მომავალია. ტელევიზორში უყურებთ რეკლამას, სადაც ტელეპორტაციის კომპანიის დირექტორი ყვება ამ გამოგონების სიკეთეებზე: დილით ვიხეხავ კბილებს, ვიცმევ და ტელეპორტის საშუალებით გადავდივარ ჩემი სამსახურის ოფისში, რომელიც სხვა პლანეტაზეა (თან ეთერშივე იყენებს ტელეპორტს, კამერაც მიყვება და თხრობას აგრძელებს). სამსახურის შემდეგ, განსატვირთად შემიძლია გადავიდე მსოფლიოს საუკეთესო კლუბში კოსმოსურ სადგურ ეკოზე (შეაბიჯებს ტელეპორტის კაპსულაში და თხრობას აგრძელებს ამ კლუბთან), ან გადავიდე მარიდის მინდვრებში, სასეირნოდ. საღამოს კი ვბრუნდები ისევ სახლში, საყვარელ მეუღლესთან და შვილებთან (ისევ ბრუნდება და ოჯახს ეხუტება). მთელი ოჯახი იღიმის. რეკლამის დასასრული.
ჩათვალეთ რომ ეს ტექნოლოგია უკვე აპრობირებული და ფართოდ დანერგილია და ასე მუშაობს: შეაბიჯებ ტელეპორტაციის კაპსულაში, მიუთითებ მისამართს, იმავე წამს ტელეპორტი ახდენს შენი თითოეული მოლეკულის, ატომის სკანირებას, გშლის მარტივ მამრავლებად, ანუ გაქრობს და ყოველგვარი დაყოვნების გარეშე ახლიდან გაწყობს მითითებულ მისამართზე, ყველა ატომს თავის ადგილზე სვამს, ისე რომ ფიქრიც კი არ გიწყდება. შეხვედი ტელეპორტში, გამოხვედი სხვა ტელეპორტიდან, გული ზუსტად იმ მომენტიდან აგრძელებს ცემას, იგივე ფიქრს აგრძელებ, იგივენაირად გიყვარს მშობლები, მეგობრები, იგივე მოგონებები გაქვს. მაგრამ ერთი განსხვავებაა. შენი წინა სხეული რეალურად მოკვდა, უცებ მარტივ მამრავლებად დაიშალა და გაქრა. შენ სხვა ხარ, კლონი. რეალურად ამას ვერ გრძნობ იმიტომ რომ აშკარად არანაირი ცვლილება არ მომხდარა შენ თავში ამ ტელეპორტაციის გამო.
რეალურად ამ ტექნოლოგიის გამოყენება კლონირებისთვისაც არის შესაძლებელი - ახლიდან აგაწყობს სხვა სადგურებზე და ძველს არ გააქრობს. მაგრამ კლონირება მკაცრად იკრძალება ლოგიკური მიზეზების გამო. არ შეიძლება უცებ მსოფლიოს 1 მილიონი გუჯა დაემატოს. ან თუნდაც 1 ცალი ზედმეტი გუჯა. ამით ალიბის ან ლეგალური საკითხების თემაში ბევრი პრობლემა შეიქმნებოდა.
თავის დროზე, კომპანია საკუთარი გამოგონების პოტენციური კონკურენტებისგან დაცვის მომიზეზებით არ ამჟღავნებდა თუ როგორ ფუნქციონირებდა ტელეპორტაცია. ვერ შეძლებდნენ მის დანერგვას და ხალხში პოპულარიზაციას, თუ იტყოდნენ რომ მისი ყოველი გამოყენებისას შენ კვდები და ჩნდება ახალი ადამიანი. ანუ არ ამბობდნენ რომ მისი საფუძველი კლონირებაა და ასაღებდნენ უბრალოდ ტელეპორტაციად.
შესაბამისად, მარტივად გადაადგილების ამ იდეალურმა საშუალებამ ფართოდ და სწრაფად მოიკიდა ფეხი და ფაქტიურად მსოფლიოს თითქმის მთლიანი მოსახლეობა იყენებს. საბოლოოდ, გაირკვა რომ ტექნოლოგია რეალურად ტელეპორტაცია კი არაა, არამედ კლონირება, მაგრამ სახელი "ტელეპორტაცია" შერჩა. ზოგმა ადამიანმა, განსაკუთრებით თითოოროლა ჯერ კიდევ შემორჩენილმა მორწმუნემ, უარი თქვა მის გამოყენებაზე, რადგან ეს ერთგვარი თვითმკვლელობაა. მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობა ისევ აგრძელებს მის გამოყენებას, რადგან საერთოდაც ვერ გრძნობენ მისი გამოყენებისას თავის თავში ცვლილებას.
ძველი გადაადგილების მეთოდები: გზები, უჩქაროსნულესი ჰიპერმატარებლები და ა. შ. ისევ მუშაობს, თუმცა არამთავარ გზებს ფაქტიურად აღარავინ იყენებს, გაფუჭებულია და აღარც იგეგმება მათი შეკეთება. ჰიპერმატარებლები კი მიუხედავად იმისა რომ ჰიპერსწრაფია, მაინც საჭიროებს დედამიწის ერთი ბოლოდან მეორეში მისასვლელად ნახევარ საათს. სამსახურები კი ტელეპორტაციის და მსოფლიოს კიდევ უფრო დაპატარავების ეპოქაში სულაც არაა მაინცდამაინც იმავე ქალაქში, სადაც თქვენ ცხოვრობთ. არამედ დიდი ალბათობით დედამიწის მეორე მხარეს ან სულაც სხვა პლანეტაზეა, სადაც ტელეპორტაციის გამოყენებით დღეში რამდენჯერაც გინდათ 1 წამში გადასვლა-გადმოსვლა შეგიძლიათ. ძველი ტრადიციული მეთოდებით კი რამდენიმე საათი გჭირდებათ და თან დიდი თანხა ჯდება.
ანუ ფაქტიურად, თუ თქვენ უარს იტყვით ტელეპორტაციის გამოყენებაზე, ვერ შეძლებთ ნორმალური სამსახური გქონდეთ, ვერ შეძლებთ თქვენს საუკეთესო მეგობრებთან ერთად კლუბში ან სადმე სხვაგან გავლას, რადგან ისინი ტელეპორტაციას იყენებენ და თქვენ - არა. ანუ თქვენი ძველი ცხოვრებისგან იზოლირებული ხდებით.
თანახმა იქნებოდით თუ უარს იტყოდით ასეთ პირობებში "ტელეპორტაციით" სარგებლობაზე?
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
არ დამეზარა. ეს ორი დღე მაინც ამაზე მეფიქრებოდა.
მკიდია თუ არ წაიკითხეთ.
მოკლე შინაარსი: ტელეპორტაცია, რომელიც სინამდვილეში არაა ტელეპორტაცია, არამედ ახდენს თქვენი სხეულის სკანირებას, აწყობს ზუსტად იგივენაირად სხვაგან, ისე რომ ფიქრიც კი არ წყდება და არაფერი არ იკარგება. სამაგიეროდ კლავს თქვენს ძველ სხეულს. ანუ რეალურად ის ახლიდან აწყობილი ადამიანი თქვენ აღარ ხართ. მაგრამ აბსოლუტურად იგივეა რაც თქვენ იყავით, იმის გამოკლებით რომ ის სხვაა.
გამოიყენებდით სწრაფი გადაადგილების ასეთ მეთოდს?
* * *
თემას უნდა ერქვას,
"დათანხმდებოდით თუ არა განმეორებად თვითმკვლელობაზე ასეთი პირობით:"