ჩვენი ფრიად გავრცელებულია მოსაზრება რომ XIX-XX სს._ში ქართველებს ძალიან ესირცხვილებოდათ ვაჭრობა, ბიზნესის, ფულის კეთება და ყველაფერი სომეხი ვაჭრების ხელში იყო. ქართველი თავადები უქნარები იყვნენ და მიწას კაპიკებში ყიდდნენ, რათა ფული ქეიფსა და დროსტარებაში გაეფლანგათ, ხოლო ამ მიწებს და ყველანაირ ქონებას მდიდარი სომხები ეპატრონებოდნენ. ამაში ნამდვილად არის სიმართლის მარცვლები, თუმცა ეს ნარატივი მთლად სწორი არაა და რეალობას ზუსტად არ შეესაბამება. ოღონდ გავითვალისწინოთ, საუბარია არა მხოლოდ თბილისზე, არამედ მთელ მაშინდელ ქართულ რეალობაზე.
მოდით, ამ თემაზე ვისაუბროთ და დავდოთ მასალები ქართველი ვაჭრების, კომერსანტების, საქმოსნების, ქველმოქმედების შესახებ.
ყველას გაუგია დავით სარაჯიშვილი და ძმები ზუბალაშვილები და ბევრს გონია რომ ჩამონათვალი ამით ამოიწურება, რაც სწორი არაა.
სარაჯიშვილის და ზუბალაშვილების ღვაწლი კოლოსალურია, თუმცა მოდით განვავრცოთ სია.
1) მე დავიწყებ საუბარს გიორგი ქართველიშვილით.
ეს პიროვნება იყო ქართველი მეწარმე, ძალიან მდიდარი ადამიანი, ამავდროულად ქვემლოქმედი, მან დააფინანსა 1888 წლის ვეფხისტყაოსნის ცნობილი ბრწყინვალე გამოცემა, მიხაი ზიჩის ილუსტრაციებით. ეს გამოცემა ისტორიაში შევიდა როგორც "ქართველიშვილისეული გამოცემა". ამაზე მოთხრობილია გურამ შარაძის შესანშნავ წიგნი "მიხაი ზიჩი და ქართული კულტურა".
ვიკიპედია "სამეწარმეო საქმიანობა _ ქართველიშვილის (და მისი კომპანიონი ზეზემანის) ფირმა ორთქლის ძრავებზე მომუშავე ხის გადამამუშავებელ 3 მსხვილ ქარხანას ფლობდა შიდა ქართლში (გორის მაზრა), სოფელ ატენსა და ხანდისში. დამუშავებული ხე-ტყის ტრანსპორტირებისათვის, რომლის დიდი ნაწილი (განძელების სახით) სამხრეთ კავკასიის რკინიგზის მშენებლობას ხმარდებოდა, ქართველიშვილმა რკინიგზა ააგო ატენიდან გორამდე. ქართველიშვილი ასევე მსხვილ სავაჭრო საქმიანობას ეწეოდა და პირველი გილდიის ვაჭრის წოდებას ატარებდა, რაც რუსეთის იმპერიაში კომერციის დარგში უმაღლეს აღიარებად ითვლებოდა."
2) კიდევ ერთი ცნობილი მრეწველი, ფინანსისტი და ქველმოქმედი იყო აკაკი ხოშტარია
ვიკი: ბაქოში ჩამოაყალიბა მსხვილი სამრეწველო კომპანია და სავაჭრო ოპერაციებს წარმართავდა სამხრეთ კავკასიასა და ირანში. მის მფლობელობაში იყო ორი დიდი კომერციული ორგანიზაცია: სანავთობე ამხანაგობა „რუპენტო“ და თურქულ-სპარსული „ხოშტარიას ბანკი“, ასევე მექანიკური ქარხანა, საპნის ქარხანა, სამიწათმოქმედო იარაღების ფაბრიკა და სხვა საწარმოები თბილისში. 1918 წ. ხოშტარიამ თბილისელთა თხოვნით საჯარო აუქციონზე შეიძინა მრეწველისა და საზოგადო მოღვაწის, დავით სარაჯიშვილის სახლი, რომელიც საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში წასვლის წინ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებასთან ერთად ქართველ ხალხს საჩუქრად დაუტოვა. ამ სახლში შემდგომში განთავსდა მწერალთა სახლი.
3) ილარიონ გრიგოლის ძე სიჭინავა _ მდიდარი და წარმატებული პირველი გილდიის ვაჭარი.
მისი შვილის, ანტონ სიჭინავას შესახებ ბლოგი:https://antonsichinava.wordpress.com/2012/02/06/%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9C-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90-1899-1963/
აქაა ნახსენები მამამისი, როგორც მდიდარი ვაჭარი.
4) ერთხელ ერთ-ერთ სასაფლაოზე შემხვდა ძველი წარწერა "გილდიის ვაჭარი მიქელაძე". მდიდრული საფლავი იყო, ფოტოც გადავუღე, მაგრამ სამწუხაროდ წამეშალა ბევრი მასალა და მათ შორის ეს ფოტოც. ბიოგრაფული დეტალები სამწუხაროდ არ ვიცი.
5) არტემ ღვალაძე (1862-1918 წწ.) _ იყო ქართველი მანგანუმის მრეწველი და საზოგადო მოღვაწე, მეფის რუსეთის არმიის კავალერიის გადამდგარი როტმისტრი. თვალსაჩინო ადვოკატის, 1920-30-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ევგენ ღვალაძის (1900-1937) მამა. იყო იმერეთის მეფის დავით II-ის ასულის, - ატატო ბაგრატიონის შთამომავალი.
6) ნესტორ კუცია (1871-1912) _ ქართველი მრეწველი, კომერსანტი, ქველმოქმედი და საზოგადო მოღვაწე.
ვიკი: 1895 წელს მას მემკვიდრეობით დარჩა ბაბუამისის, - თავად ნიკოლოზ მიქაძის ხე-ტყის გადამამუშავებელი წარმოება (რომელიც იმხანად ერთ-ერთი უდიდესი ამგვარი წარმოება იყო საქართველოში) და ხე-ტყის ტარისა და ფართლეულის მაღაზიები აბაშაში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ფოთში. 1905 წელს 34 წლის ნესტორ კუციას მიენიჭა პირველი გილდიის ვაჭრის წოდება, რაც კომერციის დარგში მეფის რუსეთში უმაღლეს აღიარებად ითვლებოდა. აღსანიშნავია, რომ მას მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა საფრანგეთთან, საბერძნეთთან, თურქეთთან და სხვა ქვეყნებთან. გარდა ამისა, მას ჰქონდა გრეხილი ავეჯის ფაბრიკა, რომლის ნაწარმის ექსპორტირება ხდებოდა თურქეთში, საბერძნეთში, საფრანგეთში, ბელგიაში, ყოფილი რუსეთის იმპერიის სხვადასხვა ქალაქებში. საქართველოს გარდა, ევროპის და რუსეთის იმპერიის რამდენიმე მსხვილ ქალაქში ფუნქციონირებდა ფაბრიკის საფირმო მაღაზიები.
7) ილია ოქრომჭედლიშვილი (1838-1898 წწ.) - ქართველი მეცნიერი და მეცენატი. მოღვაწეობდა რუსეთის უნივერსიტეტებში ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის მიმართულებით. დიდძალი თანხა მოახმარა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოადოების“ წინამძრვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელს, ქართულ თეატრს, ქართული ხელნაწერების გამოცემას. დიდ დახმარებას უწევდა გიგო გაბაშვილს, მოსე თოიძეს, ალექსანდრე ბერიძეს და სხვებს. 1889 წელს იგი პენსიაზე გავიდა და თავისი ადგილი ახალგაზრდა ალექსანდრე ხახანაშვილს დაუთმო, თვითონ კი სამშობლოში დაბრუნდა. აქ ხელი მიჰყო პრაქტიკულ სამეურნეო საქმიანობას. სამტრედიასთან, სოფელ საჭილაოში ააგო ხე-ტყის სახერხი ქარხანა, რომელიც ქუთაისის გუბერნიაში ყველაზე დიდი და საუკეთესოდ აღწურვილი იყო. ამ საქმიდან შემოსულ ფულს ილია ოქრომჭედლიშვილი უანგაროდ ახმარდა მშობლიური კულტურის განვითარებას. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
8) იაკობ ნიკოლაძე, იმ დროს ცნობილი მეწარმე და ვაჭარი იყო. იაკობს ქუთაისში არაერთი წარმოება ჰქონდა და ფოთის პორტით ხშირად შემოჰქონდა სხვადასხვა დანადგარები უცხოეთიდან. შესაძლოა ის იყო პირველი ქართველი, რომელმაც ეს საქმიანობა წამოიწყო. ნიკო ნიკოლაძე იგონებდა: “ბაბუაჩემი პირველი ქართველი ყოფილა, რომლსაც ეს საქმიანობა დაუწყია იმერეთში, იქნება საქართველოშიაც."
თუ შეგიძლიათ განავცრეთ სია. ყურაღდება მიაქციეთ, რომ თითოეული მათგანი ემსახურება საქართველოში განათლების, კულტურის, მეცნიერების განვითარებას _ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, სხვადასხვა გამოცემები, სამკითხველოები, სასწავლებლები და ა.შ.
ვინ იცის, კიდევ რამდენი მდიდარი ქართველი ვაჭარი და მეწარმე იყო, რომელთა შესახებაც ძალიან ცოტა, ან საერთოდ არაფერი ვიცით. კომუნისტების დროს ეს ერთგვარად ტაბუდადებული თემა იყო და მათ შესახებ კვლევები და წიგნების და სტატიების გამოცემა ნაკლებად მიმდინარეობდა.
არა არს დაფარულ...