ლიბიაში სამი ქართველი მეზღვაური დააკავეს. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ლიბიაში დაკავებულ გემზე, ეკიპაჟის 11 წევრიდან სამი ქართველია.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, მამუკა ახალაძის ინფორმაციით, გემი 30 აგვისტოს დააკავეს ლიბიაში, თუმცა ამის შესახებ გუშინ საღამოს გახდა ცნობილი.
ეკიპაჟის წევრები წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. მიმდინარეობს წინასასამართლო მოკვლევა.
დაკავება, სავარაუდოდ, გემის ტვირთს უკავშირდება - არალეგალური ტვირთით არალეგალურ ნაოსნობას. ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტროც და მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება.
გამოცემა Libya Herald-ის ინფორმაციით, ლიბიის დასავლეთ სანაპიროზე ორი უცხოური გემი დააკავეს. ტანკერი, სახელად Rex და თევზსაჭერი ნავი 20 აგვისტოს ტრიპოლში გადაიყვანეს, სადაც ეკიპაჟის წევრები დაკითხეს.
„ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობპროდუქტის ტანკერი, რამდენიმე დღის განმავლობაში ტრიპოლის სანაპირო დაცვის სამსახურის მიერ დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა. სავარაუდოდ, 1,160,000 ლიტრი საწვავი კონტრაბანდული გზით გადაჰქონდათ“, - განაცხადა საზღვაო ძალების სპიკერმა აიუბ გაესემ.
ლიბიის სანაპირო ზოლზე დაკავებული მეორე ნავი მალტის დროშის ქვეშ დაცურავდა და დაკავებულია ლიბიის ტერიტორიულ წყლებში თევზაობის ნებართვის არქონის გამო, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, 29-30 აგვისტოს, ლიბიაში დააკავეს პატარა ზომის ტანკერი, რომელსაც ნავთობი გადაჰქონდა. დაკავებულ გემზე, ეკიპაჟის 11 წევრიდან სამი ქართველია.
საცოდავები... რა ეშველებათ ახლა... ან ასე გვიან რატომ გახდა ცნობილი... ჯერ ლიბია და ახლა მისი ციხე...
ფაქტი ხომ მძიმეა და მერე ზოგადად იმის გააზრება, რომ სად აღარ არის გადახვეწილი ჩვენი ხალხი მონებად...