ბოდიში სანაიას, სირცხვილი ფოთელთა საკლუბო მეურნეობას
6.11.2011 22:07
33 წლის სპეციალისტის, გელა სანაიას, ფოთის “კოლხეთის” მთავარ მწვრთნელად დანიშვნის თაობაზე, შაბათს “მსოფლიო სპორტმა” გაუწყათ. დღეს კი ვგებულობთ, რომ ფოთის მერმა, გოჩა ლემონჯავამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ვანო საღინაძემ მას უთვალავი ბოდიშის მოხდის თანხლებით აუწყეს, გვაპატიეთ, მაგრამ გადავიფიქრეთო.
ამ მასალაში საკუთარ მოსაზრებათა გაცნობისაგან, ამჟამად თავს შევიკავებთ (მხოლოდ სათაურით შემოვიფარგლებით). გადმოგცემთ მხოლოდ იმ პერსონებთან საუბრის სატელეფონო ჩანაწერებს, რომლებთანაც ამის გაკეთება მოხერხდა.
ზაალ კუჭუხიძე (ს/კ ფოთის “კოლხეთის” აღმასრულებელი დირექტორი).
- ბატონო ზაალ, გავიგეთ, პოსტზე 24 საათის დანიშნული კაცი სახლში გაუშვით.
- უბრალოდ, რაღაცეებზე ვერ შევთანხმდით და ამის გამო კონტრაქტი არ შედგა.
- რადგან გელა სანაიამ შაბათს დღისით გვითხრა, “კოლხეთის” მთავარი მწვრთნელი ვარო, ე.ი. ეს შეთანხმება შემდგარი იყო. თუ მასთან მოლაპარაკებას თქვენს გარდა სხვაც აწარმოებდა?
- ვერაფერს გეტყვით. არის რაღაც საკითხები, რომელთა ფართო საზოგადოების გასაგონად თქმა არ მინდა. გელა სანაიასთან რაღაც საკითხზე ვერ შევთანხმდით.
- მაშინ, ის მაინც გვითხარით, ახლო მომავალში ფოთის “კოლხეთს” ვინ გაწვრთნის?
- ამჟამად, მთავარი მწვრთნელი დათო მახარაძეა.
- რადგან სანაიასთან მოლაპარაკებები გქონდათ, ე.ი. მთავარ მწვრთნელს ისევ ეძებთ, თუ ამ ეტაპზე ძიებისაგან თავს შეიკავებთ?
- ამ ეტაპზე, მართლაც გავჩერდებით. დაახლოებით ერთი თვით, ალბათ, აღარავის ძიებას არ ვაწარმოებთ.
სოსო ფილია (ფოთის “კოლხეთის” მთავარი მწვრთნელი).
- ბატონო სოსო, ალბათ, გაიგებდით თქვენი შემცვლელის, გელა სანაიას მაქსიმალურად მოკლე დროში დათხოვის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, “კოლხეთს” ისევ თქვენ ავარჯიშებთ. თუმცა, არსებობს ვერსია, რომ თქვენი მემკვიდრე დავით მახარაძე იქნება.
- ჯერჯერობით, ისევ მე ვარ მთავარი მწვრთნელი, მაგრამ ჩემი სურვილია, პოსტი დავით მახარაძეს გადავაბარო. მე ეს მანამდეც არაერთხელ დავაპირე. კლუბის ხელმძღვანელობას გასული სეზონის დამთავრების შემდეგ მივმართე ამ წინადადებით, მაგრამ უარი მივიღე. ჩვენ ასე ვაპირებდით, რომ მახარაძე მთავარი მწვრთნელი იქნებოდა, მე კი კონსულტანტი. იგივე შეთავაზებას ვაპირებ ამ დღეებში და იმედი მაქვს, თანხმობას მივიღებ.
- თუ თქვენს სიტყვებს ასე უჯერებენ კლუბში, იქნებ ის გვითხრათ, გელა სანაიას გუნდში მიყვანის, ფეხბურთელებთან წარდგენისა და მერე უარის თქმის ინიციატივა ვისგან მოდიოდა?
- ჯერჯერობით, მეც გაურკვევლობაში ვარ. დღემდე, ვერც მე მეუბნებიან, ვინ იყო ამ ყველაფრის ინიციატორი. ამ კითხვაზე პასუხს თუ ვინმე გასცემს, არის კლუბის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი ან ახალი აღმასრულებელი დირექტორი ზაალ კუჭუხიძე.
- ქალაქის ხელმძღვანელობასთან თუ გქონდათ შეხვედრა. ჩვენი ინფორმაციით, მათ გადაწყვიტეს თქვენი შეცვლა და მერე გადააფიქრებინეს ამ ნაბიჯის გადადგმა.
- მე ვერც ქალაქის ხელმძღვანელებმა მითხრეს რამე და ვერც კლუბისამ. მეუბნებოდნენ, ვიღაცამ გადაწყვიტაო. “მეტალურგთან” მე მოვამზადე გუნდი და “ზესტაფონთანაც”. 3 ნოემბერს დავტოვე გუნდი, მაგრამ მეუბნებოდნენ, რომ ან კონსულტანტი ვიქნებოდი, ან სპორტული დირექტორი. დრო ვითხოვე, მოსაფიქრებლად და ჩემთვის მოულოდნელად, ქალაქის მერმა დამირეკა და მეუბნება, რომ კვლავ გავაგრძელო ძველი საქმიანობა.
გელა სანაია
- ბატონო გელა, მაინც რაზე ვერ შეთანხმდით ფოთელთა კლუბის ხელმძღვანელობასთან?
- თქვენც ხომ კარგად იცით, როცა შაბათს დამირეკეთ, კლუბთან ყველაფერზე შეთანხმებული ვიყავით. იმ დღეს ვავარჯიშე გუნდი და ლანჩხუთში მე უნდა გამეყვანა “კოლხეთი” “ზესტაფონის” წინააღმდეგ. შეთანხმება რომ არ მიგვეღწია, ასეთ მონაგონს როგორ გეტყოდით?
რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულ ხალხთან მომიწია ურთიერთობა.
- თუ შეიძლება რომ გვითხრათ - ვინაა ეს არასერიოზული ხალხი, ვისთანაც დღეს შეთანხმებას მიაღწიეთ, ხვალ კი კარგად იყავითო გითხრეს?
- მე თავიდან საუბარი მქონდა კლუბის ხელმძღვანელობასთან. ჩავედი თუ არა ფოთში, შევხვდი ქალაქის მერ გოჩა ლემონჯავას, საკრებულოს თავმჯდომარეს, ვანო საღინაძეს. ყველა საკითხზე მივაღწიეთ შეთანხმებას. აღმითქვეს ყოველგვარი თანადგომა, მისურვეს წარმატებები. ისინი წინა დღით შეხვდნენ გუნდს და ამცნეს, რომ მოდიოდა ახალი მთავარი მწვრთნელი, რომელსაც მათი მხარდაჭერა სჭირდებოდა.
ყოველივე ამის შემდეგ - 24 საათში რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია. თუ დამიჯერებთ, ახსნას ვერ უძებნიან, რატომ აღარ უნდათ ჩემთან თანამშრომლობა.
- თანამშრომლობის გაწყვეტის სურვილი რა ფორმით შეგატყობინეს?
- ჩემთან მოვიდა კლუბის დირექტორი ზაალ კუჭუხიძე და სიტყვიერად გადმომცა ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება. ამის შემდეგ ვესაუბრე ტელეფონით როგორც ფოთის მერს, ისე საკრებულოს თავმჯდომარეს და მათგან მივიღე აბსოლუტურად გაურკვეველი პასუხი. მასში პირობებზე შეთანხმება ნახსენებიც არ იყო. შეიცვალა ვითარება, თავადაც არ იცოდნენ ვის და რის გამო და... ბოდიში, ბოდიში, ბოდიში. მეტი არაფერი.
ასე როგორ შეიძლება? ჯერ წამომიყვანეს ხობის “კოლხეთიდან”, სადაც კონტრაქტი გავწყვიტე. მომიყვანეს ფოთში, მეუბნებიან ყველაფერზე შეთანხმებული ვართო და 24 საათში - ბოდიში, მაგრამ ვითარება შეიცვალაო.
არ ვიცი, როგორ შეიძლება ქალაქის და კლუბის ხელმძღვანელობა ყველა ერთად, ასეთი არასერიოზული ხალხი იყოს. მე არავისთან არაფერი მოსარიდებელი არ მაქვს. მიზეზი რომ ვიცოდე, რატომ მომექცნენ ასე, შესაძლოა გავუგო კიდეც ამ ხალხს. მაგრამ მიზეზიც რომ არ ვიცი?
- ეჭვად მაინც ხომ არ იცით, რატომ შეიძლება ასეთი რამ მოხდარიყო?
- გამორიცხეთ იმ გუნდის ფაქტორი, რომელიც მე “კოლხეთში” დამხვდა. მადლობას ვუხდი ფეხბურთელებს, გუნდის შტაბის ყველა წევრს, მათ შორის ბატონ სოსო ფილიასაც, რომელსაც ჩასვლის დღეს ვესაუბრე. მოკლედ, რაც არ ვიცი, იმაზე ალბათობებით საუბარს ვერ დავიწყებ.
- შეთანხმებული იყავით, მაგრამ კონტრაქტზე თუ მოაწერეთ ხელი?
- კონტრაქტს პარასკევს მოვაწერე ხელი და როგორც იცით, იგი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში უნდა გატარებულიყო. ტელეფონით ვესაუბრე საშეჯიბრო განყოფილების უფროს ნოდარ კაკულიას, რომელსაც ხობიდან გადაუგზავნეს ჩემი გათავისუფლების ფურცელი და დარჩენილი იყო მხოლოდ ფორმალური მხარე - ფოთის “კოლხეთთან” ჩემი კონტრაქტის ფედერაციის კანცელარიაში გატარება და იქიდან ჩემი მწვრთნელობის ბარათის ჩამოტანა.
- ალბათ, ძნელია ახლა თქვენს სამწვრთნელო მომავალზე საუბარი..
- ისეთ შოკში ვარ, ვერაფერს გეტყვით. თუ ასეთი ხალხის ხელშია ქართული ფეხბურთი, არ ვიცი რაღა ვიფიქრო.