გვერდი "ქალები საქართველოდან" მოდელ სოფია კენჭიაშვილის ამ წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"სოფია კენჭიაშვილი, 28 წლის, თბილისი
„18 წლიდან ვმუშაობდი კლუბურ სისტემაში. მიმუშავია მოცეკვავედ, მიმტანად, ბარმენად, მენეჯერადაც და მევასება ეგ სფერო რა. კლუბში მუსიკა რომ მესმის, ეგრევე ვენებში შემდის და მეტი აღარაფერი მინდა ამ დროს. მზად ვარ დამლაგებლადაც ვიმუშაო კლუბში, ოღონდ იმ განათებებს ვხედავდე და იმ კვამლის აპარატის სუნს ვგრძნობდე, მაგრამ საქართველოში ამ სფეროში მუშაობას აზრი არ ჰქონდა. სულ ორი სამი კინკილა კლუბი იყო მაშინ და არანაირი პერსპექტივა. ამიტომ, ძალიან ცუდი პერიოდი მქონდა ცხოვრებაში. 23 წლის ხარ, იცი რომ ბევრი რამე შეგიძლია და ვერაფერს აკეთებ. სწორედ ამ დროს, 2012 წელს, ჩემი სამოდელო სააგენტოდან დამირეკეს და ჩინეთში წასვლა შემომთავაზეს. კლუბებში პრომო-გოგონებად და ანიმატორებად უნდა გვემუშავა იქ. წარმოიდგინეთ, ვიჯექი სახლში და ასეთ მდგომარეობაში მეუბნებიან „ჩინეთში წახვალ?“ ჩინეთში კი არა, გეფიცებით, კამჩატკაზე წავიდოდი! არადა არასოდეს მიოცნებია სხვაგან ცხოვრებაზე და აქედან წასვლაზე მანამდე. პირიქით, ძალიან პატრიოტი ვიყავი და მაგალითად, გადაწყვეტილი ამბავი იყო ჩემთვის, რომ ჩემი ქმარი იქნებოდა თუ ვინც იქნებოდა, აუცილებლად ქართველი უნდა ყოფილიყო და ა.შ ჩინეთში რომ მივდიოდი, ჩემი დაქალი გამეღლიცინა, იქ ჩინელი კაცთან დარჩებიო და სასაცილოდ არ მეყო, რა სისულელეა-მეთქი. მაგრამ, ქვეყნიდან რომ გადიხარ, სხვანაირად იწყებ ფიქრს...
მოკლედ, ჩავედით ჩინეთში. ჯერ ძალიან მრცხვენია მთელი ჩინელი ერის წინაშე, რომ როდესაც მე აქედან მივდიოდი, ვიყავი ჩვეულებრივი ქართული სტერეოტიპებით გაჟღენთილი, ჩინელების და ჩინეთის მიმართ. მერე იცით როგორ მრცხვენოდა საკუთარი თავის? თავს ვთვლიდი ჭკვიან ადამიანად და ასეთი საშინელი წარმოდგენა მქონდა სხვა ერზე. იქ უკვე კლუბში რომ მივედით, პირველი აღმოჩენა იყო, რამხელა სხვაობაა ქართველ კაცებსა და ჩინელ კაცებს შორის. უმრავლესობაზე ვსაუბრობ, ცხადია. ჩინელი კაცის „პახაბნი“ შემოხედვა მე არ მახსოვს. ქართველები მენტალობით და ზოგადი დამოკიდებულებებით ძალიან ახლოს არიან არაბებთან. იქ ერთ-ერთ საპორტო ქალაქში ვმუშაობდი, რომელიც სავსე იყო არაბებით და იქ დავაფიქსირე ეს. წარმოიდგინე, გადაჩვეული ხარ ასეთ რამეებს და უცებ ხედავ, რომ საზიზღრად გიყურებს ტიპი - გწონის, გზომავს, გხდის... საქართველოში, რომ ჩამოვედი აქ და სხვა თვალით შევხედე, ეგრევე დავინახე რა საერთო ჰქონდათ მაგ კუთხით ქართველ და არაბ კაცებს - უმეტესობისთვის ქალი არის საქონელი და ნება რომ მისცე, ალბათ, ნომერს დაგვაჭედებდნენ შუბლზე, სახელი და გვარიც არ გვექნებოდა. ამ დროს უყურებ ჩინელ კაცებს ქალებს როგორ პატივს სცემენ... როგორ გითხრათ, ჩინელი კაცები არიან ე.წ. „ჩმორები“, ტიპიური ქართველი კაცებისთვის. ცხადია არ ვსაუბრობ ჩინელი კაცების 100%-ზე, მაგრამ ძირითადად ის ერთგულია და მით უმეტეს ორსულ ქალს, ლამის, წითელ ხალიჩებს უფენენ, რომ გაიაროს. თავიდან ბოლომდე აღიქმება ის ფაქტი, რომ შენ ახალი სიცოცხლე უნდა გააჩინო, ახალი ადამიანი... ანუ მაგ მხრივ არის სასწაული ქვეყანა. ეს ყველაფერი რომ გავაანალიზე, ალბათ, ერთი წლის შემდეგ მყარად გადავწყვიტე, რომ ქმრით თუ უქმროდ, მე მეყოლება ჩინელი ბავშვი! ოღონდ, ვფიქრობდი რომ 30 წლამდე ვიმუშავებდი, 2016 წლიდან მოგზაურობა უნდა დამეწყო და მერე გამეჩინა...
შარშანწინ, ასე დაწყობილი გეგმებით, გავიცანი ჩემი შვილის მამა. არ ვიცი, რატომ ვეუბნებოდი ჩემს გეგმებზე ამ ადამიანს, მაგრამ ვუთხარი, რომ მომავალში ვაპირებდი ჩინელისგან შვილის გაჩენას. ორ თვეში ორსულად ვიყავი...
ორსულობის ტესტი რომ გავაკეთე, იქ თუ არ მოვკვდებოდი, არ მეგონა. რეალურად ძალიან სასწაული მოხდა იმიტომ, რომ ბიოლოგიურადაც არ მქონდა დაორსულების პერიოდი და კონტრაცეპტივებიც მიღებული მქონდა. თან მაშინ ძალიან არაჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობდი - ვეწეოდი, კლუბში ვმუშაობდი და ცხადია, ალკოჰოლსაც ვიღებდი, ანუ არანაირად არ ვიყავი მზად იმ მომენტში ბავშვისთვის. წარმოიდგინეთ, მე მომავალი სამი წელი მაქვს დაგეგმილი ბავშვის გარეშე და უცებ, ფაქტის წინაშე დგახარ... ერთი ნახვარი საათი აბორტზე ვიფიქრე, რომ არ მოგატყუოთ. ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდი ნახევარი საათი იყო ეს, მაგრამ უცებ გადმოვეწყვე, რომ გავაჩენ! მერე დაიწყო ფიქრი იმაზე - სად გავაჩენ, როგორ გავაჩენ... ორსულმა ორთვენახევარი კიდევ ვიმუშავე და ლამის ყოველდღე კლინიკაში ვიყავი აყუდებული მანამდე, სანამ არ დავრწმუნდი, რომ ყველაფერი რიგზე იყო.
ბავშვის მამას რომ შევატყობინე ეს ამბავი, სინგაპურში იყო. ის იქ ცხოვრობს და მუშაობს. ცხადია იყო პრობლემები პირველ ეტაპზე და ეჭვები, ნამდვილად მისგან ვიყავი თუ არა ორსულად, იმიტომ, რომ როცა ორსულობის შესახებ შევიტყვე, ნაჩხუბრები და ფაქტიურად, დაშორებულები ვიყავით. მაგრამ, როგორც კი ეს გავარკვიეთ ერთმანეთში, მაშინვე ჩამოვიდა. შვილი მასაც უნდოდა და როგორც მითხრა, მას ჰქონდა იმის იმედი, რომ მე ჩვენს შვილს კარგად გავზრდიდი. ამიტომ, ბავშვი პრაქტიკულად მე მომაბარა. მითხრა ორსულობის პერიოდში აღარ უნდა იმუშავოო და საქართველოში გამომიშვა. იმ ეტაპზე ეს იყო საუკეთესო გამოსავალი, მშობიარობაზე დასწრებას გეგმავადა, მაგრამ თურქეთის ტერაქტები დაემთხვა იმ დროს. ბილეთი სტამბულის გავლით ჰქონდა და გადაცვლა მოუწია. ამიტომ, მშობიარობიდან ორი დღის მერე ჩამოვიდა. და ყველაზე მთავარი - ბავშვი ჩემს დაბადების დღეზე გავაჩინე. დღეს ბავშვის მამა ისევ სინგაპურში ცხოვრობს, მაგრამ ფულს მიგზავნის იქედან და ზრუნავს იმაზე, რომ მე და ჩვენს შვილს არაფერი მოგვაკლდეს.
ჩემი შვილი ჯერ ძალიან პატარაა, მაგრამ, რა თქმა უნდა, უკვე მიფიქრია იმაზე, როგორ მიიღებს მას საზოგადოება, როგორც მათგანს განსხვავებულს. და შემშინებია კიდევაც, რომ დააბულინგონ?! მაგრამ მერე ვთქვი, რომ ჩემზეა დამოკიდებული, მას როგორ გავზრდი და გავაძლიერებ. მერე რა, მეც ხომ მაბულინგებდნენ, მაგრამ ფეხებზე მეკიდა ეს ყველაფერი და ალბათ, ასე უნდა გავზარდო! მაქსიმალურად ვეცდებით მშობლები, რომ შვილმა, პირველ რიგში, კარგი განათლება მიიღოს, სავარაუდოდ სკოლაში ჩინეთში წავა ან სინგაპურში, ჯერჯერობით მამამისი ასე გეგმავს და სამომავლოდ რა და როგორ იქნება, ჯერ არ ვიცით.
რაც შეეხება ჩემს ოჯახს, ძალიან ადექვატურად და ნორმალურად მიიღეს ეს ყველაფერი. დედაჩემს მივწერე საქართველოში, რომ ორსულად ვარ. მან მკითხა, მერე რას აპირებო. ვუპასუხე, გაჩენას რომ არ ვაპირებდე, არც მოგწერდი-მეთქი. ეს იყო და ეს. ოჯახის მხარდაჭერაზე, მართლა ყველაფერია დამოკიდებული, სანამ შენით დაიწყებ სიარულს. ეგ იწყება დაბადებიდანვე. როცა იცი, რომ შენი ოჯახი ზურგს გიმაგრებს, მაგ დროს ხარ უძლეველი ადამიანი. 7 თვისაა ჩემი შვილი და ის უკვე ჩემთვის ცალკე პიროვნებაა, რომლის აზრსაც პატივი უნდა ვცე და უბრალოდ გავუზიარო ჩემი გამოცდილება. თუ არ დამიჯერებს და კისერს მოიტეხავს, კისერმოტეხილი ისევ მე უნდა მივიღო და არ უნდა ვუთხრა, რომ ჩემი შვილი აღარაა, ან რაღაცა მსგავსი სისულელე.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ვარ დაბადებული და გაზრდილი, შესაბამისად, ყოველთვის გარშემორტყმული ვიყავი აქაური „არ შეიძლება“ და „ხალხი რას იტყვის“ შეგონებებით, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაინც ისე მიცხოვრია, ვცხოვრობ და მომავალშიც, აუცილებლად, ვიცხოვრებ ისე, როგორც მე მინდა. მარტო მე და მეტი არავის. არანაირი სურვილი არ მაქვს, წლების შემდეგ უკან მოვიხედო და ვინანო რაღაცა მხოლოდ იმიტომ, რომ „ეს ვიღაცას არ მოეწონებოდა“. ვიღაცეები ყოველთვის იარსებებენ, მე კიდევ მარტო ეს ერთი სიცოცხლე მაქვს.“
© 2017 სოციალური პროექტი „ქალები საქართველოდან“ ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის „ქალის ხმა“ მიერ. (ავტ. მაიკო ჩიტაია; იდა ბახტურიძე; ნინო გამისონია). ფოტო: ნინა ბაიდაური; სალომე ცოფურაშვილი. პროექტი მიმდინარეობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით. #ქალებისაქართველოდან
ცრემლი მომადგა, რეები გადაუტანია ამ პატიოსან გოგოს
მხეცებო , რა უქენით გოგოს ესეთი
http://presa.ge/new/?m=yellow&AID=52370