“რუსებთან კავშირი ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე გავწყვიტე” ჯერ საქართველოს, შემდგომში კი რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ფრანგმა კლოდ სორელმა, რუსეთის მხრიდან საქართველოს დაბომბვისა და მისი ტერიტორიების ანექსიის შემდეგ, ჩვენი ჩრდილო მეზობლების ნაკრები მიმდინარე წლის აგვისტოს თვეშივე დატოვა. ამის შესახებ, სორელი თავის დროზე ევროპულ პრესას ესაუბრა, თუმცა, ფრანგთან ამ თემის უფრო განვრცობა და დეტალებში ჩაღრმავება, ვფიქრობთ, უინტერესო არ უნდა იყოს.
და კიდევ - ბატონი სორელი, ჩვენი აზრით, სხვაზე არანაკლებად იმსახურებს ღირსების ორდენს, რაც ჩვენს მიერ აღებულ ექსკლუზიური ინტერვიუდანაც ნათლად ჩანს.
- როგორც შევიტყვეთ, თქვენ რუსეთის ნაკრები დატოვეთ და ამის მიზეზად რუსეთ-საქართველოს შორის აგვსიტოში განვითარებული მოვლენები დაასახელეთ. იქნებ დააკონკრეტოთ, რა გახდა რუსეთის ნაკრებიდან თქვენი წასვლის მიზეზი?
- გაინტერესებთ, რატომ დავტოვე რუსეთის ნაკრები? იმიტომ, რომ რუსეთმა შეუტია საქართველოს და ამის უემოციოდ აღქმა შეუძლებელი იყო, აუტანელი რამ მოხდა. აღარ მინდოდა იმ ქვეყნის ნაკრების მწვრთნელი ვყოფილიყავი, რომელიც საქართველოს ბომბავდა. საქართველოში მრავლად არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც მე ვაფასებ და რომლებიც ძალიან მიყვარს... მიყვებოდნენ, თუ როგორ შეუტია რუსეთმა საქართველოს და როგორ ბომბავდნენ ისინი თქვენს ქვეყანას. ამის ატანა ნამდვილად არ შემეძლო.
- რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში რუსეთში ხომ არ იმყოფებოდით?
- არა, მე საფრანგეთში ვიყავი. ყოველდღიურად ვეკონტაქტებოდი ჩემს მეგობარ გიორგი ჭუმბურიძეს და მისგან ზუსტად ვიცოდი, თუ რა ხდებოდა თქვენს ქვეყანაში. ყოველდღიური კონტაქტი მქონდა საფრანგეთში მყოფ ქართველებთანაც.
- რუსეთშიც ხომ არ უკავშირდებოდით ვინმეს?
- არა! არ ვიცი, რას ამბობენ ისინი და სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებდა მათი მოსაზრება.
- ვის დაუკავშირდით რუსეთის რაგბის კავშირის ხელმძღვანელობიდან, რა საუბარი გქონდათ მასთან და თუ უთხარით თქვენი გადადგომის რეალური მიზეზი?
- ეს საჭიროდ არც ჩამითვლია. მე გავწყვიტე ყველანაირი კავშირი რუსებთან და მათთვის არანაირი ახსნა-განმარტება არ მიმიცია.
- კონტრაქტის მიხედვით, რუსეთის ნაკრებთან როდემდე უნდა გემუშავათ?
- ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. მე გავწყვიტე მათთან ურთიერთობა და ამით ყველაფერი დამთავრდა.
- 7-კაცას ევროპის ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრების წარუმატებელი თამაშის შემდეგ, თქვენ ამ ნაკრების მწვრთნელობიდან მოგხსნეს. იქნებ, ესეც გახდა ეროვნული გუნდის დატოვების ერთ-ერთი მიზეზი?
- მე რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან გარკვეული წინადადებები მქონდა, ბევრი რამის შეცვლა მსურდა, მაგრამ მათ ეს არ ისურვეს. მოლაპარაკებებში ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული, ზოგი მათგანი მეთანხმებოდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩემი აზრები არ გაითვალისწინეს.
- 7-კაცას ევროპის ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებთან დამარცხდით, არადა, ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად ითვლებოდით. როგორ აღიქვით ეს ამბავი?
- რუსებმა საშინლად ითამაშეს... მეტს ვერაფერს დავამატებ.
- თავის დროზე რუსეთის ნაკრების გაწვრთნას იმის გამო ხომ არ დათანხმდით, რომ საქართველოს ეროვნული გუნდის დამარცხება გეცადათ?
- სულაც არა. მე, უბრალოდ, მინდოდა რუსების გაწვრთნა და ეს სრულიად შესაძლებლად მიმაჩნდა. მათ ფინანსური შესაძლებლობაც უწყობდათ ხელს და... მოკლედ, მინდოდა, რომ ისინი უკეთესები ყოფილიყვნენ.
- როგორ გაიხსენებთ ციმბირულ შეხვედრას? მსაჯებმა იმ მატჩში საქართველოს ნაკრების საზიანოდ ძალზე ბევრი შეცდომა ხომ არ დაუშვეს?
- არა, მსაჯებმა საკუთარ საქმეს თავი კარგად გაართვეს. თავდაპირველად, ეს მატჩი ძალზე ცუდად დაიწყო და პირველმა ტაიმმა პრაქტიკულად ჩხუბსა და უხეშ ბრძოლაში ჩაიარა. შემდეგ ყველაფერი დარეგულირდა. ამ შეხვედრაში რუსეთის ნაკრები უფრო ძლიერად გამოიყურებოდა, ვიდრე საქართველო, მაგრამ ქართველებმა სიმტკიცისა და რწმენის ხარჯზე მაინც მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. ვფიქრობ, რუსეთს უკეთესი შედეგის მიღწევა შეეძლო.
- თქვენი აზრით, საქართველოში უფრო მეტი შანსია რაგბის განვითარების თუ რუსეთში?
- რაგბი ორივე ქვეყანაში ვითარდება და უფრო მეტის პოტენციალიც, ორივე მათგანს გააჩნია. რუსულ რაგბიში დიდი ფულია ჩადებული, თქვენთვის კი სპორტის ეს სახეობა ძალზედ მნიშვნელოვანია, ვიდრე რუსებისთვის და ამ მხრივ უპირატესობა გაქვთ. ქართველებს რაგბი სისხლში გაქვთ გამჯდარი და ამაში ფიზიკური მონაცემებიც ხელს გიწყობთ, რაც მეტად მნიშვნელოვანია.
- როდესაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობდით, ქართველი მორაგბეები ფრანგულ კლუბებში მიგყავდათ. რუსი მორაგბეები რატომ არ წაიყვანეთ საფრანგეთში?
- ამის გაკეთება არც მომინდომებია. არანაირი სურვილი არ მქონდა, რომ რუსები საფრანგეთში წამეყვანა...
- საფრანგეთში მოთამაშე ქართველი ლეგიონერებიდან ყველაზე ხშირად ვის ეკონტაქტებით?
- მე ძალიან ბევრ ქართველ მორაგბესთან მაქვს საუკეთესო ურთიერთობა. გოდერძი შველიძე, გია ლაბაძე, ილია ზედგინიძე... რომელი ერთი ჩამოვთვალო. ზოგიერთ მათგანს პირადად ვნახულობ, ზოგს ტელეფონით მუდმივად ვეკონტაქტები. ისინი ჩემი მეგობრები არიან.
- საფრანგეთში მოთამაშე ლეგიონერებმა ომის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ფული შეაგროვეს. თქვენც ხომ არ გაგჩენიათ რაიმე სახით ამ საქმეში მონაწილეობის სურვილი?
- თუ მსგავსი რამ მოხდება, რატომაც არა. ქართველთა დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებ, რაც საჭირო იქნება.
- ახლა რას საქმიანობთ?
- ამჟამად ტუნისში ერთ-ერთ გუნდს ვაყალიბებ. ახლახანს ამ გუნდის თამაშიდან დავბრუნდი.
- საქართველოდან წაყვანილი კავკასიური ნაგაზი, ფრანგულ ჰაერზე თავს როგორ გრძნობს?
- გმადლობთ, ძალიან კარგად...
- ვენახი თუ გააშენეთ და მეღვინეობის საქმე როგორ მიდის?
- რა თქმა უნდა, გავაშენე. მიწა ჩემი ხელით დავამუშავე და ვენახიც ჩავყარე. უკვე მოსავალიც ავიღე და წლეულს ღვინოც დავწურე.
- გაზეთმა “მსოფლიო სპორტმა”, თბილისში თქვენი ბოლო ვიზიტისას მცირე საჩუქარი გადმოგცათ. საინტერესოა, რა ადგილი დაიკავა ამ საჩუქარმა თქვენს სახლში?
- ის ჩემს ბიბლიოთეკაშია და თვალსაჩინო ადგილი უჭირავს.
http://www.msofsport.com/more.aspx?id=13965