მზე ცაზე ფეხებს აითრევს
დარჩენა ისევ სწყურია
სიცოცხლის სამოსახლოა
ჩემი პატარა გურია !
„გველოდება სასტაული გასაკვირალი, გურიას და ბავარიას სუპერფინალი“
ლანჩხუთი „გურია“
საფეხბურთო გუნდი ფირალების კუთხიდან
1926 - დაბადება
ფეხბურთის ისტორია ლანჩხუთის გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან იღებს სათავეს. ლელობურთის მექაში სულ უფრო პოპულარული ხდებოდა ინგლისური „ფუტბოლი“. ბახმაროში ყოველწლიურად იმართებოდა გურიის პირველობა, სადაც ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, სამტრედიისა და სუფსის გუნდები თამაშობდნენ.
1926 წელს, ლეგენდარულმა ანდრო ჟორდანიამ, რომელსაც ლანჩხუთური ფესვები ჰქონდა, ჩამოაყალიბა პირველი გუნდი, რომელსაც იმდროინდელ ყაიდაზე - КИМ ანუ კომკავშირული ინტერნაციონალური ახალგაზრდობა ეწოდა.
ეს ლანჩხუთის კიმ-ის ერთადერთი ფოტოა, რომელიც გადამოწმებული ინფორმაციით, ბახმაროში 1926 წელს გადაიღეს. კიმ-ის შემადგენლობა ფოტოზე გაკეთებული მინაწერის მიხედვით ასეთია:
გრიშა ცინცაძე, შალვა კილაძე, აკაკი ცინცაძე, ვალერიან მდივანი, დავით ცინცაძე, კოლია ბარამიძე, კალანდაძე(სახელი არ წერია), ბიჭიკო ქავთარაძე, ჟორა ქავთარაძე, მიხეილ ცინცაძე. გუნდის პირველი კაპიტანი იყო გრიშა ცინცაძე, შემდეგ კაპიტანი მისი ძმა მიხეილ გამხდარა.
1926 – 1949
კიმ-ის გარდა ლანჩხუთში ძლიერი გუნდები ჰყავდათ აგარაკის კოლმეურნეობას, თეატრს, სუფსასა და ჯურუყვეთს. მოგვიანებით, ასევე შეიქმნა ლანჩხუთის „სპარტაკისა“ და კოოპერაციის გუნდები. სერიოზული სტუმრების შემთხვევაში იქმნებოდა ლანჩხუთის ნაკრები.
1937 წელს ნაკრებმა ლანჩხუთში ჯერ ჩაქვის გუნდს მოუგო 4-0, შემდეგ კი სამტრედიას 2-0.
მეორე მსოფლიო ომმა ისევე როგორც ყველგან, ფეხბურთის განვითარება ლანჩხუთშიც შეაჩერა. ფეხბურთელთა უმეტესობა ომში წავიდა, მათი მცირე ნაწილი მოგვიანებით - ნიკოლაევის და ლენინგრადის გუნდებშიც კი დარჩა.
ომის შემდგომ, ლანჩხუთის ნაკრები ხელახლა შეიკრიბა. განსაკუთრებით ძლიერი მეტოქე მაშინ ყოფილა ურეკის „მაგნეტიტის“ გუნდი, რომელიც მთლიანად უნგრელი ტყვეებით იყო დაკომპლექტებული. 1946 წელს ლანჩხუთმა უნგრელებთან 2 მატჩი გამართა: 3-1 და 3:3 დაასრულა.
1949 წელს, ლანჩხუთში შეიქმნა სასოფლო-სპორტული საზოგადოება „კოლმეურნეს“ რაიონული ორგანიზაცია და გუნდსაც ავტომატურად „კოლმეურნე“ ეწოდა
1950 - 1966
1950 წელს ლანჩხუთის „კოლმეურნე“ საქართველოს პირველობის მესამე ჯგუფში ჩაირიცხა, პირველი თამაში კი ამბროლაურთან გამართა და 3-1 სძლია. სამივე გოლი ხადილა ებრალიძემ გაიტანა.
უკვე 1953 წელს, „კოლმეურნემ“ მესამე ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მეორე ჯგუფში გადავიდა. ამ დროს „კოლმეურნეში“ 16 წლის ილია დათუნაშვილი ჩაირიცხა, რომელიც მოგვიანებით თბილისის „დინამოს“ ვარსკვლავი გახდა.
უკვე 1956 წელს „კოლმეურნემ“ მეორე ჯგუფიც მოიგო და პირველ ჯგუფში გადავიდა. გადამწყვეტ მატჩში, 8 სექტემბერს, გაგრის „ბურევესტნიკი“ 3-1 დაამარცხა. გაგრელთა ღირსებას ამ თამაშში 19 წლის ვლადიმერ ბარქაია იცავდა. პრესტიჟის გოლი გურულებს სწორედ მან გაუტანა.
1958 წელს, „კოლმეურნეს“ გაწვრთნა 23 წლის შალვა კაკაბაძემ დაიწყო, რომელმაც მანამდე სამი სეზონი ლანჩხუთში ითამაშა. ასე დაიწყო გურიაში კაკაბაძის ერა, რომელმაც 1980 წლამდე გასტანა. კაკაბაძის გუნდში მოწვევის ინიციატორი „გურიას“ არაფიციალური სპონსორი და ქომაგი ევგრაფი შევარდნაძე იყო.
„კოლმეურნე“ რესპუბლიკის პირველობის პირველ ჯგუფში მესამე ადილზე გავიდა. სულ 2 ქულით ჩამორჩა გამარჯვებულ რუსთავის „მეტალურგს“. ამ დროს ლანჩხუთელთა კარს 19 წლის რამაზ ურუშაძე იცავდა, რომელიც მოგვიანებით სსრკ-ს ნაკრების წევრი გახდა.
1960 წელს ლანჩხუთის ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ფაქტი მოხდა. „კოლმეურნეს“ ოფიციალურად ეწოდა „გურია“!
1960 წელს, „გურია“ საქართველოს ჩემპიონატში უკვე მეორე იყო, პირველობა ქუთაისის „იმერეთს“ დაუთმო, საქართველოს თასის ფინალი კი ოზურგეთის „სიხარულთან“ წააგო.
1961 წელს, როცა სოფელ ლანჩხუთს ქალაქის სტატუსი მიენიჭა, „გურია“ პირველად გახდა საქართველოს სსრ-ს ჩემპიონი, 6 ქულით გაასწრო სამტრედიის „ლოკომოტივს“, სულ კი გუნდმა 97 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ამ პედიოში „გურიაში“ დებიუტი ჰქონდა 17 წლის ზორბეგ ებრალიძეს.
1965 წელს „გურიამ“ პირველად მოიგო საქართველოს თასი! თასის ფინალის პირველი მატჩი, ახალციხის „მესხეთთან“ ჯგუფური ჩხუბის გამო ჩაიშალა. განმეორებით მატჩში კი, რომელიც თბილისის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა „გურიამ“ 3-0 იმარჯვა.
ამ ისტორიულ ფოტოზე სწორედ საქართველოს თასის მფლობელები არიან აღბეჭდილნი:
1- თემურ კანდელაკი, 2 -ნოშრევან ნარიაშვილი, 3 - ლერი ლომაძე, 4 - თამაზ კვირკველია (კაპიტანი), 5 - ჯემსუატ ურუშაძე, 6 - ლერი მამფორია, 7 - როინ ჩხარტიშვილი, 8 - ბეგი სიხარულიძე, 9 - შალვა კაკაბაძე (უფროსი მწრვთნელი), 10 - ჭიჭიკო ორაგველიძე (მწვრთნელი), 11 - ჟორა ჭყონია, 12 - ვალიკო წილოსანი, 13 - თემურ კოხრეიძე, 14 - გენო ჯორბენაძე, 15, ბაშკირა წერეთელი, 16 - ვახტანგ თევზაძე
1966 წელს „გურიამ“ უკვე დუბლი შეასრულა. მოიგო საქართველოს ჩემპიონობაც და თასიც. 1966 წლის 17 ნოემბერს ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში „გურიამ“ ქობულეთის „შუქურას“ ჟორა ჭყონიას გოლით აჯობა.
ეს სწორედ „გურიას“ ის შემადგენლობაა, რომელმაც „დუბლი“ გააკეთა და ლანჩხუთს სსრკ-ს პირველობის ბ კლასში ასპარაზობის უფლება მოუტანა.
სხედან მარცხნიდან: ჯემსუატ ურუშაძე, ლერი ლომაძე, ბეგი სიხარულიძე, ნოშრევან ნარიაშვილი, ჟორა ჭყონია, როინ ჩხარტიშვილი.
დგანან, მარცხნოდან: თამაზ კვირკველია (კაპიტანი) , ბაშკირა წერეთელი, ჯუმბერ ჯაგაშვილი, შოთა პატარაია, რეზო ნებურიშვილი, ზორმეგ სანაძე, ვალიკო წილოსანი, შალვა კაკაბაძე (უფროსი მწვრთნელი).
1967 – 1972
1967 წლის 1 მაისს ლანჩხუთში პირველად გაჩერდა ბათუმი-მოსკოვის სამგზავრო მატარებელი. ეს სწორედ „გურიას“ დამსახურება იყო, რომელიც სსრკ-ს პირველობის ბ კლასის მეოთხე ზონაში პირველად გამოვიდა და მე-12 ადგილი დაიკავა.
მომდევნო, 1968 წელს, „გურია“ უკვე მეორე იყო. 2 ქულით მხოლოდ არმავირის „სევანს“ ჩამორჩა. ამ სეზონში მოიპოვა „გურიამ“ რეკორდული მოგება 7-0 გროზნოს „უროჟაისთან“.
1969 წელს, „გურია“ ბ ზონის, სამხეთ კავკასიის ზონაში ისევ მეორე იყო. ამჯერად 5 ქულით გორის „დილას“ ჩამორჩა.
1970 წელს, „გურია“ მე-5 ადგილზე გავიდა, თუმცა ბ ზონიდან საერთოდ დააქვეითეს. ერთ-ერთი ვერსიით, საქართველოს გუნდები რიაზანის „სპარტაკის“ ჩაძირვას შეთანხმებულად ცდილობდნენ. „გურიამ“ ბოლო ტურში რიაზანს 3-1 მოუგო, თუმცა რიაზანი მაინც პირველზე დარჩა.
1971 წელს „გურიამ“ ისევ საქართველოს პირველობაზე გადმოინაცვლა და ჩემპიონი გახდა. ასევე დაეუფლა თასს. ფინალში ზესტაფონის „მეტალურგს“ ჯერ 3-3 ეთამაშა, შემდეგ კი დამატებით დროში, ვაჟა გუბელაძის გოლით მოუგო 1-0.
ფოტოზე 1971 წლის „გურიაა“: ზიან მარცხნიდან: თამაზ სამსონაძე , ზური კუნჭულია, როინ ჩხარტიშვილი, გივი მენთეშაშვილი, ვალიკო წილოსანი, ვოვა ცაგარელი.
დგანან მარცხნიდან: ნოშრევან ნარიაშვილი (მწვრთნელი) , გურამ შავდია, ომარ პერტენავა, ვახტანგ ძიძიგური, ბეგი სიხარულიძე, რეზო ქირია, თენგიზ ვაწაძე, ელგუჯა იმედაძე, ვახტანგ თევზაძე, შალვა კაკაბაძე (უფროსი მწვრთნელი).
1972 - 1986
1972 წლიდან „გურია“ სსრკ-ს მეორე ლიგაშია. 1975 წელს „გურიას“ კარგი შანსი ჰქონდა პირველ ლიგაში გადასულიყო, მაგრამ ფინალურ ეტაპზე, ჩიმკენტში, ცუდად ითამაშა და მე-5 ადგილს დასჯერდა. ორ საგზურს კი გროზნოს „ტერეკი“ და რიგის „დაუგავა“ დაეუფლნენ.
1976 წელს „გურიას“ კიდევ ერთხელ არ გაუმართლა. გურულებმა მეორე ლიგის პირველ ზონაში ბრესტის „დინამოს“ და ვილნიუსის „ჟალგირისს“ გადაასწრეს და პირველი ადგილი დაიკავეს. გადასასვლელ მატჩი „გურიამ“ ეკატერინბურგის „ურალმაშს“ ლანჩხუთში 0-0 ეთამაშა, იქ, კი 20 გრადუსიან ყინვაში 0-2 წააგო.
1978 წელს „გურია“ მეოთხე ზონაში მხოლოდ ქულით ჩამორჩა პერმის „ზვეზდას“. ასევე დაამყარა ახალი საკლუბო რეკორდი 8-1 მოუგო ნახიჭევანის „არაზს“.
1979 წელს კი „გურიას“ საუკეთესო სეზონი ჰქონდა. ბოლო ტურში, როცა სამ გუნდს ჰქონდა პირველ ადგილზე გასვლის შანსი, „გურიამ“ გასვლაზე, ამირან სევასტოპულოს გოლით ყაზანის „რუბინი“ დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა. რაც მთავარია 46 მატჩში 110 გოლი გაიტანა, რაც დღემდე სსრკ-ს მეორე ლიგის რეკორდია.
ეს ისტორიული ფოტო 1979 წლის 29 ოქტომბერს სწორედ ყაზანიდან ჩამოფრენის შემდეგ, კოპიტნარის აეროპორტშია გადაღებული. „გურიას“ წარმატების მთავარი შემოქმედი ედუარდ შევარდნაძის ძმა ევგრაფი შევარდნაძე იაგო ჟორჟიკაშვილს, ბეგი სიხარულიძესა და სერგეი დუდას ეგებება.
1980 წელს, დებიუტანტმა „გურიამ“ სსრკ-ს პირველ ლიგაში მე-11 ადგილი დაიკავა. 1981 წელს „გურია“ უკვე მე-14 იყო. ამ წელს უმაღლესი ლიგის საგზური ქუთაისის „ტორპედომ“ და ხარკოვის „მეტალისტმა“ მოიპოვა, რომელმაც 11 აპრილს „გურიას“ 3-0 მოუგო. ეს სწორედ ხარკოვის მატჩის ვიდეოა, ყველაზე ძველი ვიდეოკადრები, რომელიც „გურიის“ შესახებ არსებობს.
1981 წელსვე, 23 აგვისტოს შედგა, პირველი პირდაპირი ტელერეპორტაჟი მოსკოვიდან, სადაც „გურიამ“ მოსკოვის „ლოკომოტივს“ მოუგო.
1982 წელს „გურია“ გავარდნას გადაურჩა. 1983 წელს, ალექსანდრე კოტრიკაძისა და მურთაზ ხურცილავას წარუმატებელი წვრთნის შემდეგ, „გურიას“ ისევ შალვა კაკაბაძე დაუბრუნდა. 1986 წლამდე გურულები პირველი ლიგის შუაგულში ტრიალებდნენ...
1986 – 1989 „უმაღლესში ჩეირიცხა ჩვენი გურია“
1986 წელს ლანჩხუთის „გურიამ“ საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი სენსაცია მოახდინა. რაიონულმა ცენტრმა ათი ათასამდე მაცხოვრებლით უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა.
„გურიამ“ საკმაოდ კარგად დაიწყო სეზონი, თუმცა აგვისტოში ჰქონდა სერიოზული ჩავარდნა, როცა ზედიზედ სამი თამაში წააგო, მათ შორის სახლში, „კუზბასთან“ 2-4. ამ დროისთვის, პირველ ლიგას დიდი სხვაობით ლიდერობდა რიგის „დაუგავა“, მას მისდევდა მოსკოვის ცსკა.
ფოტოზე, 1986 წლის „გურიის“ კაპიტანი თემურ ჩხაიძე, შოთა პატარაია, იმედო, დუნდუა და მთავარი მწვრთნელი ბეგი სიხარულიძე
სექტემბერში, „გურიამ“ „როტორთან“ და ცსკას-თანაც წააგო, თუმცა შემდეგ მოულოდნელად მოუმატა . უნიშვლეოვანის გამოდგა 26 ოქტომბრის მატჩი ლანჩხუთში რიგის „დაუგავასთან“. გურულებმა ეს მატჩი ბესიკ ფრიდონაშვილისა და ვახტანგ კოპალეიშვილისა ფანტასტიური გოლის წყალობით 2-1 მოიგეს.
გადამწყვეტი მატჩი კი შედგა ბათუმში. 12 ნოემბერს, „გურიამ“ ბესიკ ფრიდონაშვილის ისტორიული გოლით მოსკოვის „ლოკომოტივი“ დაამარცხა და უმაღლესი ლიგის საგზური გაიფორმა!
1986 წლის ბოლოდან ლანჩხუთში დაიწყო ახალი 21 300-იანი ტევადობის სტადიონის მშენებლობა, რომელიც რეკორდულ დროში აიგო. ასევე აშენდა, ახალი საწვრთნელი ბაზა გრიგოლეთში.
სსრკ-ს უმაღლეს ლიგაში პირველი მატჩი, ახალ სტადიონზე, „გურიამ“ 1987 წლის 13 მარტს გამართა და მოსკოვის „სპარტათან“ 0-2 დამარცხდა.
ამ ფოტოზე „გურიისა“ და „სპარტაკის“ კაპიტნები: თემურ ჩხაიძე და რინატ დასაევი არიან. როგორც მოსალოდნელი იყო, დებიუტანტს უმაღლესში საკმაოდ გაუჭირდა. სულ 5 თამაშის მოგება შეძლო. აღსანიშნავია მოსკოვის „დინამოს“ დამარცხება
2-1
სეზონის შუაწელში გუნდის მთავარი მწვრთნელი ალიოშა კოტრიკაძის ნაცლად უკრაინელი მიხეილ ფომენკო გახდა, თუმაც „გურია“ გავარდნას ვერც მან გადაარჩინა.
1988 წელს, „გურია“ პირველ ლიგაში მეოთხე ადგილზე გავიდა, თუმცა სსრკ-ს თასზე მრისხანე კიევის დინამოსთან მეთექვსმეტედფინალის საშინაო მატჩის მოგება შეძლო
1989 წელს კი „გურიამ“ კიდევ ერთხელ მოახდინა ფურორი და მეორედ მოიპოვა უმაღლესი ლიგის საგზური. ლანჩხუთელებმა ყველა საშინაო მატჩი მოიგეს, რაც ახალი საკლუბო რეკორდი იყო.
1990 – 2007
1990 წლის დასაწყისში „გურია“ პირველი ქართული გუნდი გახდა, რომელმაც მხარი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გამართვას დაუჭირა და სსრკ-ს უმაღლეს ლიგაში ასპარეზობაზე უარი თქვა.
1990 წლის პირველ ეროვნულ ჩემპიონატში „გურია“ ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსით ჩაება და საბოლოო ვერცხლის მედლები მოიპოვა. სამაგიეროდ, „გურია“ პირველი დაეუფლა საქართველოს თასს. ფინალში, 18 ნოემბერს, დამატებით დროში 1-0 მოუგო სოხუმის „ცხუმს“. გოლი ბესიკ ფრიდონაშვილმა გაიტანა.
ფოტოზე: საქართველოს თასით ოთარ კორღალიძე, ავთანდილ ქანთარია, და „გურიას“ ლიტველი ლეგიონერები ფრიდრიკასი და მაჟეიკასი არიან აღბეჭდილნი
1991 წელს „გურია“ ისევ მეორეა. თბილისის „დინამოს“ მხოლოდ ქულით ჩამორჩა. 1992 წელს მესამე ადგილს იკავებს. შემდეგ იწყება კრიზისი, რომელიც სულ უფრო ღრმავდება.
1992-93 წლებში მე-12 ადგილი; 1993-94 – 7; ამის შემდეგ „გურია“ ზედიზედ სამი სეზონი მე-13 ადგილზე გადიოდა. 1997-98 წლებში უკვე მე-14 ადგილი. და ლოგიკური დასასრული - 1998-99 წლების სეზონში „გურია“ ბოლო მე-16 ადგილზე გადის და ვარდება.
1999-2000 წლებში, „გურია“ პირველი ლიგის დასავლეთ „ა“ ზონაში მე-8 ადგილზე გადის; 2000-2001 წლებში - ლანჩხუთური კლუბი თბილისის „ლოკომოტივის“ ფარმ-კლუბი ხდება და პირველი ლიგის გათამაშებას იგებს. თუმცა, 2001-02 წლების სეზონში, უმაღლესიდან ისევ ვარდება.
2002-03 წლებში პირველ ლიგაში ლანჩხუთელები მე-12 ადგილზე გადიან. მომდევნო ორი სეზონის მანძილზე - მე-10 ადგილს იკავებენ; 2005-06 წლებში - მე-9 ადგილმდე ადიან, თუმცა 2006-07 ში - 15 ადგილამდე დაეშვნენ და მეორე ლიგაში ვარდებიან. ეს კატასტროფული წლებია „გურიას“ უახლეს ისტორიაში.
მთლიანად მოშლილია დაფინანსება, კლუბის ინფრასტრუქტურა, გაპარტახებულია სტადიონი და მინდვრის საფარი, „გურია“ დავალიანებების და აფიორის წყარობით გამო კარგავს გრიგოლეთის ბაზას.
2007 – 2012
2007 წელს „გურია“ ბრუნდება პირველ ლიგაში, სადაც 2008 წელს მე-9 ადგილს იკავებს. 2009 წელს „გურია“ პირველ ლიგაში უკვე მეოთხეა. 2010-11 წლებში კი მეექვსე.
2011-12 წლების სეზონში „გურია“ იგებს პირველი ლიგის ბ ზონას და უმაღლესი ლიგის კლუბებთან ერთად მონაწილეობს 9-16 ადგილებისთვის ბრძოლაში. თუმცა, გადამწყვეტ მატჩში მარცხდება თბილისის „ვით ჯორჯიასთან“.
2012 წელს იწყება „ევგრაფი შევარდნაძის“ სახელობის სტადიონის ამორტიზებული ტრიბუნების დემონტაჟი, იდება ახალი მინდვრის საფარი და კეთდება ახალი გასახდელები. რეკონსტრუქცია დღემდე გრძელდება, თუმცა უსასხსრობის და პროექტის არაერთგზის ცვლილების გამო უცნობია, როგორი იქნება ახალი სტადიონის საბოლოო სახე.
ასეთია ახალი სტადიონის პროექტი, რომელიც ჯერჯერობით დაკონსერვებულია
2012-13 წლების სეზონში „გურიამ“ დიდი უპირატესობით მოიგი პირველი ლიგის ა ზონა და უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა. კლუბმა ასევე დაიბრუნა გრიგოლეთის საწვრთნელი ბაზა.
ასე გამოიყურება დღეს „ევგრაფი შევარდნაძე“
(ცნობების ნაწილი აღებულია მერაბ წულაძის წიგნიდან წერტილი რუკაზე, ფოტოებიც მისი კოლექციიდან არის. მასალის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ წყაროს მითითების შემთვევაში! @ გურიას გვერდი თბილისის ფორუმზე@@)
This post has been edited by guriaaa on 30 Aug 2013, 04:28