სიგარეტის ყველა კოლოფი ერთნაირი უნდა გახდეს. შეცვლის მთავრობის დადგენილება რეალობას? სხვადასხვა ბრენდის სიგარეტის კოლოფები, რომლებსაც დღეს მწეველები შორიდანვე ცნობენ, პირველი იანვრიდან ერთნაირი გახდება. მთავრობის დადგენილებით, თამბაქო სადად უნდა შეიფუთოს, რომ ახალგაზრდებისთვის მოწევა რაც შეიძლება ნაკლებად მიმზიდველი გახდეს.
ყავისფერი კოლოფი, მხოლოდ ქართული წარწერითა და ფოტოთი, რომელზეც ან მომაკვდავი პაციენტია გამოსახული, ან განგრენისგან გაშავებული ფეხი, ან ყელის კიბოსგან დატოვებული იარები... ასეთი იქნება სიგარეტის და თამბაქოს სხვა ნაწარმის ყველა კოლოფი ორ თვეში. მომხმარებელი წარწერით თავის სიგარეტს მიაგნებს, თუმცა შეფუთვა თვალს არ გაახარებს. დადგენილება გრძელი და ტექნიკური სახელწოდებით - საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ - მთავრობამ მაისში მიიღო.
„თამბაქოს ინდუსტრია შეფუთვას ახალგაზრდების მისაზიდად ვეღარ გამოიყენებს“, - ამბობს კახა ღვინიანიძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის პროგრამების კოორდინატორი. მისი თქმით, სადა შეფუთვა ვეღარ მიიზიდავს მათ, ვისაც მოწევა არ დაუწყია, - „ახლა შეგიძლიათ უამრავი ფერისა და დიზაინის თამბაქოს პროდუქტი ნახოთ დახლებზე. ბავშვებში კვლევა ჩავატარეთ და ზედმიწევნით იციან, სად რა იყიდება და როგორი შეფუთვით“.
თამბაქოს კონტროლის ალიანსის თავმჯდომარე გიორგი ბახტურიძე ამბობს, რომ სიგარეტს სადა კოლოფში უკვე 35 ქვეყანა ფუთავს. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ამ ქვეყნებში მწეველების რაოდენობაც შემცირდა.
„ორპროცენტიანი კლებაა“, - აღნიშნავს გიორგი ბახტურიძე და ამბობს, რომ დღეს საქართველოში მოსახლების 27 პროცენტი თამბაქოს ეწევა. მწეველებს შორის კაცების რაოდენობა ქალებისას რამდენჯერმე აღემატება. ძირითადად ეწევა საშუალო ასაკის მოსახლეობა, - „ბიზნესი დღემდე ცდილობს, ეს ნორმა კიდევ ერთხელ გადაავადოს, მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ უკვე გადაავადეს“.
25 ოქტომბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გადავადების მიზეზი არ არსებობს, მაგრამ თამბაქოს ინდუსტრია მიიჩნევს, რომ მთავრობის მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია.
„საქართველოში იმპორტირებული თამბაქოს პროდუქტის 80%-ზე მეტი უკრაინიდან შემოდის. ნორმალურ პირობებშიც კი, ანუ უკრაინაში ომი რომ არ იყოს, ამ მცირე დროში ფიზიკურად შეუძლებელია ამ რეგლამენტის (კოლოფის დადგენილი ზომა, ფერი, ფორმა და ა.შ.) ამოქმედება. უკრაინაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე კი, ეს პროცესი უფრო კომპლექსური გახდა“, - აცხადებენ „ფილიპ მორის საქართველოში“. კომპანია განმარტავს, რომ თუ ადრე ახალი შეფუთვისთვის გადაწყობა ერთ ქარხანაში სჭირდებოდათ, ახლა იმავე მიზნის მისაღწევად რამდენიმე ქვეყანასთან უნდა ითანამშრომლონ, - „თუ ეს ნორმა ძალაში დარჩა, აღნიშნული სიტუაცია თამბაქოს კონტრაბანდის სერიოზულ რისკებს შექმნის“.
გიორგი ბახტურიძე ამბობს, რომ თამბაქოს ინდუსტრიას საკმარისი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ ცვლილებებისთვის მომზადებულიყო.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32109307.html
"The measure of a good city is one where a child on a tricycle or bicycle can safely go anywhere." - Enrique Peñalosa