ედმონდ კალანდაძეს
ხურმისფერი ყანა. ვარდისფერი ორთქლი.
წნული ოქროსფერი - ხავერდი და ხორკლი.
მონისლული შორით - მელნისფერი მთები,
ძოწისფერი ალვა, შვინდისფერი ზვრები.
კინოვარის ბინდში - ნეკერჩხალი ხმელი,
მივარდნილი სახლი, მონასმები სველი.
ნიუ - ფერად სადაფი, მოლურჯო და ჟღალი,
კედელზეა ტორსი - მთლიანი და მყარი.
ზნით მღელვარე გურული, მძიებელი ახლის,
განსწავლული ესოდენ, რთული ხასიათის.
ორატორი ჭეშმარიტი და სიცოცხლის მოყვარული,
ფერმწერი გენიალური და ლეგენდა მოარული.
სახიერად ჩამესმის რკინის კარზე კაკუნი,
გისოსების ჯახუნი, გასაღები ჟღარუნი,
როხროხი და სიცილი, მისტერია მეტრის,
ლაჟვარდოვან მზიან ცას მწვანე ველი ერწყმის.
ფუტკარივით მშრომელი, მონადირე მარდი,
ჭირ-ვარამ გამოვლილი, თავნება და სხარტი.
აღარ ისმის ხმამაღალი კამათი და საუბარი,
სააქაოს მიტოვება საქმე არის უებარი -
თუ დატოვე მარგალიტი უამრავი, საქანებო,
თუ იყავი ამ ქყვეყნისთვის პიროვნება საგანგებო,
თუ შენს საოცარ მამულში ენატრები გატაცებით,
თუ უწინდელ ნამუშევრებს დღესაც ჭვრეტენ აღტაცებით -
მაშინ იმსხვრევა საზღვარი სიცოცხლეს და სიკვდილს შორის...
ეჰ, უბრალოდ გული მწყდება, გნახავ კიდევ? ანდა როდის.
ხურმისფერი ყანა. ვარდისფერი ორთქლი.
წნული ოქროსფერი - ხავერდი და ხორკლი.
კინოვარის ბინდში - ნეკერჩხალი ხმელი,
მივარდნილი სახლი, მონასმები სველი.
გია მირზაშვილი
4 ნოემბერი 2014
Cтарый месяц Бог на звёзды крошит.