ტატიშვილმა 100-ათასიანი კუნეო დალაშქრა
რთველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული მოიგო. 21 წლის ტატიშვილს 100-ათასიანი ტურნირის ფინალში არასდროს გაეღწია, იტალიურ კუნეოში კი არათუ გადამწყვეტ მატჩს უწია, არამედ იოლი გამარჯვებაც იზეიმა.
ფინალში ტატიშვილის მეტოქე 20 წლის ჰოლანდიელი არანჩა რუსი გახლდათ, რომელმაც ნახევარფინალში მეხუთე ნომრად განთესილი ხორვატი მირიანა ლუჩიჩი დამარცხა, ქართველთან კი ვერაფერს გახდა. ანამ მსოფლიოს 103-ე ჩოგანი აშკარად დაჯაბნა და 6:4, 6:3 მოიგო.
ამ წარმატების წყალობით, ტატიშვილმა 140 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ უიმბლდონის მეორე რაუნდში გასვლისთვის, მომავალ კლასიფიკაციაში კიდევ 98 ქულა შეემატება, ქართველის სერიოზული წინსვლას უნდა ველოდეთ.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად ტატიშვილი 579 ქულით რეიტინგში 118-ე ადგილზეა, აღნიშნული ნამატის შემდეგ კი, სავარაუდოდ, არათუ მოწინავე ასეულის, არამედ ოთხმოცდაათეულის წევრი გახდება.
და ერთიც. ტატიშვილმა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ITF) ეგიდით ჩატარებულ ტურნირებზე ფინალში მეექვსედ გააღწია და მეექვსე გამარჯვებაც იზეიმა.
აქვე დავძენთ, რომ მომავალ კვირაში ანა შვედურ ბასტადს ეწვევა და 220-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში ჩაებმება. ტატიშვილის პირველი მეტოქე მერვე ნომრად განთესილი სლოვენიელი პოლონა ჰერცოგი იქნება.
http://worldsport.ge/Read.aspx?news=22296&lang=1