სამართალდამცველები სადაზღვევო კომპანიებში თაღლითებს ეძებენ
ვინ დააზღვევს კომპანიებს ინსცენირებული ავარიებისგან?
commersant.ge
საქართველოში საავტომობილო დაზღვევა სულ უფრო პოპულარული ხდება, თუმცა პარალელურად იზრდება სადაზღვევო თაღლითობის ფაქტების რიცხვიც. ინსცენირებული ავარიები და საავტომობილო დაზღვევის ანაზღაურების თაღლითური გზით მიღების მცდელობები საკმაოდ ხშირად ხდება. ამ დღეებში სამართალდამცავმა ორგანოებმა ორგანიზებული ჯგუფი დააკავა, რომელიც ავტომობილებს რეალურზე მაღალ ფასად აზღვევდნენ. რამდენიმე თვეში კი ავარიების ინსცენირებას ახდენდნენ და ამ გზით სადაზღვევო ანაზღაურებას ითვისებდნენ. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ თაღლითურ სქემაში სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებიც არიან ჩართული.
სადაზღვევო კომპანიების ნაწილიც განცხადებით, სადაზღვევო სფეროში თაღლითობის მცდელობები საკმაოდ ხშირია. ამ მხრივ განსაკუთრებით ჯანმრთელობის დაცვის დაზღვევა გამოირჩევა, თუმცა არანაკლებ იშვიათია ავტოდაზღვევის დროს თაღლითობის მცდელობა. სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფის“ გაყიდვების დირექტორის გიორგი ლომიძის განცხადებით, ამის ძირითადი მიზეზი ქვეყანაში სადაზღვევო კულტურის არარსებობა და არაპროფესიონალიზმია. მისი თქმით, სადაზღვევო კომპანიებში არაპროფესიონალი კადრები მუშაობენ. ამის გამო ხშირია კადრების როტაცია, თანამშრომლები კომპანიას „თავისად“ ვერ აღიქვამენ, ამიტომ გამორიცხული არ არის ასეთი გზით ფულის შოვნის ცდუნებას ვერ გაუძლონ.
ამავეს აცხადებენ სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“. კომპანიის გენერალური დირექტორის ნიკა გამყრელიძის განცხადებით, „ალდაგში“ თაღლითობის მცდელობების გამოსავლენად სპეციალური სამსახურები მუშაობენ, თუმცა არის შემთხვევები, როცა თაღლითობა მხოლოდ დაზღვევის ანაზღაურების შემდეგ ვლინდება. მისი თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევების ინსცენირებას მომხმარებელი ხშირად მაშინ მიმართავს, როცა ავტომანქანა ბანკში აქვს ჩადებული და ფული სჭირდება.
საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტის გიორგი გიგოლაშვილის განცხადებით, სადაზღვევო თაღლითობა დაზღვევის ყველაზე ჩრდილოვანი მხარეა. მისი თქმით, შეუძლებელია იმის მტკიცება, არიან თუ არა სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები თაღლითური სქემების მონაწილენი. თუმცა სადაც ფულია, იქ ცდუნება ყოველთვის არსებობს. გიორგი გიგოლაშვილის განცხადებით, საერთაშორისო სტატისტიკით, მსოფლიოში სადაზღვევო სისტემას 4 ტრილიონი დოლარის სადაზღვევო პრემია აქვს მოზიდული. აქედან 100 მილიარდი დოლარის ანაზღაურება სწორედ თაღლითურ მაქინაციებზეა გაცემული. ანუ ყოველწლიურად ანაზღაურებული სადაზღვევო პრემიებიდან 6–დან 15%–მდე თაღლითურ შემთხვევებზე გაიცემა.
რაც შეეხება საქართველოს, სადაზღვევო კომპანიებში თაღლითობის სამასზე მეტი ფაქტია გამოვლენილი. გასულ წელს ქართულმა მედიამ სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული კადრები გაავრცელა, რომლებშიც მძღოლები სადაზღვევო პრემიის მითვისების მიზნით საკუთარ ავტომობილებს ამტვრევენ.
კადრებში, რომელიც ერთ-ერთი მაღაზიის ვიდეოთვალით კეკელიძის ქუჩაზეა გადაღებული, კარგად ჩანს, როგორ უცვლის მიმართულებას მძღოლი ავტომობილს. ამ უცნაური ქმედებიდან რამდენიმე საათში მან უკვე სადაზღვევო კომპანია "ჯი-პი-აი ჰოლდინგს" მიმართა და მანქანის შეკეთება მოსთხოვა. ავტომობილი ამ კომპანიაში 25 ათას დოლარად იყო დაზღვეული. სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული მასალის დათვალიერების შემდეგ აღმოჩნდა, რომ კეკელიძის ქუჩაზე მანქანა უკვე დამტვრეული მიიტანეს.
მსგავსი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. ნებისმიერ სადაზღვევო კომპანიას უფლება აქვს მის კლიენტს სასამართლოში უჩივლოს.
თაღლითური სქემები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში წარმატებით მუშაობს. საქართველოს სადაზღვევო კომპანიებში კი მალე ე.წ. შავ ყუთს შექმნიან, სადაც ყველა საეჭვო რეპუტაციის მქონე კლიენტი მოხვდება.
http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=22161&ct=2