მიკროავტობუსებში ფეხზე დგომით მგზავრობაზე კონტროლი გამკაცრდება – თბილისის მერი
მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, თბილისში მოძრავ მიკროავტობუსებში ფეხზე დგომით მგზავრობასთან დაკავშირებული რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია “იმედს” განუცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით რეგულაციები არსებობს, მაგრამ არ სრულდება.
თბილისის მერი ასევე, გამოეხმაურა სახელმწიფო აუდიტის დასკვნას, რომელიც დედაქალაქში მოძრავი მიკროავტობუსების ტექნიკურ მდგომარეობას შეეხება და განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც მუნიციპალური ავტოპარკი ახალი, თანამედროვე ავტობუსებით ჩანაცვლდება, ყვითელი ე.წ მარშრუტკების კომპანიის მფლობელებს მოუწევთ თავიანთი პარკის განახლებაზე იზრუნონ.
“როდესაც ჩვენ დავიწყებთ ახალი ავტობუსების შემოყვანას აუცილებლად ყვითელი ეგრეთწოდებული მარშრუტკების კომპანიის მფლობელებს მოუწევთ იმაზე ფიქრი, რომ თავიანთი პარკი განაახლონ”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ტექნიკურად გაუმართავი მიკროავტობუსები აბინძურებენ გარემოს და ქმნიან სერიოზულ პრობლემას.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც საუბარია იმაზე, რომ 2017 წელს თბილისში მოძრავი 673 ავტობუსიდან, 456 ავტობუსმა (68%) ინსპექტირება ვერ გაიარა.
2016 წლის 3 ოქტომბრიდან 2017 წლის 3 აპრილამდე პერიოდში, ყვითელი მიკროავტობუსების 25% პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად არ გამოცხადდა; ხოლო გამოცხადებული -1 524 მიკროავტობუსიდან 4% უვარგისი გამოდგა.
http://www.city.kvira.ge/2018/03/21/%E1%83...3%94-%E1%83%93/