გველის ტოტემი
გველი მიწის ენერგიას განასახიერებს, რადგან იგი უმეტესად მიწაზე გხვდება. ეს ტოტემი ადამიანს ერთგვარ დამიწების შეგრძნებას აძლევს.
გველი წარმოადგენს სასიცოცხლო ძალის პირველყოფილ ფორმას, საბაზისო ინსტინქტებს. ადამიანი, რომელიც ამ ცხოველს საკუთარ ტოტემად შეიგრძნობს, ამ პირველყოფილებას გამძაფრებულად აღიქვამს.
პირველყოფილი ენერგია
ინდურ კულტურაში გველი არის "კუნდალინის" ენერგიის აღმნიშვნელი, სიმბოლურად ეს ენერგია ადამიანის წიაღში დახვეულია გველივით. ადამიანი მოწოდებულია ეს საბაზისო ენერგია გააღვიძოს და აიტანოს გააზრების სიმაღლეზე, შეძლოს მისი რეალიზება.
აღორძინება
გველის მიერ ტყავის ცვლა ხაზს უსვამს ამ ტოტემური ცხოველის უნარს, რომ ადამიანს მისგან ეძლეოდეს განახლების უნარი. ცნობიერება იცვლის თავის "ტყავს" და ამით მოიპოვებს საშუალებას, რათა განვითარდეს, ავიდეს სხვა საფეხურზე.
მკურნალობა
გველი მკურნალობას უკავშირდება. მისი შხამი ოდითგანვე გამოიყენებოდა ამ მიზნისთვის. ამ ტოტემის წარმომადგენელ ადამიანს აქვს სულიერი თუ ფიზიკური აღდგენისა და მკურნალობის ნიჭი.
ცვლილება
გველის ტოტემის გაცნობიერება ადამიანისთვის დიდ და საფუძვლიან ცვლილებებს უკავშირდება. ეს ცხოველი საბაზისო ინსტინქტებს აღნიშნავს და შესაბამისად მისი გააზრება ცნობიერებას ძირფესვიანად უნდა ცვლიდეს.
სიბრძნე
გველი სინამდვილეში არ გამოირჩევა ცხოველებს შორის მაღალი ინტელექტით. გაცილებით უფრო მარტივი არსებაა, ვიდრე გვგონია ხოლმე. მისი სიბრძნე სხვა რამეში მოიაზრება. ეს არის ერთ-ერთი ცხოველი, რომელიც ძალიან ძველი დროიდან მოდის, ამ ცხოველს პრეისტორიული პერიოდიდან დიდი ცვლილებები არ განუცდია, ანუ როგორც არსება და სახეობა ახერხებს გადარჩენას სხვა სახეობებზე უფრო ეფექტურად. გველის ტოტემი ადამიანს ეხმარება, რომ საკუთარ თავში აღმოაჩინოს ის ძალა, ქცევის ალგორითმები, რომელიც მის თვითგადარჩენის ინსტინქტს გააძლიერებს.
დაცვა
გველის ტოტემი მოწოდებულია ძლიერი დაცვისთვის. ის ცნობიერებაში აამოქმედებს იმ ალგორითმებს, რომლებიც პიროვნებაში დაცვით მექანიზმებს ააქტიურებს.
მოქნილობა
გველი საოცრად მოქნილი სხეულის მქონე არსებაა და ეს აისახება იმ ადამიანზეც, ვინც ამ ცხოველს თავის ტოტემად იღებს. ცნობიერება შეიძენს იმ საოცარ მოქნილობას, რაც გველის გამორჩეული თვისებაა. ცნობიერება შეიძენს მოქნილობასა და ტევადობას ინფორმაციის ათვისებისას იმის გამო, რომ გველი საკვებს (სიმბოლურად ინფორმაციას) ჭამის დროს კი არ ანაწევრებს, არამედ ერთიანად შთანთქავს. ამ ტოტემს ახასიათებს ინფორმაციის დიდი მოცულობის ერთიანად შთანთქმა და მონელება.
საფრთხის დადგენა
გველზე მომართული ადამიანი ამ ცხოველივით ადვილად და სწრაფად ადგენს საფრთხეს. გველის სენსორული უნარები საკმაოდ განვითარებულია საამისოდ, განსაკუთრებით ძლიერია მისი ყნოსვა, ამისთვის იგი ენას გამოყოფს ხოლმე და ჰაერში იჭერს სუნს. გველის ტოტემის მქონე ადამიანსაც, შესაბამისად, ცხოვრებაში ძლიერი "ყნოსვა" აქვს.
გველის ტოტემის თანმდევი უარყოფითი ნიშნები შეიძლება იყოს: 1) ცუდი მხედველობა; 2) ემოციებზე კონტროლის დაკარგვა; 3) შეგრძნება, რომ მას ვერ უგებენ; 4) ინტუიციის მოჩლუნგება.
გველის ტოტემს იყენებ, როდესაც:
1) განიცდი კონფლიქტს, ეჭვს, იმედგაცრუებას, გჭირდება იმედი, რათა წინ წახვიდე.
2) გჭირდება დაცვა მენტალურ და ფიზიკურ დონეზე.
3) დიდ ცხოვრებისეულ საკითხებზე პასუხი გჭირდება.
4) საკუთარ თავში ჩახედვა და მეტის გაგება გჭირდება.
5) გსურს წარსულის გაშვება და ცხოვრებისეულ ცვლილებებთან შეწყობა.
6) სულიერ და ფიზიკურ აღდგენა-განკურნებას ეძებ.
7) განიცდი სტრესსა და შიშებს, გჭირდება ძალა და გამხნევება.
8) შენს პირად ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები იწყება.
9) დამიწება გჭირდება.
10) სიბრძნესა და შინაგან სიმშვიდეს ეძებ.