ბოლოს და ბოლოს ეს კაცი მიშასია თუ ბიძინასი ? :დდ
-----
“მართლა მზარავს რასაც ვუყურებ ეს ბოლო თვეებია, ამ უაზრო შპილკაობებს ოპოზიციაში და ჯერ მოუკლავი დათვის ტყავის გაყოფას”-შოთა დიღმელაშვილი:
ოპოზიციას მართლა დიდი მადლობა ეკუთვნის პროპორციული არჩევნებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის. მათი როლი ამ ისტორიულ რეფორმაში შეუცვლელი იყო და ამიტომაც, მიუხედავად მასშტაბური დეზინფორმაციული კამპანიისა, საკმაოდ დიდი რეპუტაციული ზიანის ხარჯზე, სამოქალაქო საზოგადოებამ მათთან ითანამშრომლა საერთო მიზნისთვის – ჩვენი ქვეყნისთვის.
მააააგრამ როგორც ჩანს ამ ისტორიულმა გამარჯვებამ ინდივიდუალური ამბიციები ისე აქოჩრა, რომ პოლიტიკოსებმა დაივიწყეს რამ დადო ეს შედეგი – მიზნის გარშემო ერთიანობამ.
მართლა მზარავს რასაც ვუყურებ ეს ბოლო თვეებია, ამ უაზრო შპილკაობებს და ჯერ მოუკლავი დათვის ტყავის გაყოფას, ერთმანეთისთვის მიშვერილ დიდ საჩვენებელ თითს, იმის მაგივრად რომ შუა თითი მიუშვირონ რუსეთის ორბიტისკენ ქვეყნის მიმზიდველ მთავრობას.
სამოქალაქო პროტესტის უპრეცედენტო წარმატების ფორმულა მისი სცენის მაკონსოლიდირებელი ფუნქცია იყო. სამოქალაქო პროტესტმა თავისი როლი შეასრულა და ახლა პოლიტიკოსების ჯერია, არჩევნებია. ოპოზიცია ერთიან კანდიდატებზე თუ ვერ შეთანხმდა, საბოლოოდ ეს იქნება არა ვინმე ერთის და ორის, არამედ მთელი სპექტრის უუნარობის ბრალი, გააცნობიეროს, რომ კომპრომისებისა და კონსენსუსების გარეშე ყოველგვარი ინდივიდუალური ძალისხმევა ფუჭია.
ამ უუნარობის ტრეილერი პირველად მაშინ ვნახეთ, როცა თბილისის კანდიდატებზეც ვერ მოხერხდა სრული ოპოზიციური სპექტრის შეთანხმება, წავიდა ამის ერთმანეთზე გადაბრალება, იხტიბარის არგატეხვა და რეალობას სრულიად მოწყვეტილი ყოყლოჩინობა, თითქოს სტრატეგიული კონსოლიდაციის გარეშე ვინმეს რამე ხელშესახები პერსპექტივა მართლა ჰქონდეს.
ამ მგრგვინავ კრიზისში, როცა მმართველი ძალა ტრადიციული “სტაბილურობით” კაპიტალიზირებს ამომრჩეველთან და ხალხიც ცვლილებებს მხოლოდ უარესისკენ ელის, ცვლილების დროაო ამბობთ და იმასაც ვერ ეუბნებით ხალხს რას ან ვის ელოდოს ოცნების დამარცხების შემთხვევაში. როგორ გინდათ საზოგადოებას რამე შესთავაზოთ გაურკვევლობის გარდა, რა ეფექტიან მთავრობაზე შეთანხმდება ოპოზიცია, რომელსაც 30 მაჟორიტარული ოლქი ვერ დაუნაწილებია?
საბოლოოდ ყველაფერი ემსგავსება შეგუებას მარცხისთვის და ბრძოლას არა ამ ხელისუფლების მოსაშორებლად, არამედ სკამების ნარჩენებისთვის, “საუკეთესო ოპოზიციონერის” სტატუსისთვის, აპლომბით, რომ აი, ჩვენ ესეთი კარგები და პრინციპულები ვართ, კაი ბიჭები იმეებს შორის.
კეთილი ინებეთ და დალაგდით, რადგან ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, სუსტთან ერთად დანაწევრებული ოპოზიცია ჰყავდეს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სინამდვილეში ქვეყნის უდიდესი ნაწილი არჩევნებზე წასვლას თავისთვის მხოლოდ იმ კითხვის დასმით ვახერხებთ, თუ “ვინაა ნაკლებად უარესი”. own it და მოიქეცით შესაბამისად და იბრძოლეთ არა საპარლამენტო სკამებისთვის, არამედ გამარჯვებისთვის. 20 ივნისს საზოგადოება არც ჩვენი სკამებისთვის გამოვსულვართ და არც თქვენი სკამებისთვის და ეს მაშინვე საჯაროდ ვთქვით ზუსტად იმის პრევენციისთვის, რაც ახლა ხდება.
თუკი ოპოზიცია ამ არჩევნებში დამარცხდა, ეს მხოლოდ მისი დაუკოორდინირებლობის ბრალი იქნება. სამოქალაქო საზოგადოებამ მძიმე კომპრომისის ხარჯზე მიართვა მას ერთად ერთის წინააღმდეგ გამარჯვების შესაძლებლობა. მანამდე ეს შანსი ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს აკლდა, თუმცა რაც არ აკლდა იყო გაუმართლებელი რიხი, გამოხატული განწყობებში – “ბოლო-ბოლო შევთანხმდებით და მაჟორიტარულშიც გადავხევთ” და რაღაც გაუგებარი დეუს ექს მახინას რწმენა – “მესამე ვადით ვინ დარჩენილააა”.
ჰოდა შეთანხმდით. გამარჯვებისთვის ახლა უფრო ხელსაყრელი პირობები გაქვთ, ვიდრე ერთი წლის და ორი თვის წინ იოცნებებდით. ეს ქვეყანა ახლა, სამწუხაროდ, ოპოზიციის იმედადაა. ოცნების მესამე ვადა, ვინ რა პროპორციითაც არ უნდა იყოთ პარლამენტში, ბევრი წლით შეაფერხებს ქვეყნის დასავლურ ინტეგრაციას.
ამას აღარ გავიმეორებ, ისედაც იაფფასიანი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ოპოზიციის კრიტიკა არ მიმაჩნია სწორად, თუმცა ერთხელ, სანამ ოქტომბერი მოახლოებულა, უნდა ითქვას საჯაროდ – ამ ბრძოლაში ოპოზიცია ან იქნება ერთიანი, ან მარადიული ორიანი გამოყვება.
პ.ს. ნურავინ აღიქვამს ისე, თითქოს ვინმე ერთს ვაკრიტიკებ. ამ შემთხვევაში არც დაკონკრეტების მომერიდებოდა. ყველას ეხება, თითოეულს.”-წერს შოთა დიღმელაშვილი
მოამზადა ნათია ბერიძემ
https://tvalsazrisi.ge/%e1%83%9b%e1%83%90%e...lYI-eYWsoxXhWPQ