„არცერთი გლეხი არ იქნება კმაყოფილი 70 თეთრით. წამლის და შრომის ფული ვერ ამოგვაქვს. როგორც მათხოვარს მიუგდო, ისე იქნება ეგ 70 თეთრი, ზედ დალპეს ისა ჯობია. მთავრობა და პრეზიდენტი რომ გვპირდება, ხალხო ხელს შეგიწყობთ და მხარში დაგვიდექითო, გვერდში დგომა ის იქნება, რომ მშიერი არ დაგვტოვოს“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ვაქირის მკვიდრმა გივი ბეროშვილმა.
სიღნაღის რაიონში მცხოვრები გლეხების თქმით, 70 თეთრი მიზერული თანხაა და ხარჯებსაც ვერ ფარავს. „ბენზინი ცეცხლის ფასია, გვარჯილა 45 ლარი ღირს, ერთი ტონა ყურძნით ოჯახიც შევინახო, სასუქებიც ვიყიდო? 1.30 ლარი მაინც უნდა ღირდეს, რომ ბანკებზე აღარ ვიყოთ დამოკიდებული, ვინც ბანკში ფეხი ჩადგა ყველა დაიღუპა, ბანკების ხსენება აღარ გვინდა,“ – აღნიშნა გივი ბეროშვილმა.
„ერთი ჰექტარი ვენახიდან 43 პლანი გავჩეხე ფასი რომ არ ჰქონდა. ლარს ზევით უნდა ღირდეს. გასულ წლებში ვერ დავფარე ხარჯი და მაგიტომ გავჩეხე, შრომის საფასურიც ხომ უნდა მიიღო?“ – აღნიშნა მაშნაარში მცხოვრებმა სულიკო ტურაშვილმა.
წელს კახეთში 90 ათასამდე ტონა ყურძენია მოსალოდნელი. დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონებში, ალაზნისპირა სოფლებში ერთი კვირაა რთველი დაიწყო. კახეთში ყურძენს წნორის, კოტეხის, ვაჩნაძიანის, ბადიაურის და ჭიკაანის ღვინის ქარხნები იბარებს. ამ დროისთვის მხოლოდ საფერავის ჯიშის ყურძენს იღებენ.
გასულ წელთან შედარებით, წელს ყურძენზე სუბსიდია 10 თეთრით გაიზარდა. კილოგრამ საფერავში ქარხნები 65 თეთრს იხდიან, სუბსიდია კი 35 თეთრია. რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის პაატა ჭავჭანიძის თქმით, სეტყვისგან დაზიანებულ რქაწითელს ღვინის ქარხნები 35 თეთრად იბარებენ. რქაწითელის ჯიშის ყურძნის ფასი საბოლოოდ ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ღვინის ქარხნების დირექტორებმა განუცხადეს, რქაწითელს 45–50 თეთრად ჩაიბარებენ, სუბსიდია კი სავარაუდოდ 25 თეთრი იქნება.