ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა არასრულწლოვნებში
* * *
* * *
* * *
პენიტენციური სისტემის აფთიაქების ლიცენზირება დასრულდა
დღეს გეგუთის, ქუთაისის და ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ლიცენზირებული აფთიაქები ამოქმედდა.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სტანდარტების შესაბამისი აფთიაქი ნებისმიერი ბრალდებულისა თუ მსჯავრდებულის საჭიროებებიდან გამომდინარე, მედიკამენტებით უსასყიდლო მომარაგებას უზრუნველყოფს.
დღესვე პენიტენციურ სისტემაში დამატებით 5 სამოქალაქო ტიპის - “ავერსის” აფთიაქი გაიხსნა.
“ავერსის” აფთიაქებში ნებისმიერ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ექიმის დანიშნულებით, შესაძლებლობა ექნება შეიძინოს მისთვის სასურველი ბრენდის მედიკამენტები.
“ავერსის” აფთიაქები ახლო მომავალში ყველა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ამოქმედდება.
სასჯელაღსრულების სისტემის ჯანდაცვის სისტემის სამოქალაქო სექტორთან გათანაბრება და სამედიცინო სერვისის ხარისხის გაუმჯობესება და ხელმისაწვდომობა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
მალე ვიზიტორებს სასჯელაღსრულების სისტემის პირველი საზოგადოებრივი მისაღები მოემსახურება
გლდანის №8 დაწესებულებაში საზოგადოებრივი მისაღების მიმდინარე მშენებლობა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ მსჯავრდებულების მშობლებთან, ადვოკატებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ადამიანის უფლებათა დამცველებთან ერთად მოინახულა.
მინისტრის თქმით, მომავალი წლის დასაწყისიდან, საზოგადოებრივი მისაღების ამოქმედების შემდეგ, ყველა ვიზიტორი სხვადასხვა სახის, მაღალი ხარისხის, სწრაფ და სრულფასოვან მომსახურებას კომფორტულ გარემოში მიიღებს.
ახალი სოციალური რეფორმის განხორციელების შედეგად გამარტივდება პროცედურული საკითხები. საზოგადოებრივ მისაღებში გათვალიწინებულია პაემნის, ამანათის გადაცემის და განცხადების ჩაბარების სერვისი.
მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა ნათესავებს, უფლებების დამცველებს და დაინტერესებულ პირებს მაღალკვალიფიციური საზოგადოებრივი კონსულტანტები მოემსახურებიან.
იარსებებს ონლაინ და სატელეფონო კონსულტაციების სისტემა ინფორმაციაზე მარტივად ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
დამატებითი სერვისის სახით კი საბანკო მომსახურება, უფასო ინტერნეტი, საბავშვო კუთხე და საინფორმაციო დაფაა გათვალისწინებული.
საზოგადოებრივი მისაღების ინფრასტრუქტურის მშენებლობა ეტაპობრივად ყველა დაწესებულებასთან დაიწყება.
* * *
ჰუმანიტარული აქცია დევნილთა დასახლებაში
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ დღეს წილკანის დევნილთა დასახლებაში ჰუმანიტარული აქცია გამართა.
მინისტრის მოადგილემ გიორგი არსოშვილმა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და პირველადი მოხმარების პროდუქტები იმ ოჯახებს გადასცა, რომლებმაც წლის განმავლობაში სამინისტროს იურიდიული დახმარების სერვისით ისარგებლეს.
დოკაძეების პენსიონერთა ოჯახი ლიახვის ხეობის სოფელ ძარწემიდანაა, ჯარმელიშვილები კი 2008 წლის რუსეთის აგრესიამდე ახალგორში ცხოვრობდნენ. ომის შემდეგ შექმნილი სამართლებრივი პრობლემების მოგვარებაში მათ სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის კვალიფიციური იურისტები უფასოდ დაეხმარნენ და აუცილებელი დოკუმენტებიც შეუდგინეს.
იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სამართლებრივი დახმარების აღმოსაჩენად იურიდიული დახმარების სამსახური მხოლოდ ოფისებში გაწეული მომსახურებით არ შემოიფარგლება. საზოგადოებრივი ადვოკატები დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში რეგულარულად მართავენ შეხვედრებს, ეცნობიან მოსახლეობის პრობლემებს და მსურველებს, კვალიფიციური რჩევით, ადგილზე ეხმარებიან.
იურიდიული დახმარების სამსახური მოსახლეობას უფასო საადვოკატო მომსახურებას და სამართლებრივ კონსულტაციებს უწევს.
მსჯავრდებულებს პროფესიული განათლების მიღების დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ
სასჯელაღსრულების სისტემაში 2011 წელს განხორციელებული რეფორმის შედეგად მსჯავრდებულები პროფესიებს ეუფლებიან.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე პროფესიულ განათლებაში ჩართული მსჯავრდებულებისთვის კურსის დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიას დაესწრო.
№16 დაწესებულების მსჯავრდებულებს სერთიფიკატები გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი მათიაშვილმა გადასცა.
ამ დაწესებულებაში „საგანმანათლებლო სახლი“ მიმდინარე წლის სექტემბერში გაიხსნა და პროფესიული განათლების სწავლების პროცესში, პირველ ეტაპზე, 60-მდე მსჯავრდებული იყო ჩართული.
უმაღლეს სასწავლებლებთან გაფორმებული მემორანდუმების შედეგად მსჯავრდებულებს შრომის ბაზარზე მოთხოვნადი სხვადასხვა პროფესია უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა შეასწავლეს.
აღნიშნული რეფორმით, მსჯავრდებულებს გათავისუფლების შემდგომ დასაქმების პერსპექტივა ეძლევათ.
მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
მინისტრმა საერთაშორისო ორგანიზაციებს თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების პროექტი წარუდგინა
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებს თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული ტიპის - თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების კონცეფცია გააცნო.
აღნიშნული პროექტი იქნება ღია ტიპის - გარდამავალი ტიპის ანალოგიური დაწესებულება გისოსებს გარეშე, რომელიც მსჯავრდებულის ინტენსიურ რეაბილიტაციაზე იქნება ორიენტირებული, საზოგადოებაში მის უმტკივნეულოდ დაბრუნების უზრუნველსაყოფად.
თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში განთავსდებიან ის პირები, რომლებსაც თავისუფლების შეზღუდვა სასამართლომ შეუფარდა და ის მსჯავრდებულები, რომლებსაც ადგილობრივი საბჭოს მიერ, მათივე თანხმობის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა თავისუფლების შეზღუდვით შეეცვლებათ.
თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში სასჯელს და მასზე კონტროლს პრობაციის ეროვნული სააგენტო აღასრულებს.
თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მსჯავრდებულებს ერთმანეთთან ურთიერთობა და დაწესებულების ტერიტორიის ფარგლებში გადაადგილება შეზღუდული არ ექნებათ.
ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე მსჯავრდებულები შაბათ-კვირას თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების დატოვებას შეძლებენ.
თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად განთავსებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ და საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩაერთონ.
არასამუშაო დღეებში მსჯავრდებულები ხანმოკლე პაემნის უფლებით შეუზღუდავად ისარგებლებენ.
* * *
--------
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე სიხარულიძე და მახარაძე საქართველოს წინააღმდეგ 22.11.11
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2011 წლის 22 ნოემბერს გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე მახარაძე და სიხარულიძე საქართველოს წინააღმდეგ. ევროპული სასამართლოს წინაშე განმცხადებელი ასაჩივრებდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა), მე-5 (თავისუფლების ხელშეუხებლობის უფლება) და მე-6 (სამართლიანი სასამართლოს უფლება) მუხლების დარღვევას. ევროპულმა სასამართლომ განიხილა განმცხადებლის საჩივრები, რომლებიც ეხებოდა სასჯელაღსრულების სისტემის, კერძოდ კი, მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ფარგლებში მის დაავადების, კერძოდ ფილტვის ტუბერკულოზის მკურნალობის ადექვატურობის საკითხს. ევროპულმა სასამართლომ განმცხადებლის სხვა პრეტენზიები დაუშვებლად გამოაცხადა.
განმცხადებელი ნიკოლოზ მახარაძე, რომელიც სასჯელს ქურდული სამყაროს წევრობისა და დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო შეძენა-შენახვისათვის იხდიდა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში 2009 წლის 29 იანვარს გარდაიცვალა. განმცხადებელი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებამდე, 16 წლის განმავლობაში დაავადებული იყო ფილტვის ტუბერკულოზით. სამკურნალო დაწესებულებაში შემოსვლის დროს უკვე დაავადებული იყო ფიბროკავერნოზული ტუბერკულოზის გართულებული ფორმით რღვევის ფაზაში.
ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს იმ ღონისძიებებზე, რომლებიც სასჯელაღსრულების სისტემის ფარგლებში გატარდა განმცხადებლის ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით. კერძოდ, სასამართლომ უყურადღებოდ არ დატოვა ის ფაქტი, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ყოფნის პერიოდში განმცხადებლს უტარდებოდა რეგულარული სამედიცინო გამოკვლევები და მკურნალობა. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მის მიმართ გაწეული მკურნალობა კონკრეტულ პირობებში არ იყო დროული და ადექვატური, რაც გამოწვეული იყო, მათ შორის, ქვეყანაში არსებული მედიკამენტების ნაკლებობითა და მულტი-რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის იმ დროისათვის პროგრამის არ არსებობით. აღნიშნულის საფუძველზე სასამართლომ დაადგინა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა (სიცოცხლის უფლება). გარდა ამისა, ევროპული სასამართლოს მითითების მიუხედავად, განმცხადებლის დატოვება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში წარმოადგენდა ევროპული კონვენციის 34-ე მუხლის დარღვევას.
განმცხადებელს სასჯელაღსრულების სისტემაში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დაუდგინდა მარჯვენა ფილტვის ტუბერკულოზი მგბ(+) დადებითი. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში იმ პერიოდში არ წარმოებდა მულტი-რეზისტენტული ტებერკულოზის მკურნალობის პროგრამა, 2006 წლის 4 აპრილიდან ის ჩაერთო DOTS პროგრამის ფარგლებში დანერგილი მკურნალობის კურსში, რომელიც მოიცავს ანტიტუბერკულოზური მკურნალობის კურსს პირველი რიგის ტუბ.საწინააღმდეგო პრეპარატებით. DOTS პროგრამის ფარგლებში მიმდინარე მკურნალობა იმ პერიოდისათვის ანტიტუბერკულოზური მკურნალობის ის ერთადერთი მეთოდი იყო, რომელიც 2006-2007 წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით იყო დანერგილი, როგორც სამოქალაქო სექტორის, ისე პენიტენციური სისტემის სამკურნალო დაწესებულებებში. მულტი-რეზისტენტული ტუბერკულოზის შესაბამისი სქემის მიხედვით II რიგის ტუბ.საწინააღმდეგო პრეპარატებით (DOTS+ პროგრამა) მკურნალობა განმცხადებელს დაეწყო 2008 წლის 22 ივნისს.
აღსანიშნავია, რომ 2008 წლიდან მოყოლებული, რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის სისტემა (DOTS+ პროგრამა) ეტაპობრივად დაინერგა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის პენიტენციურ სისტემაში. შესაბამისად, დღეისათვის, აღნიშნული პრობლემა მთლიანად მოხსნილია დღის წესრიგიდან.
* * *
----------------
განცხადება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლის დაკავებასთან დაკავშირებით 22.11.11
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ერთობლივი მუშაობის შედაგად გამოვლინდა ფაქტი, სადაც №5 ქალთა ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამშრომელი კორუფციულ გარიგებაში შედიოდა მსჯავრდებულის ოჯახის წევრთან (ჰპირდებოდა შეწყალების სიაში ჩაწერას).
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ ნებისმიერი მსგავსი ფაქტის მცდელობა არ დარჩება რეაგირების გარეშე.
ნებისმიერი ამგვარი მცდელობა იქნება გამოვლენილი და აღკვვეთილი, მსგავს ფაქტებში მხილებული პირები კი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.
-----------------
განცხადება მსჯავრდებულ მ.კალანდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით 07.12.11
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოხატავს მსჯავრდებულ ნ.კალანდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ განმარტავს:
მსჯავრდებული ნ.კალანდია 2009 წლის 17 აგვისტოს გასამართლებული იქნა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ, საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რისთვისაც მიესაჯა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 1 დეკემბრის განაჩენით სასჯელის ვადა განესაზღვრა 3 წლით.
2009 წლის 27 აპრილს მურმან კალანდია შესახლებული იქნა ზუგდიდის N4 საპატიმრო და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, ხოლო 2011 წლის 31 ოქტომბერს ზუგდიდის N4 დაწესებულებიდან, გადაყვანილი იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N2 პატიმრობისა და დახურული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, რათა შემდგომში მომხდარიყო მისი ეტაპირება ქსნის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მკურნალობის ინტენსიური კურსის გაგრძელების მიზნით.
ქუთაისის N2 პატიმრობისა და დახურული ტიპის დაწესებულების სამორიგეო ნაწილში შეყვანიდან ათ წუთში, მსჯავრდებული გახდა შეუძლოთ, სადაც ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, მაგრამ მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სამწუხაროდ, დაფიქსირდა ლეტალური შედეგი.
მსჯავრდებულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 2011 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, ისევე როგორც ყველა გარდაცვალების შემთხვევაში, მყისიერად დაიწყო გამოძიება და დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო და ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზები.
ამჟამად საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
--------------------
* * *
-------------
განცხადება საქართველოს სახალხო დამცველის ეროვნული პრევენციის მექანიზმის სპეციალური ანგარიშის თაობაზე 13.12.2011
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო მიესალმება სახალხო დამცველის აპარატის განსაკუთრებულ დაინტერესებას პენიტენციური სისტემის მიმართ, რაც პირველ რიგში ცხადყოფს, რომ საქართველოში შეუფერხებლად მოქმედებენ დემოკრატიული ინსტიტუტები.
სამინისტრო მადლობას უხდის სახალხო დამცველს იმისათვის, რომ იგი შუალედურ ანგარიშშიც ყურადღებას პენიტენციურ სისტემაზეც ამახვილებს.
სამინისტრო ყოველთვის დეტალურად ეცნობა სახალხო დამცველის ყველა ანგარიშს და მოკვლევის საფუძველზე ახდენს მდგომარეობის გადამოწმებას და რეაგირებას შესაბამისი რეფორმების სახით.
მიუხედავად უკვე დაწყებული მრავალმხრივი და ყოვლისმომცველი რეფორმებისა, სამინისტრო მიიჩნევს, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. სწორედ რეფორმების მიმდინარეობა ცხადყოფს, რომ სამინისტრო თავად აცნობიერებს ამ რეფორმების აუცილებლობას. ამის ნათელი დასტური არის აგრეთვე სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის დაუყოვნებლივ შესრულება, რაც შესაძლებელი გახდა პენიტენციური სისტემის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პირობებში.
მისასალმებელია ასევე, რომ ხშირ შემთხვევაში სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები თავადვე აღნიშნავენ პენიტენციურ სისტემაში გატარებულ წარმატებულ რეფორმებს და სხვადასხვა აქტივობების დადებით შედეგებს, მათ შორის სამედიცინო კუთხით, თუმცა სამწუხაროა, რომ სპეციალური ანგარიშის ფორმატი არ იძლევა საშუალებას აისახოს ასევე ის პოზიტიური ცვლილებები, რაც ძალიან მოკლე დროში განხორციელდა პენიტენციური სისტემის რეფორმის ფარგლებში, კერძოდ:
1. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ინიცირება, რომელიც ღია ტიპის დაწესებულების ანალოგი იქნება;
2. დაინერგა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულების ეფექტური მექანიზმები;
3. პატიმრობის კოდექსი სულ უფრო და უფრო ლიბერალურ მიდგომებს აყალიბებს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მიმართ;
4. დაინერგა სასჯელისგან გათავისუფლების მოქნილი მექანიზმები;
5. ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უკვე 80% განთავსებულია ახალ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურაში;
6. დაინერგა ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა პროფესიული სწავლებისა და დასაქმების კონკრეტული პროგრამები;
7. დაინერგა ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროგრამები;
8. დაინერგა ხანგრძლივი პაემნის ინსტიტუტი;
9. დაინერგა ვიდეო-პაემნის ინსტიტუტი;
10. დაინერგა ამანათის საფოსტო გზავნილის შესაძლებლობა;
11. დაინერგა სამოქალაქო სექტორის აფთიაქები;
12. გაუმჯობესდა პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის ხარისხი და ხელმისაწვდომობა;
13. ხდება სისტემაში არსებული სამედიცინო სერვისების მაქსიმალური ინტეგრაცია სამოქალაქო სექტორში არსებულ სერვისებთან;
14. მუდმივად ხდება სისტემის თანამშრომლების გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება სხვადასხვა სასწავლო პროგრამების მიხედვით, მათ შორის ძალის მინიმალური გამოყენების კუთხით;
ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, სამინისტრო მიიჩნევს, რომ პენიტენციურ სისტემაში გასაკეთებელი კიდევ ბევრია და ყველა დაწყებული რეფორმის წარმატებით დასასრულებლად სამინისტრო გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს, რათა მოხდეს სამინისტროს უმთავრესი პრიორიტეტის რეალიზაცია - საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემა.
სახალხო დამცველის ანგარიში არის დამატებითი მოტივაცია იმისა, რომ კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს და სამინისტრო განაგრძობს მყისიერ მუშაობას იმისათვის, რომ დაწყებული საქმე წარმატებით დასრულდეს.
This post has been edited by FRIDRIX on 21 Dec 2011, 05:47