რაც დრო გადის, მით უფრო იოლი ხდება დათას შემოქმედების ობიექტურად და ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე შეფასება.
ყველანაირი ბიოგრაფიის და პირადი დეტალების გარეშე დავდებ ხოლმე გამოქვეყნებულ და გამოუქვეყნებელ,სუსტ და ძლიერ ლექსებს და მნიშვნელოვანი იქნება თითოეული თქვენგანის
შეფასება და კომენტარი
ნუ დაიზარებთ წაკითხვას და ობიექტურად შეფასებას
....................
იარაღისკენ მიმავალსდათა გულუა
შენ, სიცოცხლეო, განბანილო ცრემლის გოდორში,
მოდის ვატერლოო, ბოლო გონგი ჩინურ ტამტამის.
მზეს ახსენდება ჩაძირული დღენი სოდომის,
წითელი კუბო, იმედისგან გამონათალი.
და მე არ ვიცი, რა ვუშველო უფერო ქაოსს,
ჩემს პოეზიას რომ დაეკრო, სიკვდილის მარხილს.
და მე მზადა ვარ, გადავცურავ კოლხეთის ჭაობს _
ზღვას ლურჯ ლაშებში კვლავ დავწვდები თეთრი აღვირით.
წუხელ ვებრძოლე ჭრელ სიზმრებში გარდაცვალებას,
რუხ სივრცეებში გავიყვანე სულის გვირაბი.
დრო გააჩერეთ! და ისრები მორჩნენ წვალებას,
მზე გამეყინა, ისევ გავხდი ტუნდრის ფირალი.
მე მოვყვებოდი საზარელი ტკივილის გუნდებს,
თეთრი ღამენი ფლეიტებით ქსოვდნენ რექვიემს,
და მოლოდინი ჩემს სარკმელთან ამტვრევდა ბუდეს,
სადაც მუზები მიტოვებდნენ უხმო წერილებს.
კვლავ გავიღიმე, სიკვდილმისჯილი,
სიცარიელედ ხტოდნენ ექონი.
ჩემს სარეცელზე იწვის ღიმილი,
ფაუსტს მიკითხავს ჩუმად დემონი.
ჭაღზე მელოდა ჟღალი ბაწარი,
წელს ღვინობისთვე აკლდამის თვეა,
და გულში იწვა უცეცხლოდ ნაცარი,
უდონ-კიხოტოდ, ვით დულსინეა.
ქარმა მოტეხა მინა ფანჯარას
და სველი წვიმა მოვიდა ვერცხლით.
ჩემი სიზმარი მოჰგავს საჰარას,
ვით გადამწვარი სფინქსების ხელი..
და ბრძოლას ვაგებ, ვით მითრიდატე,
ვსვავ ერთ ულუფა ყოფათა შხამებს,
რომ არ მომწამლოს შემდეგ მოყვასმა
და თვით იუდა არ რეკდეს ზარებს.
ნელი სვლა ჩემი დედამიწაზე
თვალს გადაკრული ტყავია მლაშე,
გილიოტინა დანას მინათებს,
შიშია უხმო ერთგული პლანშე.
შეაგდო მძივად ძილმა სამყარო
მხრებზე იქ, სადაც ეძინა დროშებს,
გამიძეხ გზაზე, ბედო აფთარო,
მე სიყვარულის მოვანგრევ კოშკებს!
ხეტიალისგან გამიცვდა ტერფი,
მზე სისხლით ავსებს ღრუბლის აუზებს.
უბე ამ გულის ამევსო ფერფლით,
აქეთ მობრძანდით, თქვენ, ჰერ მაუზერ!
ყორანთა დასი ზეცამ მოისხა,
მე სიტყვის ლოთი ვთვრებოდი რითმით.
გამოხტა სული სიზმრის ჰოლიდან,
დღეს, ალბათ, ვიღაც დაიბადება, დაიბადება და ისევ მიდის.
ფირი ტრიალებს, ეხვევა ბორბალს
ვუყურებთ ყოფას, ვით მუნჯურ ფილმებს,
თეთრი ტიტრები ორთქლავენ მორალს,
თქვენ სავსე მკერდებს ააწყვეტთ ღილებს!
ასე აშიშვლებთ იდუმალებას,
საღრღნელად აძლევთ სხეულებს ტრფობას
და მთელი ღამე ცოდვას ვხატავდი,
ვით ბოტიჩელი “ვენერას შობას”.
მე თქვენ გჭირდებით, რომ თქვენი თითის ვიქცე სამიზნედ,
მე მზეს ვჭირდები, რომ მომიძღვნას ამაოება,
მე ის ძალა ვარ, რომ იძლევა სულისძვრის ბიძგებს,
ჩემი ჯილდოა თეთრ ფოთლებში განმარტოება!
და მოლოდინი კვლავ მიმტვრევდა სარკმელთან ბუდეს,
სადაც მუზები მიტოვებდნენ უხმო წერილებს.
მე მოვყვებოდი საზარელი ტკივილის გუნდებს,
თეთრი ღამენი ფლეიტებით ქსოვდნენ რექვიემს.