აქ არ იყო ბიო ქართულად. და ინტერნეტში ლინკებზე რაც ვნახე ყველა ინგლისურია.
ლადო გუდიაშვილის მშობლები მთიელები იყვნენ. მამა - დუშეთიდან, დედა - ფასანაურიდან. დავითს ელისაბედი ცხენით მოუტაცებია. ერთხანს, დუშეთში უცხოვრიათ, შემდეგ კი თბილისში გადმოსულან საცხოვრებლად და ბინაც ძველ უბანში, ჩუღურეთის მახლობლად, რიყის ქუჩაზე დაუდვიათ.
დავითის ოჯახი არ მონაწილეობდა ჩუღურეთის მოჰემურ ცხოვრებაში. ისინი განცალკევებით ცხოვრობდნენ და მთელ
თავისუფალ დროს, ორი ვაჟის - ვახტანგისა და ლადოს აღზრდას ანდომებდნენ. ოჯახში იღებდნენ ჟურნალ-გაზეთებს,
ქონდათ მუსიკალური ინსტრუმენტები, მართავდნენ საოჯახო კონცერტებს, ბავშობის წლების გახენება ლადო გუდიაშვილს დადებით ემოციებს ჰგვრიდა.
,,ჩემმა ბავშოვობამ, - იგონებდა მხატვარი, - ძველი თბილისის უბანში გაიარა. ეს იყო ძალზე ღარიბული, მაგრამ უაღრესად თავისებური, უაღრესად კოლორიტული უბანი.~.
მხატვორბისადმი ინტერესს ბავშვობიდანვე ამჟღავნებდა. ხატავდა ყველგან და ყოველთვის, სადაც კი ამის დრო და შესაძლებლობა ჰქონდა: ქვაფენილზე, ფიცარზე, ქაღალდზე, კედელზე...
მიუხედავად ასეთი ინტერესისა, ელისაბედმა შვილის მუსიკოსად აღზრდა განიზრახა და კერძო მასწავლებელიც გამოუძებნა. მთელი წელიწადი სწავლობდა ლადო ვიოლინოზე დაკვრას, ჩასწვდა მუსიკის საიდუმლოებას, მაგრამ როგორც კი ვიოლინოზე დაკვრას დაიწყებდა, გულის არეში საშინელ სპაზმებს გრძნობდა.
,,კარის ექიმმაც~ არ დააყოვნა და ,,განაჩენი~ გამოუტანა - ვიოლინო სამუდამოდ განიდევნა ლადოს ოთახიდან.
იმ პერიოდში გუდიაშვილების მეზობლად გერმანელი მხატვარი, ზომერი ცხოვრობდა. ის ხშირად დადიოდა დავითის ოჯახში.
მასპინძელს გაესაუბრებოდა, ჭიქა ღვინოს გადაქკრავდა და გამხიარულებული ბრუნდებოდა საკუთარ ბინაში. ერთ-ერთი ვიზიტის დროს, ელისაბედმა გერმანელ მხატვარს ლადოს ჩანახატები დაუწყო წინ. ზომერმა გამოცდილი თვალი შეავლო ნახატებს, ნორჩი მხატვრის ნამუშევრებში ინდივიდუალური ხელწერა და სიახლისადმი ლტოლვა აღმოაჩინა და აღფრთოვანებულმა, პათეტიკური ტონით წამოიძახა: - ,,ამ ბიჭუნასგან ნამდვილი მხატვარი, დიდი მხატვარი დადგება! ~ ზომერის ,,ვერდიქტი~ ოჯახმა ურყევ ჭეშმარიტებად აღიქვა.
1910 წლის აგვისტოში, ლადო თბილისის სამხატვრო სასწავლებელში ჩაირიცხა. მან ეს სასწავლებელი წარმატებით, პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა, მაგრამ ფიქრობდა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ ჰქონდა სასწავლი, უნდა ეშრომა, რათა ნამდვილად, დიდ ხელოვნებას ზიარებოდა. გადაწყვიტა, დაოსტატების მიზნით, პარიზსს სწვეოდა. ახალგაზრდა მხატვარმა ამ ჩანაფიქრის განხორციელება შესძლო - 1919 წელს, დავით კაკაბაძესთან ერთად, საფრანგეთს გაემგზავრა.
მათ თვე-ნახევარი იცხოვრეს ერთად რომში. ამ ხნის განმავლობაში, მოიარეს სახელგანთქმული მუზეუმები. რომიდან პარიზში მატარებლით გაემგზავრნენ. ყოველ გაჩერებაზე ჩადიოდნენ სადგურში, ათვალიერებდნენ ბუნებას. ლადო ღამითაც არ ღალატობდა ამ ჩვევას. მაგრამ ერთ-ერთი ასეთი ჩასვლა კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა - ვაგზლის მოედნის დათვალიერებით გატაცებული ლადოს თვალწინ ვაგონებმა გაირბინა... მან ძლივს მოასწრო ბოლო ვაგონის საფეხურზე შეხტომა, მაგრამ... ვაგონის კარი დაკეტილი აღმოჩნდა. ბევრი აბრახუნა, მაგრამ ამაოდ. მომავალ სადგურამდე კიბეზე მგზავრობა მოუხდა. ცივი ღამე იყო, ორთქმავლის ჭვარტლი სახესა და ხელებზე სქელ ფენად ედებოდა ლადოს... გამურული დაბრუნდა კუპეში. შეშინებულმა დავითმა ძლივს იცნო მეგობარი...
ლადო პარიზში ყოფნის პერიოდში, წუთსაც კი არ ჩერდებოდა უსაქმოდ. მონაწილეობდა პარიზულ სანახაობებში. ერთხელ მან საკარნავალო კოსტიუმი შეიკერა. თმა გადაიპარსა, თავზე თბილისიდან წამოღებული წითელი ბაღდადი მოიხვია, განიერფარფლებიანი ქუდი დაიხურა და კოვბოების საზეიმო მსვლელობას შეუერთდა..
ზეიმის შემდეგ, კაფე ,,როტონდაში~ შეიარა ყავის დასალევად. კაფეში მეგობარ მწერლებს შეხვდა, საუბარი გააბეს. გაცხარებულ საუბარში გართულს არც კი უგრძვნია, ხელზე ბორკილები როგორ დაადეს..
მეგობრებმა საქმის ვითარება იკითხეს.
- ამერიკელი პოლიციელი ვარ, დიდი ხანია, ამ ყაჩაღს დავეძებ და ძლივს ვიპოვე - თქვა უცნობმა, თან ჯიბიდან ლადოს ორეულის სურათი ამოიღო. საქმეში ჩაერივნენ ამერიკელი მხატვრები. რომლებმაც დიდი გაჭირვებიც დაარწმუნეს თანამემამულე,
რომ მის წინ ყაჩაღი კი არა, ქართველი მხატვარი იდგა.
1920 წელს, ,,საშემოდგომო სალონში~ მოეწყო გუდიაშვილის ნამუშევრების გამოფენა. გამოფენამ წარმატებით ჩაიარა - ორი სურათი გამოფენის პირველსავე დღეებში გაიყიდა, ერთ-ერთი მათგანი ,,კინტოების ქეიფი~ - ცნობილმა ესპანელმა მხატვარმა იგნასიო სულოაგამ შეიძინა.
გამოფენის მდივანმა ლადოს სთხოვა სურათი შეეფასებინა. სიხარულისაგან მხატვარმა ცრემლების ,,ბურთი~ ძლივს გადაყლაპა და აკანკალებული ხმით მდივანს უთხრა:
- ,,მუსიე, რას ბრძანებთ? მაესტრომ ჩემი სურათი მოიწონა და რომელ ფასზეა ლაპარაკი?, ყველა საჩუქრად მომირთმევია, თუკი ჩემი სურათები მას სიამოვნებას ანიჭებს...
მეორე დღეს, ესპანელი მხატვარი თავად ეწვია ლადოს სახელოსნოში, კარგა ხანს ათვალიერა სურათები, რამდენიმე აარჩია.
- ამ ნახატებს თუ შეელევითო? - ჰკითხა.
როდესაც მხატვრისგან თანხმობა მიიღო, გაიღიმა და ჯიბიდან ფრანკების ორი დასტა ამოიღო და თქვა: ,,მარტოოდენ კარგი სიტყვებით რომ შეიძლებოდეს ცხოვრება, რაღა მიჭირდა, მე ბევრი რამ გამომიცდია და ყველაფრის ფასი ვიცი. თქვენ ახლა ფული გჭირდებათ, აიღეთ და უკეთესი სურათები დახატეთ...~
მიუხედავად დიდი წარმატებებისა ლადოს პარიზში ყოფნა უკვე გაუსაძლისი ხდებოდა. მშობლიური მიწის ყივილი ძლიერი იყო.
,,საქართველოსკენ, რაც შეიძლება მალე! ~ - აი, ერთადერთი ფიქრი, რომელიც სამშობლოს მოსწყვეტილ მხატვარს ასულდგმულებდა. ლადომ სამშობლოში დასაბრუნებლად თადარიგი ადრიანად დაიჭირა, ბარგი მოამზადა და მარსელში გააგზავნა, ბილეთიც წინასწარ შეუკვეთა, წამოსვლის წინ, პარიზში ნაცნობ-მეგობრებს აცრემლებული გამოემშვიდობა.
სახელოსნოში დაბრუნებულს, კართან ნაცნობი მამაკაცი დახვდა - პარიზული გალერეის მეპატრონე როზენბერგი. ის ხელმოკლე, მაგრამ ნიჭიერი მხატვრებისგან ჩალის ფასად ყიდულობდა სურათებს, ჯერ საკუთარ გალერიაში გამოფენდა და შემდეგ - მამასისხლად ყიდდა...
ლადოს სტუმრად მოსული როზენბერგი არწმუნებდა: ,,თქვენ მიდიხართ სწორედ იმ დროს როცა იწყება თქვენი აღიარება, თუ არ გადაიფიქრებთ, იცოდეთ, ეს იქნება დიდი შეცდომა.. თუ გინდათ ამაღლდეთ დარჩით ზემოთ~
ამ შეხვედრას ლადო მოგვიანებით ასე იხსენებდა: ,, მე ავღელდი. ამ სიტყვებს მეუბნებოდა კაცი, რომელმაც თავის დროზე მეცენატობა გაუწია პიკასოს, დერენს,მატისს, მან გაუხსნა გზა ბევრ მხატვარს.~
მაგრამ გუდიაშვილის გადაწყვეტილება მტკიცე იყო. იგი ჩაჯდა ფრანგულ გემში და საქართველოსკენ გამოცურა. საათობით გემბანზე და ელოდებოდა ქართული მიწის გამოჩენას...
,,მახსოვს, - იგონებს ლადო, - როგორი სიხარული ვიგრძენი, როცა საქართველოს სანაპირო დავინახე. მზით განათებული შემომხვდა აჭარის მწვანე მთები.. ხუთი წლის წინ მასთან განშორების სევდა და ტკივილი ახლა ისეთი სიხარულით მეცვლებოდა რომ სუნთქვა შემეკრა.. ალბათ ამ ქვეყნად არ არსებობს უფრო დიდი ბედნიერება ვიდრე სამშობლოში დაბრუნება. წარმოუდგენელი განცდა დამეუფლა როცა მშობლიურ მიწაზე დავდგი ფეხი.~
სამშობლოში დაბრუნებისთანავე მოწყობილ ვერნისაჟზე ლადომ ერთი მოხდენილი ქალიშვილი შენიშნა, რომელმაც მისი ყურადღება მიიქცია. შემდგომ, ის თითქმის ყოველდღე მოდიოდა გამოფენაზე და საათობის შესცქეროდა ტილოებს. წასვლისას
უეჭველად მიდიოდა ლადოსთან და თავაზიანად გამოეთხოვებოდა..
ხშირმა შეხვედრამ მხატვარსა და ქალიშვილს შორის მეგობრობის იდუმალი ძაფი გააბა. გოგონა ნინო მგელაძე აღმოჩნდა. ის
რუსთაველის სახელობის თეატრის სტუდიაში სწავლობდა. გამოფენამ მტკიცეთ დაამეგობრა 30 წლის ლადო და 16 წლის ქალიშვილი. ისინი ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს. ერთხელ ლადომ შესთავაზა - მეწვევით სახელოსნოში, თქვენს პორტრეტს დავხატავო.
მართლაც 1930 წლის თებერვალში, პაემანი შედგა. ქალიშვილი ლადოს ეწვია. ერთ თვესაც არ გაევლო იმ სტუმრობიდან, ლადომ მეგობრული ვახშამი გამართა და შინ მიიწვია მიხეილ ჭიაურელი, ვერიკო ანჯაფარიძე, ნატო ვაჩნაძე, ნიკოლოზ შენგელია, ტიციანი, პაოლო და სხვები. სტუმართა შორის ნინოც იყო. სუფრას ნიკოლოზ შენგელია თამადობდა. ნიკოლოზმა პირველი სასმისით ლადო და ნინო ადღეგრძელა, ბედნიერი ცხოვრება უსურვა. ნინომ დაირცხვინა, იუხერხულა, მე რა შუაში ვარ? , - იკითხა. ასეთი შეკვეთა მაქვს მასპინძელისგან,- უპასუხა თამადამ.
სტუმრებმა ერთმანეთს გადახედეს, მერე, ლადოსა და ნინოსკენ გააპარეს თვალი. მათ წინ ორი ერთნაირი ფინჯანი იდგა. ყველა მიხვდა ლადოს ჩანაფიქრს...
ახალშეუღლებულებმა გადაწყვიტეს, შვებულება გაგრაში გაეტარებინათ. ჯერ ბათუმს ეწვივნენ, იქიდან კი გემით გაგრისკენ აიღეს გეზი. მაგრამ საქორწინო მოგზაურების პირველი დღე უიღბლო აღმოჩნდა: როგორც კი გაგრაში ჩავიდნენ, ლადომ რატომღაც ჯიბეზე მოისვა ხელი და.. ჯიბის ოსტატებს უკანასკნელი მანეთიც წაეღოთ...
ის ღამე ზღვის პირას გაათენეს. კიდევ კარგი, რომ გაგრაში ვერიკო ანჯაფარიძე და ბესო ჟღენტი ისვენებდნენ - მეგობრებმა გაჭირვებისგან იხსნენს ცოლ-ქმარი.
ქორწინების შემდეგ, ნინო ლადო გუდიაშვილის შემოქმედების პირველი კრიტიკოსი გახდა - როგორც კი სურათი დაიბადებოდა, პირველი, ვისაც უფლება ჰქონდა ენახა იგი და გამოეთქვა აზრი ნინო გუდიაშვილი გახლდათ...
ომი ახალი დამთავრებული იყო, ლადო ახალგაზრდა მხატვრებთან ერთად ბიჭვინთას ეწვია. საღამო ხანი იყო, ეკლესიის შესასვლელთან ლადო ახალგაზრდა მეგობარს ესაუბრებოდა. მათ უცნობი წყვილი მიუახლოვდა, მისალმების შემდეგ, ფრან ცოლ-ქმარს ლადომ ეკლესია დაათვალიერებინა. გაკვირვებული ფრანგები აღტაცებას ვერ ფარავდნენ... გამოთხოვებისას მამაკაცმა ლადოს ჰკითხა: ,,საფრანგეთში ერთი ქართველი მხატვარი ცხოვრობდა, გვარად გუდიაშვილი. კარგი მხატვარი ყოფილა, მისი ტილოები მინახავს, კერძო კოლექციებში. ცოცხალი აღარ არისო, - გვითხრეს და ხომ არ გაგიგიათ რით დაიღუპა? ~ ლადომ უცხოელს გაუღიმა და უთხრა - განა ყველა ნათქვამი დაიჯერება?! ის მხატვარი - გუდიაშვილი მე გახლავართო...
ხელოვანს მიაჩნდა რომ ყველაზე მეტი რამ მონუმენტური ფრესკული მხატვრობიდან ისწავლა. ჰქონდა უნარი ცხოვრების საიდუმლოების გახსნისა და ტილოზე გადმოცემისა. დასვენების დროს, შრომა ენატრებოდა. თოვლი არასოდეს დაუხატავს რადგან ცივიაო..მზის დახატვას გაურბოდა, რადგან მიაჩნდა, რომ მზე თვითონ ნახატში უნდა იგრძნობოდეს..მართლაც მხატვრის ტილოებზე მოციმციმე მზის სხივები, წლის ნებისმიერ დროს ათბობს ადამიანს...
მიმაგრებული სურათი