ჩრდილო კავკასიიდან. ადგილობრივ ქართველობასა და შემოსულთა შორის წინააღმდეგობა ქართველთა დამარცხებით და შემოსულ წარმართულ ტომთან მათი ასიმილაციით დამთავრდა. შიდა ქართლის მთიანეთი გაუცხოვდა, ანალოგიური ვითარება შეიქმნა ეგრის-აფხაზეთში, აქაც ჩრდილო კავკასიელები - ადიღეელები (აბაზები, აფსარები, ჩერქეზები) დამკვიდრნენ. ამიტომაც ერთაშორისი ომი რელიგიათა შორის ომად გადაიქცა. მაჰმადიანური სპარსეთ ოსმალეთი და კავკასიის მთიანეთი საქართველოში ქრისტიანობის მოსპობა-აღმოფხვრას ესწრაფოდნენ.

ღმრთის წყალობით სწორედ ამ უმძიმეს ჟამს მოევლინენ საქართველოს გმირები და წმინდანები, რომელთაც იომეს, სარწმუნოებისა და მამულისათვის თავი გაწირეს და შაჰებსა და სულთანებს ქვეყანა არ გადააშენებინეს.

მეფე თეიმურაზი ქართველი ერისათვის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდში, მსგავსად თავისი წმინდა დედის ქეთევანისა, ფარად და დარაჯად ედგა ეროვნულ სარწმუნოებასა და ქართველობას. იგი ღირსებითა და შეიძლება ითქვას, წარმატებითაც ებრძოდა ქრისტიანობის უსასტიკეს მტრებს, უზარმაზარი იმპერიის მმართველებს: შაჰ-აბას I-ს, შაჰ-სეფის და შაჰ-აბას II-ს. 1606 წლიდან 1663 წლამდე, თითქმის 60 წელი მისგან მოსვენება არა ჰქონდათ საქართველოს მტრებს. თეიმურაზი ღრმად მორწმუნე ქრისტიანი იყო და კარგად ესმოდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მნიშვნელობა და ღირსება. იგი არა მარტო სპარსეთ-ოსმალეთის მმართველებს ებრძოდა, არამედ მათი პოლიტიკის გამტარებელ გადარჯულებულ ქართველებსაც, რომელნიც არანაკლები უბედურების მომტანნი იყვნენ საქართველოსათვის.

1629 წელს გარდაიცვალა შაჰ-აბას I (1587-1629 წ.წ) და ანდერძად დაიბარა: საქართველო დედაბუდიანად ამოაგდეთ და პირისაგან მიწისა აღგავეთო. გამეფდა მისი ძე შაჰ-სეფი (1629-1642). 1631 წელს თეიმურაზმა სპარსეთის მხრეებს შეუტია სპარსთა დედაქალაქიდან არცთუ დაშორებული (არეზამდე მდებარე) ვრცელი ქვეყნები დალაშქრა. შაჰ-სეფი ძლიერ განრისხდა და საქართველოსკენ 130. 000-იანი არმია გამოგზავნა, ყაენის კარზე აღზრდილი და ყიზილბაშთაგან დიდად პატივცემული სპასალარის როსტომ-ხან სააკაძის სარდლობით, რომელმაც თეიმურაზი გააძევა და მის ნაცვლად ქართლში დავით XI-ის (დაუდ-ხანის) უკანონო ძე, რომელიც ისპაჰანში შესძენია წილკნელი გლეხის ქალისაგან, ისპაანის ყულარაღასი და ტარუღა, 67 წლის გამაჰმადიანებული ხოსრო მირზა ანუ როსტომ-ხანი (1632-1658) გაამეფა. „და იყო მეფე როსტომ მორჩილი ყაენისა და მოყუარე სჯულისა მაჰმადისასა“, ხოლო კახეთში სალიმ-ხანი დასვა მმართველად, რომელმაც ორ წელიწადში აზერბაიჯანიდან კახეთს თურქმენთა ურდოები ჩამოასახლა. ამით ისარგებლეს ლეკებმა და კახეთის სოფლებზე აბრაგული შემოსევები განაახლეს.

მაშინ ააშენეს ყიზილბაშებმა გორის ციხე და შიგ მცველები დააყენეს, თავიანთი ციხიონი დააყენეს სურამის ციხეშიც. როსტომ-ხანს კი მაშველებლად“ მოსცეს ლორის ხანი, ყაზანის ხანი და შამშადილოს ხანი, ხოლო სელიმ ხანს მაშველებლად უჩინნეს“ განჯისა და ყაჯარის ჯარი.

„და იყო მეფე როსტომ დიდად მორჭმული და საქონლით სავსე ამისათვის, რომ დიდად მწყალობელი იყო ყაენი როსტომ მეფისა და უგზავნიდა მრავალსა“.

როსტომ მეფე კი ქართველ წარჩინებულებს აბრეშუმის კაბებსა და მცირე საჩუქრებს უძღვნიდა და ამით შემოიერთგულა მათი უმეტესობა, რადგან მაშინ ქართველები გულწრფელნი და გამოუცდელნი იყვნენ და ყიზილბაშური ვერაგობისა და ტყუილისა არაფერი გაეგებოდათ. როსტომ-ხანი კი იყო „ხერხიანი და ილათიანი და მცდელი საქმისა“, და თუ კი ვინმე ქართველი იყო ყიზილბაშების მიერ დატყვევებული და გათათრებული სპარსეთში, ყველა თან წამოიყვანა ქართლში და სურდა „გათათრება ქართლისა“. მან სამეფო კარზე ყიზილბაშური ცხოვრების წესი შემოიღო, ხოლო მოხელეებად და გამრიგეებად ძირითადად თათრები ან გათათრებული ქართველები დაადგინა. ქართლის მეფეთა სასახლეში მეჩეთი აშენა და სპარსი მოხელე დატოვა, თვითონ კი მტკვრის პირზე დასახლდა, ანჩისხატისა და სიონის ტაძრებს შუა ააშენა ყიზილბაშური, კოხტა სახლი, შემოიღო მოფენილობა (ნოხების), სმა-ჭამა, გამოჩვენება და კეკელაობა. „და მიიქცენ სრულიად წესსა ზედა ყიზილბაშისასა, და განმრავლდა სახლსა მისსა სიძვაი და არაწმიდებაი, ცოდვაი იგი სოდომ-გომორული და მეძაობაი და დედათა თანა აღრევაი“. მეორე მეჩეთი იქ, აბანოს მოპირადაპირე მხარეს ააგო და მესამე მეჩეთი კი ახლად აგებულ ბაღში.

როსტომმა დაარღვია სვიმონ II-ის შემოღებული კანონი, რომლის ძალითაც შაჰს მხოლოდ არაქრისტიანებსა და შესყიდულ ტყვეებს უგზავნიდნენ და ყაენისათვის საჩუქრად ქართველების გაგზავნა დაამკვიდრა, რაც შემდგომში ქართლის ყველა მაჰმადიანი მეფისათვის წესად იქცა.

მამულიშვილები ცდილობდნენ როსტომ მეფის მოკვლას, მაგრამ მას ერთგულად მოედგნენ რომელნიმე წვრილნი კაცნი ქართველნი, ციხეში იჯდა და ვერას უმტერებდნენ“. სამაგიეროდ სალიმ-ხანს მიუხდენ კახეთს, სადაც სახლს იშენებდა, თუმცა მან გაასწროთ, მისი ქვეშავრდომები კი ზოგი დახოცეს და ზოგიც დაიჭირეს. თეიმურაზი თავდაპირველად ჩავიდა კახეთში და გაბატონდა, მაგრამ კახეთი დამცრობილი და დაკნინებული იყო და როსტომის შიშით დიდხანს ვერ გაჩერა, ანანურს გადავიდა და იქიდან ქართლის დაუფლებას ცდილობდა.

სპარსთა ბატონობა (როსტომ-ხანის მმართველობა) ქართველი ხალხისათვის დამღუპველი გამოდგა. ეროვნული გადაგვარების საფრთხე ძლიერდებოდა, ამიტომაც სანამ თეიმურაზი კახეთში იყო, დასასრული არ უჩანდა მისი ინიციატივით მოწყობილ შეთქმულება-აჯანყებებს. როსტომ-ხანმა ქართლში შემოსვლისთანავე კათალიკოს ზაქარიას ტახტი წაართვა (კათალიკოსი იმერეთში გადავიდა) და მის მაგიერ ტახტზე ახალი კათალიკოსი ევდემოზ დიასამიძე (630-1643) აიყვანა, რომელიც, როგორც ამბობენ, უფრო მეომარს ჰგავდაო, ვიდრე ბერს. მაგრამ ახალ კათალიკოსს ქვეყნისა და სარწმუნოებისადმი დიდი სიყვარული გამოუმჟღავნებია და მათთვის თავი დაუდია კიდეც. ევდემოზ I კარგად ხედავდა ეროვნულ-სარწმუნოებრივი გადაგვარების საშინელებას. ამიტომაც 1642 წელს მისი მეთაურობით მომზადდა აჯანყება ქართული წეს-ჩვეულებათა მომშლელისა და ქრისტიანობის ძირის გამომთხრელის - როსტომის წინააღმდეგ, ქართლის ტახტზე თეიმურაზის აღსაღდგენად. ზაალ არაგვის ერისთავმა, იოთამ ამილახორმან, ნოდარ ციციშვილმა, გიორგი გოჩაშვილმა და კიდევ ზოგიერთმა ქართველმა პირობა შეკრეს, როსტომს განუდგნენ და ბატონი თეიმურაზი ქართლში დაიბარეს. აჯანყება გასცა სომხეთის მელიქმა“. როსტომ მეფემ შეიპყრა კათალიკოზი ევდემოზი, ჯერ თბილისის ციხეში ჩასვა, შემდეგ კი იქვე მოაშთობინა „გარდმოაგდო განჯის კარის კოშკიდან“ (ხს. 17/X). დანარჩენი შეთქმულებიც, ზაალ ერისთავისა და იოთამ ამილახორის გარდა, ზოგი დახოცა და ზოგიც დაახეიბრა. ამათ რომ გაუსწორდა, როსტომმა შემოიყარა ქართლელთა და სპარსთა ჯარები და კახეთში თეიმურაზთან საბრძოლველად გაემართა, მაგრამ დამარცხდა და თბილისში გამობრუნდა, თეიმურაზს კი დიდი ალაფი დარჩა.

დაქვრივებული როსტომ-ხანი ლევან დადიანს დაუმოყვრდა და ცოლად მისი ნახევარდა მარიამი (სვიმონ გურიელის ცოლ-ყოფილი) შეირთო. „დედოფალმან მარიამმა შეამკო ეკლესიანი შესამოსელითა, ხატითა, ჯუარითა და წირვის იარაღითა, ნაკერითა მარგალიტითა და თუალითა. და ედვა ამა დედოფალსა პატივი დიდი ყაენისაგან ყოველთა საქართველოსა და კაცთაგან და ქალთაგან, მთავართა და დიდებულთაგან. იყო ყოვლითურთ შემკული კეთილითა...“. მარიამ დედოფალს მემატიანე თამარ მეფისაც კი ადარებს. როსტომსაც გაუკეთებია ქვეყნისთვის კარგი საქმეები, რათა ქართული მოსახლეობა ქრისტიან მეფეს არ მიმხრობოდა. „აღაშენა წმინდა კათოლიკე ეკლესია, მცხეთის გუმბათი და სხვანიცა რომელნიმე მოოხრებულნი ეკლესიანი აღაშენნა. და კუალად აღაშენა გატეხილი ხიდი“. მან ქვეყანა ეკონომიურად მოაღონიერა, მაგრამ სულიერად დააკნინა. ცბიერმა როსტომმა ეპისკოპოსები იმით გაიერთგულა, რომ ყველას ჯამაგირი დაუწესა, და თავდაბლად და ტკბილად ექცეოდა. ამასობაში თვით სამღვდელონი და მღვდელმთავრებიც მიდრკნენ კეთილისაგან, „აღირივეს ერთა თანა, გოდებისაებრ იერემიასა, რამეთუ იყუნეს მოყუარე ღვინისა და ზმისა და შუებისა და განცხრომისა. ამას შინა მოუძლურდა სჯული და განირყვნა წესი ეკლესიისა, რამეთუ არღარა ეძიებდენ სულიერსა საქმესა, ხორცთათვის ზრუნვიდენ ყოველნივე“.

როდესაც როსტომმა დაიმორჩილა და გაიერთგულა ქართველები, დიდი ლაშქრით კვლავ თეიმურაზთან საბრძოლველად, თიანეთს გაემართა. ამ ბრძოლაში თეიმურაზი დამარცხდა. ყიზილბაშებმი უმცროსი ვაჟი, დათუნაც მოუკლეს, ხოლო ლაშქარი ამოუწყვიტეს. როსტომი სრულიად დაეპატრონა ქართლსა და კახეთს, დათუნას თავი ყაენს გაუგზავნა, გამარჯვება მიულოცა და მიეცა ლხინსა და შუება-განცხრომას, მაგრამ იმის გამო, რომ შვილი არა ჰყავდა, ქართლის მეფის სვიმონ II-ის შვილის, ბაგრატის ძე, სჯულით მაჰმა-დიანი ლუარსაბი იშვილა. ერთ-ერთი ნადირობის დროს ლუარსაბს ტყვია მოხვდა და მოკვდა. დამწუხრებულ როსტომს ამ ჯერზე ვახტანგ მუხრან-ბატონი უშვილებია, და როდესაც როსტომი დაუძლურდა, ქართლისა ჯანიშინობა მას მისცა ყაენმა.

1658 წელს მოკვდა როსტომ-ხანი, წაიღეს და ყუმს დამარხეს. ცოტა ხანში შაჰ-სეფიც მოკვდა და მის ნაცვლად მისი ძე - შაჰ-აბას II, მცირე (1642-1666) დადგა, რომელიც სისასტიკითა და ქართველებისადმი სიძულვილით თავის პაპას - საქართველოს ამომგდებელ შაჰ-აბას I-ს არაფრით ჩამოუვარდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ თეიმურაზს ქართლ-კახეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ემხრობოდა, საბოლოოდ მაინც დამარცხდა, რაც „ქართველობის“ დამარცხებას ნიშნავდა, რადგან ქართულმა სახელმწიფოებრიობამ თვისობრივად სულ სხვა სახე მიიღო. ძველქართული სახელმწიფოებრიობის ადგილას დამყარებული არაეროვნული ქართულ-ყიზილბაშური სახე ქართლ-კახეთის მმართველობისა მთელი 112 წლის მანძილზე არსებობდა - 1632-1744 წლებში. 74 წლის თეიმურაზი კი სქემოსან ბერად აღკვეცილი და ქრისტიანობის დაცვისათვის (მარხვაში ხორცი არ შეჭამა) შაჰის მიერ დაპატიმრებული, 1663 წელს ასტრაბადის ციხეში გარდაიცვალა. კახელებმა საყვარელი მეფის ნეშტი კახეთში ჩამოაბრძანეს და ალავერდს დაკრძალეს.

როსტომ-ხანის სიკვდილის შემდეგ ქართლის მეფობა ყაენმა ვახტანგ V-ს (1658-1675) დაუმტკიცა, შაჰ-ნავაზი უწოდა და უბრძანა ცოლად როსტომ მეფის ქვრივი, მარიამი შეერთო. შაჰ-ნავაზს ძალიან გაუჭირდა ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან ცოლად ძალიან ღირსეული ქალი ჰყავდა - ყაფლან ბარათაშვილ-ორბელიშვილის ასული, როდამი „სრული სწავლითა საღმრთოითა და საეროთა, შუენიერი და პირის-წყალი დედათა“. მათ ჰყავდათ ექვსი ვაჟი: არჩილი, გიორგი (გიორგი XI), ლუარსაბი, ალექსანდრე, ლევანი (მამა ვახტანგ VI-ისა და იესესი) და სულეიმანი, და ორი ქალი: ანუკა (ყაენის ცოლი) და თამარი, რომელიც იყო ცოლი ზაალ არაგვის ერისთავის ვაჟის, ზურაბისა. ზაალ ერისთავის ქალიშვილი - თამარი კი მეუღლე იყო როდამის ძმის - ვახტანგ ბარათაშვილ-ორბელიანისა (დედა-მამა სულხან-საბასი).

მიუხედავად ასეთი მჭიდრო ნათესაური კავშირებისა, ზაალ არაგვის ერისთავი არ დაემორჩილა შაჰ-ნავაზს, გადაუდგა და არაგვის ხევში დაბრუნდა. „იყოფებოდა დუშეთსა, ეპყრა მტკიცედ საერისთავო (ერწო-თიანეთი) და განაგებდა კახეთსაცა“.

ყიზილბაშებმა სამი ციხე ააშენეს კახეთში: ბახტრიონის დიდი ციხე, ალავერდისა და ყარაღაჯის. ამისთვის ირანიდან გამოგზავნეს ხუროთმოძღვარი, კალატოზები და მშენებლები. სამივე ციხეში მათ ძლიერი ყიზილბაშური ციხიონები ჩააყენეს, რადგან ამ სამ ციხეს უნდა დაეცვა მომხდურები კახელი შურისმგებელი გუნდების თავდასხმებისაგან. ბახტრიონის დიდი ციხის (სიგრძით ას მეტრზე მეტი) მშენებლობა რომ დამთავრდა, სელიმ-ხანს კახეთი ჩამოართვეს და ორად გაჰყვეს: მისი სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარე ყარაბაღის ბეგლარ-ბეგს მურთუზ-ყული-ხანს ჩააბარეს, ხოლო დანარჩენი კახეთი - ნახჭევანის ბეგლარბეგს ალი-ყული-ხან ქენ-გერლუს. ორივე ბეგლარბეგს შაჰისაგან საგანგებოდ ებრძანათ კახეთის მიწებზე თურქმენთა ჩასახლება-გავრცელების დაჩქარება. „მსწრაფლ იწყეს სპარსთა კუალად განზრახვაი ბოროტისა, და წარმოგზავნეს ურიცხვი ულუსი თათართა (80.000 ელ-თურქმენი) დედაწულითურთ მათითა, და ფალავნებითა მათითა, და ყოვლი-თა სიმდიდრითა მათითა, და თავად მათდა უჩინეს სულტანი არდალანისა და ისიც ყოვლით სახლეულით მისით, რაითა სრულიად აღხოცონ ქრისტეანობა. მყის აღიძრნეს და მოიწივნეს კახეთად და დაიბანაკეს მუნ და დაემკვიდრეს იგინი და აღივსო სრულიად მხარე კახეთისა. და ვერვინ შემძლებელ იყო წინა აღმდგომად მათდა, სიმრავლისათვის მათისა“. ისევ დადგა კახეთი ყოფნა-არყოფნის წინაშე, რადგან კალიასავით მოედო უცხო რჯულისა და ველური ბუნების ხალხი მთელ სამეფოს. ელვის უსწრაფესად მრავლდებოდნენ და მკვიდრდებოდნენ კახეთში, აქცევდნენ და აპარტახებდნენ ყოველივე ქართულს - მათთვის სრულიად უცხოსა და საძულველს. „უსჯულოთა აგარიანთა მოიმძლავრეს სრულიად კახეთი და მრავალსა ბოროტსა უყოფდენ მკვიდრთა კახეთისათა, მოაოხრეს და განრყუნეს წმიდანი ეკლესიანი“. ალავერდის დიდებული მონასტერი შეაგინეს, მისი პატიოსანი ხატი კი შემუსრეს, რამეთუ ენებათ სრულიად კახეთი გასათათრებლად და ელის დასახლება“. ეტყობა სწორედ მაშინ აღმოსთქვა ქართველმა კაცმა ეს მწარე სიმღერა - ბახტრიონს სხედან თათრები, სიტყვას ამბობენ ძნელსაო, ახმეტას ჩავჭრით ვენახსა, შიგ ჩავასახლებთ ელსაო. ხალხი ილტვოდა მტარვალთაგან და მთებში იხიზნებოდა. „ქართლის ცხოვრების“ მემატიანე მოგვითხრობს, „არღარა იხსენებოდა სახელი ქრისტეისი, თვინიერ მცირეთა ოდენ მთით კერძო თუშთა, ფშავთა და ხევსურთა შორის“.

იარაღი აისხეს კახელებმა, მეომრები მთას შეეხიზნენ, თუშ-ფშავ-ხევსურნი გვერდში ამოიყენეს და განუწყვეტელი თავდასხმებით სიცოცხლე გაუმწარეს მომხვდურებს, მაგრამ ცალკეულ შებრძოლებებს შვება არ მოჰქონდა, რადგან ერთიანი, ქართული ძალა იყო საჭირო ურიცხვი მტრის ასალაგმავად.

მაგრამ იდიდოს ღვთის სახელი! გაჭირვების დროს მორწმუნე ერს მხსნელი ყოველთვის გამოსჩენია. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც, კახეთის მხსნელებად გამოჩნდნენ სამაგალითო მამულიშვილები: ზაალ არაგვის ერისთავი და მისი ვაჟი ზურაბი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები და კახეთის სუფრაჯი ბიძინა ჩოლოყაშვილი. მოთმინების ფიალა აავსო ერთმა შემთხვევამ: „მაშინ მგზავრი ვინმე ერთი კახი ხუცესი მარტო მივიდოდა გზასა თვისსა კახეთში, ხოლო დამთხვევით შეემთხვივნეს გზაზედა მღდელსა მას თათარნი რაოდენნიმე. და შეიპყრეს უსჯულოთა მათ ხუცესი იგი მძლავრებითა და შეამთხვიეს საქმე სიბილწისა, რომელ არს ცოდვა სოდომური და განუტევეს“. მივიდა შეურაცხყოფილი მღვდელი დუშეთში, სადაც ისხდენ ზაალ ერისთავი და მისი ცოლი, დაუჩოქა და შესჩივლა: „შენ ზაალ ერისთავი ხარო და კახეთის განმგებელიო, გააოხრეს სრულიად კახეთი უსჯულოთა აგარიანთა და მე გზაზე შემიპყრეს და შემამთხვიეს საქმე უშუერი... და აწ ამისი მაგიერი პასუხი ღმერთს შენ მიეც... ვინაიდან შენდა რწმუნებულ არს კახეთი“. ამის მსმენელი ზაალ ერისთავი ძლიერ დამწუხრდა. „და იყო მას ჟამად ზაალ ერისთავი ყაენის მომდურავი“. მან დაიბარა თავისი სიძე შალვა (ქალიშვილის ქმარი), მისი ბიძა, ქსნის ერისთავი ელიზბარი (რომელსაც შვილი არა ჰყავდა და თავისი ძმისწული, შალვა უშვილებია), ბიძინა ჩოლოყაშვილი და ალავე-რდელი ეპისკოპოსი. ითათბირეს და მიუხედავად იმისა, რომ კარგად ხედავდნენ ქართველთა შესაძლებლობებს, ღმრთის ნებას მინდობილებმა ასე გადაწყვიტეს: თუმცა დაცოტავებულნი ვართ და დაკნინებულნი ჩვენი ცოდვებისთვის, და არც მეფე (იგულისხმება კახთა მეფე) და წინამძღვარი გვყავს და არც ძვირფასი საჭურველი, საჭიროა წინ აღუდგეთ და ერთად შევებრძოლოთ ვერაგ და ძლიერ მტერს, და თუ ღმერთი ინებებს, გავიმარჯვებთ და გავათავისუფლებთ მამულს მათი ბატონობისაგან, ხოლო ერს გადაშენებისაგან გადავარჩენთო. საომარი განზრახვა კი იყო მარტივი, გაბედული და გამანადგურებელი: ნაშუაღამევს, ერთდროულად და ანაზდეულად, უნდა დასცემოდნენ თათართა ძლიერ და გამაგრებულ ციხეებს - ბახტრიონსა და ალავერდს (1615 წელსაც მოხდა კახეთში აჯანყება ყიზილბაშთა წინააღმდეგ, დავით ჯანდიერის მეთაურობით, რომელიც შაჰ-აბასის მიერ დანიშნული იყო კახეთის მმართველის ისახანის მოადგილედ. ალავერდობა დღეს ქართველებმა სადღესასწაულო მსახურების საბაბით ალავერდში შეშვება ითხოვეს და ალავერდის ეკლესიის გალავანში მყოფი სპარსელები სრულიად ამოწყვიტეს).

1659 წლის ერთ ბნელსა და უმთვარო ღამეს (დღე ცნობილი არ არის) „პატიოსანი ჯვრის წარმძღუანებით“ ორ ნაკადად დაიძრა ქართველთა ლაშქარი: კახელები ბიძინა ჩოლოყაშვილის სარდლობით ალავერდისკენ დაიძრნენ, შალვა და ელიზბარი ქსნისა, ხოლო ზურაბი არაგველთა ლაშქრით თიანეთს მივიდნენ (ზაალმ ერისთავმა სპარსელების თვალის ასახვევად თვითონ თავი შეიკავა ბრძოლაში მონაწილეობისაგან და არაგველთა რჩეულ, მაგრამ მცირე რაზმს თავისი ძე, ზურაბი ჩაუყენა სათავეში), იხმეს თუშნი და მთიულნი, მთა გადაიარეს, ახმეტას ჩავიდნენ და ბახტრიონის ციხეში უზრუნველად დაბანაკებულ ყიზილბაშებს მოულოდნელად თავს დაესხნენ. და ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის შეწევნითა და მთავარ-მოწამე გიორგის თანა-მბრძოლობით მოსრეს ბახტრიონის ციხეში მდგარნი თათარნი. არდალანის სულტანმა ძლივს მოასწრო ცხენზე შეჯდომა და გაქცევა. ამავე დროს ბიძინა ჩოლოყაშვილმა და მისმა კახელებმა ალავერდის ციხე აიღეს და იქ ჩაყენებული მეციხოვნეები სრულიად ამოწყვიტეს. შემდეგ თურქმენთა დასახლებებს მოედვნენ და დედაწულიანად გაჟლიტეს. „აღსწყვიდეს, ვიდრე სრულიად მოსპოლვადმდე, და აოტეს და განაბნიეს და მოსრეს პირითა მახვილისაითა“.

ძლევა-შემოსილმა მხედრებმა, როგორც კი მტრისაგან გაანთავისუფლეს კახეთი, ჯერ მათი ნადგომი ადგილები აკურთხეს, შემდეგ კი დანგრეული ტაძრების და მონასტრების აშენებას და განახლებას შეუდგნენ „შეამკუეს ეკლესიანი, და აღმართნეს წმიდანი უკვე ხატნი“. კახეთის განბნეული მოსახლეობაც თავის საცხოვრებელ ადგილებს დაუბრუნდა.

ქართველთა ძლევამოსილი მხედრობა უფალ იესო ქრისტესა და ერის მფარველ წმინდა გიორგის ჰმადლობდა, რომელიც თეთრ ცხენზე ამხედრებული ცხადად წინამბრძოლობდა მათ ლაშქარს. „და გარდაიხადეს დიდი დღესასწაულობაი სამადლობელითურთ პარაკლისით“.

ბახტრიონულმა ომმა“ მტერიცა და მოყუარეც დაარწმუნა ქართველი ერის გაუტეხელობასა და უძლეველობაში. კახეთის „თურქმენიზაცია“ შეწყდა.

მხოლოდ არდალანის სულტანმა და მცირეოდენმა თათრებმა ჩააღწიეს სპარსეთს. თავზარდაცემული სულტანი შაჰ-აბაზის წინაშე წარსდგა და „გოდებითა და ტირილითა დიდითა, საკვირველისა მოოხრებისა მათისა და ესეოდენთა სპარსთა ათასეულებისა, მეფესა მას თვისსა ყოველსავე თვითოეულად აუწყებდა, რაიცა იგი იქმნა მხედართაგან ქრისტეისთა“. განრისხებულმა შაჰ-აბასმა შაჰ-ნავაზსა და მურთუზალ-ყულიხანს ზაალ არაგვის ერისთავის მოკვლა უბრძანა, ხოლო აჯანყების დანარჩენი მოთავეების შეპყრობა და ისპაჰანში გაგზავნა მოსთხოვა. მართლაც სულ მალე ზაალ ერისთავი ღალატით მოკლეს, ხოლო მისი ვაჟები: ზურაბი და ნაბერალი სამცხეს გაიქცნენ, მაგრამ შაჰ-ნავაზმა მდევარი დაადევნათ, მიეწივნენ ტბის-ყურზე, შეიპყრეს და მეფეს მიჰგვარეს. მან კი ყაენს გაუგზავნა. სამშობლოსთვის თავდადებული ზურაბი ისპაჰანის ციხეში მოკლეს, ხოლო მისი უმცროსი ძმა გაათათრეს და სასახლის კარზე დატოვეს.

კახეთის მხსნელ მამულიშვილებს არც კი უყოყმანიათ, ისე დადეს თავი სამშობლოს სამხვერპლოზე და თავისივე ნებით ეახლნენ ყარაღაჯში მურთუზალ-ყულიხანს, თუმცა იცოდნენ, რომ ყაენისაგან დანდობა არ ექნებოდათ, მაგრამ მათ ისიც იცოდნენ, რომ დაყოვნება ქვეყნის საქმეს წაახდენდა: მრისხანე შაჰი საქართველოს თავისი რჩეული მხედრობის ამოჟლეტასა და საქვეყნოდ თავის მოჭრას არ აპატიებდა, ხოლო თუ აჯანყების მეთაურებს დასჯიდა, კახეთი ირანელთა შურისმაძიებელ რბევას გადაურჩებოდა. მართლაც მურთუზალ-ყული-ხანმა ბიძინა და შალვა და ელიზბარი სასწრაფოდ ირანში, შაჰის სამსჯავროზე წარგზავნა.

ცბიერმა შაჰმა დიდად გაიხარა, როდესაც სახელოვანი გმირები „აღბორკილებულნი ხელითა და ფერხითა“ იხილა, და მაშინვე არდალანის სულტანს გაუგზავნა, რადგან ასეთი წესი ჰქონდათ თათრებს, მკვლელს ხელში მისცემდნენ მის მოსისხლეს, და შეუთვალა: არა მსურს მაგათი სიკვდილი, რადგან გამოცდილი მხედრები არიანო. თუ უარყოფენ ქრისტიანობას და ისლამს მიიღებენ, დიდ პატივში და განცხრომაში გვეყოლებიან, ხოლო თუ გვეურჩებიან, „მწარითა და მძვინვარითა ტანჯვითა“ ამოხადეთ სულიო. როდესაც წმინდანები არდალანის სულტანს წარუდგინეს, მან ტკბილად მოიკითხა და ალერს-სიტყვაობით სცადა მათი დაყოლიება ყაენის პირობაზე, მაგრამ ქრისტეს დიდებულმა მხედრებმა მტკიცე უარით უპასუხეს და უყოყმანოდ, ქრისტიანობასა და ქართველობაზე ხელის აღებას სიკვდილი არჩიეს. ბიძინამ მშვიდად და მტკიცედ, ყველას სახელით განაცხადა: არა გვჭირდება თქვენი დაპირებული სიმდიდრე და პატივი, რადგან ჩვენ ზეციური მეუფის მონები ვართ და ქრისტეს მხედრებად განწესებულნი, რომელმაც ეს ბრძოლა საკვირველად მოგვაგებინა და „ნიჭთა უხრწნელთა და საფასეთა მოუკლებელთა“ მისგანვე მოველით. თქვენი სიმდიდრე კი ხრწნადი და მსწრაფლ წარმავალია: სიზმარივით დასრულდება და ყვავილივით დაჭკნება, ხოლო მას შემდეგ დარჩება „ცეცხლი უშრეტი და სხუანი სატანჯველნი ურიცხვნი დაუსრულებელნი“, რომელშიც დაისჯებით თქვენ და ქრისტეს ყველა უარისმყოფელი. ჩვენ კი ვერაფერი განგვაშორებს ქრისტეს, ვერც დიდება და პატივი და ვერც ტანჯვა და სიკვდილიო. როცა სულტანმა მათი მამაცობა და სიმტკიცე იხილა, გაუკვირდა და „კუალად აიძულებდა უარის ყოფად და აღუთქმიდა უდიდესთა ნიჭთა და პატივთა“. თან წარმომავლობასა და გარეგნულ მშვენიერებას შეახსენებდა და ეტყოდა: შეიცოდეთ თქუენი თავი და ნუ მოისწრაფებთ სიცოცხლეს, ნუ გამოეთხოვებით ტკბილსა ამას საწუთოსა ცხორებასა“. ხოლო წმინდანებმა მხნედ მიუგეს: ამაოდ ნუ სცდები, სულტანო, ჩვენ არ განვეყენებით ქრისტეს სჯულს და არც მის სახელს უარვჰყოფთ, რადგან არაფერია ქრისტესთვის სიკვდილზე უფრო ტკბილი. ჩუენ არასოდეს არ მივიღებთ თქვენ ცრუ სჯულსა და თქუენ კი რაც გნებავთ, ის გვიყავით, ვინაიდან არ გვეშინია ცეცხლის, მახვილისა და სხვა სატანჯველების, რომლებიც თქვენ ხელშიაო.

როდესაც არდალანის სულტანი მიხვდა რომ, ვერავითარი დაპირებებით ვერ მოხიბლავდა გულად ვაჟკაცებს, ჯალათებს უბრძანა „განძარცვაი და ტანჯვაი მათი ცემითა ურიდად“. მათაც გულსმოდგინედ აღასრულეს ბრძანება: სასტიკად სცემდნენ და მიწაზე ათრევდნენ „ვითარცა ძვირის მოქმედთა ვისმე, სახელოვანთა მათ კაცთა...“ და ქრისტეს უარყოფას აიძულებდნენ, „რომელთა სულნი თვისნი პირველვე დადეს ქრისტეისთვის და ჰსჯულისა მისისათვის და მერმე ძმათათვის“, როგორც წმინდა წერილი ამბობს: „ვითარმედ უფროის ამისა სიყუარული არა ვის აქუს, უკუეთუ ვინ დადვას სული თვისი მეგობართა თვისთათვის“. ხოლო მათ სული დასდეს არა ერთი და ორი კაცისათვის, არცა ათისა და ოცისათვის, ან ასისა და ათასისათვის, არამედ მსგავსად მხსნელისა ჩუენისა აურაცხელთა და ბევრეულთა ერთათვის, სრულიად საქართველოისა-თვის, თავნი თვისნი სიკუდილად განსცნეს და იხსნნეს იგინი“. რადგან ბახტრიონის აჯანყება რომ არ მომხდარიყო, კახეთში არა მარტო ქრისტიანობა აღიხოცებოდა, არამედ ქართველობა საერთოდ გადაშენდებოდა.

ბიძინა ჩოლოყაშვილსა და ქსნის ერისთავებს კი მიუხედავად იმისა, რომ საერო და სამხედრო აღზრდა ჰქონდათ მიღებული და არა სასულიერო განათლება, „ბაგენი მათნი არა დასცხრებოდეს, დიდებისმეტყუელებად ღმრთისა და დაუცხრომელად მეტყუელებდეს მრწამსსა საზღუარსა სარწმუნოე-ბისა ჩუენისასა“. ერთმანეთს ამხნევებდნენ და უფალს განმტკიცებას შესთხოვდნენ. თვით ის მცირედი რიცხვიც აზნაურებისა და მსახურებისა, რომლებიც თან ჰყავდათ წაყვანილი, ემუდარებოდენ, რომ დამორჩილებოდნენ შაჰის ბრძანებას და მომავალი ტანჯვისა და სიკვდილისაგან ეხსნათ თავი. მაგრამ მათ მკაცრად მიუგეს: თუ ჩვენი ერთგულები ხართ, ქრისტეს უარყოფასა როგორ გვირჩევთ, თქვენც გინდათ ჩვენი საუკუნო სატანჯველისათვის გაწირვაო?

როდესაც ყიზილბაშებმა მათი მოქცევის იმედი დაკარგეს, გააშიშვლეს და ხელ-ფეხ-შეკრულნი მწერთა დასაგესლად მხურვალე მზის ქვეშ დაყარეს. მშიერ-მწყურვალ, ბუზებისა და ბზიკებისაგან დაკბენილ და პაპანაქებისაგან დაუძლურებულ მოწამეებს კვლავ ქრისტეს უარყოფა შესთავაზეს, მაგრამ ისინი კვლავ იგივეს იმეორებდნენ და „სრულსა სიყუარულსა მეუფისასა“ ყველას აჩვენებდნენ. მაშინ უსჯულოებმა გადაწყვიტეს, რომ ბიძინას შესაშინებლად მის თვალწინ მოეკვეთათ თავი ელიზბარისა და შალვასათვის. ამით სურდათ მისი სიმტკიცე გაეტეხათ და ქრისტესგან განეშორებინათ, მაგრამ იგი კი არ შეშინდა, არამედ ქსნის ერისთავებიც გაამხნევეა.

შალვამ და ელიზბარმა კი „დაიბეჭდეს გულსა ზედა ჯვარი ქრისტესი“ და მშვიდად დადრიკეს თავები, მაგრამ ჯალათებმა მახვილები ვერ შეაწვდინეს, რადგანაც ქსნის ერისთავები ახოვნებით დიდად აღემატებოდნენ სპარსელებს. მაშინ ჯერ წვივებში ჩასცეს მახვილები და როცა მუხლებზე დასცეს, მერე წარკვეთეს თავები ნეტარ ბიძა-ძმისწულს. „ესრეთ სანატრელი აღსასრული მიითუალეს და აღვიდეს ზეცისა დიდებისა წინაშე, ყოველთა მეუფისა გვირგვინ-შემოსილნი“.

თანამებრძოლთა სიკვდილს იოტისოდენადაც არ შეუშინებია წმინდა ბიძინა. იგი „ვითარცა მთაი შეუძრველი, ესრეთ ეგო ურყეველად. როცა სულტანმა მიზანს ვერ მიაღწია, გადაწყვიტა შეურაცხყოფით მოეტეხა ბიძინას სიმტკიცე და მისი ბრძანებით ქრისტეს ახოვან მხედარს დედაკაცის ჩადრი დაახურეს, ისე როგორც სერგისა და ბაქოს, და როგორც უფალ იესო ქრისტეს, ისე მოასხეს ქლამიდი მეწამული. ვირზე შესვეს, ქუჩა-ქუჩა დაატარებდნენ და დასცინოდნენ, რადგან სპარსელებს შორის დიდ სირცხვილად ითვლებოდა მამაკაცთა, უფრო მეტად კი დიდგვაროვათა ვირზე შეჯდომა. ბიძინა კი ღმე-რთს მადლობდა, რომ უფლის მსგავსად, ისიც ვირზე მჯდომი შედიოდა ზეციურ იერუსალიმში, და თავის თავს ანუგეშებდა: ეჰა, ვითარ მექცნენ უღმერთო მტრები მოკეთეებად, ცოტაც და ამ ვირით შევალ სასუფეველშიო. თან ხმამაღლა დასცინოდა მათ სჯულს და ამით მტარვალებს კიდევ უფრო განარისხებდა.

შერცხვენილმა ჯალათებმა გადაწყვიტეს ცოცხლად აეჩეხათ ქრისტეს მხედარი: მოიტან<

Posted by: nk44 15 Oct 2012, 19:00
წმიდა დიდმოწამენი, არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე (+740)
2 (15) ოქტომბერი


წმიდა მოწამენი დავით და კონსტანტინე მხეიძეები არგვეთის მთავრები იყვნენ. „მეცნიერნი ძუელისა და ახალისა სჯულისა, ჭეშმარიტნი მორწმუნენი და გამოცდილნი და ახოვანნი წყობათა შინა და ბრძოლათა“.

დავითი იყო „ჰაეროვან და სპეტაკ ხორცითა, მოწაბლე თმითა, შუენიერ გუამითა და ხშირ წვერითა“, კონსტანტინე - „შუენიერ გუამითა, მოწაბლე თმითა... წვერ გამო“. როცა ძმებმა უსჯულო მურვან-ყრუს შემოსევა შეიტყვეს, შემწეობა სთხოვეს უფალს, შეკრიბეს ლაშქარი, ერს კი გაძლიერებული ლოცვები და ღამისთევები დაუდგინეს.

უსჯულონი თავს დაესხნენ ფერსათის მთასთან დაბანაკებულ ქართველებს. ღვთის შეწევნით ქართველებმა გაიმარჯვეს. გაბრაზებულმა მურვან-ყრუმ ურიცხვი ლაშქარი შეკრიბა, არაბებმა მოაოხრეს ყველაფერი. გადარჩენილმა მოსახლეობამ ტყეებს შეაფარა თავი. უთანასწორო ბრძოლაში ტყვედ ჩაიგდეს ძმები - დავითი და კონსტანტინე.

ტყვეები მურვან-ყრუს წარუდგინეს. უსჯულო სარდალმა დაცინვა დაუწყო შებორკილ ქრისტიანებს, მათ კი უპასუხეს: „სიცილი და ქადილი შენი ცუდ და ამაო არს ჩუენ ზედა, რამეთუ წუთ ჟამ არს დიდებაჲ შენი და ადრე განქარდების, რამეთუ არა ღირსებისა შენისათჳს იქმნა ძლევაჲ შენი ჩუენ ზედა, არამედ ცოდვათა ჩუენთათჳს, რომელ გარდავჴედით მცნებათა ღმრთისათა, იქმნა მრავლობაჲ თქუენი ჩუენ ზედა, რათა გუწუართნეს ღმერთმან ჴელითა თქუენ უსჯულოთა და უღმთოჲთა“. ამ კადნიერ პასუხზე მურვანი განრისხდა და წმიდათა წამება ბრძანა.

დავითისა და კონსტანტინეს მხნეობით გაკვირვებულმა მურვანმა ლიქნით მოინდომა ძმების მოდრეკა. მან დავითს უთხრა: „გამიგია შენი ვაჟკაცობის ამბავი, ამიტომ გირჩევ, დაუტეო ცუდი და ამაო სიტყუაჲ სიცოფისა თქუენისაჲ და დაემორჩილო სჯულსა მუჰამედისა“. სასყიდლად პატივსა და სპასალარის წოდებას დაჰპირდა. წმიდა დავითმა პირჯვარი გამოისახა და უპასუხა: „ნუ უყოფინ ჩუენდა, რაჲთა დაუტეოთ ნათელი და შეუდგეთ ბნელსა, ღმერთმან ჩუენმან განგვანათლა, რაჟამს ძე თჳსი მოავლინა ქვეყნად და კაც იქმნა ჩვენთვის, ყოველი განგებულება თავს იდვა: ჯვარცმა, დაფლვა, აღდგომა, ამაღლება; კვალად მოვალს განსჯად ცხოველთა და მკუდართა. მაცხოვარმა წარავლინა მოწაფენი თჳსნი ყოველსა ქვეყანასა საქადაგებლად. ჩვენთან მისმა ორმა მოწაფემ იქადაგა და მოგვაქცია კერპთა მსახურებისაგან. ჩვენ, მის მიერ განსწავლულნი და განათლებულნი, არა ვმონებთ სხვასა სჯულსა, არამედ მზად ვართ ქრისტესთვის გვემისა, ტანჯვისა, ცეცხლისა, წყალისა, მახვილისა და სიკვდილისა“. შემდგომ ამხილა ყურანი და სჯული აგარიანთა: „მუჰამედმა ცეცხლის მსახურებისაგან მოგაქციათ, მაგრამ ღმერთი ვერ შეგამეცნებინათ, ამიტომ ემსგავსებით იმ ნავდანთქმულთა, რომელნიც შუა ზღვაში გადარჩნენ, მაგრამ ნაპირს მიწევნულნი დაინთქნენ“.

დავითის პასუხით განრისხებული მურვანი კონსტანტინეს მიუბრუნდა და მისი გადაბირება მოინდომა, მაგრამ კონსტანტინემაც უშიშრად აღიარა წმიდა სამება: „ვითარწა წამა და აღიარა უფალმან ჩემმან დავით... მეცა ვწამებ და აღვიარებ, რამეთუ ერთსა სჯულსა და ერთსა სარწმუნოებასა ზედა განსწავლულ ვართ და მრწამს მამაჲ და ძეჲ და სული წმიდაჲ და მისთჳს მოვკუდები“.

გამძვინვარებულმა მურვანმა ბრძანა, შიმშილითა და წყურვილით მოეუძლურებინათ ძმები. ათი დღის შემდეგ „მრავალფერი ტანჯვის“ შემდეგ მან მოგვნი და მისანნი წარავლინა არგვეთელ წმიდანთა წინაშე, მაგრამ მოწამეებმა ისევ უშიშრად აღიარეს ქრისტე.

ძმები წმიდა კოზმანისა და დამიანეს ტაძრის მახლობლად (შემდგომდროინდელი „ჯაჭვის ხიდის“ ქვემოთ), მდინარის ნაპირას გაიყვანეს, სასტიკად გვემეს, მერე ხელ-ფეხი შეუკრეს, ქედზე ლოდები გამოაბეს და მდინარეში გადააგდეს.

სიკვდილის წინ ძმებმა ილოცეს: „ჰოი, უფალო ღმერთო იესო ქრისტე, ძეო და სიტყვაო ღვთისა მამისაო, ვითარცა ისმინენ თხოვანი ჩუენნი და ღირს გუყვნენ წამებასა სახელისა შენისათჳს წმიდისა, აწცა შეისმინენ ვედრებანი და თხოვანი ჩუენ მონათა შენთანი და ვითარცა დავიმარხენით ჴორცნი ჩუენნი უხრწნელ და შეუგინებელ სახელისათჳს შენისა წმიდისა, ეგრეთვე შემდგომად წამებისა ჩუენისა დაჰმარხენ გუამნი ჩვენნი განუხრწნელად და დაურღვეველად და რომელთა ხადონ სახელითა ჩუენითა სახელსა შენსა წმიდასა, მსწრაფლ ეწიენ წყალობაჲ შენი და მიეც შენდობაჲ ბრალთაჲ და ყვენ ასონი ჴორცთა ჩუენთანი მკურნალ ყოველ სენთა და უძლურებათა, დიდებად ყოვლად საგალობელისა სახელისა შენისა“.

ზეცით გაისმა ხმა, რომელიც მათი თხოვნის შესმენას ადასტურებდა. ზეციური ხმით შეშინებული მტარვალები გაიქცნენ.

ღამით აღსრულდა სასწაული: ზეციდან მიწაზე სამი ნათლის სვეტი გარდამოვიდა, შუქმა გაანათა იქაურობა. ღვთის ნებით მოწამეებს „ლოდნი შემოეძარცვნეს ქედთა მათთა“ და წმიდა სხეულები წყლის ზედაპირზე ამოტივტივდა. მთავართა მსახურებმა ცხედრები ნაპირზე გამოასვენეს. უცებ მათ მოესმათ ნათლის სვეტიდან გამომავალი ხმა: „აღიჴუენით გუამნი წმიდათა მაგათ მოწამეთანი და წარიყვანენით ტყით კერძო აღმოსავლეთით და სადა-იგი გთნდესთ, მუნ დაკრძალენით წმიდანი ეგე გუამნი მოწამეთანი, რამეთუ მუნ არს ბრძანებაჲ უფლისა ღმრთისაჲ, რათა გებისა თანა არსთასა იყვნენ მუნ გებულცა გუამნი წმიდათა მოწამეთანი“.

განკვირვებულმა მსახურებმა წმიდანთა ცხედრები მთელი ღამე ატარეს და ბოლოს წყალწითელას ხეობაში აღმართული კლდის თხემს მიატანეს. იმ ადგილას ადრე ხარების სახელობის ეკლესია მდგარა, რომელიც მურვან-ყრუს დაექცია. ნაეკლესიარის ქვემოთ, კლდეში ცარიელი აკლდამა იხილეს და მოწამენი სწორედ იმ აკლდამაში დაასვენეს. ამიერიდან გმირთა საფლავს და მის შემოგარენს მოწამეთა ეწოდა.

სამასი წელი ესვენენ დავით და კონსტანტინეს უხრწნელი სხეულები იმ აკლდამაში. XI საუკუნის პირველ ნახევარში მეფე ბაგრატ III ხელახლა აღაშენა სარკინოზთაგან დანგრეული ეკლესია და იმ ჟამამდე უჩინარქმნილი წამებული გმირები მასში გადაასვენა. წმიდანთა გაუხრწნელი და უვნებელი ცხედრები თავშექცევით იწვნენ სამარეში და მრავალ სასწაულებრივ კურნებას აღასრულებდნენ „ვითარცა - ესე თვით მათ ითხოვეს ღმრთისაგან“.

მაგრამ ძმათა მხეიძეთა წამებთა თურმე ამით არ დამთავრებულა. ახალი მარტვილობა მათ წინ ისევ ელოდათ...

განვლო თითქმის 12 საუკუნემ და საქართველოს კვლავ შემოესია მძვინვარე მტერი, ამჯერად ჩრდილოეთიდან მოსულ ღვთისმებრძოლთა წითელი ლაშქარი, რომელსაც წინ მურვან-ყრუზე უარესი, ამჯერად ნაქართველარი და ქრისტიანყოფილი წინამძღოლები მოუძღოდნენ. აღმოსავლეთ საქართველოს აოხრების შემდეგ „წითელი ურდო“ დასავლეთ საქართველოში გადავიდა და ისევე როგორც მურვან ყრუმ, „მოსრა და მოაოხრა ყოველი“. ბნელ ძალთაგან აღძრულ უფლის მტერთა ლაშქრის მეთაურმა - სერგო ორჯონიკიძემ თავის „სასახელო გმირობებს“ ახალი საშინელი „გამარჯვება“ შემატა, რითაც მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ ვისი ნების აღმასრულებელი იყო თავისსავე სამშობლოში. 12 საუკუნის წინათ ძმათა მხეიძეთა მიერ შერცხვენილმა სატანამ მოწამეებზე კვლავ იძია შური. „რკინის სერგოს“ ბრძანებით, სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის თავდადებულ გმირ ძმათა უხრწნელი ცხედრები აკლდამიდან ამოთხარეს, და გზა-შარაზე და ქუჩა-ქუჩა ათრიეს... ხოლო შემდეგ, ისევე როგორც პირველ წამებისას, მათი უხრწნელი ნეშტები წყალში გადაყარეს... ადგილობრივ ქრისტიანთა მართლაც გასაოცარი თავდადებით, წმიდანთა სხეულები საბოლოო განადგურებას გადარჩა და ისინი უფლის ნებით ყოველთა მორწმუნეთა მეოხად კვლავ თავის საუკუნო განსასვენებელს დაუბრუნდნენ.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 41(92), 2000 წ.




Posted by: nk44 19 Oct 2012, 13:18



Posted by: nk44 11 Nov 2012, 16:54



Posted by: ქართლოსი 11 Nov 2012, 17:14
http://axalgazrdoba.ge/axalgazrdoba/index.php?option=com_content&view=article&id=338:02102012

Posted by: nk44 25 Dec 2012, 15:27
დღეს საქართველოს სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს

წმ. სპირიდონისა, ტრიმიფუნტელი (ტრიმითინტელი) ეპისკოპოსისა, საკვირველთმოქმედისა (დაახ. 348); ღირსისა მამისა ჩვენისა იოანესი, ზედაზნის წინამძღვრისა, სარკინოზთაგან წამებულისა (IX); მღვდელმოწამისა ალექსანდრესი, იერუსალიმელი ეპისკოპოსისა (251); მოწამისა სინეზისა (270-275).

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა ილია II-ის აღსაყდრების (ინტრონიზაციის) დღე.








გილოცავთ დღევანდელ დღეს, დაგვიფაროს წმინდა სპირიდონმა ყველა მწვალებლობისგან და მათი შემოტევებისგან, და ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს ჩვენი პატრიარქი

Posted by: nk44 30 Jan 2013, 22:49



Posted by: nk44 2 Feb 2013, 22:28



ღირსისა ექვთიმე აღმსარებელისა (კერესელიძე, 1944); ღირსისა ექვთვიმე დიდისა (473); მოწამეთა: ინნასი, რიმმასი და პინნასი (I-II); მოწამეთა: ბასესი, ევსევისა, ევტიქისა და ბასილიდესი (303);

Posted by: nk44 12 Feb 2013, 19:03
ხსენება სამი დიდი მღვდელმთავრისა
წმ. ბასილი დიდისა, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველისა, წმ. იოანე ოქროპირისა
30 იანვარი ძვ.სტ./12 თებერვალი ახ.სტ.

ტროპარი

ვითარცა მოციქულთა თანამოსაგრენი და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნი, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაჲთა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.

კონდაკი

სამღვდელოთა და საღმრთოთა ხმითა მქადაგებელთა, და მღვდელთმთავართა თავთა, უფალო, კეთილთა შენთაგან მიიღეს განსვენებაჲ, რამეთუ შრომანი მათნი და სიკუდილნი მიითვალენ უფროს ყოველთა მსხვერპლთა და შესაწირავთასა, მხოლოო, რომელმან ადიდენ წმიდანი შენნი.




Posted by: nk44 8 Mar 2013, 20:03
წმ. იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავის პირველად და მეორედ პოვნა
24 თებერვალი ძვ.სტ./9 მარტი ახ.სტ.


ტროპარი

ქუეყანით აღმობრწყინდა თავი იგი წინამორბედისა, და უხრწნელებისა მცხინვარებასა მიჰფენს ყოველთა საკურნებელად სარწმუნოებით მვედრებელთა მისთა, რამეთუ ზეცას აქებენ სიმრავლენი ანგელოზთანი და ქუეყანასა ზედა კაცნი ერთხმობით უღაღადებთ: ქრისტე ღმერთო, ვედრებითა მისითა გარდამოავლინე დიდი წყალობაჲ შენი ჩუენ ზედა.

კონდაკი

წინასწარმეტყველო ღმრთისაო და წინამორბედო მადლისაჲ, თავი შენი ვითარცა ნიჭი საღმრთო ვპოვეთ ქუეყანით, და კურნებათა მოვიღებთ ყოვლადვე, რამეთუ კვალადცა, ვითარცა პირველ, ჰქადაგებ სოფელსა შინა სინანულსა.




შეხედე, შეშლილი ადამიანები მართალთა შორის უდიდესს კლავენ. ის მათ ხელს უშლის? დიახ, ხელს უშლის გარყვნილ მეფე ჰეროდეს და თავაშვებულ ჰეროდიას. სიმართლე ღვთისა, ჭეშმარიტება ღვთისა ხელს უშლიან უსჯულოებს, საცოდავ ცოდვილებს, ხელ უშლიან ყველას, ვინც სხვადასხა ვნებითაა გაბრუებული...

რა ხდება? ნუთუ ეს ქვეყანა საგიჟეთად გადაიქცა? ადამიანებს ღმერთი არ უნდათ, არც ამქვეყანაზე ყველაზე მართალი კაცი უნდათ. ვინ გინდათ? ვინ გსურთ? ვისით უნდა შეცვალოთ ქრისტე, ვისით იოანე ნათლისმცემელი? საკუთარი თავით? ჰოი, მოკვდავი მუმლი! დიახ, როცა ადამიანები სიამაყისგან გიჟდებიან, როცა საკუთარი თავის სიყვარულისგან გონებას კარგავენ, მაშინ ღმერთი აღარ სჭირდებათ, აღარ სჭირდებათ სიმართლე ღვთისა. ისინი საკუთარ თავებს აცხადებენ ღმერთებად.

წმ. იუსტინე პოპოვიჩი

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)