გვსურს, ვუპასუხოთ სოციალურ ქსელებში გამოთქმულ კრიტიკულ შეკითხვებს მეტროპოლიტენის რუკის დიზაინის შექმნაზე გამოცხადებული კონკურსის საპრიზო ფონდთან დაკავშირებით და საზოგადოებას განვუმარტოთ ურბანული იდეების ლაბორატორიის პოზიცია და პროექტთან დაკავშირებული დეტალები.
ურბანული იდეების ლაბორატორია წარმოადგენს ღია სადისკუსიო პლატფორმას. იგი აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც მზად არიან საკუთარი დრო, ენერგია და ცალკეულ შემთხვევებში, ფინანსური რესურსებიც კი, მიმართონ არსებული ურბანული სივრცის გაუმჯობესებისკენ. ლაბორატორიას არ გააჩნია საკუთარი ბიუჯეტი და არ არის ასოცირებული არც ერთ სახელმწიფო, არასამთავრობო, პოლიტიკურ თუ კომერციულ ორგანიზაციასთან. შესაბამისად, ლაბორატორიის მიერ განხორციელებული პროექტების დაფინანსების წყაროს წარმოადგენს მხოლოდ დონორი ორგანიზაციებისგან მიღებული გრანტები და ლაბორატორიაში გაერთიანებული ცალკეული ადამიანების ნებაყოფლობითი კერძო ფინანსური შემოწირულობები.
მეტროპოლიტენის ვაგონებში რუკების განთავსების პროექტის ფარგლებში ბეჭდვითი ხარჯები ფინანსდება არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ორბელიანის“ და ურბანული იდეების ლაბორატორიის მიერ მოპოვებული სხვა სახსრებით (დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
https://app.orbeliani.net/…/positivesocia...-placingsub…), ხოლო საპრიზო ფონდი - მთლიანად ლაბორატორიის წევრების კერძო შემოწირულობებით. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ორბელიანი“ აფინანსებს სამოქალაქო ინიციატივებს მიკრო გრანტების მეშვეობით, რომელთა მოცულობა იძლევა შესაძლებლობას დავფაროთ რუკების ბეჭდვის ხარჯების ნაწილი, ხოლო საპრიზო ფონდისთვის მოცემული თანხების გამოყენება შეუძლებელია.
პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის (მეტროპოლიტენის დირექციის) მხარდაჭერით, რომელიც მდგომარეობს, უპირველეს ყოვლისა, პროექტის განხორციელებაზე თანხმობაში, ასევე რუკის დიზაინის შერჩევაში მონაწილეობის მიღებაში და დაბეჭდილი რუკების საკუთარი ძალებით განთავსებაში მეტროს ვაგონებში, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს პროექტის ფინანსურ რესურსებს. გვინდა ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური და თბილისის სატრანსპორტო კომპანია ოპერირებენ თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, ურბანული იდეების ლაბორატორიის მიერ წარდგენილი პროექტი კი წარმოადგენს სამოქალაქო ინიციატივას, რომლისთვის დაფინანსების გამოყოფა აღნიშნული სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ მოცემულ ვითარებაში, რიგი პროცედურული ფაქტორებიდან გამომდინარე, შეუძლებელია. შესაბამისად, ვერ ჩავთვლით საფუძვლიანად ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიმართ სოციალურ ქსელებში გამოთქმულ კრიტიკას, რომ მათ, თითქოსდა, შეეძლოთ ფინანსური მხარდაჭერა გაეწიათ პროექტის მიმართ და ეს არ გააკეთეს.
გვსურს ასევე განვმარტოთ, რომ საპრიზო ფონდს, რომელიც მთლიანად ლაბორატორიის წევრთა პირადი შემოწირულობებისგან შედგება, არ აქვს პრეტენზია ასახოს მოთხოვნილი სამუშაოს საბაზრო ღირებულება. იგი წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ დამატებით მატერიალურ წახალისებას გამარჯვებული ვერსიის ავტორისთვის, ხოლო ძირითადი მოტივაცია, ჩვენი აზრით, მდგომარეობს ერთის მხრივ, საზოგადოებისთვის სასარგებლო პროდუქტის შექმნაში, ხოლო მეორეს მხრივ, საკუთარი ნამუშევრის ტირაჟირებაში ისეთ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სივრცეში, როგორიც მეტროპოლიტენია. ზედმეტად გვესახება იმის ხაზგასმა, რომ კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და თითეული პოტენციური მონაწილე თავად განსაზღვრავს, მისთვის თუ რამდენად საკმარისია მოცემულ პროექტში წარმოდგენლი მატერიალური თუ არამატერიალური მოტივაცია.
არ ვთვლით მართებულად კრიტიკის იმ ნაწილსაც, რომლის მიხედვითაც, მოცემული საპრიზო ფონდის ფარგლებში შეუძლებელი იქნება ხარისხიანი პროდუქტის მიღება. არსებობს მოხალისეობრივ საწყისებზე მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნის უამრავი მაგალითი. არსებობენ ადამიანები, რომლებიც სრულიად უსასყიდლოდ, სამოქალაქო პოზიციიდან გამომდინარე, ქმნიან ინფორმატიულ სატრანსპორტო რუკებს პროფესიონალურ დონეზე. სწორედ ასეთი ადამიანების ჩართულობისთვის არეალის გასაფართოებლად, კონკურსის შესახებ ინფორმაცია განთავსდა ურბანული და სატრანსპორტო თემატიკისადმი მიძღვნილ ინგლისურ და რუსულენოვან ფორუმებზეც, სადაც მრავალი ასეთი ადამიანი არის დარეგისტრირებული. ჩვენი მოლოდინია, რომ მათი ნაწილი მიიღებს მონაწილეობას მოცემულ კონკურსში და მივიღებთ მაღალი ხარისხის პროდუქტს, რასაც კონკურსის ჟიურის კვალიფიციური შემადგენლობაც განაპირობებს.
ბოლოს, კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ, რომ ურბანული იდეების ლაბორატორია წარმოადგენს ყველასთვის ღია სივრცეს. შესაბამისად, საპრიზო ფონდის სიმცირით შეწუხებულ მოქალაქეებს სრული თავისუფლება აქვთ მიიღონ ფინანსური მონაწილეობა კონკურსის საპრიზო ფონდის ფორმირებაში, როგორც ლაბორატორიის დანარჩენმა წევრებმა გააკეთეს ეს. ასევე, მოხარულნი ვიქნებით, გადავცეთ პროექტის მენეჯმენტი იმ პირებს, რომლებიც არ შემოიფარგლებიან მხოლოდ კრიტიკით, არამედ თავად შეძლებენ მოიძიონ უფრო მასშტაბური დაფინანსების წყაროები და უფრო ეფექტურად განახორციელონ პროექტი, ვიდრე ეს ავტორებმა შეძლეს.
Real SAABs don't leak. They just mark their territory.