ამ პატარა თემით მინდა ჩემი გულისწუხილი და ბრაზი გამოვხატო ამ ფაქტის მიმართ. ბევრ დედას ჰგონია, რომ ბავშვის აღზრდა ჭამით იწყება და მოჯმით მთავრდება. მთავარია ბავშვი თბილად იყოს, დანაყრებული და წყურვილმოკლული, ამის იქით რა ხდება დიდად არ აინტერესებთ, სანამ უკვე გვიანი არაა. როდესაც 7-8 წლის ბავშვმა არ იცის დამოუკიდებლად ტუალეტის გამოყენება, ონკანის გამოყენება, არ იცის საკუთარი ხელით ჭამა, არ იცის საკუთარი ხელით ჩაცმა, თითქმის ყველაფერში ითხოვს უფროსის დახმარებას ეს ფსიქოლოგიური დაინვალიდების ტოლფასია და ამისი აღმოფხვრა მომავლაში რთულია.
დღევანდელ მშობლებს ვერანაირ სურვილს ვერ ვატყობს რომ შვილების სიცოცხლისუნარიანობას, დამოუკიდებლობას და ინიციატივიანობას ხელი შეუწყონ. იმას ვერ ხვდებიან, შვილის მაგიერ ყველაფრის კეთებით რომ მას უბედური ცხოვრებისთვის ამზადებენ.
არც კი ცდილობენ პატარა დაბრკოლების დროს შვილებს მისი დამოუკიდებლად მოგვარება დააცადონ. ყველაფერს თვითონ უკეთებენ. ეს არამარტო საზიანოა, არამედ ტრაგიკულიც, რადგან დედები ამით საკუთარ შვილებს უბედური ცხოვრებისთვის ამზადებენ, როგორც აღვნიშნე.
ყოველდღიური ცხოვრებისეული პრობლემები არის ბავშვის განვითარების შესაძლებლობა. როდესაც ბავშვი რაღაც პრობლემას აწყდება, რომლის მოგვარებაც თავისით შეუძლია, მშობელმა მას უნდა დააცადოს. თუ ვერ ერევა ამ პრობლემას მაშინ უნდა დაეხმაროს. მაგრამ საბოლოო ჯამში პრობლემის მოგვარებაში ბავშვის წილიც უნდა იყოს. მშობლის ფიქრი მუდამ ის უნდა იყოს თუ როგორ ასწავლოს ბავშვს რაც შეიძლება მეტი რამის კეთება დამოუკიდებლად, რადგან პრობლემის თავად გადაწყვეტით ბავშვი უფრო თავდაჯერებული, კომპეტენტური და სიცოცხლისუნარიანი ხდება. ეს მას არამარტო მშობლებთან ურთიერთობას გამოუსწორებს, რადგან უფრო ბედნიერი იქნება, არამედ ნამდვილი მეგობრების შეძენაშიც დაეხმარება მომავალში.
დედების გიჟური სიყვარულის შესახებ ვიცი და გასაგებია, რომ შვილებს ისინი სიყვარულის გამო იცავენ ყველანარი ჯაფისგან თუ საფრთხისგან. მაგრამ იცოდეთ დედებო, რომ როცა დრო მოვა თქვენი შვილი გაიზრდება, გარეთ გავა და უზომოდ გაუჭირდება როდესაც რეალურ სამყაროში აღმოჩნდება, რადგან არ ექნება დამოუკიდებლად რამის კეთების ინიციატივა. იქნება შფოთიანი რადგან სიახლეები შეაშინებს. იქნება ბოღმიანი რადგან ჩათვლის რომ სხვები მას ცუდად ექცევიან. იქნება წყენის გულში ჩამდები და ძნელად აპატიებს სხვებს. ექნება დაბალი თვითშეფასება, რადგან ვერ შეძლებს გრძელვადიანი გულწრფელი ურთიერთობების აგებას. არაფერია კარგი ამაში.
შეუძლებელია ბავშვი სრულყოფილ მოზარდად და შემდეგ ზრდასრულად გარდაიქმნას თუ არ ისწავლის საკუთარი თავის ნდობას და წინაღობების თავად გადალახვას. ბავშვს უნდა მისცეთ გასაქანი, სივრცე განვითარებისთვის.
ყველა დედას გისურვებთ არ დაუშვათ ეს გამოუსწორებელი შეცდომა რომელსაც ზედამცველობა (ჰიპერპროტექცია) ჰქვია და არ დააინვალიდოთ თქვენი შვილი.
დიდი სიყვარულით და საუკეთესო სურვილებით
This post has been edited by Nikalas on 15 Feb 2020, 22:35