ირანი ისრაელს ნათანზის ბირთვულ კომპლექსში მომხდარ ინციდენტში ადანაშაულებს. ინფორმაციას ირანის ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით Reuter-ი ავრცელებს. გუშინ, 11 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ნათანზის ბირთვულ კომპლექსში ელექტროგაყვანილობის პრობლემა შეიქმნა, რომელმაც კომპლექსში დენის გათიშვა გამოიწვია.
ორშაბათს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა ღიად დაადანაშაულა ისრაელი.
"ზიონისტებს სურთ შურისძიება სანქციების მოხსნის შემდეგ ჩვენი პროგრესის გამო... მათ საჯაროდ თქვეს, რომ ამას არ დაუშვებდნენ. ჩვენ ვიძიებთ შურს ზიონისტებზე". - ციტირებს ირანული მედია ზარიფს.
ისრაელის მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მოსადმა ნათანზის კომპლექსში წარმატებით ჩაატარა საბოტაჟის ოპერაცია და პოტენციურად, სამი თვით უკან დაწია სადგურზე ურანის გამდიდრების პროცესი. ინციდენტთან დაკავშირებით ისრაელს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
ელექტროგაყვანილობის პრობლემები, რომლებმაც კომპლექსში დენის გათიშვა გამოიწვია, ნათანზში გუშინ, 10 აპრილს გაჩნდა. ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ ნათანზის ბირთვულ სადგურზე ურანის გამდიდრებისთვის ახალი ტიპის ცენტრიფუგების გამოყენება დაიწყეს.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, საიდ ხატიბზადემ მედიასთან საუბრისას ინციდენტი "კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ მოქმედებად" შეაფასა და აღნიშნა, რომ შემთხვევას მსხვერპლი ან რადიოაქტიური დაბინძურება არ გამოუწვევია.
"ჩვენი ექსპერტები აფასებენ ზარალს, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ირანი ნათანზში ურანის გასამდიდრებელ დაზიანებულ ცენტრიფუგებს გაუმჯობესებული ცენტრიფუგებით ჩაანაცვლებს". - თქვა ხატიბზადემ.
ირანელმა ოფიციალურმა პირებმა ინციდენტი "ბირთვულ ტერორიზმად" შეაფასეს.
პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ ნათანზის ბირთვულ კომპლქსში 164 IR-6 ტიპის და 30 IR-5 ტიპის ცენტრიფუგების კასკადი შაბათს, 10 აპრილს გახსნა. IR-5 და IR-6 ტიპის ცენტრიფუგები ურანის უფრო სწრაფად და დიდი რაოდენობით გამდიდრების საშუალებას იძლევა, ვიდრე იმ ტექნოლოგიით, რომელიც ირანს აქამდე ჰქონდა და რომლითაც ურანის გამდიდრება 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით იყო ნებადართული. შეთანხმების მიხედვით, ირანს ურანის გამდიდრება მხოლოდ 3.67%-მდე შეეძლო, ახლა, ახალი ცენტრიფუგების შეუჩერებელი მუშაობით ბევრად მაღალ მაჩვენებელზე ასვლა გახდება შესაძლებელი. ატომური იარაღის დასამზადებლად ურანის 90%-მდე გამდიდრება არის აუცილებელი.
https://tabula.ge/ge/news/665568-irani-isra...vul-kompleksshi