http://news.ge/ge/news/story/18168-ara-int...amed-utsyvetobaპროვაიდერებს უფასო ინტერნეტი არ აშინებთ
11 ივნისი 19:35
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2012 წლის ბოლომდე თბილისის ყველა უბანი უფასო უსადენო ინტერნეტით დაიფარება. სიახლეს თბილისის მერიის პროექტი ითვალისწინებს, რომლის მიზანია კომუნიკაციის თავისუფლება, განათლებისა და ინფორმაციის მიღების ხელმისაწვდომობა - როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის.
”პროექტის სრულად განხორციელების შემდეგ, სწრაფი და კომფორტული მომსახურებით სარგებლობა ქუჩებში, სკვერებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მანქანაში, ავტობუსსა და მეტროში იქნება შესაძლებელი. უფასო ინტერნეტით სარგებლობისთვის საკმარისია მომხმარებელმა ჩართოს კომპიუტერი, ტელეფონი ან სხვა მოწყობილობა, მოძებნოს ქსელი სახელწოდებით-Tbilisi Loves You და შევიდეს მასში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე” - აცხადებენ თბილისის მერიაში და აღნიშნავენ, რომ სიახლე მნიშვნელოვანი იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც საქმიანი, საგანმანათლებლო თუ გასართობი მიზნებისთვის ინტერნეტს აქტიურად იყენებს.
უსადენო ინტერნეტი არ არის გათვლილი დიდი მოცულობის ფაილების გასაგზავნად, მისი გამოყენება მომხმარებელს ელექტრონული ფოსტის და სოციალური ქსელების შემოწმებისთვის შეეძლება. Wi-Fi სპეციალური ხელსაწყო “აქსეს პოინტით” გავრცელდება. ინტერნეტის ჯამური გავრცელების მაქსიმალური სიჩქარე 120 მეგაბიტი იქნება. თითოეული "აქსეს პოინტის" დაფარვის ზონა 300-დან 500 მეტრამდე დიამეტრია. ერთი ადამიანი 1-4 მეგაბიტი სიჩქარით სარგებლობას შეძლებს. სულ ქალაქის მასშტაბით 2 500-ზე მეტი აქსესპოინტი განთავსდება. თითოეულიდან ინტერნეტით სარგებლობა 4 მეგაბიტი შეერთებით, ერთდროულად 30 ადამიანს შეეძლება.
სიახლის გამოცხადების შემდეგ, ალაპარაკდნენ იმაზე, რომ პროექტი ინტერნეტპროვაიდერ კომპანიებს დააზარალებს, ან უკეთეს შემთხვევაში, კონკურენტუნარიანობას გაზრდის. თბილისის მერიის პრესამსახურის უფროსი თეა შათირიშვილი NEWS.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ პროექტის მიზანია ყველას და ყველგან შეეძლოს ინტერნეტით სარგებლობა.
„ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ტურისტებისთვის“ - აღნიშნა შათირიშვილმა.
თბილისის მერიის განცხადებით, სახელმწიფო პატრონაჟით მსგავსი სახის მასშტაბური პროექტის განხორციელება უპრეცედენტოა მსოფლიოს მასშტაბით. მათი ინფორმაციით, მსოფლიოს წამყვან ქალაქებში, მათ შორის პარიზში, ვენაში, ამსტერდამში, რომში, პრაღაში, იერუსალიმსა და სტამბულში, უფასო ინტერნეტთან წვდომა მხოლოდ კომერციული ორგანიზაციების ტერიტორიებზეა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პროექტი ჯერ მხოლოდ იდეა იყო, მის მნიშვნელობაზე ევროპელი ტურისტების მოსაზიდად ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მაია სიდამონიძეც საუბრობდა.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მათთვის ინტერნეტი არის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნილება. ხშირად, ქვეყანაში ჩამოსვლამდე არკვევენ, თუ სად შეიძლება უფასოდ, თუნდაც ქუჩაში ისარგებლონ ინტერნეტით", - აცხადებდა სიდამონიძე.
თბილისის მერიის პრესსამსახურის განმარტებით, პროექტის - „თბილისი ინტერნეტქალაქი“ განხორციელებისთვის მერია არაფერს ხარჯავს და ის სრულად კერძო ინვესტიციებით ხორციელდება. თეა შათირიშვილის თქმით, თბილისის მერიამ გამოაცხადა აუქციონი, რომელშიც გაიმარჯვა კომპანია „დელტაკომმა“.
როგორც “დელტაკომში” NEWS.GE-ს განუცხადეს, პროექტის ღირებულება 14 მილიონ დოლარს გადააჭარბებს და მას აუქციონში გამარჯვებული კომპანია აფინანსებს. პროექტის სრულფასოვნად ამოქმედების შემდეგ კი, კომპანიის ყოველთვიური ხარჯი დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი იქნება.
NEWS.GE-მ ახალ პროექტზე ინტერნეტპროვაიდერ კომპანიებსაც ჰკითხა აზრი. „სილქნეტში“ მიესალმებიან სიახლეს. მათი აზრით, რადგან მომხმარებლებს სჭირდებათ ინტერნეტი მუდმივ რეჟიმში, ინტერნეტი ქალაქის ქუჩებში საინტერესო პროექტია. მათივე ინფორმაციით, „სილქნეტი“ აღნიშნულ სერვისს დღესაც სთავაზობს მოსახლეობას იმ მხრივ, რომ რუსთაველსა და მარჯანიშვილზე სილქნეტის უსადენო ინტერნეტი სრულიად უფასოდ არის ხელმისაწვდომი.
„ახლო მომავალში სილქსპოტები გაცილებით მეტ ქუჩაზე იქნება ხელმისაწვდომი“ - განუცხადეს „სილქნეტის“ პრესსამსახურში news.ge-ს. ისინი არ ფიქრობენ, რომ სიახლე დააზარალებს ინტერნეტპროვაიდერებს, რადგან აღნიშნული ინტერნეტის სახლის პირობებში გამოყენება ნაკლებად სავარაუდოა.
„ე.წ. Fiber To The Home არქიტექტურის ინფრასტრუქტურით მიწოდებული ინტერნეტის ჩანაცვლების რისკს ვერ ვხედავთ“ - დასძენენ კომპანიაში.
თბილისის მერიის ინიციატივას “კავკასუს ონლაინშიც” პოზიტიურად და სასარგებლოდ აფასებენ. როგორც კომპანიის პრესამსახურში NEWS.GE-ს განუცხადეს, პროექტის მიხედვით, Wi-Fi ისეთი სახით არის განსაზღვრული, რომ “კავკასუს ონლაინისთვის” არანაირ კონკურენციას არ ქმნის.
„რადგან „კავკასუს ონლაინის” სერვისი და ინტერნეტის სიჩქარე სრულიად განსხვავებულია. ოპტიკურბოჭკოვანი ინტერნეტის შესაძლებლობებს ახალი პროექტის WI-FI ვერ ჩაანაცვლებს“ - აღნიშნავენ კომპანიაში.