ერთი დარდიანი კაცი დადის ამ ქალაქში, თბილისზე დადარდიანებული.
სად არ შეხვდებით შახტახტზე, გუდიაშვილზე, თაბორის მთაზე, საჯარო ბიბლიოთეკაში, გრიშაშვილის მუზეუმში, მირზა შაფზეც დადის, ქუჩა აღარ არსებობს, მაგრამ მაინც დადის..
მოკლედ, ყველგან შეიძლება ნახოთ.
არა, ყველგან არა!
ტრანსპორტში ვერ შეხვდებით, ფეხით დადის... ქალაქის ტრანსპორტის ისტორია ზეპირად იცის, ყველაფერს მოგიყვებათ, მაგრამ თვითონ ტრანსპორტით არ სარგებლობს. ტრანსპორტიდან ქალაქს ვერ გაიცნობ. ნაღდი ქალაქი ქვაფენილიან ქუჩებშია, იმ ადგილებში რომელიც საპოვნელია და ასე ყველასთვის ხილული არ არის.
ეს კაციც დადის და თავის ქალაქს ეძებს. ამ ძებნაში საკუთარ თბილისს პოულობს და შემდეგ სხვები დაჰყავს ხოლმე სანახავად.
ყველა შემოვლაზე ამჩნევს თუ როგორ იკარგება ძველი ქალაქი... ამჩნევს და დარდიანდება.
ეს დარდი მისთვის ტვირთი და სხვისთვის იმედია! ქალაქში როცა რამე ხდება ყველას დარდიანი კაცი ახსენდება, ეიმედებათ... იციან, რომ სხვისი დარდის გაზიარებით საკუთარი ტვირთის დამძიმებას თავს არ აარიდებს.
ქალაქში ცნობენ. წარწერიანი მაისურით დადის - "ერთად ვიზრუნოთ ქალაქზე". მართალია ეს სლოგანი სხვებმა აიტაცეს, მაგრამ ქალაქმა ხომ იცის ვინ ზრუნავს მასზე.
ვისთვის მეგობარია, ვისთვის ჟურნალისტი, ვისთვის მეამბოხე, ვისთვის მაჟორიტარი დეპუტატი.... არადა, ერთი უბატონო კაცია, საკუთარი დარდის უსტაბაში, რომელიც თბილისის ქუჩებში ტფილისთან შეხვედრას ელის. ეძებს და ელის... ეს სიტყვა საკუთარ გვარში აქვს კოდირებული.
მასთან შეხვედრის ადგილები ზემოთ ჩამოვთავალეთ. ამ ჩამონათვალს ერთიც უნდა მიემატოს - თბილისის მერია!
გააკეთეთ არჩევანი, ქალაქის სასარგებლოდ!
21 ოქტომბერს საკუთარ თავთან პირისპირ ვრჩებით!
21 ოქტომბერს უნდა გავაკეთოთ მომავალზე ორიენტირებული არჩევანი!
21 ოქტომბერს ან თბილისი გაიმარჯვებს, ან პარტიული ელიტა!
21 ოქტომბერი არის შანსი, რომ თბილისმა დაამტკიცოს - ამ ქალაქში პოლიტიკურ დღის წესრიგს საზოგადოება ადგენს!
21 ოქტომბერი არის იმედი, რომ თბილისი გადარჩება!
ალეკო ელისაშვილი "ტფილისის ჰამქრის" არჩევანია, ქალაქი ელის!