ლელო
2010-05-12
კახიაშვილი სამშობლოში უმედლოდ დაბრუნდა
ლეგენდარული ცხინვალელი ძალოსანი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი საბერძნეთიდან სამშობლოში ახლახან საბოლოოდ დაბრუნდა. ამ დღეებში მან თბილისში "საქართველოს ოლიმპიელ მედალოსანთა" კლუბი დააარსა.
შეგახსენებთ კახის სპორტულ რეგალიებს: სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი 1992 _ საქართველოს, 1996-2000 წლებში _ საბერძნეთის სახელით, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1995-1998-1999), მსოფლიოს თასის ორგზის მფლობელი (1992-1994) ევროპის სამგზის, ევროგაერთიანების სამგზის და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის პრიზიორი.
სხვათა შორის, მას გადაეცა სპორტის დამსახურებული ოსტატის ბოლო მოწმობა #4528 1992 წლის 6 აგვისტოს. დიდ სპორტში გამოდიოდა 1986-2004 წლებში.
- როდის გაგიჩნდათ ასეთი კლუბის შექმნის იდეა? _ შევეკითხეთ სამშობლოში ორიოდე კვირის წინ დაბრუნებულ კახი კახიაშვილს.
_ იდეა 2000 წელს დამებადა. 1995 წლიდან 2010 წლამდე ვიყავი "საბერძნეთის ოლიმპიელთა კლუბის" ვიცე-პრეზიდენტი.
_ რა მიზანს ისახავს თქვენი ორგანიზაცია?
_ ეს არის არასამთავრობო, არაკომერციული, საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომლის მიზანია ოლიმპიური იდეალების განხორციელება. სამ წელიწადში ჩვენ მოვინახულებთ 3000 ობიექტს და 30 წლამდე ასაკის ერთ მილიონ ახალგაზრდას. ყურადღება გამახვილდება ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაზე. პირველი გასვლითი პროგრამის ფარგლებში ვეწვევით სკოლებს, მოვაწყობთ საჩვენებელ გამოსვლებს, ვუჩვენებთ ვიდეომასალებს, ვუპასუხებთ კითხვებს. საქართველოს პატრიარქის მოწოდების საპასუხოდ ერთობლივად დავრგავთ ნერგებს. ოდნავ განსხვავებული პროგრამით წარვდგებით სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და სხვა ორგანიზაციებში.
მეორე პროგრამა მოიცავს სპორტული ნაგებობების ეფექტიანობის ამაღლებას იქ პროფესიონალების დასაქმებით. სადაც არ არის სპორტული ობიექტები, მივაღწევთ მათ მოწყობას. უკვე გვქონდა შეხვედრა ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებთან.
_ ხელფასების პრობლემას როგორ გადაჭრით?
_ განვიხილავთ სახსრების მოზიდვის ოთხ გზას: 1. სახელმწიფოსგან, 2. სახელმწიფოსგან და მომეცადინეებისგან, 3. მომეცადინეებისგან, 4. კერძო სექტორისგან. ბუნებრივია, ვიზრუნებთ ვეტერან ოლიმპიელებზე, მათ სოციალურ დაცვაზე კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანით.
ოლიმპიელებს განსაკუთრებული დაფასება ეკუთვნით. გამარჯვებული ოლიმპიელების პატივსაცემად ანტიკურ საბერძნეთში ციხესიმაგრის კედელს ანგრევდნენ და ისე შეჰყავდათ შიგ ჩემპიონი. ამის მერე ისევ აშენებდნენ დანგრეულ კედელს...
_ ოლიმპიადების დროს ომებიც წყდებოდა...
_ დიახ, ასე იყო. 2008 წლის აგვისტოში საქართველოში დატრიალებული საომარი მოქმედებების დროს ათენში ვიყავი და არ მქონდა ძალა, რაღაცით დავხმარებოდი ჩემს სამშობლოს. ავდექი და ჩავედი ოლიმპიაში ძველ ოლიმპიურ სტადიონზე. შევკრიბე საბერძნეთის ოლიმპიური კლუბის წევრები. ამ აქციაზე ომის შეწყვეტის მიზნით და პროტესტის ნიშნად ჩემი ყველა, 163 მედალი გადავეცი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს. სხვათა შორის, ასევე მოიქცნენ ჩემი მეგობარი-ოლიმპიელები, მოჭიდავეები პეტროს გალაქტიოპულოსი, დიმიტრის სანოპულოსი და ძალოსანი გიორგოს ჯელელისი. მაშინ წერილი და ოლიმპიური სიმბოლო, ზეთისხილის რტო გავუგზავნე საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს. სწორედ იმ დროს მიმდინარეობდა პეკინის ოლიმპიური თამაშები...
ესაუბრა გაბრიელ ბარჯაძეც
http://www.opentext.org.ge/index.php?m=18&art=10772
“Время единственная валюта, которой вы платите за жизнь”.