ერკიულ პუარო -
აგატა კრისტის ცნობილი ლიტერატურული გმირი, რომლის ნამდვილი ნეკროლოგი "ნიუ იორკ თაიმსმა" გამოაქვეყნა 1975 წლის 6 აგვისტოს: "გარდაიცვალა ერკიულ პუარო, ცნობილი ბელგიელი დეტექტივი".
სურათზე პუაროს როლში გახლავთ დევიდ სუშე - ყველაზე თუ არა, ერთერთი საუკეთესო ამ როლის შემსრულებელ მსახიობებს შორის.
თავიდან სუშე ერთ-ერთი ინსპექტორის როლს ასრულებდა (პუაროს როლში პიტერ უსტინოვი), რამდენიმე წლის შემდეგ კი თავად მოირგო ცნობილი დეტექტივის ულვაშები და ხელჯოხი.
იმისთვის, რომ ლიტერატურული გმირის სახე ზედმიწევნით ზუსტად და კარგად შეექმნა, მსახიობმა ბევრი იშრომა:
* წაიკითხა ყველა ნაწარმოები (33 რომანი, 54 მოთხრობა და 1 პიესა) პუაროს შესახებ;
* დაამუშავებინა და მოისინჯა ულვაშების 40 ვარიანტი, ვიდრე იმ ერთადერთს მიაგნებდა;
* კოსტუმის ქვეშ დამატებით ატარებდა სპეციალურ რაღაც სქელობებს, რომ უფრო ჩაფსკვნილი გამოჩენილიყო;
* გვერდებზე ჩაავიწროვებინა ყველა შარვალი, რომ მოკლე-მოკლე და სწრაფი ნაბიჯებით ევლო. ამ მიზნითვე იცვამდა ლაკის ფეხსაცმელებს და გამაშებს, რომლებიც ტარებისას ძალიან მოუხერხებელი იყო, და სიარულში ბევრს ვარჯიშობდა;
* სპეციალურად დაამზადებინა წიგნში ნახსენები ვიქტორიანული ქინძისთავი, რომელსაც ლაცკანზე ატარებდა. ასევე ნამდვილი იყო გედისთავიანი ხელჯოხი და ჯიბის საათი, რომელიც რამდენიმე ათასი ფუნტი ღირდა;
* დაიქირავა რეპეტიტორი და მუშაობდა გამოთქმებზე. უსმენდა ბელგიურ და ფრანგულ რადიოებს და ამ ყველაფრის გავლენით შექმნა ის განსაკუთრებული ბელგიური აქცენტი;
* ჩამოწერილი ჰქონდა პუაროს დეტალები 93 პუნქტად, იმის მიხედვით აზუსტებდა, წესით რამდენი შაქარი უნდა ჩაეყარა ყავაში და რამდენი - ჩაიში და ა. შ;
* სინამდვილეშიც ხშირად და ბევრს იპკურებდა ლავანდის წყალს. როგორც ამბობდა, ეს ეხმარებოდა მას როლში შესვლაში.
საინტერესო დეტალებია, არა?
სუშეს მართლა არაჩვეულებრივი პუარო გამოუვიდა. ❤️