Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მელომანია > მუსიკა


Posted by: Essiittaaa 1 Apr 2013, 19:07
მ უ ს ი კ ა

მუსიკალური ხელოვნების ზოგადი მიმოხილვა:
მუსიკა არის ხელოვნების ერთ-ერთი დარგი (ბერძნული სიტყვაა, რომელიც ნიშნავს - მუზების ხელოვნებას), რომელიც სინამდვილეს ასახავს, ზუსტად ფიქსირებული სიმაღლისა და რიტმულად ორგანიზებული, მუსიკის ბგერის საშუალებით. ემოციური ზემოქმედების ძახილით მუსიკას ბადალი არა ჰყავს ხელოვნების სხვა დარგებში. მუსიკის გამომსახველობის საშუალებებია: მელოდია, ჰარმონია, კილო, რიტმი, ფაქტურა, დინამიკა, ტემპი. მუსიკა შეიძლება იყოს ერთხმიანი და მრავალხმიანი. მისი ფიქსირება ხდება სანოტო დამწერლობის საშუალებით. მუსიკის აღქმისაღვის საჭიროა მუსიკის შესრულება. შესრულების მიხედვით მუსიკა არის საკრავიერი და ვოკალური.
საკრავიერი, ე.წ. წმინდა მუსიკას არ ძალუძს კონკრეტული ინფორმაციის შემცველი მასალის მიწოდება მსმენელისათვის, სამაგიერო მას აქვს უდიდესი შესაძლებლობანი ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობის აღსათქმელად. მუსიკის ეს თავისებური ბუნება გამომდინარეობს თვით ადამიანის სმენითი აპარატის სპეციფიკიდან – მხედველობასთან შედარებით მას ნაკლები უნარი აქვს ამა თუ იმ მატერიალური საგნის თუ სიტუაციის შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიწოდებისა. ამის გამო კომპოზიტორები ხშირად მიმართავენ მუსიკის სინთეზს ხელოვნების სხვა დარგებთან. მას შეუძლია იარსებოს პოეტურ, პროზაურ ტექსტთან და სცენურ მოქმედებასთან ერთად. მუსიკის შერწყმა პოეტურ ტექსტთან ქმნის ვოკალურ მუსიკას.
ყოველი ერის მუსიკა გარკვეულ ეპოქაში ხასიათდება მყარი, ჩამოყალიბებული ბგერითი ინტონაციებით, რომლებიც მათი გამოყენების წესებთან ერთად ქმნის მოცემული ერისა და ეპოქის `მუსიკალურ ენას~. სხვადასხვა ეპოქის, ენისა და კომპოზიროტის მუსიკალური ენა განსხვავებული და მრავალფეროვანია.
ყოველი მუსიკალური ნაწარმოები აგებულია გარკვეული ფორმით, რომელიც ძირითადად საუკუნეთა მანძილზე დამკვიდრებულ მუსიკალურ-კომპოზიციური პრაქტიკის შედეგია. მუსიკალური ფორმა თავისებურად განსაზღვრავს მუსიკალური ნაწარმოების შინაარსს. თანდათანობით ჩამოყალიბდა და პრაქტიკაში დამკვიდრდა ორნაწილიანი და სამნაწილიანი ფორმები, ვარიაცები, რონდო, ალეგრო.
სხვადასხვა ხალხისა და კულტურის მუსიკალურ შემოქმედებაში ვხვდებით სხვადასხვა მუსიკალურ ფორმასაც, რომლების განპირობებულია ამ სალხების მუსიკალური აზროვნების დონითა და თავისებურებებით.
მუსიკათმცოდნეობა არის მეცნიერება მუსიკის შესახებ. იგი ხელოვნებათმცოდნეობის ერთ-ერთი დარგია. მუსიკალური ხელოვნების კანონზომიერებებს, მოვლენებსა და განვითარების პროცესს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა მხარესთან კავშირში შეისწავლის მუსიკის დარგები: მუსიკის თეორია, მუსიკის ისტორია, მუსიკალური კრიტიკა, სოციოლოგის, ესთეტიკა, მუსიკალური ფციქოლოგია და სხვა. თეორიული მუსიკა შეისწავლის მუსიკის ძირითად კანონზომიერებებს, გამომსახველობით ხერხებს. მისი მთავარი დისციპლინებია: ჰარმონია, პოლიფონია, საკრავმცოდნეობა, აგრეთვე მუსიკალურ შემსრულებლიდა და სმენის განვითარების მეთოდიკა. ისტორიული მუსიკა მიზნად ისახავს ყველა დროისა და ხალხის მუსიკალური კულტურის განვითარებას, აგრეთვე მუსიკალური ჟანრების, ფორმების და საშემსრულებლო ხელოვნების ისტორიის შესწავლას საზოგადოების ცხოვრების ცვლილებასთან დაკავშირებით.
მუსიკალური ეთნოგრაფია (ფოლკლორისტიკა) სწავლობს ხალხურ მუსიკალურ შემოქმედებას და მის სპეციფიკას თანამედროვე მუსიკალური პრაქტიკის მოვლენათა გაშუქებასა და შეფასებაში. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება მუსიკალურ კრიტიკასა და პუბლიცისტიკას. XX საუკუნის 60-იანი წლებიდან ყალიბდება და სწრაფად ვითარდება მუსიკალური სოციოლიოგია, რომელიც სწავლობს საზოგადოებაში მუსიკის ფუნქციონირების კონკრეტულ ფორმებს.
მუსიკალური აკუსტიკა არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის მუსიკალური ბგერების ბუნებას, მისი სიმაღლის, სიძლიერისა და ტემბრის სმენითი ათვისების კანონზომიერებას, ადამიანის ხმის აპარატსა და მუსიკალურ საკრავთა ტემბრს;
მუსიკალური შემოქმედება სხვადასხვა ნიშნის მიხედვით შეიძლება დაიყოს რამდენიმე ჯგუფად: 1) შინაარსის მიხედვით არსებობს ლირიკული, ეპიკური, დრამატული, იუმორისტული მუსიკა. 2) შესრულების მიხედვით ლოკალური და საკრავიერო. 3) ხელოვნების სხვა სახეებთან სინთეზის მიხედვით თეატრალური მუსიკა, საცეკვაო, ვიკალური და სხვა. 4) ხმოვანებისა და შესრულების პირობების მიხედვით – სპეციალური საკონცერტო გარემოში მოსასმენი მუსიკა. 5)კომპოზიციისა და მუსიკალური ენის მიხედვით ოპერა, ბალეტი, სიმფონია, კონცერტი და ა.შ. 6) სტილის მიხედვით: ისტორიული, რეგიონალური, ეროვნული და ინდივიდუალური.



მუსიკის წაროშობა და ისტორია

XIX-XX საუკუნეებში გამოიკვეთა რამდენიმე ჰიპოთეზა მუსიკის წარმოშობის შესახებ. ინგლისელი ფილოსოფოსის, სოციოლოგისა და ფსიქოლოგის ჰ. სპენდერის აზრით, მუსიკა წარმოიშვა აღელვებული მეტყველების ინტონაციების საფუძველზე; ბუნების მეტყველი ჩ. დარვინის შეხედულებებით – ნადირ-ფრინველის სასიყვერულო ძახილისაგან, გერმანელი კ. ბიუხერი მუსიკის წარმოშობის საფუძვლად პირველყოფილი ადამიანის შრომის რიტმს მიიჩნევდა, გერმანელი ფსიქოლოგი და მუსიკათმცოდნე კ. შტუმპფი – პირველყოფილი ადამიანის ბგერით სიგნალებს. ფრანგმა მუსიკის ისტორიკოსმა ჟ. კომბარიამ მუსიკის გაჩენა მაგიური შელოცვების რიტუალს დაუკავშირა. თანამედროვე მეცნიერება არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალების შესწავლის შედეგად ასკვნის, რომ მუსიკის წარმოშობის ხანგრძლივ პროცესში განსაკუთრებული როლი ენიჭება პირველყოფილი ადამიანის სინკრეტულ კომპლექსს – ხელოვნების წინა ეტაპს, რომელიც აერთიანებდა მუსიკის მეტყველებისა და ცეკვის ელემენტებს.
შუა საუკუნეებში მუსიკალური ცხოვრება ძირითადად ეკლესიებსა და მონასტრებში მიმდინარეობდა. VI-VIIსს-ში ჩამოყალიბდა გრიგორიანული ქორალი - დიატონიკურ კილოებზე აგებული მინოდიური მუსიკა. თანდათანობით გაჩნდა მრავალხმიანობა, რომელმაც შეავიწროვა მონოდიური მუსიკა. ჩამოყალიბდა ახალი ჟანრებიც. გავრცელდა საოჯახო მუზიციების ფორმები, განსაკუთრებით საკრავიერი და ვოკალური. უმაღლეს მწვერვალს მიაღწეია საგუნდო მრავალხმიანობამ. XI საუკუნეში გვიდო დ’არეცოს გამოგონებულმა მუსიკალურმა დამწერლობამ შესაძლებელი გახადა მუსიკალური ნაწარმოების ზუსტი ფიქსირება. შუა საუკუნეებში დაიწყო ნოტების ბეჭვდა, გაჩნდა მუსიკალური ჟურნალები. წარმოიშვა და სწრაფად განვითარდა ოპერა. შეიქმნა საოპერო თეატრები, ფოტეპიანო (1709წ. ბ. კრისტოფორა, იტალია), კონსერვატორიები.
მუსიკის ისტორიაში ჩამოყალიბდა სიმფონიის და სონატის ციკლური ფორმები. მუსიკაში გაძლიერდა რეალიზმის ტალღა. XIX ბოლოსა და XX დასაწყისში გაწყდა რომანტიზული სიმფონიის ხაზი. საფრანგეთში ჩამოყალიბდა ინპრესიონიზმი, იტალიაში – ვერიზმი. თავი იჩინა ახალმა მხატვრულმა მოვლენებმაც: სიმბოლიზმმა, ხალხური ზღაპრისა და ანტიკური კულტურის მოდერნიზაციამ. ჩამოყალიბდა მსუბუქი და საესტრადო მუსიკის ჟანრები. მნიშვნელივან მოვლენას წარმოადგენდა 20-იანი წლებიდან ამერიკელ ზანგთა წიაღში ჩასახული და მეტად გავრცელებული ჯაზური მუსიკა. 60-70-იან წლებში განსაკუთრებით გავრცელდა ე.წ. “პოპ-მუსიკა”.
მატერიალური კულტურის ძეგლებითა და წერილობითი წყაროებით დადასტურდა, რომ ქართული მუსიკის სათავები 3 ათასი წლის წინაა საძიებელი. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს არქეოლოგების მიერ მცხეთაში აღმოჩენილი გედის წვივის ძვლისაგან დამზადებული სამთვლიანი სალამური (ძვ.წ. XV-XIVს.). სხვა სამუსიკო საკრავთაგან დღემდე მოღწეულია შვიდთვლიანი სალამური, ექვსღეროვანი სოინარი ანუ ლარჭემი, ბუკი, გუდასტვირი, ჭიბონი ანუ ჭიმონი, ჩანგი, ფანდური, ჩონგური, ჭიანური, ჭუნილი, დოლი, დაირა, დიპლიპიტო.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართველთა სასიმღერო შემოქმედება. ჯერ კიდეც ძვ.წ. VIII-IVსს. ისტორიულ საბუთებში გვხვდება ცნობები შრომის, სალაშქრო და საფერხულო სიმღერების შესახებ. ჩვენამდე მოღწეული მრავალი სომღერის არქაული სამუსიკო აღნაგობა და წარმართული შინაარსის ტექსტი გვაფიქრებინაბს, რომ ქართველ ხალხს ამ პერიოდესათვის უნდა ჰქონოდა სხვა ჟანრის სიმღერებიც.
ქართული მუსიკალური ფოლკლორი მრავალ დიალექტს მოიცავს: ხევსურულს, თუშურს, ფშაურს, მოხეურს, მთიულურს, ქართლურს, კახურს, მესხურს, რაჭულს, ლეჩხუმულს, სვანურს, მეგრულს, იმერულს, გურულს და სხვა… ქართული ხალხური მუსიკის თავისებურებაა მრავალფეროვანი, თავისთავადი 1,2,3 და 4 ხმიანობა, რომელიც თავის მხრივ იყოფა ორ ძირითად განშტოებად: აღმოსავლეთის და დასავლეთის ქართული მუსიკის შემოქმედებად. ერთხმიანი სიმღერები ორგვარია – ცალფა (სოლო) და გუნდური. ცალფა სიმღერების “ნანა”, ქართლ-კახური “ურმული”, “ოროველა” და თუშ-ფშავ-ხევსურეთის, მესხების, ლაზების სასიმღერო შემოქმედების დიდი ნაწილი. დანარჩენი ცალფა სიმღერები სამუსიკო საკრავების თანხლებით სრულდება. ორხმიანი სიმღერბი გვხვდება უმთავრესად აღმოსავლეთ საქართველოს მთასა და ბარში, აჭარაში. ცნობილია აგრეთვე მეგრული, ლაზური და მესხური ორხმიანობა.
ქართულ მუსიკალურ ფოლკლორში განსაკუთრებულ სიმაღლეზე დგას სვანების ხალხური სასიმღერო შემოქმედება, რომელიც ამჟამად უმთავრესად სამხმიანი სიმღერებითაა წარმოდგენილი. ამ სიმღერების ზვიადი, მედიდური განწყობილება კარგად ერწყმის სვანეთის გოროზ ბუნებას. განსაკუტრებულ შთაბეჭდილებას ტოვებს სვანური სიმღერის ორიგინალური კოლორიტული აღნაგობა, ხმათა სიმჭიდროვე, მკაცრი, ლაღი ხმოვანება, რომლებიც, მუდამ თან სდევს სიმღერას და კიდევ უფრო ამძაფრებს მის ჟღერადობას. გავრცელებულია საგმირო-საფერხულო ჟანრები, ლირიკული სიმღერა კი შედარებით იშვიათია.
სტილისა და ჟანრების მიხედვით მდიდარ და მრავალფეროვან მეგრულ მუსიკამურ ფოლკლორეში დიდი ადგილი აქვს დათმობილი სამხმიან სატრფიალო, სახუმარო სიმღერებს, ეს სიმღერები გამოირჩევა სინატიფით, ლირიზმით გამჭვირვალე ფაქტორით. მათ უპირისპირდება მოძრავი დრამატიზებული საქორწინო-საცეკვაო სიმღერები, რომლებიც თვითმყოფი ვოკალური პოლიფონიის საფუძველზე ვითარდება.
იმერული სიმღერებისათვის დამახასიათებელია მხნე, ხალისიანი განწყობილება. ხალხური პოლიგონია მთელი თავისი მრავალფეროვნებით გურულ და აჭარულ სასიმღერო შემოქმედებაშია წარმოდგენილი. განსაკუთრებით სპეციფიურია ე.წ. კრიმანჭული, რომელიც მომღერლისაგან მოითხოვს მამაკაცის ხმისათვის უჩვეულოდ მაღალ რეგისტრს და ხორხისმიერი ბგერის შესრულების უნარს. მთელი ქართული სასიმღერო შემოქმედება, ემყარება დიატონიურ კილოებს, გამონაკლისის სახით - ლოკრიულს.
საქართველოში ქრისტიანული რელიგიის გავრცელების შემდეგ წარმოიშვა ქართული მუსიკის მეტად მნიშვნელოვანი განშტოება – სასულიერო გალობა, რამაც გამოიწვია ბერძნული საეკლესიო ტექსტების ქართულად თარგმნა და შესაბამისი ქართული საგალობლების შექმნა. ამან საფუძველი ჩაუყარა ქართულ-პროფესიულ მუსიკას და სამუსიკი განათლებას – სამრევლო სკოლებში. ასწავლიდნენ ქართულ გალობას, რომელიც თანდათან ფეხს იკიდებდა ღვთისმსახურების დროს. ხოლო მას შემდეგ, რაც ბიზანტიის და საქრთველის ეკლესიებს შორის კავშირი შეწყდა (VIIს.) ქართულმა სასულიერო მუსიკამ დამოუკიდენლად განაგრძო გზა ეროვნულ ნიადაგზე. გელათსა და იყალთოში, აგრეთვე საზღვარგარეთულ ქართულ ცენტრებში – იერუსალიმში, სინის მთაზე, ათონში, შავ მთაზე, ქართველთა პეტრიწონის მონასტერში (ბულგარეთი) გაიხსნა სასულიერო სემინარები და აკადემიები, რომლებიც ეროვნული მუსიკის კერად იქცა. ჩამოყალიბდა სხვადასხვა გუნდი, ვოკალური ანსაბლი, შემუშავდა სამუსიკო დამწერლობა, შედგა სასულიერო საგალობელთა კრებული. საზღვარგარეთ მოღვაწე სასულიერო პირებმა კი უდიდესი წვლილი შეიტანეს ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში.
XVIIს-იდან დაიწყო საერო მუსიკის წარმოშობა. საერო მუსიკის აღორძინებაში მონაწილეობდნენ გამოჩენილი პოეტები და მომღერლები – ბესიკი და საიათნოვა, მწერალი და ლექსიკოგრაფი – სულხან-საბა ორბელიანი. საზოგადო მოღვაწემ, მეცნიერმა და ენციკლობედისტმა – ივანე ბატონიშვილმა; რომელიც პირველი შეეხო ქართული გალობის ექვსხმიანობის საკითხს, შეადგინა “ნოტისგვარნის” (სამუსიკო ანბანი). დიდ ადგილს უთმობდნენ მუსიკურ ხელოვნებას სასულიერო სემინარიებში, მეტეხის, სიონის, ანჩისხატის, ქაშვეთის, კალოუბნისა და ნეკრესის ეკლესიებთან არსებულ საგალობო სკოლებში. ქართული ეკლესიის მეთაურმა ანტონ კათალიკოსმა აღზარდა ასობით მგალობელი, საეკლესიო გალობის გამავრცელებელი.
ქართული ხალხური მუსიკის განუყოფელი ნაწილია ქალაქური, მუსიკალური ფოლკლორი, რომელიც ორი სხვადასხვა სტილისტური შტოს სახითაა წარმოდგებილი. XIX საუკუნეში II ნახევარში მუსიკალური კულტურის ქართულ-ქალაქურისა და აღმოსავლურ-აშუღურის – ურთიერთგავლენამ ხელი შეუწყო სასიმღერო ფოლკლოირის ახალი პლასტის ე.წ. ძველი თბილისის სიმღერების შექმნას. მისი თემატიკაა სატრფიალო ლირიკა, მეგობრობა, პატრიოტიზმი. ხალხური მუსიკის ეს ჟანრი ჩაისახა დასავლეთ ევროპის მუსიკის ზეგავლენით. მას საფუძვლად უდევს ნეაპოლური რომანსიდან და საოპერო მუსიკიდან მიმდინარე ჰარმონია და მელოდიკა, რომელსაც ასრულებს ერთი, ორი ან სამი ხმა გიტარის თანხლებით.
XIXს 20-იანი წლებიდან შეიქმნა კერძო სამუსიკო კლასები, მუსიკას ასწავლიდნენ აგრეთვე ზოგ სამუსიკო დაწეაებულებშიც. 1871 წელს თბილისში გაიხსნა “კავკასიის საზოგადოების” სამამულო სკოლა. 1873-იდან ეროვნული კადრების აღზრდის მთავარ კერად იქცა ხ. სავანელის, ა. მიზანდარისა და კ. ალიხანოვის სამუსიკო კლასები (1876-იდან სკოლა, 1886-იდან სასწავლებელი, 1917-იდან კონსერვატორია).
ქართული კლასიკალური მუსიკალური ხელოვნების განვითარების ადრინდელ ეტაპზე (XIX-XXსს. მიჯნაზე). მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ხ. სავანელმა, ა. მიზანდარმა, ფ. ქორიძემ, ა. ყარაშვილმა, ი. კარგარეთელმა, ზ. ჩხიკვაძემ.
ახალი ქართული მუსიკალური შემოქმედების ფუძემდებლები არიან მ. ბალანჩივაძე, ნ. სულხანიშვილი, ვ. დოლიძე. ქართული კლასიკური მუსიკა, რომელიც აღმოცენდა ხალხური მუსიკის ტრადიციებზე, მთლიანად ვოკალურია. ქართველ კომპოზიტორთა უფროსი თაობა არსებითად შემოიფარგლა ვოკალური ჟანრებით.
მ. ბალანჩივაძე ისტორიაში შევიდა როგორც ახლი ქართული (საოპერო და სარომანსო მუსიკა) მუსიკის ფუძემდებელი. მისი რომანსები “როდესაც გიცქერ”, “შენ გეტრფი მარად”, “ნანა” დღემდე ინარჩუნებს მხატვრულ მიმზიდველიბას. მ. ბალანჩივაძის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ოპერას. მაგ: “დარეჯან ცბიერი”, რომლის მუსიკაც გამოირჩევა მკაფიო ეროვნული ხასიათით, მელოდიური გამომსახველობით.
ეროვნული მუსიკალური სკოლის უდიდესი წარმომადგენელია ზ. ფალიაშვილი, რომელმაც პირველად აზიარა ქართული მუსიკა მსოფლიო კლასიკური მუსიკის ტრადიციებს, შექმნა რა ქართული კლასიკური მუსიკის სრულყოფილი ნიმუშები. ფალიაშვილის შემოქმედებითი მემკვიდრეობის ძირითადი ნაწილია ოპერები “აბესალომ და ეთერი” (1919), “დაისი” (1923), “ლატავრა” (1927). არაჩვეულებრივი ოსტატობით აქვს კომპოზიტორს შექმნილი მთავრ გმირთა მუსიკალური პორტრეტები. “აბესალომ და ეთერის” გუნდური მუსიკა განეკუთვნება ამ ჟანრის საუკეთესო ნიმუშთა რიცხვს მსოფლიო კლასიკურ მუსიკაში.
ვ. დოლიძეს ეკუთვნის პირველი ქართული კლასიკური ოპერა “ქეთო და კოტე”, ნათელი კომედიური სიუჟეტი, სატირული სიმახვილე, ადვილად აღსაქმელი მელოდიური მუსიკა განაპირობებს ვ. დოლიძის ოპერის წარმატებას.
ქართველ კომპოზიტორთა პირველი თაობის ერთ-ერთი უნიჭიერესი წარმომადგენელია ნ. სულხანიშვილი, თვითმყოფი შემოქმედი, საგუნდო ჟანრის კლასიკოსი. მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა დიდი არ არის, მაგრამ მრავალფეროვანია თავისი შინაარსით. საუკეთესო ნიმუშებია: “გუთნური”, “ქორალი”, “მეატვირული”, “სამშობლო ხევსურისა”, “მაშ, გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლევ”, ლირიკული სიმღერა “სატრფოვ მოდი”.
40-იანი წლების დასაწყისში თბილისის საოპერო სცენაზე დაიდგა რამდენიმე ახალი ქართული ოპერა: ო. თაქთაქიშვილის “დეპუტატი”, ი. ტუსკიას “სამშობლო’, გ. კილაძის “ლადო კეცხოველი”, ა. მაჭავარიანის “დედა და შვილი”, ა. ანდრიაშვილის “კაკო ყაჩაღი”.
საბავშო ოპერებიდან აღსანიშნავია ა. ბუკაის “დაუპატიჟებელი სტუმრები” (1950). ეს ოპერა 1961 წელს დაიდგა ქ. აიზენჰიუტენშტატში.
წარმატებით მუშაობდნენ ქართველი კომპოზიტორები საბალეტო ჟანრში. გ. კილაძის “სინათლე” გამოირჩევა თავისი ხმოვანებით და კოლორიტულობით.
საკანტატო-ორატორულ ჟანრში შეიქმნა მ. მშველიძის “კავკასიონი” (1949), ა. მაჭავარიანის “ჩემი სამშობლოს დღე” (1954), ა. ჩიმაკაძის “ქართლის გული” (1952), რომლებიც ქართულ მუსიკაში ამ ჟანრის საუკეთესო ნიმუშებია.
40-იან წლების II ნახევრიდან იწყება ახალი ეტაპი ქართული რომანსის ისტორიაში. ამ დროსაა დაწერილი ა. მაჭავარიანის რომანსები “არ დაიდარდო” და “ცისა ფერს”, მოგვიანებით კი - “სხივო, მთათა მზის სახეო”. თავისი მხატვრული ღირსებებით გამოირჩევა ა. ჩიმაკაძის ლირიკული რომანსები. დიდი პოპულარობა მოიპოვა მისმა “ფიროსმანის სიმღერამ” (ვოკალური კვარტეტისათვის).
მელოდიური გამომსახველობამ და საოცარმა ლირიზმმა განაპირობეს რ. ლაღიძის სიმღერების პოპულარობა. მისი “სიმღერა თბილისზე” (1958) დედაქალაქის მუსიკალურ ემბლემად იქცა. მნიშვნელოვანი მიღწევები აქვთ ამ ჟანრში: ა. კერესელიძეს, ს. ცინცაძეს, ბ. კვერნაძეს გ. ყენჩელს, მ. დავითაშვილს, რ. გაბიჩვაძეს, ო.თევდორაძეს, ვ. აზარიშვილს, ს. მირიანაშვილს, გ. ცაბაძე.
ვოკალურ ციკლებს შორის მნიშვნელოვანია ო. თაქთაქიშვილის “დეჭრილი არწივი” და “მთაწმინდის მთვარე”, ს. სანიძის “ქართული ხალხური პოეზიიდან”, აღსანიშნავია აგრეთვე ლ. შავერზაშვილის “დიალოგი” და “მთების სიმღერები”, ვ. აზარაშვილის ვოკალური ციკლები ი. გრიშაშვილისა და შ. ნიშნიანიძის ლექსებზე.
60-70-იან წლებში ინტენსიურად ვითარდება სიმფონიური მუსიკა. მნიშვნელოვანია მ. მშველიძის IV (1968), რ. გაბიჩვაძის I (1964), ა. მაჭავარიანის II (1973), ს. ცინცაძის III (1969) და IV (1978), ფ. ღლონტის VI (1979), ა. ბალანჩივაძის III (1979) სიმფონიები, აგრეთვე ა. შავერზაშვილის კამერული სიმფონია (1977) და პოემა “მცირე მიწა” (1981).
რ. გაბიჩვაძის სიმპონია, ისევე როგორც მისი III სიმფონია (1972; “როსტოკის”) და კამერული სიმფონიანონეტი (1996), ყურადღებას იქცევს ქართული სიმფონიზმისთვის არატრადიციული ხერხებისა და ჰარმონიული წყობის სინთეზით. აშკარად გამოხატული თანამედროვე ნიშნებითაა აღბეჭდილი დ. თორაძის II სიმფონია (“ქებათა ქება ნიკორწმინდას”), რომელიც შთაგონებულია გ. ტაბიძის ცნობილი ლექსით.
60-იან წლებში შეიქმნა რამდენიმე მნიშვნელოვანი საოპერო ნაწარმოები – ო. თაქთაქიშვილის “მინდია” (1961) და “სამი ნოველა” (1976). “მინდიას” მუსიკა მელოდიურია, გამსჭვალულია დიდი შინაგანი დინამიკითა და ექსპრესით. შ. მშველიძის “დიდოსტატის მარჯვენა” კი ყურადღებას იქცევს სტილის თვითმყოფობით და დიდებული საგუნდო სცენები.
80-იანი წლების მნიშვნელოვანი ოპერებია ო. თაქთაქიშვილის “მთვარის მოტაცება”, რომელიც მასშტაბური, დრამატურგიულად მრავალპლანიანი ნაწარმოებია და რ. ლაღიძის “ლელა”, რომლის მუსიკა კი ნათელი მელოდიურობითაა აღბეჭდილი.
60-70-იან წლებში შექმნილ ბალეტებს შორის აღსანიშნავია ს. ცინცაძის “დემონი” (1961, დაიდგა თბილისსა და ტალინში), ბ. კვერნაძის “ქორეოგრაფიული ნოველები”, ფ. ღლონტის “განთიადი” (1978), რ. გაბიჩვაძის “ჰამლეტი” (1971) და “მედეა” (1978), ს. ცინცაძის “დალი და მონადირე” (1977). საერთაშორისო პრემია მიენიჭა ღ. თორაძის ტელებალეტ “მწირს” (1978).
60-იანი წლებიდან მნიშვნელოვან წარმატებას აღწევს ქართული საესტრადო მუსიკა. საესტრადო ჟანრში აქტიურად მუშაობს გ. ცაბაძე, რომლის მუსიკამ ფართო გავრცელება ჰპოვა. საგრძნობი წვლილი შეიტანა ამ ჟანრის განვითარებაში რ. გაბიჩვაძემ, ო. გორდელმა, გ. თორაძემ, გ. ყანჩელმა და სხვებმა.
80-იან წლებში ქართული მუსიკის კადრები შეივსო ახალგაზრდა საიმედო შემოქმედებითი ძალებით, ესენი არიან: გ.ჩლაიძე, თ. ბაკურაძე, მ. ცერცვაძე, გ. ჯაფარიძე, მ. დადნიძე და სხვები.
ქართული მუსიკა საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველად აჟღერდა ჯერ კიდევ ადრინდელ შუა საუკუნეებში, როდესაც ევროპისა და სამხრეთ-დასავლეთ აზიის ტერიტორიაზე დაარსებულ ქართული კულტურის კერებში – მონასტრებსა და ტაძრებში – სრულდებოდა ძველი ქართული საგალობლები. XXს-ის 20-იან წლებიდან ქართული კულტურის წარმომადგენლებმა პოპულარობის მიზნით დაიწყეს საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებზე მონაწილეობის მიღება. გამსაკუთრებული ინტერესი ქართული მუსიკისადმი 40-50-იანი წლებიდან იწყება. 1948 წელს ბელგარეთში სოფიაში და 1958 წელს ჩეხოსლოვაკიაში, ბრნოში შესრულდა ა. ბალაბჩივაძის I სიმფონია; მისივე II საფორტეოიანო კონცერტი ავტორის შესრულებით აჟღერდა ბრაზილიაში, 1956–57 ჩინეთში - შანხაიში შესრულდა ა. შავერზაშვილი სავიოლინო სონატა #1.
1966 წელს ქართული მუსიკის კვირეულზე ბულგარეთში ( პლოვდივსა და სოფიაში) შესრულდა ა. მაჭავარიანის, ო. თაქთაქიშვილის, ნ. მამისაშვილის საფორტეპიანო ნაწარმოებები (შემსრულებელი ლ.თორაძე). 1966 წელს პრაღაში გაიმართა ქართული მუსიკის კონცერტი, შესრულდა ა. მეჭავარიანის “ხუთი მონოლოგი ვაჟა-ფშაველას ლექსებზე”, ნ. გაბუნიას იმპროვიზაცია და ტოკატა ფორტეპიანოსათვის, გ. აზარაშვილის სავიოლინო სონატა; 1974 წელს იუგოსლავიაში (სკოპიე) შესრულდა სიმფონიური და კამერული ნაწარმოებები; რ. გაბიჩვაძის სუიტა ბალეტიდან “ჰამლეტი”, ბ. კვერნაძის ცეკვა – ფანტაზია, ნ. ვაწაძის სიმებიანი კვარტეტი, ს. ნასიძის ვოკალური ციკლი “ხალხური პოეზიიდან”. 1974 წელს უნგრეთში შესრულდა ა. ბალაბჩივაძის, ს. ნასიძის, ბ. კვერნაძის ნაწარმოებები; 1966 წელს თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპირისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა უნგრეთსა (საერთაშორისო ფესტივალი “სეგედის თეატრალური თამაშობანი”) და საფრანგეთში (პარიზი IV საერთაშირისო ფესტივალი) წარმოადგონა ბალეტები: ა. მაჭავარიანის “ოტელო” და დ. თორდაძის გორდა.
ქართული მუსიკა საქართველოს ფარგლებს გარეთ დღესაც დიდი წარმატებით მიმდინარეობს. ტარდება სხვადასხვა კონცერტები და სხვადასხვა ოპერები საზღვარგარეთ, რომლებსაც დიდი აღფრთოვანებით ხვდება უცხოელი მსმენელი.



---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


მუსიკის სტილები და ჟანრები

ბლუზი — ელექტრონული მუსიკა — ვესტერნი — კამერული მუსიკა — კლასიკური მუსიკა — კომიკური ოპერა — მარში — ოპერა — ოპერეტა — პანკი — პასტორალი — პოპ–მუსიკა — რაფსოდია — რეგი — რეპი — როკ–მუსიკა — მეტალი — საესტრადო მუსიკა — სერენადა — სიმფონიური მუსიკა — სიმფონია — სიმღერა — სიუიტა — სონატა — სოული — ტანგო — ქანთრი — ხალხური მუსიკა — შანსონი - ჯაზი — ჰეროიკული ოპერა — ჰიმნი


მუსიკის ზოგადი ტერმინები

აკუსტიკა – ბგერა – ბემოლი – გამა – დიეზი – დინამიკა - ინტერვალი – მელოდია - მეტრი - მუსიკალური სკალა – ნოტი - პაუზა - პოლიფონია - რიტმი - სმენა – ტემბრი - ტემპი - ტონალობა – ხმა – ჰარმონია
a cappella - accelerando - adagio - allegretto - allegro - allentando - andante - andantino - appassionato - appoggiatura - continuo - crescendo - diminuendo - dolce- forte - fortissimo - glissando - largo - larghetto - metronome - obbligato - orchestra - ostinato - piano - pianissimo - pizicatto - presto - prestissimo - ralantando - sostenuto - staccato
ბანი - ბარიტონი - ტენორი - კონტრალტო – მეცო-სოპრანო - სოპრანო


მუსიკალური საკრავები

დასარტყმელი საკრავები - ელექტრონული საკრავები - კლავიშებიანი საკრავები - სასულე საკრავები – სიმებიანი საკრავები – ხემიანი საკრავები


სხვადასხვა

მუსიკის დარგის მოღვაწეები
კომპოზიტორი – მომღერალი – მუსიკოსი
მუსიკალური კოლექტივები
ანსამბლი - ბენდი - დუეტი - კვარტეტი - მუსიკალური ჯგუფი - ორკესტრი – ტრიო - ქორო
ეროვნული მუსიკა
აზერბაიჯანული მუსიკა – არაბული მუსიკა – ინდური მუსიკა – იტალიური მუსიკა – ქართული მუსიკა



-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)