ერთი აქაც უნდა დავდო - შემთხვევით გადავაწყდი ამ ტექსტს, რაღაცას ვეძებდი და რა ვნახე.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი
მარკეტინგული ტერმინოლოგიის ინგლისურიდან ქართულად თარგმნის ძირითადი პრობლემები...
სამეცნიერო ხელმძღვანელი: ... ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.
კონსულტანტი: ... ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
§ 3.2. აბრევიატურების ტრანსლიტერაცია (81 გვ.)
...
ტრანსლიტერაციის ნიმუშები მარკეტინგულ ტერმინოლოგიაშიც გვხვდება, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს მთარგმნელობითი პრინციპი ყველაზე ნაკლებადაა გავრცელებული მარკეტინგული ტერმინოლიგიის აბრევიატურების თარგმნის დროს. მაგ:
GATT (The General Agreement on Tariffs and Trade) - ,,გატტ‘‘-ი;
PR (Public Relations) - ,,ფიარ‘‘-ი;
FOB (Free on Board) – ,,ფობ‘‘-ი;
CIF (Cost Insurance Freight) - ,,სიფ‘‘-ი;
CAF (Cost And Freight) – ,,კაფ‘‘-ი;
FAS (Free Alongside Bridge) - ,,ფას‘‘-ი და ა.შ.
საყურადღებოა, რომ პრობლემა ასეთი მარტივი მთარგმნელობითი ხერხის დროსაც შეიძლება შეექმნას მთარგმნელს მაშინ, როცა ორიგინალი სიტყვის ერთ ან მეტ ასოს ქართულ ენაზე გადმოცემის რამდენიმე ვარიანტი აქვს. ამის ნათელი მაგალითია GATT-ის ქართული თარგმანი ,,გატტ‘‘-ი.
რომელია მართებული ფორმა: ,,გატტ‘‘-ი თუ ,,გათთ‘‘-ი?ინგლისური ენის ორთოგრაფიული და ფონეტიკური წესებიდან გამომდინარე ანბანის მეოცე ასო Tt ნიშნავს ფონემებს [ t ] ან [ ð, Ɵ ] ,,h‘‘ ასოსთან კომბინაციაში. მაგ: telex [teleks ]; that [ ðət ]; thesis [Ɵi:sis]. თუმცა, არსებობს გამონაკლისიც, როცა th – ს კომბინაცია არა [ ð ] an [ Ɵ ] არამედ [ t ] გამოითქმის: the Thames [ ði tæms].
მოყვანილი წესებიდან გამომდინარე ინგლისური ტერმინის
ქართული თარგმანი ,,გატტ‘‘-ი აბსოლუტურად შეუსაბამო შესატყვისია, რადგანაც ასო ,,t‘‘ ქართულში ,,ტ‘‘ ვერ გახდება, უფო მეტიც, მსგავსი ფონემა ინგლისურ ენაში საერთოდ არ არსებობს.მაშინ ისმება კითხვა: რატომ მიანიჭეს მთარგმნელებმა უპირატესობა არამართებულ, მცდარ ვარიანტს? აქ იკვეთება უკვე სულ სხვა საკითხი მესამე ენის ზემოქმედების სახით. ,,გატტ‘‘-ი ესაა აბრევიატურის ვარიანტი, რომელიც
უთუოდ რუსული ენის გავლენას მიეწერება. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ტერმინოლოგიის, ამ შემთხვევაში კი აბრევიატურების ქართულ თარგმანებში, განსაკუთრებით კი საბჭოთა პერიოდის ნიმუშებში, ხშირად ვხვდებით შუალედური, რუსული თარგმანის კვალს, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ტერმინი უშუალოდ ინგლისური ვარიანტისგან მიღებული აბრევიატურაა. რუსული ენაზე ნათარგმნი ნიმუშების ქართულში გადმოტანის ერთ-ერთი და უმთავრესი მიზეზი ექსტრალინგვისტური ფაქტორებიდან მომდინარეობს - როგორც საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყანა, რუსული ენის გავლენა ყველა სფეროში იგრძნობოდა. სწორედ ამის გამოა, რომ ქართულში დამკვიდრდა ,,ფ‘‘ −›,,პ‘‘, ,,თ‘‘ −›,,ტ‘‘ გადმოტანის ტენდენცია. ფონემათა ამგვარი სახით გადმოცემა საკამათო და აქტუალური პოსტსაბჭოთა პერიოდში გახდა, მაშინ, როცა ინგლისურმა ენამ მეტი გავლენა მოიპოვა საქართველოში და უკვე პირდაპირი წყაროდან გადმოცემის შესაძლებლობებიც გაიზარდა. დაისვა ფონემათა უფრო მართებულად გადმოტანის საკითხი, მით უფრო, როცა ქართული ენა ამის საშუალებას გვაძლევს.
ამგვარი დამოკიდებულების კარგი ნიმუშია აბრევიატურა PR, რომლის ტრანსლიტერირებულ ქართულ ვარიანტებში ორი ფორმა ,,პიარ‘‘ და ,,ფიარ‘‘ გვხვდება. ჩვენი აზრით, რადგანაც ტერმინი ტრანსლიტერირებულია ინგლისური ენიდან და ტრანსლიტერაციაც გრაფიკული თუ ხმოვანი ფორმის ზუსტ გადმოტანას გულისხმობს თარგმანის ენაზე,
უმჯობესია უპირატესობა მივანიჭოთ ზედმიწევნით მიახლოებულ ვარიანტს ამ შემთხვევაში ,,ფიარ‘‘-ს. მით უფრო, როდესაც საქმე ეხება ტერმინოლოგიურ აბრევიატურებს, რადგანაც ტერმინის გადმოცემის მთავარ აუცილებლობად მისი ორიგინალთან სიზუსტე წარმოადგენს.
ამ პრობლემის მოგვარების საკითხი გარკვეული, კარგად დასაბუთებული და ჩამოყალიბებული წესების შემუშავებასთანაა დაკავშირებული, რათა საბოლოოდ მოგვარდეს ამგვარი გაურკვევლობით შექმნილი ვარიანტების დამაბნეველი მრავალფეროვნება. მსგავს შემთხვევებში წარმოებასა და მეცნიერების სხვადასხვა დარგში მომუშავე სპეციალისტებმა აუცილებელია შეარჩიონ ვარიანტი, რომელიც მაქსიმალურად შეესიტყვება ორიგინალის არსს და უნდა გამოთქვან საკუთარი კრიტიკული შეფასება თარგმანში არსებულ უზუსტობაზე. მაგრამ, ასეთი მცდარი ვერსია მასობრივ ხასიათს თუ მიიღებს, როგორც ხდება ტერმინ-აბრევიატურა ,,გატტ‘‘-თან დაკავშირებით, მაშინ
იძულებულები ვართ ვაღიაროთ, როგორც გავრცელებული ტენდენცია და მივიღოთ აბრევიატურის ეს ქართული ვარიანტი.https://sangu.ge/images/2015/teavephkvadze.pdfგვარები არ მოვიყვანე, იმიტომ რომ მნიშვნელობა არ აქვს.
მე რომ ისთ ფოინთი, ფიარი თუ თბილმეფი ვიღაცების უვიცობის ნაყოფი მგონია, თურმე „მეცნიერულ“ დონეზეა ეს ყველაფერი „დალაგებული“ და გამართლებული. დოქტორ-პროფესორების დონეზეა მოგვარებული, რომ ფიარი ყოფილა სწორი და „მსგავსი ფონემა ინგლისურ ენაში საერთოდ არ არსებობს“.
მარკეტოლოგიის ჩვენებურ მესვეურებს არ უნდათ რომ ბარემ ვაშინგთონი, ნიუ-იორქი, ამერიქა, ბოსთონი, ნიუთონი, თითანიქი იბაზრონ, თუ „იძულებულები არიან აღიარონ“, რომ გავრცელებული შეცდომაა და შეეგუონ?
ჯობს თავისი დარგიდან დაიწყონ - თავის სფეროს მარქეთინგი დაარქვან და თვითონ კი - მარქეთოლოგები გახდნენ.