საფეხბურთო კლუბის ჩამოყალიბება უკრაინაში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა ბესო ჩიხრაძემ და მისმა ბიძაშვილმა, გოდერძი ჩიხრაძემ გადაწყვიტეს. 2003-04 წლებში საქართველოში პირველად ჩატარდა ჭაბუკთა ლიგის გათამაშება, რომლის გამარჯვებულ, 1985-86 წლებში დაბადებულ მოზარდთა გუნდს შემდგომში “გაგრა” ეწოდა. კლუბის პრეზიდენტი ბესო ჩიხრაძე გაგრელია და მისთვის ამ სახელს განსაკუთრებული ხიბლი და მნიშვნელობა აქვს.
პირველ ლიგაში “გაგრა” მუდამ ცხრილის ზედა ნაწილში ხვდებოდა, მაგრამ უმაღლესში გადასვლას ვერ ახერხებდა. 2007 წელს ფლეი-ოფში საჩხერის “ჩიხურასთან” დამარცხდა, 2008 წელს – ცხინვალის “სპარტაკთან”.
2008 წლის 31 მაისს პროფესიული ფეხბურთის ლიგის გამგეობამ უმაღლესი ლიგის საგზურის მფლობელის, პირველი ლიგის გამარჯვებულის ჭიათურის “მაღაროელის” საკითხი განიხილა და რადგან იმერულმა კლუბმა ლიცენზირების კრიტერუმები ვერ დააკმაყოფილა და ვერც ფინანსური გარანტიები წარადგინა, 2008/09 წლების ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გათამაშებაში მონაწილეობის უფლება ჩამოართვა და მის ნაცვლად საუმაღლესო ლიცენზიის მქონე “გაგრა” დაუშვა.
2010-11 წლების სეზონი “გაგრასთვის” ყოველმხრივ გამორჩეული გახლდათ: გუნდი პირველი ლიგის ჩემპიონი და ქვეყნის თასის მფლობელი გახდა. ასეთი წარმატებული სეზონი გუნდს მისი დაარსების დღიდან არ ჰქონია და რა გასაკვირია, რომ წლის აღმოჩენად ჟურნალისტებმა სწორედ “გაგრა” დაასახელეს.
რაც მთავარია, გუნდის წარმატება შემთხვევითობად არავის მიუჩნევია. გუნდმა თასის გათამაშებაში ლამაზ, შემტევ სტილში დაამარცხა ფოთის “კოლხეთი”, თბილისის “დინამო”, ნახევარფინალიდან “ვიტ ჯორჯია” გამოაგდო, ფინალში კი ქუთაისის “ტორპედოს” სძლია.
2011 წელი “გაგრასთვის” მართლაც განსაკუთრებული იყო: გუნდმა უმაღლესი ლიგის საგზურიც უპრობლემოდ მოიპოვა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს თასიც დაისაკუთრა და ახალგაზრდულ გუნდს ევროტურნირებზე დებიუტიც ჰქონდა, სადაც მისსავით ლტოლვილ “ანოირთოსისს” შეხვდა.
პირველი შეხვედრა გაგრელებმა სტუმრად, ანგარიშით 3-0 დათმეს, თუმცა თავი არ შეურცხვენიათ და განცდილი მძიმე მარცხის მიუხედავად, ზესტაფონში გიორგი გაბედავასა და გიორგი ტყეშელაშვილის გოლებით, ანგარიშით 2-0 დაამარცხეს მეტოქე.
მეტნაკლებად წარმატებული გამოდგა 2017 წელიც, მიუხედავად იმისა, რომ გაგრამ ეროვნული ლიგის საგზურის მოპოვება ვერ შეძლო, ისტორიაში შევიდა როგორც საქართველოს პირველი ზამთრის თასის გამარჯვებული. გაგრელებმა ტურნირზე 5 ჩატარებული შეხვედრიდან 5-ვე მოიგეს და თასს დაეუფლნენ.
ეროვნული ლიგა 2-ის 2017 წლის სეზონი გაგრამ მე-5 პოზიციაზე დაასრულა, თანაბარი ქულებით მე-4 ადგილოსან სამგურალთან. 2018 წელს უფრო მაღალი მიზნებია!
წელს პირველი სიახლე იყო რებრენდინგი...
საფეხბურთო კლუბ გაგრას ახალი ლოგო, ფერი და სლოგანი აქვს. კლუბის ახალი ფერი მუქი ლურჯი იქნება, რაც შავ ზღვასთან ასოცირდება. როგორც მოგეხსენებათ ქალაქი გაგრა შავიზღვისპირა ქალაქია, ხოლო ს.კ. “გაგრა” ამ ქალაქის წარმომადგენელი.
გუნდს ასევე აქვს ახალი სლოგანი – Georgia United (საქართველო გაერთიანდა). ბევრი ახსნა არ სჭირდება ამ სლოგანს, ყველაფერი ნათქვამია. კლუბის არსი სწორედ ეს არის, ერთიანი საქართველოსთვის ბრძოლა და ის, რომ იასპარეზოს ქალაქში, რომლის სახელსაც ატარებს და მეტიც, ოფიციალურად ამ ქალაქშია რეგისტრირებული.
ლოგოში კი თავმოყრილია ეს ყველაფერი. კლუბის ახალი ფერი – მუქი ლურჯი (ზღვისფერი), სიმბოლო G, სლოგანი – Georgia United, დაარსების წელი – 2004 და რა თქმა უნდა სახელი – FC GAGRA.
გუნდმა უკვა გამართა პირველი 3 ტურის მატჩები, აქედან ერთში, სამგურალთან საკუთარ მოედანზე გამარჯვება იზეიმა, ხოლო ორიც, გასვლებზე მარტვილის მერანთან და თელავთან ფრედ ითამაშა და 3 ტურში დაგროვილი 5 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფება.
მომდევნო ტურში გაგრელები ნორჩ დინამოს უმასპინძლებენ...