ლამაზი და კარგი, თან საინტერესო ადგილი თბილისთან ასე ახლოს, იქნებ ფორუმელები წავსულიყავით მანდ ლაშქრობაზე?
იქამდე გაეცანით ამ ადგილების ისტორიას და ღირშესანიშნაობებს............
არმაზისხევიარმაზისხევი არის ძველი მცხეთის ერთ-ერთი უბანი, ქართლის მეფეთა ერისთავების (პიტიახშების) რეზიდენცია, მდებარეობს მცხეთის დასავლეთით, მოიცავს მარტაზისხევის, სანგრისხევის და საერთოდ არმაზისხევ-ძეგვის ზოლის მტკვრის მარჯვენა მხარის ნამოსახლარებსა და ციხესიმაგრეებს. არმაზისხევში არის შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი. ხევის თავზე ციხე-სიმაგრეა.
“დიდი” მცხეთის ეს უბანი გვიანდელი ბრინჯაო-ადრინდელი რკინის ხანის ნამოსახლარებზეა შექმნილი, საერისთავო სამყოფელი და განსასვენებელი კი მცხეთის გადედაქალაქებას უკავშირდება.
არმაზისხევში არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა 1937-1946 წლებში, აღმოჩენილია გვიანდელი ბრინჯაო-ადრინდელი რკინის ხანის სამაროვანი, ერისთავთა (პიტიახშთა) განსასვენებელი, კრამიტსამარხები, სარკოფაგები და მავზოლეუმის ტიპის სამარხი, გვიანდელი ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ქვის სამარხები. აგრეთვე ერისთავთა სასახლის კომპლექსის ნანგრევები, არმაზისხევის აბანო, წყალსადენის ნაშთები, კერამიკული სახელოსნო და მარანი.
განსაკუთრებით მდიდრული იყო ერისთავთა სამარხები (2-3 საუკუნეები). სამარხეული მასალიდან აღსანიშნავია: ოქროს სარტყელი, სატევრის ოქროს ქარქაში, შუბლსამკაულები (დიადემები), ყელსაბამები, სამაჯურები, საყურეები, ბეჭდები, სამკაულები და სხვა. ოქროს ნივთებით შემკულია ალმანდინის, ზურმუხტის, ნეფრიტის, საფირონის, ამეთვისტოს, აქატის, ქალცედონის, მალაქიტის, ლაჟვარდის ონიქსის, ალმასის და სხვა ძვირფასი თუ ნახევრად ძვირფასი ქვებით. მათზე ხშირად წარწერა და გამოსახულებაა ამოკვეთილი. ვერცხლის ნივთთაგან გამოირჩევა სიუხვის ქალღმერთის ჰორელიეფური გამოსახულებით და მამაკაცის მკერდზედა გამოსახულებით შემკული თასები, სხვადასხვა ფორმის საღვინეები.
გათხრების დროს აღმოჩენილმა ბერძნულმა და არამეულმა წარწერებმა (მაგალითად არმაზის ბილინგვა) სიახლე შეიტანეს სქართველოს ისტორიაში. ცნობილი გახდნენ იბერთა დიდი მეფე ქსეფარნუგი, ზევახ (ჯავახ) უფალი, ასპარუკ ერისთავი, ჯავახ მცირე, სარაფიტა, ბერსუმა პიტიახში, კარპაკი და სხვანი.
მარანი(45*90 მეტრი) არმაზისხევის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. ქვევრების უმეტესობა დამტვრეულია (ყველაზე დიდი ქვევრის სიმაღლე ორი მეტრია, კედლის სისქე 1,5-2 სანტიმეტრი, მუცლის დიამეტრი 85 სანტიმეტრი, პირისა 0,4 მეტრი და ფსკერის 0,2 მეტრი). ყველა ქვევრი შვეულადაა მიწაში ჩადგმული და ყველას დიდი მუცელი აქვს. ბევრ მათგანს გარედან შემოვლებული აქვს საკმაოდ რელიეფური სადა ან ჭდეული ორი,Oოთხი ან მეტი წვრილი სარტყელი. ზოგიერთ ქვევრს შემორჩენილი აქვს ქვის სარქველი-ქვიშაქვის მრგვალი ან ოთხკუთხა, საკმაოდ უსწორმასწორო ფილა.
სამაროვნები, რომლებიც მეოთხე-მეცხრე საუკუნეებს განეკუთვნება, საშუალო და დაბალი ფენების მასობრივი სასაფლაოა. სამარხები ნაგებია დაუდევრად, გაუთლელი ფილებით. გრძივი კედლები ხშირად ნატეხი ქვით და თიხითაა ამოყვანილი. ყველა სამარხი დამხრობილია აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ (აქა-იქ მცირე გადახრით), მიცვალებულები ასვენია თავით დასავლეთისაკენ, გულაღმა, ხელდაშვებული და გაშოტილი. ქვის სამარხები უმეტესად კოლექტიური, საოჯახო სამარხებია. სამარხეული ინვენტარიდან აღსანიშნავია სამკაული (სპილენძის, ბრინჯაოს, რკინის ღეროვანი და მშვილდური საკინძები, ბეჭდები, საყურეები, სამაჯურები, აბზინდები, მძივები), ტანსაცმლის ლითონის ნაწილები და მინის ჭურჭელი. იშვიათად გხვდება პატიოსანი თვლები და ძვირფასი ლითონი, აღმოჩენილია თითო-ოროლა რკინის დანისპირი, ორი ცალი არაბული მონეტა (განეკუთვნებიან მერვე საუკუნეს), რკინის ლურსმნები.
არმაზისხევში აღმოჩენილია აგრეთვე ქვითკირის ნაგებობის ნაშთები, ე.წ. ზღურბლიანი ნაგებობა და გამოვლინდა ერთიმეორისაგან კაპიტალური კედლით გამოყოფილი სენაკების ნანგრევები.
არმაზისხევის არქეოლოგიური ძეგლები ამჟამად შემოზღუდულია და საველე მუზეუმია შექმნილი.
არმაზისხევის აბანოარმაზისხევის აბანო განეკუთვნება 2-3 საუკუნეებს და მდებარეობს არმაზისხევში, ერისთავთა სამყოფელ-განსასვენებელის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, გაითხარა 1937-1938 წლებში ა.კალანდაძის ხელმძღვანელობით. ეს აბანო ჯერჯერობით უძველესია სქართველოს ტერიტორიაზე. შედგება ხუთი განყოფილებისაგან: გასახდელი დარბაზის(შემორჩენილია საძირკველი და კედლების ნაწილი, იატაკი ხისა უნდა ყოფილიყო), საცეცხლფარეშოს და სამი საბანაო განყოფილებისაგან-ცხელი (კალდარიუმი), თბილი (ტეპიდარიუმი) და ცივი (ფრიგიდარიუმი) ნაწილებისაგან. ნაგებობა ორსართულიანია. ქვედა სართულში გასათბობი განყოფილებაა (კალორიფერი ანუ ჰიპოქაუსტი), ზევით ცხელი და თბილი აბანოები. შენობის საერთო სიგრძეა 22 მეტრი, ხოლო უდიდესი სიგანე 8,8 მეტრი. ცივ აბანოს ორივე სართული უკავია.
არმაზისხევის აბანო განეკუთვნება რომაულ აბანოთა ჯგუფს, რომელთა აღწერასაც პირველად ვიტრუვიუსთან ვხვდებით. ასეთი აბანოები გავრცელებული იყო მცირე აზიაში, სირიაში. საქართველოში გვხვდება აგრეთვე არმაზციხეში, ბიჭვინთაში, შუხუთში, ნოქალაქევში. მსგავსი აბანო არის აგრეთვე სომხეთშიც (გარნისი). უბნების მიხედვით აბანოების განლაგება მცხეთაში გვიანდელი ანტიკური საქართველოს ქალაქური ცხოვრების, კერძოდ სანიტარულ-კომუნალური კულტურის მაღალ დონეზე მიუთითებს.
არმაზი მცხეთისაძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი მცხეთიდან 1,5 კოლიმეტრში. მთავარი ნაგებობაა დარბაზული ეკლესია, რომელმაც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია. ეკვდერის კარისთავის ასომთავრული წარწერიბის მიხედვით (რომელიც დაცულია საქართველოს ისტორიის მუზეუმში), ეკლესია აშენებულა 1150-1178 წლებს შორის. დასავლეთიდან მას ეკვრის შეისრულთაღიანი კარიბჭე, ჩრდილოეთ მხარეს ეკვდერი და მცირე ზომის საძვალის მსგავსი სადგომია. კომპლექსი ნაგებია აგურითა და ნატეხი ქვით. ეკლესიასა და კარიბჭეში შემორჩენილია მეთორმეტე საუკუნის კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. ეკლესიის დასავლეთ მხარეს მდებარე სამრეკლო მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებს განეკუთვნება. აქვეა შუა საუკუნეების გალავნისა და სენაკების ნანაგრევები.
არმაზის ციხეარმაზის ციხე დგას არმაზისხევის სათავესთან, რკინიგზის ხაზის სამხრეთით, სამ კილომეტრში, ორ ხევს შორის აღმართულ ძნელად მისადგომ მაღალ კლდოვან მთაზე, თარიღდება მეცამეტე-მეთოთხმეტე საუკუნეებით.
ციხე შედგება გალავნისა და კოშკისაგან, ნაგებია ნატეხი ქვით, ძლიერ დაზიანებულია. ციხეს შესასვლელი სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს ჰქონია (შემორჩენილია მისი კვალი). გალავანი გეგმით ტრაპეციის მაგვარია (26*27,5 მეტრი). კოშკი დგას გალავნის სამხრეთ ნაწილში. იგი წიბოებმომრგვალებული პრიზმაა (გვერდების სიგრძეა 13,5 მეტრი). პირველი სართული ყრუა. შიგნით მისი ერთი კუთხე ცერადაა გადატიხრული (სამეურნეო დანიშნულებისათვის). შესასვლელი მეორე სართულზეა, ჩრდილოეთით. ამ სართულზე მოზრდილი სარკმლებია. მესამე სართულის კედლების მხოლოდ ქვედა ნაწილია შემორჩენილი.