ვენერიული დაავადებების სიმპტომებისქესობრივი გზით გადამდები დაავადებები იყო და დღესაც რჩება კაცობრიობის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად. ყველამ ვიცით აივ ინფექცია-შიდსის სავალალო შედეგებზე, თუმცა მის ფონზე არ უნდა დავივიწყოთ სქესობრივი გზით გადამდები სხვა, შედარებით ნაკლებსაშიში დაავადებებიც, რომელთა მიმართ უყურადღებობა ჩვენს ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.
”მაქსი” თბილისის კანისა და ვენერიულ სნეულებათა კლინიკურ დისპანსერს ესტუმრა და ექიმს, დერმატო-ვენეროლოგ თამაზ ხოსიტაშვილს ესაუბრა. ალბათ, ჩვენი მკითხველისთვის ინტერესს მოკლებული არ იქნება იმის შეტყობა, თუ რომელი ვენერიული დაავადებებია დღეს ყველაზე მეტად გავრცელებული საქართველოში და რა სიმპტომატიკა ახასიათებს მათ.
თამაზ ხოსიტაშვილი: დღეს უმეტესად შემდეგი ვენერიული დაავადებებია გავრცელებული: ათაშანგი (სიფილისი), გონორეა (ტრიპერი), ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი... რაც შეეხება ამ დროისთვის შექმნილ სიტუაციას, ვერ ვიტყოდი, რომ სტატისტიკურად რომელიმე მათგანი პროგრესირებს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რაც უფრო უარესდება მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, დაავადებების რიცხვი მით უფრო კლებულობს. მოგეხსენებათ, სქესობრივი ურთიერთობების დროს ეკონომიკური ფაქტორი გადამწყვეტია. ეს დაავადებები კი ”სიამოვნების” დაავადებებია და არა, მაგალითად, ჭლექი, რომელიც სოციალური პირობების გაუარესების გამო ვითარდება. თუმცა არის სხვა ფაქტორიც, რომელიც პროსტიტუციის ლეგალიზებას ეხება.
თავისთავად, როცა ადამიანს არ აქვს ბევრის გადახდის საშუალება, მიდის იაფფასიან მეძავთან, რომელიც, როგორც ცნობილია, ნაკლებად ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე, არ აინტერესებს არც ანალიზების პასუხები და მით უმეტეს, არც მკურნალობა. აქედან გამომდინარე, იაფფასიან მეძავს შესაძლოა, ვენერიული დაავადებების მთელი კომპლექსი აღენიშნებოდეს, რაც, გამორიცხული არ არის, რომ წინდაუხედაობის გამო კლიენტს გადაედოს.
თავისუფალი სექსი და დაუცველი თაობა
მართალია, ბოლო წლებში შეინიშნება სექსით ადრეულ ასაკში დაკავება, მაგრამ იმის თქმა მაინც არ შეიძლება, რომ ვენერიულმა დაავადებებმა ახალგაზრდებში იმატა. საერთო სიტუაციიდან გამომდინარე, ბავშვები საკმაო ინფორმაციას იღებენ იმის შესახებ, რომ შემთხვევით პარტნიორთან აუცილებელია უსაფრთხოების ნორმების დაცვა. თუმცა რა საშუალებებს იყენებენ ისინი საამისოდ, ამის დადგენა ჩვენთვის რთულია. ამ მხრივ, არასრულწლოვანებში აგიტაცია ოფიციალურ დონეზე, როგორც ვიცი, არ მიმდინარეობს. ადრეულ ასაკში დაავადების გამოწვევა კი კვლავ და კვლავ გამოუცდელობის და იაფფასიან მეძავებთან ურთიერთობის ბრალია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს პაციენტებს შორის არასრულწლოვანებს ნაკლებად ვხვდებით.
მთავარი პრობლემა - არაპროფესიონალიზმი
დღეს კი თითქმის ყოველ პოლიკლინიკასა თუ სტაციონარში ხდება ვენერიულ დაავადებებზე ანალიზების გაკეთება, რაც თავისთავად, პაციენტების განთესვას იწვევს არასპეციალისტებთან. რა ფორმით მიმდინარეობს იქ მკურნალობის პროცესი, ამის დადგენა შეუძლებელია. თუმცა ფაქტია, რომ არასწორი გზით ნამკურნალები პაციენტები შემდგომში ჩვენთან ხვდებიან, რადგან არის უამრავი ნიუანსი, რაც არაპროფესიონალი ექიმისთვის შეუმჩნეველი რჩება.
ძირითად შემთხვევებში ეს პროცესი გამოსწორებადია, მაგრამ საკმაოდ ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს და უფრო ძვირიც ჯდება. ასე რომ, პაციენტები თითქოს ეკონომიას აკეთებენ სხვაგან მისვლით, მაგრამ რეალურად მკურნალობა ორმაგი უჯდებათ, რადგან არაპროფესიონალთან ხვდებიან. არის შემთხვევები, როცა არასწორი მკურნალობის შედეგად პროცესი შეუქცევადი ხდება.
”იქ ვერ მივალ, სირცხვილია”
ეს ფაქტორი ნამდვილად მოქმედებს. თუ პაციენტი მაინცდამაინც არ შეაწუხა ავადმყოფობამ, ერიდება ექიმთან მოსვლას, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მატერიალური სიდუხჭირის გამო. თუმცა აქვე მოქმედებს სხვა ფაქტორიც - კომპლექსი, რომელიმე ნაცნობმა ვენდისპანსერში მისული არ დაინახოს. ასე კი დაავადებული საკუთარ თავს უფრო მეტ ზიანს აყენებს.
როდის და როგორ ვლინდება ვენერიული დაავადება
ყოველ დაავადებას თავისი ნიშნები აქვს. მაგალითად, ათაშანგს აქტიური ფორმის დროს ახასიათებს გამონაყარი დაავადებულ ადამიანთან სქესობრივი კავშირის შემდეგ 2-3 კვირის ვადაში. ამ პერიოდში ჩნდება ეროზიული სახის გამონაყარი სასქესო ორგანოზე. უყურადღებობის შემთხვევაში ერთი თვის შემდეგ მან შეიძლება უკუგანვითარება განიცადოს და დაავადებაც შემდეგ სტადიაში გადავიდეს. მერე მთელ ტანზე ვარდისფერი ლაქები ჩნდება, რომლებსაც როზეოლა ჰქვია. როგორც აღვნიშნე, ეს დაავადების მეორე ეტაპია. არის შემთხვევები, როცა პაციენტი ამ ფაქტორსაც იგნორირებას უკეთებს. ჰგონია, რომ ალერგია აქვს და სვამს ანტიალერგიულ პრეპარატებს. დროთა განმავლობაში ეს პროცესიც პროგრესირებს, შემდეგ სტადიაში გადადის და ჩნდება წყლულები,ანუ პაპულები.
ათაშანგის ორი ფორმა არსებობს: აქტიური და ფარული. ფარული ფორმის დროს გარეგნული ნიშნების გამოვლენა არ ხდება. მხოლოდ სისხლის ანალიზის შემდეგ არის შესაძლებელი ამ დაავადების აღმოჩენა. დღეს კი, როგორც უკვე აღვნიშნე, თავისი ფეხით ადამიანი იშვიათად მიდის გამოკვლევის ჩასატარებლად და სანამ სიტუაცია უკიდურესობამდე არ გართულდება, მანამ ექიმს არ აკითხავს. თუმცა დაავადება ამ შემთხვევაშიც განკურნებადია, თუ რა თქმა უნდა, სახეზე არ არის ღრმა ქსოვილოვანი დაზიანება.
ყველაზე საშიში და ძნელად განკურნებადი ვენერიული დაავადებები
ყოველი დაავადება, თავის მხრივ, მეტ-ნაკლებად საშიშია. გარდა იმისა, რომ ისინი გადამდებია, ზიანს აყენებს ადამიანის ორგანიზმს. მაგალითად, ათაშანგის დროს, განსაკუთრებით, როცა დაავადება ფარული ფორმით მიმდინარეობს, ავადმყოფს მხედველობის ნერვის ან სმენის დაზიანება აღენიშნება. ხანდახან ფსიქიკურ აშლილობამდეც კი მივდივართ. ასეთი პაციენტები ნევროპათოლოგებსა და ფსიქიატრებთანაც კი ხვდებიან. სწორედ იქ ხდება დიაგნოსტირება, რომ ეს არ არის სომატური დაავადება და იგი გამოწვეულია ათაშანგით.
რაც შეეხება ქლამიდიოზს, ეს დაავადება მოქმედებს შინაგან ორგანოებზე. დაავადების მწვავე ფორმები აზიანებს გულის კუნთს, ღვიძლს, ფილტვს... ასე რომ, ვენერიული დაავადება მოიცავს მთელ ორგანიზმს და მკურნალობის პროცესის დაგვიანების შემთხვევაში ითრევს თითქმის ყველა ორგანოს.
ქლამიდიოზს შედარებით ნაკლები სიმპტომატიკა ახასიათებს: ოდნავი წვა შარდვის დროს, გამონადენი სასქესო ორგანოდან... მაგრამ პაციენტი ამ უმნიშვნელო ფაქტორებს ყურადღებას არ აქცევს, თუ საკუთარი ჯანმრთელობით განსაკუთრებულად არ არის დაინტერესებული.
გონორეის (ტრიპერის) შემთხვევაში გამონადენი უფრო მკვეთრია. შარდვის დროს წვის შეგრძნება უფრო მწვავეა და ამ დაავადებას ადამიანი უფრო მტკივნეულად აღიქვამს, ვიდრე ტრიქომონიაზს. მართალია, სიმპტომატიკურად ეს დაავადებები მეტ-ნაკლებად ერთმანეთს წააგავს, მაგრამ მათი სამკურნალო პრეპარატები აბსოლუტურად განსხვავდება. ამიტომ ამ დაავადებების ბრმად მკურნალობა არ შეიძლება.
ზოგიერთი ვენერიული დაავადება შვილოსნობაზეც მოქმედებს, განსაკუთრებით, ქალებში. ეს ყველაზე მეტად ქლამიდიოზს ეხება. ამ დროს საკვერცხე მილების გადაკეტვა ხდება ბაქტერიით და თუ დროზე არ მიექცა ყურადღება, შეიძლება ეს პროცესი შეუქცევადიც კი გახდეს.
მართალია, ეს დაავადებები მხოლოდ სქესობრივი გზით გადადის, მაგრამ ათაშანგის გადადების სხვა საშუალებაც არსებობს (როცა დაავადება ფარული ფორმით მიმდინარეობს) - სისხლისმიერი გზა. მსგავსი რამ ხშირია ნარკომანებში. დაავადება გადადის საერთო ნემსით ინექციის გაკეთებისას. იშვიათად, მაგრამ მაინც არის შემთხვევები, როცა ვენერიული დაავადება სტომატოლოგთანაც გადასდებიათ ექიმის მიერ არასტერილური იარაღის გამოყენების შედეგად.
SOS - ექიმის დანიშნულების გარეშე არ იმკურნალოთ
აბსოლუტურად დაუშვებელია გამოკვლევისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა. არის შემთხვევები, როცა პაციენტი შედის აფთიაქში, უხსნის ფარმაცევტს, რა აწუხებს და სთხოვს წამალს. მსგავსი ქცევა ყოვლად დაუშვებელია, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე, რამდენიმე ვენერიული დაავადების სიმპტომატიკა ერთმანეთს ჰგავს. შეიძლება წამალმა ავადმყოფს ერთი სიმპტომი მოუხსნას, მაგრამ დაავადება სხვა, უფრო პროგრესულ სტადიაში გადავიდეს. ამიტომ პაციენტმა რაც შეიძლება მალე უნდა მიაკითხოს ექიმს.
ჩვენს დისპანსერში თითქმის ყველა სადიაგნოსტიკო ანალიზი 30-40 ლარი ღირს. მერწმუნეთ, ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც არასწორი მკურნალობის შემთხვევაში შეიძლება დაეხარჯოს პაციენტს.
ესაუბრა ნინო ლომსაძე
http://www.maxi.ge/cgi-bin/n_versia.pl?f=show_statia&id=697
მიმაგრებული სურათი