ოზურგეთი — ქალაქი საქართველოში, გურიის მხარის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ოზურგეთში არის შემოქმედის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია, რომელიც მდებარეობს „გურიელების სასახლეში“. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის დაწესებულებები. შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებით უკავშირდება ურეკს, ჩოხატაურს, ქობულეთს. სარკინიგზო ხაზით უკავშირდება სადგურ ნატანებს. მანძილი თბილისამდე 325 კმ. 2009 წლის 24 ნოემბრიდან ოზურგეთი დამეგობრებულია ქალაქ როკიშკისთან, რომელიც ლიტვის ერთ-ერთი რეგიონის, პანევეჟისის მაზრის დედაქალაქია.
ქვეყანა საქართველო
მხარე გურიის მხარე
კოორდ. 41°56′00″ ჩ. გ. 41°59′00″ ა. გ.
ქალაქი 1840 წლიდან
მოსახლეობა 20 636 [1] კაცი (2010)
ეროვნული
შემადგენლობა ქართველები, სომხები, რუსები
სარწმუნოებრივი
შემადგენლობა მართლმადიდებლები
დროის სარტყელი UTC+4
ტელ. კოდი +995 496[2]
საფოსტო ინდექსი 3500[3]
გეოგრაფია
ოზურგეთი მდებარეობს მდინარეებს ნატანებსა და ბჟუჟს შორის, ვაკეზე, ზღვის დონიდან 200 მეტრზე. სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან აკრავს მცირე სერები მოიდანახე და სერი. ქალაქში ოთხი მცირე მდინარე მიდინება (ბაზრისწყალი, ადიდაყვა და სხვ.). მცირე მდინარეები, გარდა ბაზრისწყლისა თითქმის სრულიად დამარხულია. ქალაქი რამდენიმე უბნად იყოფა: ცენტრის უბანი, ბასრა, ზვანი, ექადია, ანასეული, ლაშე, გაკირული, მოიდანახე, სერი, საპარასკევო.
ქალაქი სამი ტერასიდან შედგება, ქვედა ტერასაზე ძირითადად სავაჭრო დაწესებულებებია, აქ არის ბაზარი, ისტორიული უბანი საპარასკევო. შუა ტერასაზე კონცენტრირებულია საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები, კინოთეატრი, კინო, სასტუმრო, მუზეუმი, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებების შენობები ცენტრის უბანი, (ლაშე, გაკირული). ზედა ტერასაზე, ძირითადად, საცხოვრებელი უბნებია (ზვანი, მოიდანახე, სერი). ქალაქის უკიდურეს სამხრეთით არის უბნები, რომლებიც ადრე ცალკე სოფლებს წარმოადგენდნენ და მოგვიანებით გახდნენ ქალაქის ნაწილი: მდინარეების ბჟუჟისა და აჭისწყლის შესართავთან, ბჟუჟის სამხრეთით არის უბანი ბასრა და ექადია, ხოლო კიდევ უფრო სამხრეთით, გორაკზე ყოფილი დაბა ანასეული.
ისტორია
ოზურგეთი წარმოიქმნა გვიან ფეოდალურ ხანაში, იყო გურიის სამთავროს ცენტრი. გვიან შუა საუკუნეებში ოზურგეთი სავაჭრო ქალაქს წარმოადგენდა. ამას ადასტურებს ქალაქში აღმოჩენილი ვერცხლის მონეტების განძი - ოზურგეთის განძი - ვერცხლის 270 მონეტა.
ქალაქად გამოცხადდა 1840 წელს. XIX საუკუნეში ოზურგეთში მოგზაურობდნენ და აღწერეს სერგი მესხმა (1878) და თედო სახოკიამ (1896). 1870-იან წლებში ოზურგეთი სტრატეგიულ ადგილს წარმოადგენდა 1977-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის განმავლობაში. XIX საუკუნეში ქალაქის ცენტრში არსებულ „სამკუთხა ბაღში“ მიხეილ ვორონცოვის ბრძანებით გაშენდა იზაბელას საცდელი ნერგები.
XX საუკუნის განმავლობაში ქალაქს, ისევე როგორც მთელს რაიონს ფილიპე მახარაძის საპატივსაცემოდ მახარაძე ეწოდა. 90-იან წლებში ქალაქს დაუბრუნდა ისტორიული სახელწოდება, მისი ფარგლები გაფართოვდა და მისი შემადგენელი ნაწილი გახდა ყოფილი დაბა ანასეული.
ეტიმოლოგია
ქალაქის სახელის წარმოშობის ორი გავრცელებული ვერსია არსებობს. მოსე ჯანაშვილის თანახმად, ის წარმოიშვა დასახლების ჩრდილოეთითა და სამხრეთით მდებარე სერების, მოიდანახესა და ექადიას, გამო, რომლებიც ქალაქის ზურგის ფუნქციას ასრულებდნენ (ორ-ზურგ-ეთი). თედო სახოკიას თანახმად ოზურგეთი მეგრული წარმოშობის ტოპონიმია, სადაც მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი).
ისტორიული ძეგლები
ოზურგეთში არსებული ისტორიული ძეგლები შემორჩენილი არ არის. სერის უბანში XIX საუკუნის 70-იან წლებამდე იდგა გურიელების სასახლე. 1873 წელს აშენდა გურიელების ახალი სასახლე. სერგეი მესხის ცნობით
„ოზურგეთის მოედანზე....ამჟამად გამოჭიმულია თ. დ. გურიელის აჭრელებული, უცნობს არხიტეკტურასა და გაუგებელს გემოვნებაზე აშენებული სასახლე[4]“
ამჟამად შენობაში შემოქმედის ეპისკოპოსის რეზიდენციაა. სერზე არსებული სასახლე არ შემორჩენილია. ასევე არ შემორჩენილა ქალაქის ცენტრში მდგარი „დრუჟინის“ შენობა, რომელსაც იხსენიებს დიმიტრი ბაქრაძე, რომელიც, სავარაუდოდ, ამჟამინდელ თეატრალურ მოედანზე იდგა. არ შემორჩენილია არც ქალაქის გალავნის ნაშთები, რომელიც თედო სახოკიას აქვს მოხსენიებული. სახოკია ასევე ახსენებს ქალაქის ცენტრში მდგარ ორ ეკლესიას, მათგან ერთი იყო რუს სამხედროთა ხის ეკლესია. დღესდღეობით მის ადგილას დგას ღვთისმშობლის სახელობის საკათერო ტაძარი. ისტორიულ ნაგებობას წარმოადგენდა ქალაქის N1 საჯარო სკოლის პირველი კორპუსი, რომელიც 2008 წელს დაინგრა.
განათლება
ოზურგეთში პირვეი სამაზრო სასწავლებელი ოფიციალურად გაიხსნა 1850 წლის 21 თებერვალს. სამაზრო სასწავლებლის მოსწავლეები სხვადასხვა დროს იყვნენ სიმონ გუგუნავა, ნიკო მარი, ექვთიმე თაყაიშვილი. 1874 წლის პირველ ივლისს სამაზრო სასწავლებელი საქალაქო სასწავლებლად გადაკეთდა. ამ პერიოდში იზრდებოდა ინტერესი სწავლა-განათლებისადმი. „წელს ოზურგეთის სასწავლებელში მისაღებად იმდენი ბავშვი მოგროვდა, რომ მთელი ოზურგეთი გააკვირვა“ — წერდა „დროება“[5]
„ოთხი სასწავლებელი ემსახურება ამჟამად სწავლა განათლებას ოზურგეთში: სასულიერო ოთხკლასიანი სასწავლებებლი, საქალაქო სასწავლებელი, საქალებო სკოლა და სამრევლო სასაწავლებელი. ყველაზე ხნიერი ამ სასწავლებლებში სასულიერო სასწავლებელია, დაარსდა 1846 წელს. მეორე ადგილი უჭირავს საქალაქო სასწავლებელს, რომელიც სამაზრო სასწავლებლიდან გადაკეთდა“
(თედო სახოკია)
ამიერკავკასიის სამოსწავლო ოლქის განკარგულებით XIX საუკუნის დასასრულს სასწავლებელი დაიხურა, რადგან სკოლის მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სოციალურ-პოლიტიკური მოძრაობებში. მოგვიანებით სკოლა აღდგა.
მეოცე საუკუნის დასაწყისში ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელში სწავლობდნენ სახელოვანი მხედართმთავრები პორფილე ჩანჩიბაძე და კონსტანტინე ლესელიძე, რომელიც საქალაქო სასწავლებელში 1917 წელს ზვანის დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ გადავიდა. 1918 წელს ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელი გადაკეთდა პირველ დაწყებით სასწავლებლად. 1922 წელს მოსწავლეთა რაოდენობის გაზრდამ აუცილებელი გახადა სკოლის გაყოფა. კლასების ნაწილი ქაიხოსრო გურიელის სასახლიდან თავად გიორგი ნაკაშიძის სახლში გადავიდა. ასე დაარსდა N1 და N2 შვიდწლიანი სკოლები, რომლებიც დღეს N1 და N2 საჯარო სკოლების სახით არსებობენ.
დღეისთვის ქალაქში არის 5 საჯარო სკოლა, 2 სასულიერო გიმნაზია, 9 საბავშვო ბაღი და ერთი სამხატვრო სკოლა. ქალაქის სკოლებში სულ 2855 მოსწავლე სწავლობს და 236 მასწავლებელი ასწავლის.
საზოგადოება
ოზურგეთში 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედებს. მათი უმრავლესობა მუშაობს ბავშვებისა და ახალგაზრდობის თემატიკაზე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიის გაძლიერებაზე, ქალთა, დევნილთა და ინვალიდთა უფლებებზე. ასევე არის სოფლის მეურნეობისა და ეკოლოგიის მხარდამჭერი ორგანიზაციები. ოზურგეთში არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ფილიალი.
ქალაქში არის ტელეკომპანია „გურია“, რომელიც გურიის მასშტაბით მაუწყებლობს. გამოდის 4 გაზეთი, რომლებიც მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, (ნაწილობრივ კი მთელი მხარის მასშტაბით) ვრცელდება.
ოზურგეთში მოქმედებს კულტურის რამდენიმე დაწესებულება, მათ შორის ქალაქის ცენტრალური ბიბლიოთეკა, საბავშვო თეატრი, თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეა.[6]
თეატრი
ქალაქში მოქმედებს ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრი.
ოზურგეთის დრამატული თეატრი
თეატრი დაარსდა 1868 წელს, როდესაც გაიმართა სცენისმოყვარულთა წრის პირველი წარმოდგენა. 1914 წელს ააგეს სათეატრო შენობა. 1921 წელს ოზურგეთში ჩამოყალიბდა სახელმწიფო რევოლუციური დრამატული დასი. 1933 წელს დაიწყო ოზურგეთის თეატრის შენობის მშენებლობა. 1962 წელს თეატრი გადავიდა ახალ, ხუთსართულიან შენობაში. თეატრის შენობა ძველი ბერძნული ტიპის ნაგებობაა და საქართველოს ფარგლებში, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მასშტაბურია ფილარმონიის შემდეგ. 1968 წელს თეტრმა გადაიხადა არსებობის 100 წლის იუბილე, მას მიენიჭა ალექსანდრე წუწუნავას სახელი. 2005 წელს თეატრი აღიარებულ იქნა კულტურის სამინისტროსა და თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის მიერ როგორც საუკეთესო რეგიონალური თეატრი.
მუზეუმი
ქალაქში არის მუზეუმი. ოზურგეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაარსდა 1936 წელს, თავდაპირველად მდებარეობდა გურიის გამზირზე, ჰქონდა დათმობილი 3 დარბაზი. 1974-91 წლებში მუზეუმი განთავსებული იყო გურიელის ყოფილი სასახლის შენობაში, რომელიც აგებულია 1873 წელს. 1991 წლიდან გადავიდა ყოფილი სამხედრო დიდების მუზეუმის შენობაში. მხარეთმცოდნეობის მუზეუმს 2001 წელს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი.
მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური, ნუმიზმატიკური , ეთნოგრაფიული, დოკუმენტური, ჰერალდიკისა და სფრაგისტიკის, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ძველბეჭდური წიგნები. სულ მუზეუმში 6000 ექსპონატია, მათ შორის ნაპოლეონ ბონაპარტეს დაშნა.
სპორტი
ოზურგეთში არის მორაგბეთა კლუბი ოზურგეთის ფირალები და საფეხბურთო კლუბი მერცხალი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში ასპარეზობს.
ქალაქში ორი სტადიონია. სტადიონი მეგობრობა მუნიციპალური საკუთრებაა და მასზე ოზურგეთის მერცხალი თამაშობს. ზვანის საფეხბურთო და სარაგბო სტადიონი კი ოზურგეთის ფირალების საშინაო არენას წარმოადგენს. ქალაქში 2007 წელს აშენდა სპორტის სასახლე [7]
ოზურგეთში მოქმედებს მუნიციპალური სასპორტო სკოლა. ქალაქში არის ტაიკვანდოს კლუბი „გრიგალი“, საკალთბურთო კლუბი „ბახმარო“, ასევე მძლეოსნობის, კრივის, ჰოკეის, ძიუდოს, ძალოსნობის, თავისუფალი ჭიდაობის, ჩოგბურთის შემსწავლელი სკოლები და კლუბები.
ცნობილი ადამიანები
სიკო დოლიძე — რეჟისორი, სცენარისტი
ვიქტორ დოლიძე — ქართველი კომპოზიტორი
გრიგოლ ტყაბლაძე — ქართველი მსახიობი
გიორგი კეკელიძე — პოეტი
კონსტანტინე ლესელიძე — საბჭოთა სარდალი
მანუჩარ კვირკველია — ოლიმპიური ჩემპიონი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში
ვახტანგ ბლაგიძე — ოლიმპიური ჩემპიონი ბერძნულ–რომაული სტილით ჭიდაობაში
რესურსები ინტერნეტში
www.xatva.co.cc
www.apk.ge
www.guria.ge
www.gabc.ge
www.guriismoambe.com
www.gurianews.com
ლიტერატურა
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 517, თბ., 1983 წელი.
თენგიზ კუნჭულია, ქალაქი და ტრადიციები, — ოზურგეთი, 1999.
თედო სახოკია, მოგზაურობანი: გურია აჭარა სამურზაყანო აფხაზეთი, — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1985.
ქართული მწერლობა, ტ. 18. — თბილისი, „ნაკადული“, 2001
ბუხნიკაშვილი გ., ლაშხია ნ., მახარაძის თეატრი, თბ., 1968;
დიმიტრი ბაქრაძე, არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, ბათუმი, 1987
ინფორმაცია მოპოვებულია www.wikipedia.com
გილოცავთ ოზურგეთლებო თემის მეორე ნაწილს