რა არის აივ?
აივ არის ადამიანის იმუნო დეფიციტის ვირუსის აბრევიატურა. ეს არის ვირუსი, რომელიც გასული საუკუნის მეორე ნახევარში აღმოაჩინეს და რომლის ეპიდემიაც ამერიკის შეერთებულ შტატებში 1980-იან წლებში დაიწყო, შემდეგ კი დანარჩენ მსოფლიოშიც გავრცელდა.
ადამიანის იმუნო დეფიციტის ვირუსი ორგანიზმში შეჭრიდან 2-3 კვირის განმავლობაში იწყებს "გააქტიურებას", რა დროსაც შესაძლოა გამოვლინდეს გაციების მსგავსი სიმპტომები - ცხელება, სისუსტე, ლიმფური ჯირკვლების გადიდება და სხვ. პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში მისი აღმოჩენა ანალიზის საშუალებით შეუძლებელია და ამას ჰქვია ე.წ. ფანჯრის პერიოდი. როდესაც პირველი სიმპტომები ჩნდება, ექიმთა ნაწილი, რომლებიც არ არიან გათვითცნობიერებული აივ ინფექციის მოქმედების სპეციფიკაში, გამოვლენილ სიმპტომებს ამსგავსებს ინფექციურ მონონუკლეოზს. აღნიშნული სიმპტომები 2-3 კვირაში დღეში ქრება. ეს სიმპტომები არის პირველადი რეაქცია ორგანიზმში აივ ინფექციის შეჭრაზე და ის შეიძლება განსხვავებული იყოს და სიმპტომების გარეშეც წარიმართოს. შესაბამისად, ადამიანთა დიდი ნაწილი ვერც კი მიხვდება, რომ დაინფიცირდა. აივ ინფექციის პირველადი სიმპტომებიც ხშირად ერევათ მსუბუქ გაცივებაში და ყურადღებას არ აქცევენ.
აივ ინფექცია ორგანიზმში როცა იჭრება, მისი მთავარი სამიზნე ხდება სისხლის CD4+ უჯრედები, რომლებსაც მარტივად "იმუნიტეტის უჯრედებს" ეძახიან. აივ აზიანებს CD4+ უჯრედებს, სახლდება მათში და იწყებს გამრავლებას, რაც დროთა განმავლობაში ამ უჯრედების კვდომას იწვევს. აღნიშნული უჯრედების კვდომა კი შესაბამისად ნიშნავს ადამიანის იმუნური სისტემის დასუსტებას.
ზოგადად, ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმის სისხლში CD4+ უჯრედების რაოდენობა არის 600-დან 1200 ერთეულამდე მმ3-ში. როდესაც დაინფიცრების შემდეგ CD4+ ლიმფოციტები კვდება, წლების განმავლობაში სისხლში პირდაპირპროპორციულად იზრდება ვირუსის უჯრედების რაოდენობა და ის მილიონებს აღწევს. როდესაც დაინფიცირების შემდეგ სისხლში CD4+ ლიმფოციტების რაოდენობა 500-ს ჩამოცდება, ამ დროს რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება, რათა ვირუსის რაოდენობა შემცირდეს, იმუნიტეტის უჯრედების რაოდენობა კი აღდგეს. მსოფლიოში არსებული უკანასკნელი გაიდლაინებით მკურნალობის დაწყება რეკომენდირებულია მიუხედავად CD4+ ლიმფოციტების რაოდენობისა.
რა არის შიდსი?
შიდსი არის იგივე შეძენილი იმუნო დეფიციტის სინდრომი. აივ ვირუსით დაინფიცირება იმთავითვე არ ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს შიდსი. შიდსი აღნიშნავს აივ-ით დაინფიცირების შედეგად გამოწვეულ მდგომარეობას, უხეშად რომ ვთქვათ, აივ ინფექციით გამოწვეული დაავადების ბოლოს სტადიას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აივ ინფექცია იწვევს ორგანიზმში ე.წ. იმუნიტეტის უჯრედების კვდომას. პროცესი რამდენიმე წელი შეუმჩნევლად მიმდინარეობს. ინფიცირებიდან დაახლოებით 5-7 წლის შემდეგ (ეს პერიოდი დამოკიდებულია ორგანიზმის ინდივიდუალურობაზე), CD4+ უჯრედების რაოდენობა მმ3 სისხლში ჩამოდის 200-ზე დაბლა, ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმის იმუნური სისტემა დასუსტებულია და შესაძლოა, ნებისმიერი დაავადება მარტივად განვითარდეს, მათ შორის სიმსივნეები. როდესაც იმუნიტეტის დაქვეითების შედეგად ჩნდება მსგავსი დაავადებები, სწორედ ამ მდგომარეობას ეძახიან შიდსს. შესაბამისად, არასწორია თავიდანვე იმის თქმა, რომ ვისაც აივ ინფექცია აქვს, მას აქვს შიდსი. შიდსი არის დავადების ბოლო სტადია, რომელიც იმ შემთხვევაში ვითარდება, თუ ადამიანმა თავისი დიაგნოზი არ იცის და არ მკურნალობს.
შიდსის განვითარება იწყება მაშინ როდესაც იმუნური სისტემა სერიოზულად ზიანდება და უკვე სახეზე გვაქვს სხვადასხვა ინფექციები რომელიც შესაძლოა გახდეს ადამიანის გარდაცვალების მიზეზი.
მკურნალობა
აივ/შიდსი არ ნიშნავს სასიკვდილო დიაგნოზს. მართალია, ჯერჯერობით არ არსებობს ამ ვირუსისგან ორგანიზმის საბოლოოდ განდევნის მეთოდი, თუმცა, შესაძლებელია ვირუსის გამრავლებისა და იმუნიტეტის დასუსტების პროცესის შეჩერება, მკურნალობის უახლესი მეთოდების შედეგად, აივ ინფექცია გადაიქცა მართვად, ქრონიკულ მდგომარეობად, ვირუსი ორგანიზმში რჩება, მაგრამ ის არ აზიანებს მას. მკურნალობის შედეგად, ადამიანები სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობენ ათწლეულების განმავლობაში, რა თქმა უნდა, თუ მათი სიკვდილის მიზეზი რომელიმე სხვა დაავადება, ან უბედური შემთხვევა არ გახდა.
რაც უფრო ადრე იქნება დასმული აივ/შიდსის დიაგნოზი, მით უფრო მარტივად და ეფექტიანად მოხდება მასთან გამკლავება. დიაგნოზის დასმის შემდეგ იწყება მკურნალობა, რაც გულისხმობს ექიმის მიერ განსაზღვრულ დროს, დღეში ერთხელ, დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში 1, 2, ან 3 აბის მიღებას, რომელსაც თითქმის არ გააჩნია გვერდითი ეფექტი.
მედიკამენტი კლავს აივ-ის უჯრედებს, შესაბამისად, მცირდება მათი რაოდენობა. მათი მოსპობის პარალელურად გამრავლებას იწყებენ CD4+ უჯრედები, რაც იმუნიტეტის გაძლიერებას ნიშნავს. თუ ადამიანი იცავს ექიმის რეკომენდაციებს, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ადამიანის სისხლში ვირუსის რაოდენობა 0-ს უტოლდება, იმუნური უჯრედების რაოდენობა კი უბრუნდება ჯანმრთელ მდგომარეობას (600-დან 1200-მდე ერთეული მმ3 სისხლში).
მკურნალობის ფონზე აივის გადაცემის შანსი მინიმუმამდე მცირდება.მკურნალობის შედეგად სისხლში ვირუსი როცა ჩამოსცდება 40-ს, ეს ნიშნავს, რომ ის არის "შეუმჩნეველი" (undetectable). მისი რაოდენობა შესაძლოა ნულსაც კი გაუტლოდეს. ამ დროს სისხლში, სპერმაში, საშვილოსნოსა და საშოს სეკრეტში აივ-ის უჯრედები არ ფიქსირდება. თუმცა, ის რჩება ადამიანის ძვლის ტვინში. ასეთ მდგომარეობაში დაუცველი სექსუალური კავშირის დროს, აივ დადებითი პირიდან პარტნიორზე ვირუსის გადაცემის რისკი, თეორიულად, მხოლოდ 4 პროცენტია. ამ დროს ექიმი პაციენტსა და მის პარტნიორს რთავს ნებას, ბუნებრივი გზით იყოლიონ შვილი, თუმცა, აფრთხილებს ვირუსის გადაცემის 4 პროცენტიანი შანსის შესახებ. საქართველოს შიდსის ცენტრის ექიმების ინფორმაციით, მათ პრაქტიკაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ასეთ დროს ინფიცირებული პირიდან მის პარტნიორს ვირუსი გადაეცა. შიდსის ცენტრს აქვს შემთხვევები, როცა პირი დაორსულდა აივ დადებითი პარტნიორისგან, რომლის სისხლში ვირუსის რაოდენობა 0 იყო, თუმცა, არც მას და არც ბავშვს, აივ ინფექცია არ გადასცემია.
აივ/შიდსის დიაგნოსტიკა და მკურნალობა საქართველოში უფასოა. მას საქართველოს მთავრობასთან ერთად გლობალური ფონდი აფინანსებს. საქართველოში მყოფ ნებისმიერ პირს, მისი სოციალური სტატუსისა და მოქალაქეობის მიუხედავად, შეუძლია საქართველოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრში გაიკეთოს ანალიზი უფასოდ. თუ მას აღმოაჩნდა აივ ინფექცია, მას ასევე უფასოდ ჩაუტარდება დამატებითი გამოკვლევები ჰეპატიტებსა, სხვადასხვა დაავადებასა და ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე. სწორედ ამის შემდეგ ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს. აივ/შიდსის სამკურნალო წამლებს პაციენტები შიდსის ცენტრში თვეში ერთხელ, უფასოდ იღებენ. ისინი ასევე უფასოდ იტარებენ საჭირო გამოკვლევებს 4-5 თვეში ერთხელ.
გადაცემის გზები
აივ/შიდსის გადაცემის მხოლოდ სამი გზა არსებობს:
დაუცველი სექსუალური კავშირი;
სისხლით (არასტერილური სამედიცინო ხელსაწყოები, ნემსი, ინფიცირებული სისხლის გადასხმა);
ვერტიკალური - ინფიცირებული დედიდან შვილზე;
აივ/შიდსი არ გადადის საერთო აბაზანა-ტუალეტის გამოყენებით, ხელის ჩამორთმევით, ჩახუტებით, დაცული სექსით, ჰაერ-წვეთოვანი გზით.
აივ ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ არის ცნობილი საერთო მაკრატლის, წვერსაპარსის ან კბილის ჯაგრისის გამოყენების შედეგად, თუმცა სასურველია ინფიცირებულმა პირმა დაიცვას უსაფრთხოება და გამოიყენოს ინდივიდუალური ხელსაწყოები.
აივ/შიდსზე ტესტირება კერძო კლინიკების გარდა, აივ/შიდსზე შესაძლებელია ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში (ანალიზები, კონსულტაცია და მკურნალობა უფასოა), რომელიც მდებარეობს მისამართზე: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი #16
დაიმახსოვრეთ: აივ/შიდსი არ ნიშნავს სასიკვდილო განაჩენს!
დროული მკურნალობა გარანტირებულად უზრუნველყოფს ინფიცირებული ადამიანის ხანგრძლივ და ჯანმრთელ ცხოვრებას.
თემის პირველი ნაწილი This post has been edited by adjarafun on 21 Oct 2017, 11:20